პარლამენტში დეპუტატები ზურაბ ტყემალაძე, გოგი თოფაძე და დავით ბერძენიშვილი ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ, რაც დავით ბერძენიშვილის მიერ სხდომაზე გაკეთებულმა განცხადებამ გამოიწვია. მისი თქმით, თოფაძის მიერ ბოლო პერიოდში თავდაცვის მინისტრის, თინა ხიდაშელის წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებები არასახელმწიფოებრივია.
"რესპუბლიკელი" დავით ბერძენიშვილი მიიჩნევს, რომ თოფაძე თავისი განცხადებებით კოალიციას და თვითონ უმრავლესობას დისკომფორტს უქმნის. მისივე თქმით, მმართველი გუნდის წევრმა გოგი თოფაძემ დეპუტატის მანდატის დატოვების თაობაზე მისი დანაპირები უნდა შეასრულოს.
აღნიშნულ დაპირისპირებაზე კომენტარი როგორც უმრავლესობის ისე უმცირესობის წარმომადგენლება გააკეთეს. პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაური მიიჩნევს, რომ "მრეწველებსა" და "რესპუბლიკელებს" შორის არსებული უთანხმოება ქვეყნის ინტერესებს აზიანებს.
"ამ პოლიტიკურ ძალებს აერთიანებთ მხოლოდ ერთი რამ, პარლამენტში მოხვედრის გარანტია. აქედან გამომდინარე, მერე თავს იჩენს შეუთავსებლობა, რაც აზიანებს არამხოლოდ კოალიციას, არამედ ქვეყნის ინტერესებსაც", - განაცხადა მეჭიაურმა.
უმცირესობაში უკვე საუბრობენ, რომ აღნიშნული დაპირისპირება და მეჭიაურის განცხადებები კოალიციის დაშლაზე მიუთითებს. როგორც საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი წევრი სერგო რატიანი ამბობს, თამაზ მეჭიაურის განცხადება, რომ პარტიებმა ცალ-ცალკე იყარონ კენჭი, კოალიციის დაშლაზე მიუთითებს.
"ეს ნიშნავს, რომ უბრალოდ იშლება კოალიცია. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ კოალიციას არ აერთიანებდა არაფერი, გარდა ძალაუფლების სურვილისა და ივანიშვილის ფულისა. თუ მას არ ექნება ეს სურვილი, მაშინ კოალიცია დაიშლება", - აღნიშნა რატიანმა.
"შესაძლოა თუ არა კოალიცია "ქართული ოცნება" დაიშალოს"? - ამ კითხვით რეზონანსმა საზოგადოების ცნობილ წარმომადგენლებს მიმართა.
ლევან ღვინჯილია (ენათმეცნიერი): "ჩვენ არ ვიცით, რა პრინციპით არის კოალიცია შექმნილი, როგორი ურთიერთობა აქვთ ერთმანეთთან. ზოგჯერ კოალიციის წევრებს შორის საკმაოდ მწვავე, უხამსი და უხეში გამონათქვამები ვრცელდება.
ამას წინათ კოალიციის ერთ-ერთი წევრი თავის კოლეგებს "ბებერ პოლიტიკოს ნიანგებად" მოიხსენიებდა. როცა ასეთ გამონათქვამს მიუსადაგებ შენს კოლეგას, შემდეგ შეხმატკბილებულად როგორ უნდა იმუშაო მასთან, არ ვიცი.
სამწუხაროა, როცა ქვეყნისა და სახელმწიფოს ინტერესზე მაღლა პირად ინტერესს აყენებენ, ასეთი ადამიანებისთვის ზოგადად სტრუქტურა არის გარკვეული თავშესაფარი, რაც ქვეყნის ინტერესებს აზიანებს."
ანზორ თოთაძე (დემოგრაფი): "არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ამან კოალიციის დაშლა გამოიწვიოს. მთავარი ამ კოალიციაში არის "ოცნება" და თუ მან მოინდომა, ან რამე ისეთი დაინახა, რაც ხელს უშლის ქვეყბის განვითარებას, მაშინ შესაძლებელია.
თავად "რესპუბლიკელებსაც" არ აქვთ სურვილი, გავიდნენ კოალიიდან. არ მგონია, რომ კოალიცია დაიშალოს. მითუმეტეს "რესპუბლიკელებმა" იციან, რომ დამოუკიდებლად ისინი ვერც ერთ შემთხვევაში ვერ მოხვდებიან პარლამენტში იმ რაოდებობით, როგორც ახლა არიან.
თუ რამე განსაკუთრებული არ მოხდა და "ოცნებას" თავად არ მოუნდა კოალიციის დაშლა, ისე არ მგონია, რომ დაიშალოს.
ვფიქრობ, არჩევნებამდე კოალიცია არ დაიშლება, ხოლო წინასწარ ვერავინ იტყვის, რა მოხდება, ვინ გამოვა კოალიციიდან, დაიშლება თუ არა საერთოდ, ან რომელი პარტია ვისთან გაერთიანდება, ამის თქმა ძალიან ძნელია."
ზაზა ხუციშვილი მუსიკოსი): "ვთვლი, რომ მუშა პროცესი არის და იმ პარლამენტს, როცა ერთი კაცის აზრს ითვალისწინებდა, ამას ნამდვილად ჯობს. ყველა თავის პოზიციას ამჟღავნებს და საზოგადოებასაც საშუალება ეძლევა, გააკეთოს სწორი არჩევანი.
ვფიქრობ, ძალიან სწორი პროცესია და ამდენ დისკუსიასა და კამათში ჯანსაღი აზრი იმარჯვებს. ერთ აზრზე მდგომი პარლამენტისგან ღმერთმა დაგვიფაროს."
ლადო ვარდოსანიძე (არქიტექტორ-ურბანისტი): "არ მგონია, დაიშალოს, თუმცა, როგორც ჩანს, "მრეწველების პოზიცია ვერ ესადაგება საერთო ინტერესებს, ამიტომ შეიძლება ისინი გამოეყონ კოალიციას. დანარჩენები ძალიან მყუდროდ გრძნობენ თავს ამ "მატარებელიში", რომლის თავშიც "ქართული ოცნება" დგას.
ჯამში ეს მაინც, რომ იტყვიან, "ქარიშხალია ჭიქაში". არ მგონია, ეს საზოგადოებისთვის ძალზედ მნიშვნელოვანი იყოს, სხვა გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი საკითხები არსებობს, ვიდრე "მრეწველების" კოალიციიდან გამოყოფა არის. ასე რომ, მე ამაში ვერაფერ ტრაგიკულს ვერ ვხედავ."
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე