ცნობილი საოპერო ბანი თავის ფონდს თავადვე ჩაუდგა სათავეში
სალომე სარიშვილი
20.02.2016

 "საქართველოს განვითარების ფონდი" მუშაობის ახალ ფაზაში გადადის," - ამის შესახებ განცხადება საზოგადოებრივი ორგანიზაციის დამფუძნებელმა პაატა ბურჭულაძემ გააკეთა და მუშაობის ახალი ეტაპი სამომავლოდ საზოგადოებასთან უშუალოდ მისი კომუნიკაციის აუცილებლობით ახსნა. ბურჭულაძის თანამოაზრეების ნაწილი იმასაც ამბობს, რომ მათი საქმიანობის უკეთ წარმოსაჩენად ამიერიდან არა მხოლოდ დედაქალაში, არამედ რეგიონებსა და საზღვრებს გარეთაც კი იაქტიურებენ, თუმცა იქნება ეს პოლიტიკური პარტიის სტატუსით აქტიურობა, თუ კვლავ საზოგადოებრივი ორგანიზაციისა, ამაზე ჯერჯერობით არ საუბრობენ.

პაატა ბურჭულაძემ მის განცხადებაში ფონდის ყოფილ აღმასრულებელ დირექტორს, ვანო მაჭავარიანს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ამიერიდან ამ თანამდებობას თავად დაიკავებს. "განვითარების ფონდის" დამფუძნებელმა მაჭავარიანის სხვა თანამდებობაზე გადაყვანაც ორგანიზაციის მუშაობის ახალ ფაზას დაუკავშირა და მისი წასვლის მიზეზი სწორედ ამით ახსნა.

"ვფიქრობ, ქვეყნის მდგომარეობა ყოველდღიურად შედის ჩიხში, ეს მავნე პროცესი კარგად ჩანს ქვეყნის მძიმე ეკონომიკურ და სოციალურ რეალობაში. "საქართველოს განვითარების ფონდის" რეგიონული ოფისები გაიხსნა რუსთავში, თელავში, ახალციხეში, ოზურგეთში, ქუთაისში და ბათუმში. ქვეყანაში მოსახლეობის მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმეა, ვიდრე ამას მანამდე წარმოვიდგენდი.

"ვფიქრობ, მნიშვნელოვანი და აუცილებელია, რომ კიდევ უფრო აქტიურად ვუხელმძღვანელო ჩემივე დაფუძნებულ ორგანიზაციას და უშუალოდ შევხვდე საზოგადოებას, რომელსაც გადაწყვეტილი აქვს ბრძოლა ქვეყნის ეფექტური განვითარებისთვის.

"დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ვანო მაჭავარიანს ფონდში აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე გაწეული სამუშაოსთვის, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა ორგანიზაციის მშენებლობის საწყის ეტაპზე.

"მიხარია, რომ ბატონმა ვანომ ჩემი შეთავაზება მიიღო და მისი ცოდნისა და გამოცდილების გათვალისწინებით, საგარეო ურთიერთობების სფეროში, "საქართველოს განვითარების ფონდს" საგარეო პოლიტიკის საკითხებში ხელშეკრულების საფუძველზე დაეხმარება", - ნათქვამია პაატა ბურჭულაძის განცხადებაში.

თავად მაჭავარიანმა "რეზონანსთან" საუბრისას ორგანიზაციის მუშაობის ახალ ფაზაზე ისაუბრა და თქვა, რომ ფონდში მუშაობას აქტიურად გააგრძელებს, თუმცა უკვე საგარეო მიმართულებით. მისი განცხადებით, ახალი ეტაპი, რომელზეც ბურჭულაძე მისსავე განცხადებაში საუბრობს, საზოგადოებასთან უშუალო კომუნიკაციასა და მეტ აქტიურობას უკავშირდება. ხოლო ჩვენს შეკითხვაზე, იქნება თუ არა ეს პოლიტიკური პარტიის აქტიურობა, მაჭავარიანმა გვიპასუხა, რომ "ურთიერთობისა და აქტივობის ფორმის განსაზღვრა მომავლის საკითხია".

"პაატა ბურჭულაძესთან ჩემი თანამშრომლობის თანხმობა პირველ რიგში მისი პიროვნებიდან და იმ მიზნებიდან გამომდინარეობდა, რაც საზოგადოების დიდი ნაწილისთვის რეალურად ძალიან მნიშნელოვანია. ეს ეხება საზოგადოების სახელმწიფოებრივ თუ საზოგადოებრივ პროცესში ჩართულობის საკითხს. ფორმა ამ ჩართულობისა დასაწყისშივე საზოგადოებრივი ორგანიზაციის სახით იქნა შერჩეული. "ჩვენ ეს ფონდი პაატა ბურჭულაძესთან ერთად ჩამოვაყალიბეთ. მისი თხოვნა იყო შექნილიყო კონკრეტული თემატური ჯგუფები, კონკრეტულ თემებზე იდენტიფიცირებით. ახლა სწორედ ის ეტაპია, როცა ეს თხოვნა სისრულეში მოგვყავს.

