ელზა პაპოშვილი
19.02.2016

 ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ "რესპუბლიკური" პარტია კოალიციაში საკუთარი ძალის დემონსტრირებას ახდენს, რაც "ოცნების" წევრების გაღიზიანებას იწვევს. იგი გოგი თოფაძესა და თინა ხიდაშელს შორის მიმდინარე დაპირისპირებას ბუნებრივ მოვლენას უწოდებს.

მისი აზრით, ისინი ერთმანეთს კი არ ეჩხუბებიან, არამედ თავის წარმოჩენას მესამე ძალის წინაშე ცდილობენ, რომელმაც მომავალ არჩევნებზე მათი ბედი უნდა გადაწყვიტოს.

ექსპერტი ფიქრობს, რომ რაც უფრო მოახლოვდება საპარლამენტო არჩევნების დრო, კოალიციაში დაპირისპირება მით უფრო გამძაფრდება.

"რეზონანსი": რა ხდება "ქართული ოცნებაში", რამდენად სერიოზულია დაპირისპირება და რა შედეგი შეიძლება მოიტანოს მან?

გია ხუხაშვილი: ვფიქრობ, რომ განსაკუთრებული არაფერი ხდება. კოალიციის შექმნის დღიდან პრობლემა არსებობდა. ვიცით, რომ "ქართული ოცნება" მხოლოდ რეჟიმის დამარცხების მიზნით შეიქმნა. კოალიციის წევრებს შორის წინააღმდეგობა ყოველთვის არსებობდა.

პარტიებს თავიდანვე არ უყვარდათ ერთმანეთი და მსოფლმხედველობით რადიკალურად განსხვავებულები იყვნენ. შესაბამისად, პრობლემა სისტემურია და მხოლოდ თოფაძისა და ხიდაშელის დაპირისპირებას არ წარმოადგენს.

"რ": როგორ ფიქრობთ, კოალიციის შიგნით დაპირისპირება მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებს ხომ არ უკავშირდება?

გ.ხ: რა თქმა უნდა, მათ შორის დაპირისპირება განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში მწვავდება, რადგანაც პარტიები საკუთარი ადგილების ძებნას იწყებენ. ამიტომაც გასაკვირი არ არის, რომ დაპირისპირება კიდევ უფრო გამძაფრდეს და სხვადასხვა სახის ბარლდებები ერთმანეთის მიმართ უფრო აქტიურ ფაზაში გადავიდეს.

"რ": "რესპუბლიკური" პარტიის მისამართით ბოლო დროს კოალიციის წევრებისგან არაერთი მკვეთრი განცხადება მოვისმინეთ...

გ.ხ: მე ვფიქრობ, რომ საქმე ძალიან მარტივად არის, რადგანაც "მრეწველების" და "რესპუბლიკელების" მსოფლმხედველება ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება. ჩვენ ვხედავთ, რომ "მრეწველები" საერთო ენის გამონახვას "საქართველოს პატრიოტთა ალიანსთან" უფრო ახერხებენ, ვიდრე თინა ხიდაშელთან.

ამიტომაც თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საგარეჯოს არჩევნებზე ირმა ინაშვილს უფრო გულშემატკივრობდნენ, ვიდრე "რესპუბლიკურ" პარტიას. მათი შეფასება სწორედ ისეთი იყო, როგორსაც ბატონი გოგი თოფაძე ამბობს. ახალი არავისთვის არ არის, რომ თავდაცვის მინისტრი ამ არჩევნებში ძალიან და ზედმეტადაც აქტიურობდა.

ხიდაშელი სოციალურ ქსელში არჩევნების დროს გადაღებულ ფოტოებს დებდა, სადაც ვხედავდით, თავდაცვის მინისტრი ხმებს როგორ ითვლიდა. მისი ეს აქტიურობა, რა თქმა უნდა, ბევრ ეჭვს და კითხვებს აჩენს. თავი რომ დავანებოთ სხვა ყველა დანარჩენ საკითხს.

