"აი, ასეთი სისტემა გვაქვს "ოცნების" გამარჯვებიდან სამი წლისა და 4 თვის თავზე"
ია აბულაშვილი
18.02.2016

 "კოალიცია "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ დიდი ხალისით მოირგო და შეირგო სააკაშვილის მიერ შექმნილი მართვის მანკიერი სისტემა, შიდა ვალსაც კი იღებდნენ თავისი ხელფასებისა და პრემიების გაზრდისთვის. აი, ასეთი სისტემა გვაქვს "ოცნების" გამარჯვებიდან სამი წლისა და 4 თვის თავზე," - აცხადებს სახელმწიფო კანცელარიის ყოფილი ხელმძღვანელი პეტრე მამრაძე, რომელსაც "რეზონანსი" ქვეყნის მართვის სისტემაში არსებულ პრობლემებზე გაესაუბრა.

"რეზონანსი": ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, ხელისუფლებამ ბიუროკრატიული ხარჯები უნდა შეამციროს. მისი აზრით, თავისუფლად შეიძლება სამინისტროების განახევრება, რაც ასეულობით მილიონს დაზოგავს და სულაც რომ არაფერი გავაკეთოთ, ამ თანხით ბიუჯეტის დეფიციტს შევავსებთ და გავალთ ჯანსაღ ეკონომიკურ მაჩვენებელზეო.

პეტრე მამრაძე: ჯერ კიდევ სააკაშვილის მმართველობის დროს ვაცხადებდი, რომ სააკაშვილი და მისი თანამზრახველები ხელოვნურვად ბერავდნენ საჯარო სამსახურებს, ამრავლებდნენ სამინისტროებს და სახელმწიფო მინისტრის აპარატს საკუთარი ძალაუფლების კონსოლიდაციის მიზნით და არა სახელმწიფო, ანუ ეროვნული ინტერესების დასაცავად იყენებდნენ. სააკაშვილი და კომპანია ქმნიდნენ "ელიტებს", რომლებსაც აძლევდნენ პრივილეგიებს მაღალი ხელფასებისა და პრემიების სახით.

მაგალითისთვის: შს მინისტრის მოადგილე ეკა ზღულაძეს და ზოგიერთ სხვა ჩინოვნიკს ზოგჯერ თვეში 50 ათასი ლარის პრემიაც კი მიუღიათ. საპასუხოდ ეს "ელიტა" უნდა ყოფილიყო სააკაშვილის პოლიტიკური მხარდამჭერი და უსიტყვოდ შეესრულებინა მისი, მერაბიშვილის და ადეიშვილის, მათ შორის კანონსაწინააღმდეგო დანაშაულებრივი ბრძანება. ამიტომ იყო, რომ "ოცნების" გამარჯვების დროისთვის საქართველო იყო ძალიან ღატაკი ქვეყანა და ამავდროულად ჰყავდა მაღალანაზღაურებადი, ძალზედ გაბერილი სახელმწიფო აპარატი. თვითონ სააკაშვილი კი ფუფუნებაში ცხოვრობდა პრეზიდენტის სასახლეში. "ოცნების" გამარჯვებისთანავე დავიწყე საუბარი მართვის სისტემის ოპტიმიზაციაზე, მაგრამ ხედავთ, რომ ეს საკითხი დღესაც მოუგვარებელია.

"რ": რა რეფორმები უნდა გაეტარებინა "ოცნებას" ამ კუთხით?

პ.მ: პირველი 6 თვის განმავლობაში უნდა გამოეცხადებინა, რომ დემოკრატიზაციის და დეცენტრალიზაციის მიზნით იწყებს ფართომასშტაბიან, ღრმა რეფორმას. უნდა მიემართა საერთაშორისო პრესტიჟული ორგანიზაციებისადმი და მათი დახმარების და უშუალო მონაწილეობით დაეწყო მართვის სისტემის ძირეული რეფორმა. საუბარი არ არის სამინისტროების და მოხელეების რაოდენობის მექანიკურ შემცირებაზე; უნდა მომხდარიყო აღმასრულებელი სტრუქტურებისა და საქმიანობის წესის ოპტიმიზაცია და ნაცვლად 20 სამინისტროსი, დარჩენილიყო 12-14 სამინისტრო. თანაც ახლიდან განსაზღვრულიყო მათი ფუნქციები და საქმიანობის წესი.