"ძალიან მნიშნელოვანია მეორე ეტაპიც, რომელიც პაატა ბურჭულაძის ფონდის საქმიანობაში ყოველდღიურ რეჟიმში უშუალოდ ჩართულობას ნიშნავს. ჩართულობას თემატურ ჯგუფებში, რომელსაც საზოგადოება ზუსტად მისგან ელოდება, რათა ამ პროცესის წარმმართველი თავად ბურჭულაძე იყოს. რეგიონები იქნება ეს თუ სხვა, მნიშვნელოვანია ფონდის სახე სწორედ პაატა ბურჭულაძე იყოს.

"ჩვენ შევთანხმდით, რომ საწყის ეტაპზე ფონდის საზღვრებს გარეთ მაქსიმალური წარმოჩენისთვის მუშაობას გავაგრძელებთ. ამ მიმართულებით კი მე ვიმუშავებ, რათა მისი წამოწყებული საქმე ნათლად წარმოვაჩინოთ," - ამბობს მაჭავარიანი და დასძენს, რომ ფონდს უკვე დაგეგმილი აქვს რეგიონებში აქტიურობა, რაც ასევე მუშაობის ახალი ფაზაა.

"ჩვენი შეთანხმება სწორედაც რომ მთავრობის მიმართ კრიტიკული დამოკიდებულებით განისაზღვრა, რადგან ის მძიმე პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სამართლებრივი პრობლემები იმგვარად გადაიჭრას, როგორც ეს ქვეყანას სჭირდება და არა ისე, რომ ერთ პოლიტიკურ ძალას მოერგოს. მიზნად უკვე დასახულია რეგიონებში აქტიურობა, ხედვები ქვეყნის მდგომარეობასთან დაკავშირებით უკვე ჩამოყალიბებულია, ახლა მიდის აზრის შეჯამება, თუ რა უნდა გაკეთდეს სწორი გამოსავლის მისაკვლევად. ამაზე საუბარი თავად პაატა ბურჭულაძის მხრიდანაც იყო.

"ერთი რამ შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ის რეაქცია, რასაც რეგიონებში ვიღებთ, ზუსტად გაბრაზებული და მთავრობაზე იმედგაცრუებული ამომრჩევლის რეაქციაა. მთავრობაზე, რომელმაც ვერ მოახერხა იმ პრობლემების გადაჭრა, რომელიც მას შეეძლო მოეგვარებინა.

"საზოგადოების ძალიან დიდ ნაწილს, მათ, ვინც არც ერთი პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერი არაა და რომელიც ხელისუფლებამ პოლიტიკური პროცესებისგან მოწყვიტა, მიაჩნია, რომ საკუთარი აზრი სწორედ საზოგადოებრივი ორგანიზაციის მეშვეობით შეუძლია გამოხატოს.

"ვფიქრობ, პაატა ბურჭულაძეს არც აქვს უფლება სხვანაირად წარმოგვიდგინოს თავი, რადგან ჩვენც ზუსტად იმ საზოგადოების ნაწილი ვართ, რომელიც პოლიტიკური პროცესებიდან გათიშეს. ჩვენი სურვილია დავბრუნდეთ და ვისაუბროთ, თუ რა არის პრობლემა და როგორ შეიძლება ის მოგვარდეს.

"რა ფორმას მიიღებს ფონდის აქტივობა - ეს მომავლის საკითხია, თუმცა ამ ეტაპზე საზოგადოებრივი ორგანიზაცია მაქსიმალურად იაქტიურებს იმ თემებზე საუბრით, რასაც ყოველდღიურად ვუყურებთ. ესაა პოლიტიკური დაპირისპირება, სოციალური, ეკონომიკური, სამართლებრივი პრობლემები, რომლის გადაჭრის რეალურ მექანიზმს ამ მთავრობაში ვერ ვხედავთ," - განუცხადა "რეზონანსს" ვანო მაჭავარიანმა.

პოლიტოლოგ სოსო ცინცაძის შეფასებით კი, ბურჭულაძის მიერ დაანონსებული მუშაობის ახალი ფაზა, მოსალოდნელი გეგმა იყო. ექსპერტის აზრით, ბურჭულაძემ თავისი ორგანიზაცია უკვე წარმოჩინა პოლიტიკურ ძალად და ამდენად, მის სტატუსსა თუ სახელწოდებას ნაკლები მნიშვნელობა აქვს.