თავდაცვის მინისტრი როდესაც ერთ-ერთ რაიონში ღამით რიგითი მაჟორიტარი კანდიდატის მხარდასაჭერად ხმებს ითვლის და ამით ამაყობს, ეს ქვეყნისთვის ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს.

"რ": ფიქრობთ, რომ გოგი თოფაძის განცხადება საფუძველს მოკლებული არ არის?

გ.ხ: რა თქმა უნდა, არა. ხიდაშელის ამ ქცევით, გამოჩნდა, რომ თავდაცვის სამინისტრო პოლიტიზირებულია. ამაზე თოფაძეს რომც არ გაეკეთებინა განცხადება, ეს ისედაც ყველამ ძალიან კარგად იცის. ასე რომ, ამ კაცს სენსაცია და საოცრება არაფერი უთქვამს.

როდესაც ქვეყანაში ფონი ისედაც საკმაოდ მძიმეა და მინისტრი ასე იქცევა, არა მგონია, რომ მთლად ლამაზი საქციელი იყოს. პრინციპში თოფაძემ ამ პრობლემაზე გაამახვილა ყურადღება და არა სხვა რამეზე, რაშიც ფაქტობრივად მართალია.

"რ": "მრეწველების" წევრმა ზურაბ ტყემალაძემ "რესპუბლიკელები" პირიქით, მათი პარტიის დისკრედიტაციაში დაადანაშაულა. თქვენ როგორ ფიქრობთ, შესაძლოა, რომ ასე იყოს?

გ.ხ: ვფიქრობ, რომ "რესპუბლიკური" პარტიის წარმომადგენლები კოალიციაში იმის დემონსტრირებას ახდენენ, რომ ისინი ვაბანკზე მიდიან. რაც კოალიციის შიგნით ცალკეულ პარტიებთან ურთიერთობისა და სიტუაციის მაქსიმალურ გამწვავებას იწვევს.

ისინი თავიანთ ადგილს ძალიან მაღლა აფასებენ. სწორედ აქედან გამომდინარე ხდება ის დაპირისპირება, რაც თოფაძესა და ხიდაშელს შორის მიმდინარეობს.

დამრჩა ისეთი შთაბეჭდილება, რომ ეს ხალხი ერთმანეთს კი არ ეჩხუბებოდა, არამედ მესამე გადაწყვეტილების მიმღები მხარისთვის საუბრობდნენ, რომელმაც მათ შორის არჩევანი უნდა გააკეთოს. საპარლამენტო არჩევნებზე გადაწყვიტოს, სიაში, რომელი მათგანი ჩაწეროს. არ აქვს მნიშვნელობა ვის ვგულისხმობ.

"რ": თქვენ ფიქრობთ, რომ მესამე ძალას, არჩევნებისთვის "მრეწველებსა" და "რესპუბლიკელებს" შორის არჩევანის გაკეთება მოუწევს?

გ.ხ: არ არის გამორიცხული, რომ ორივე პარტიაზე უარი თქვას და მათ შორის არჩევანი სულაც არ გააკეთოს. კვოტებმა უნდა გადაწყვიტოს, არჩევნებზე ვინ როგორ და რა რაოდენობით იყოს წარმოდგენილი.

ვფიქრობ, რომ "რესპუბლიკელები" საკუთარი სტატუსკვოს შენარჩუნებას ეცდებიან, თუმცა რამდენად მოსახერხებელია ამაზე საუბარი, ჯერ ძნელია. ბუნებრივია, რომ კოალიციაში ყველა არჩევნებისთვის იბრძვის. რა თქმა უნდა, "მრეწველების" შემდეგ სხვა დანარჩენი პარტიების გააქტიურებაც გამორიცხული არ არის. პირობითად რომ ვთქვათ, ყველა მსუყე ტორტის ნაჭრის მიღებას მოითხოვს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×