გარდა ამისა, საჭირო იყო გუბერნატორების სრულიად მავნე ინსტიტუტის მთლიანი გაუქმება; შეიძლება ცალკეული გუბერნატორები და მათ აპარატში მომუშავე ადამიანები ძალიან კარგი მუშაკები იყვნენ, მაგრამ ეს სტრუქტურა სრულიად ზედმეტია, ის მხოლოდ აფერხებს ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებას და მძიმე ტვირთად აწევს ქვეყნის ბიუჯეტს. არადა ადგილობრივი თვითმმართველობის გარეშე დემოკრატიზაციისა და ეკონომიკის განვითარება შეუძლებელია.

"ოცნებას" ხელისუფლებაში მოსვლისთანავე უნდა მიეღოთ შესაბმაისი კანონები, პროკურატურა უნდა გადაეყვანათ სასამართლო ხელისუფლების სფეროში და ახალი კადრებით გაეძლიერებინათ. პროკურატურა რომ გახდებოდა მთავრობისაგან და პრემიერისაგან დამოუკიდებელი, მაშინ "სამართალი ურმით აღარ იჭრიალებდა" და სამართლიანობაც სწრაფად აღდგებოდა. რეფორმები უნდა შეხებოდა სახელმწიფო აუდიტს, ეროვნულ ბანკს და სხვა სტრუქტურებს, რათა ჭეშმარიტად დამოუკიდებლები გამხდარიყვნენ და შეესრულებინათ კონსტიტუციით გათვალისწინებული ფუნქციები.

კოალიცია "ოცნების" ხელისუფლებამ არაფერი არ გააკეთა, თითიც არ დააკარა და დიდი ხალისით მოირგო და შეირგო სააკაშვილის მიერ შექმნილი მართვის მანკიერი სისტემა და ხელფასების და პრემიების გაზრდას შეუდგნენ; კიდევ უფრო ძვირფასი მანქანებისა და 10 ათას ლარზე უფრო ძვირი მობილური ტელეფონების შეძენა დაიწყეს. შიდა ვალსაც კი იღებდნენ თავისი ხელფასებისა და პრემიების გაზრდისთვის. აი, ასეთი სამწუხარო შედეგი გვაქვს "ოცნების" გამარჯვებიდან სამი წლისა და 4 თვის თავზე, როცა საპარლამენტო არჩევნებმადე 8 თვე გვაშორებს.

"რ": თუმცა, როგორც მათი ახლანდელი განცხადებებიდან ჩანს, რეფორმა დაწყებულიც აქვთ და მზად არიან სამინისტროებიც შეამცირონ.

პ.მ: ეს, რა თქმა უნდა, დაგვიანებულია. მე ნამდვილად არ დავუჭერდი მხარს, რომ საპარლამენტო არჩევნებამდე პოპულისტური მიზნებისთვის მექანიკურად გააუქმონ ზოგიერთი სამინისტრო თუ სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა აპარატთან ერთად. ეს საზიანო იქნება, ვინაიდან საჭიროა საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად ღრმა და ყოვლისმომცველი რეფორმების გატარება, რაც უნდა მართვის ყველა სფეროს მოიცავდეს. "ოცნებას" ამის რესურსი აშკარად არა აქვს. რეფორმა თვითმიზანი არაა, მაგრამ მის გარეშე შეუძლებელია მანკიერი წრის გარღვევა და განვითარებაზე გასვლა, ქვეყანა რომ გახდეს მდგრადი სახელმწიფო და არა ტერიტორია, სადაც უცხოეთში მცხოვრები ქართველებისგან გამოგზავნილი დოლარები იცვლება უცხოეთიდან შემოტანილ პროდუქციაზე და ექსპორტ-იმპორტის ყოველწლიური დეფიციტი 5 მილიარდ დოლარს აღემატება.

"რ": სხვა პოლიტიკურ ძალაში თუ ხედავთ ასეთი რეფორმის ჩატარების რესურსს?

პ.მ: ვერა, რადგან პოლიტიკურ სპექტრში აშკარად სჭარბობენ ადამიანები, ვისაც ხელისუფლებაში მოსვლა საკუთარი კეთილდღეობისა და სოციალური სტატუსის გაუმჯობესება-უზრუნველყოფისთვის უნდა. რეფორმატორ ხელისუფლებას კი თავგანწირვა მართებს, რადგან მან უნდა ჩაატაროს ისეთი რეფორმები, რომელიც თავდაპირველად არაპოპულარული და მტკივნეულიც შეიძლება იყოს მოსახლეობის ნაწილისთვის. შეგახსენებთ, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ აღმოსავლეთ ევროპის და ბალტიის ქვეყნებში სწორედ ხელისუფლებაში მოსულან ისეთი ადამიანები, ვინც რეფორმებს ატარებდა, თუმცა იცოდა, რომ თვითონ პოლიტკურად გადაყვებოდა ამ რეფორმებს და ძალაუფლებას დაკარგავდა, მაგრამ ისიც იცოდა, რომ ეს სჭირდებოდა მათ ერს და პოლიტიკურად თავი გაწირეს.