პოლიტოლოგი ყურადღებას პაატა ბუჭულაძის მომავალ საპარლამენტო არჩევნებში ჩართულობაზეც ამახვილებს და ვარაუდობს, რომ შესაძლოა მან გარკვეული ხმათა რაოდენობა "ნაციონალურ მოძრაობას" წაართვას. ამის მიზეზად კი ექსპერტი იმ კურსს ასახელებს, რომელიც ბურჭულაძემ თავად შეარჩია.

"ბურჭულაძესთან დაკავშირებით ხდება ის, რაც მოსალოდნელი იყო. თავის დროზე ნინო ბურჯანაძემაც ფონდის შექმნით დაიწყო და შემდეგ პარტიად გარდაიქმნა. ამ შემთხვევაშიც ზუსტად იგივე ხდება, სიახლე არაფერია.

"ბურჭულაძის განცხადება ქვეყნის ჩიხურ მდგომარეობაზე ნიშნავს, რომ იგი ხმებს "ნაციონალურ მოძრაობას" წაართმევს. ეს განცხადება სწორედ ამის მაუწყებელია, რადგან ამის შემდეგ საპროტესტო ხმები დაიქსაქსება. არ ვამბობ, რომ იგი ხმების მთლიან რაოდენობას წაიღებს, რადგან "ნაციონალებს" თავიათი სტაბილური ამომჩეველი ყოველთვის ჰყავთ.

"არჩევნებში მონაწილეობის შედეგად ბუჭულაძე 20 - კაციანი ფრაქციით პარლამენტში ნამდვილად ვერ მოხვდება, ამას არც უნდა ველოდოთ, რადგან ერთია, რომ საამისოდ ძალიან ცოტა დრო აქვს დარჩენილი და მეორეა, რომ ადამიანური რესურსის სერიოზული დეფიციტი გააჩნია. მხოლოდ ერთი პაატა ბურჭულაძე ვერაფერს გახდება, სხვა სერიოზული ფიგურა კი მის ორგანიზაციაში ნაკლებად მოიძებნება.

"ვანო მაჭავარიანს საზოგადოება ასე თუ ისე იცნობს, თუმცა დიდი ვერაფრით დაგვამახსოვრა თავი. რაც შეეხება ხათუნა ლაგაზიძეს, მისი სტატუსი ჯერ კიდევ გაურკვეველია - ხალხმა ისიც კი ვერ გაიგო, საერთოდ ვინ არის - ექსპერტი, პოლიტიკოსი თუ ბიზნესმენი. ანუ, ეს პიროვნება ხმების მომტანი არ გახლავთ," - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას ცინცაძე.

მისი აზრით, ბურჭულაძეს ხმას მმართველი ძალის მუშაობით იმედგაცრუებული ამომრჩეველი მისცემს - ძალა, რომელიც საკუთარ არჩევანში ჩამოყალიბებული ჯერ კიდევ არ არის. პოლიტოლოგი მიიჩნევს, რომ ისეთი ფიგურის პოლიტიკაში წასვლა, როგორიც პაატა ბუჭულაძეა, ქვეყანაში არსბულ პოლიტიკურ კრიზისზე მეტყველებს. ამიტომ, ცინცაძის აზრით, ბურჭულაძის აქტიურობა მხოლოდ და მხოლოდ ექსპერიმენტად შეიძლება მივიჩნიოთ.

"ნაციონალურ მოძრაობას" კურსი უკვე აღებული ჰქონდა, რათა თავისი ერთგული, მამალი "ნაცონალების" წრე გაეფართოვებინა და საპროტესტო ელექტორატი თავისკენ გადაეხარა, ეს ძალა მათ უკვე დაკარგეს. ეს გახლავთ ამომრჩეველი, რომელიც "ოცნებითაა" იმედგაცრუებული და ელოდება ალტერნატიულ ძალას, რომელსაც ხმას მისცემს. პაატა ბურჭულაძე სწორედ ასეთ კატეგორიაზე, ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელ, გაურკვეველ ამომრჩეველზე ითამაშებს, თუმცა ამ ძალაზე სხვა არასაპარლამენტო პარტიებიც აქტიურად იბძვიან.

"ნებისმიერ შემთხვევაში ბურჭულაძეს არჩევნებში მონაწილეობის მიღება გადაწყვეტილი აქვს, ამიტომ პარტიას დაარქმევს მის თავს, თუ გოლფკლუბს, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. გადამწყვეტი აქ ისაა, რომ მან საკუთარი პოლიტიკური ძალის არსებობა უკვე დააანონსა. მე თუ მკითხავთ, ამგვარი ფიგურების პოლიტიკაში წასვლა სწორედაც რომ პოლიტიკურ კრიზისს ნიშნავს, ამდენად, მისი აქტიურობა ერთგვარი ექსპერმენტი იქნება," - ამბობს სოსო ცინცაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×