ირაკლი ღარიბაშვილის მიერ პარტიის შესაძლო შექმნასთან დაკავშირებით უმრავლესობის დეპუტატი ომარ ნიშნიანიძე ამბობს, რომ კვამლი უცეცხლოდ არ ჩნდება: "ქართველებს გვითქვამს, რომ კვამლი უცეცხლოდ არ ჩნდება, ამდენია ხანია, ამაზე მიდის საუბარი და შეიძლება მართლაც რაღაცას გეგმავს".
ყოფილი პრემიერის სახით "ოცნება" მოინდომებს თუ არა არჩევნებზე დამატებითი ხმების მოზიდვას და დაუბრუნდება თუ არა ღარიბაშვილი აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას, მალე გაირკვევა.
მანამდე კი ღარიბაშვილის მიერ პოლიტიკური პარტიის ჩამოყალიბებაზე აქტიურად საუბრობენ, პოლიტოლოგებს კი ღარიბაშვილის მომავალთან და მის მისიასთან დაკავშირებით განსხავებული მოსაზრება აქვთ.შეგახსენებთ, რომ, ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობასთან ერთად პოლიტიკური პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარის პოსტიც დატოვა, თანაც ისე, რომ ამის მიზეზებზე არ უსაუბრია. მას არც სამომავლო გეგმებზე უთქვამს რამე და მხოლოდ ის განაცხადა, რომ ახლა სახლში დასვენებას აპირებს.
ბიძინა ივანიშვილმა კი თემის კომენტირებისას აღნიშნა, რომ ღარიბაშვილის ორწლიანი საქმიანობა შედეგიანი იყო და იგი "წარმატების პიკზე წავიდა". მიუხედავად ამისა, თანამდებობის დატოვების მიზეზებსა და მიზნებზე ბევრი მასაც არაფერი უთქამს და მხოლოდ ამ განცხადებით შემოიფარგლა: "თანამდებობა დატოვა მხოლოდ იმისთვის, რომ დაეტოვებინა. დღესაც მკითხაობენ, ძალიან ბევრი და ვერ გაუგიათ მიზეზი, რატომ წავიდა. სწორედ ეს იყო მიზეზიც და მიზანიც, მისი წასვლის," - განაცხადა ივანიშვილმა.
რისთვის ამზადებს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილს?! ეს კითხვა უკვე 2 თვეა, პასუხგაუცემელია.
მის მომავალთან დაკავშირებით კონკრეტული ინფორმაცია არ აქვს უმრავლესობის დეპუტატ ომარ ნიშნიაძეს. რაც შეეხება ინფორმაციას ღარიბაშვილის მიერ პარტიის შესაძლო შექმნაზე, ის ამბობს, რომ კვამლი უცეცხლოდ არ ჩნდება.
"არ მაქვს რამე ინფორმაცია, თუმცა უკვე დიდი ხანია, მისი მხრიდან პარტიის შექმნაზე მუსირებს აზრი. მისი წასვლის შემდეგ სულ ამაზეა საუბარი. მე პირადად ვერ დაგიდასტურებთ, მაგრამ თუ მართლა გეგმავს, უკვე უნდა გამოჩნდეს. დრო აღარ ითმენს, თუ მას უნდა სერიოზულად ჩაერთოს საარჩევნო მარათონში", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას ნიშნიანიძე.
მისივე თქმით, კოალიაციის გაფართოება ან დაშლაზე საუბარი ჯერ არ ყოფილა.
"ქართველებს გვითქვამს, რომ კვამლი უცეცხლოდ არ ჩნდება, ამდენია ხანია ამაზე მიდის საუბარი და შეიძლება მართლაც, რაღაცას გეგმავს.
"მრეწველების გასვლაზე ჯერ საუბარი არ არის, თუმცა ვისაც გასვლა უნდა, თოკს ვერ მოვაბამთ. ჩვენ არავის არ ვუშვებთ და არ ვიწვევთ. თუ ვინმე განაცხადებს, რომ კოალიაციაში შემოსვლა უნდა, ამაზე ვისმჯელებთ და გადავწყვეტთ, ღირს თუ არა მათი კოალიაციაში შემოსვლა.
"რესპუბლიკელებისა და მრეწველების" დაპირისპირება ვნებს კოალიაციის იმიჯს, კარგი იქნებოდა, ეს რომ არ მომხდარიყო. ვფიქრობ, ეს არ იყო ისეთი დაპირისპირება, რომ ამაზე დავიწყოთ საუბარი, ალბათ მორიგდებიან და იმედი მაქვს, ასეთი რამ მომავალში აღარ განმეორდება", - გვითხრა ნიშნიანიძემ.
"ღარიბაშვილი თუ რამეს შექმნის, ის "ქართულ ოცნებასთან" იქნება კავშირში. ერთ რამეში დარწმუნებული ვარ, რომ ღარიბაშვილი ჩვენ არ დაგვიპირისპირდება", - ეს განაცხადა ნიშნიანიძემ ცოტა ხნის წინ.
ღარიბაშვილის პოლიტიკურ მომავალთან დაკავშირებით განსხავებული მოსაზრება აქვთ პოლიტოლოგებს.
ირაკლი კიკიანის აზრით, "ირაკლი ღარიბაშვილის სახით, "ოცნებამ" შესაძლოა დამატებითი ხმების მოზიდვა მოინდომოს, თუმცა აქვე დასძენს, რომ ეს წარუმატებელი იქნება.
"იქიდან გამომდინარე, რომ პრემიერ ღარიბაშვილის მოღვაწეობა წარუმატებელი და უფერული იყო, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მას ივანიშვილი პოლიტიკური მიზნებისთვის ამზადებდეს. მაგრამ თუ მართლაც პოლიტიკური მიზნებისთვის ამზადებენ, მაშინ ეს იქნება მორიგი წარუმატებელი პროექტი.
"ღარიბაშვილის მართველობის პერიოდში ქვეყანამ უკუსვლა განიცადა, აქედან გამომდინარე, ნაკლებად სავარაუდოა, მას პოლიტიკური მომავლისთვის ამზადებდნენ.
"თუმცა ვინაიდან და რადგანაც პარტიის ჩამოყალიბებაზე ვრცელდება ინფორმაცია, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ღარიბაშვილის სახით დამატებითი ხმების მოზიდვა მოინდომოს ივანიშვილმა "ოცნების" სასარგებლოდ. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ღარიბაშვილი საკმაოდ წარუმატებლი იყო და მის პოლიტიკაში დაბრუნებაზე ნაკლებად ვფიქრობ. თუმცა, რა თქმა უნდა, შესაძლებელია", - გვითხრა კიკიანმა.
ვახტანგ ძაბირაძეს კი ამ ეტაპზე რამე პროგნოზის გაკეთება უჭირს.
"ძალიან რთული საკითხია, ღარიბაშვილი წავიდა და წავიდა... ჯერჯერობით მის მიერ გადადგმული ნაბიჯი და მოძრაობა არ იგრძნობა, ამიტომ ასეთ ვითარებაში საუბარი იმაზე, რომ რაღაცისთვის ამზადებს და ვიღაცისთვის სჭირდება, ჩემთვის ცოტა გაუგებარია.
"რაღაც განცხადება რომ გააკეთოს, მერე შეიძლება საუბარი, ახლა რის საფუძველზე გავაკეთო შეფასება, არ ვიცი", - უთხრა "რეზონანსს" ძაბირაძე.