"რ": მაინც რომელი ქვეყნის მოდელი უფრო შეესაბამება ჩვენს დღევანდელ პირობებს, რომ გამართული მმართვის სისტემა მივიღოთ?

პ.მ: სააკაშვილი მუდმივად ლაპარაკობდა რაღაც მოდელებზე და დასავლეთის ექსპერტ-ანალიტიკოსები ღიად დასცინოდნენ, რომ მას ერთდრულად უნდა, საქართველო იყოს მეორე სინგაპური და თანაც შევიდეს ევროგაერთიანებაშიო, ის ურთიერთსაწინააღმდეგო მოდელებზე საუბრობსო. ჩვენ კი კარგად ვიცით, რომ სააკაშვილი და მისი თანამზრახველები სადიზმზე დამყარებულ ხაზინის ქურდების ავტორიტარულ რეჟიმს აშენებდნენ. საქართველოს შემთხვევაში ველოსიპედის გამოგონება საჭირო არ არის. ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერსოა აღმოსავლეთი ევროპის და ბალტიის ქვეყნების მაგალითი, ვინაიდან ამ ქვეყნებსაც სოციალისტური ე.წ. ადმინისტრაციულ-მბრძანებლური სისტემის დაძლევა მოუწია და ეს გააკეთეს წარმატებულად.

"რ": წარმატებული სისტემა რომ შექმნა, წარმატებული კადრებიც უნდა შეარჩიო. კადრების შერჩევა კი საქართველოს ხელისუფლებებისთვის ყოველთვის აქილევსის ქუსლი იყო.

პ.მ: როცა სწორი ინსტიტუციებია და მართვის ოპტიმალური სისტემაა შექმნილი, მაშინ მინისტრით დაწყებული ყველაზე დაბალ თანამდებობაზე მყოფი ადამიანით დამთავრებული მაქსიმალურად ნაყოფიერად მუშაობენ, ხოლო როცა სისტემა მანკიერია, ყველაზე ნიჭიერი, უნარიანი და გამოცდილი ადამიანიც კი პრაქტიკულად ვერაფერს ახერხებს. ამიტომ, თუ შეიქმნა მართვის ოპტიმალური სისტემა, რომლის დროსაც აპარატები ბევრად უფრო მცირერიცხოვანი იქნება, ვიდრე ახლაა, უფრო ადვილი იქნება უკეთესი კადრების მოძიება, რომლებიც ბევრად უკეთესად იმუშავებენ. ამას ადასტურებს მსოფლიოში დაგროვებული მდიდარი პრაქტიკა და გამოცდილება.

"რ" რეფორმა სამინისტროების შემცირებით უნდა დაიწყოს?

პ.მ: რეფორმები უნდა დაიწყო იმით, რაც აუცილებელია ქვეყნისთვის, თუნდაც სამინისტროების შემცირებით. საგარეო საქმეთა, თავდაცვის და შს სამინისტროები, ასევე ფინანსთა და ეკონომიკის, განათლების და ჯანდაცვის სამინისტროები აშკარაა, რომ უნდა დარჩეს. ისე, საქართველოს მასშტაბის ქვეყანაში ხშირად ერთი ეკონომიკის სამინისტრო ფარავს ყველა სფეროს და ენეგრეტიკის სამინისტრო საერთოდ არ არსებობს ცალკე, ისე როგორც სპორტის, ლტოლვილთა ან ევროიტეგრაციის სამინისტროები.

მე რომ მევალებოდეს რეფორმებში მონაწილეობა, ჩემს თავზე არავითარ შემთხვევაში არ ავიღებდი იმის გადაწყვეტილებას, რა დარჩეს და არა არა. ეს პროფესიონალექსპერტთა გუნდმა უნდა გადაწყვიტოს; მე მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ 14-ზე მეტი სამინიტრო, პრემიერ-მინისტრის ჩათვლით, ნამდვილად არ უნდა ჰყავდეს ჩვენნაირ პატარა ქვეყანას, ჩვენთან კი 20-ია. სამინისტროების რაოდენობაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია თითოეულ სამინისტროში მომუშავე ადამიანთა რაოდენობა და რაც მთავარია მათი ფუნქციები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×