ელზა პაპოშვილი
20.02.2016

ბოლო რამდენიმე დღეა, რაც პარტია "მრეწველებსა" და "რესპუბლიკელებს" შორის მწვავე დაპირისპირება მიდის. ამის მიზეზი კი თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელის მიმართ მმართველ კოალიციაში შემავალი მრეწველთა პარტიის ლიდერის, გოგი თოფაძის მიერ გამოთქმული ბრალდებები გახდა, რომელიც საგარეჯოში არჩევნების გაყალბების თაობაზე გააკეთა. თოფაძის თქმით, ხიდაშელმა არჩევნები გააყალბა და ამ ფაქტით სათანადო ორგანოები უნდა დაინტერესდეს.

თოფაძის მიერ გამოთქმულ ბრალდებებს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის სხდომაზე გამოეხმაურა. მისი თქმით, ხიდაშელის წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებები "სრულიად მიუღებელია" და "მრეწველების" პოზიციას ემიჯნება.

"მრეწველებისა" და "რესპუბლიკელების" დავაში თქვენთვის რომელი მხარის პოზიციაა უფრო მისაღები? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

 იგორ კვესელავა (ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი): "ეროვნულ-პატრიოტული თვალსაზრისით, ჩემთვის "მრეწველების" პოზიცია უფრო მისაღებია. მე მიმაჩნია, რომ ეს პარტია საქართველოში ერთ-ერთი ანგარიშგასაწევია.

"რესპუბლიკელები" არ წარმოადგენენ იმ ძალას, რომელსაც საქართველოს მოსახლეობა ანგარიშს გაუწევს. ამას კი მათი რეიტინგი ადასტურებს. ახლა არჩევნებში მათ რომ კენჭი კოალიციის გარეშე იყარონ, ისინი პარლამენტში ვერ მოხვდებიან.

"საერთოდ, "ქართულმა ოცნებამ," მგონია, რომ ამ არჩევნებზე დამოუკიდებლად უნდა მიიღოს მონაწილეობა. მას "რესპუბლიკელების" მსგავსი ურეიტინგო პარტიები არაფერში სჭირდება."

 იური მეჩითოვი  (ფოტოხელოვანი): "მიმაჩნია, რომ გოგი თოფაძეს სრული უფლება აქვს ის თქვას, რისი თქმაც უნდა. ის არის საქართველოს პარლამენტის წევრი და თუკი თავდაცვის მინისტრის მიმართ მას კითხვები და ეჭვები აქვს, რატომაც არ უნდა ილაპარაკოს? აბა, ხალხმა რისთვის აირჩია?

"თოფაძეს ხიდაშელზე სალაპარაკო საფუძველი გააჩნია. ტყუილს ხომ არაფერს ამბობს? იცის ადამიანმა, რომ მსგავს დარღვევებს ადგილი ჰქონდა. როგორც ჩანს, ეს პრობლემა კოალიციის შიგნით ვერ მოგვარდა, ეს კაციც ადგა და ხმამაღლა თქვა."

 ვასილ მაღლაფერიძე (ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი): "მე ვფიქრობ, რომ არც ერთი პარტიის პოზიცია ხალხისთვის საინტერესო არ არის. "ქართულმა ოცნებამ" თუ ასე გააგრძელა, ჯობია, რომ ორივე პარტია გამოეყოს და არჩევნებში მონაწილეობა ისე მიიღონ. მერე გახდება ცნობილი, ხალხისთვის ვისი პოზიცია უფრო მისაღებია და ვინ ვისთან უნდა იყოს.

"არც მე და არც ჩვენს თანამოქალაქეებს არ აინტერესებთ ორი პარტია რაზე დავობს და ერთმანეთში რას ვერ იყოფენ. მაგრამ თუ ასე გაგრძელდა, როგორც ვთქვი, "ქართული ოცნება" ცალკე უნდა გავიდეს."

 დოდო ხურცილავა (თეატრმცოდნე): "კონკრეტულად ვერც ერთ პარტიას მხარს ვერ დავუჭერ. ცალ-ცალკე ორივე მართლები არიან. მაგრამ მგონია, რომ მათ შორის თუ რაიმე უთანხმოება არსებობს, შიგნით ერთმანეთთან უნდა გაარკვიონ. მგონია, რომ ხალხს მათი კინკლაობა ძალიან აღიზიანებს. დავაკვირდებით და არჩევნებზე გადავწვეტთ, ჩვენთვის რომელი პარტია უფრო მისაღებია."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×