სამნიძე: "შიდაკოალიციურად ვერ შევძელით, რომ ამგვარი განცხადებები აღარ გაგრძელებულიყო, არადა ამაზე ლაპარაკი კოალიციაში იყო"
თაკო მათეშვილი
20.02.2016

 "მრეწველებსა" და "რესპუბლიკელებს" შორის არსებული დაპირისპირების საკითხი კოალიციის მომავალ პოლიტსაბჭოს სხდომაზე განიხილება, სადაც "რესპუბლიკელები" საკითხს, სავარუდოდ, ასე დასვამენ - ან "მრეწველები" უნდა შეელიონ გოგი თოფაძეს, ან კოალიცია-"მრეწველებს".

ისინი მიიჩნევენ, რომ ასეთი შეხედულებებით კოალიციაში არც თოფაძე უნდა იყოს და არც ის, ვინც მის მოსაზრებებს იზიარებს. კოალიცის დანარჩენი წევრები კი თემის კომენტირებას ერიდებიან და კითხვებზე პასუხის გაცემაზე უარს აცხადებენ.თოფაძე-ხიდაშელისა და ახლა უკვე თოფაძე-ბერძენიშვილების დაპირისპირებამ კულმინაციას მიაღწია, რამაც "ოცნებაში" საკითხის "ერთხელ და სამუდამოდ" მოგვარების სურვილი გააჩინა. თუმცა "რესპუბლიკელებისგან" განსხვავებით, კოალიციაში შემავალი სხვა პარტიები საკითხის მწვავედ დასმას და გამოსავალის ხისტი გზების დასახელებას ერიდებიან.

თინა ხიდაშელისათვის არჩევნების გაყალბების ბრალდების წაყენებისა და ამ ბრალდების არაერთ ტელევიზიასთან გამეორება-განვრცობის შემდეგ ყურადღების ცენტრში ამჯერად თოფაძის ძმები ბერძენიშვილებისადმი გამოთქმული განცხადება მოექცა.

"მურვან ყრუ არ სძულდა საქართველოს მოსახლეობას ისე, როგორც ძმები ბერძენიშვილები სძულს. ლევან ბერძენიშვილს შუბლის ძარღვი გაწყვეტილი რომ არ ჰქონდეს, ის ასე აქტიურად არ ჩაერეოდა. მე 80-იანი წლების მის ძალიან სამარცხვინო ქმედებას მოგიყვანთ, როდესაც მისი თანაგუნდელები, რომლებიც პოლიტიკური საბაბით პატიმრები იყვნენ, "ჩაუშვა". თვითონ "კაგებეს" თანამშრომლებმა გაათავისუფლეს და სამსახურში დანიშნეს", - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა დეპუტატმა გოგი თოფაძემ ტელეკომპანია "იბერიას" ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, ის მხოლოდ ძმებ ბერძენიშვილებსა და თინა ხიდაშელს აკრიტიკებს და არა მთლიანად რესპუბლიკურ პარტიას.

თემას საქართველოს პრემიერ-მინისტრიც გამოეხმაურა. კვირიკაშვილმა მთავრობის გუშინდელ სხდომაზე განაცხადა, რომ თავდაცვის მინისტრის მიმართ ბრალდებები აბსოლუტურად მიუღებელია და ჩირქს სცხებს არა ერთ პარტიას, არამედ მთლიანად მთავრობას.

თავად "რესპუბლიკური პარტიის" ფრაქციის თავმჯდომარე დავით ბერძენიშვილმა კი ფაქტობრივად ულტიმატუმი წამოაყენა და კოალიციიდან თოფაძის გარიცხვა მოითხოვა.

"ის, რომ საქართველო ნატოში არ უნდა იყოს, რომ თინა ხიდაშელი გამყალბებელია და პროკურატურაში უნდა დაიკითხოს, ასეთი პოზიციების მქონე თოფაძის ხელმძღვანელობით კოალიციაში ვერავინ იქნება. პირველ პოზიციაზეა "ქართული ოცნება", მეორეზე "რესპუბლიკელები". "მრეწველთა" შედეგი 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 0,99 % იყო", - განაცხადა დავით ზურაბიშვილმა.

საკითხი კოალიციის შემდეგ პოლიტსაბჭოს სხდომაზე რომ გაირკვევა, ეს "რეზონანსს" "რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემაც დაუდასტურა. მან თოფაძის ქმედებას არა "ანტირესპუბლიკური", არამედ ანტიკოალიციური კამპანია უწოდა და დასძინა, რომ მისი განცხადებები პირდაპირ დარტყმას აყენებს "ქართულ ოცნებას" და მთავრობას, რომელიც სულ ახლახან დაამტკიცეს.

"მრეწველების" თავმჯდომარემ თქვა, რომ თოფაძეს ანტიდასავლური განცხადებები არ გაუკეთებია, მაგრამ ეტყობა, ის განცხადებებს არ ეცნობა, რადგან მე არაერთი ანტიდასავლური განცხადება მოვისმინე თოფაძის მხრიდან. მაგალითად, ჯერ კიდევ 2014 წელს წინ თქვა მან, რომ ნატო აგრესიული სამხედრო ბლოკია. შიდაკოალიციურად ვერ შევძელით, რომ ამგვარი განცხადებები აღარ გაგრძელებულიყო, არადა ამაზე ლაპარაკი კოალიციაში იყო.

"ვინაიდან თავად "მრეწველებმა" ვერ შეზღუდეს მათი ფრაქციის თავმჯდომარის ასეთი განცხადებები, ჩვენც ამაზე საჯაროდ მოგვიწია საუბარი. რა თქმა უნდა, ეს კოალიციური პოლიტიკური საბჭოს განხილვის თემა გახდება," - აცხადებს სამნიძე.

 ჩვენს კითხვაზე, დააყენებენ თუ არა პოლიტსაბჭოს მომდევნო სხდომაზე კოალიციიდან თოფაძის გარიცხვის საკითხს და იმ შემთხვევაში კი, თუ თოფაძის პოზიციას "მრეწველებიც" გაიზიარებენ, მოითხოვენ თუ არა მთელი პარტიის გარიცხვას, სამნიძემ შემდეგნაირად გვიპასუხა:

"იმედი გვაქვს, რომ "მრეწველების" პარტია სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს. როგორც ვიცი, ის, რასაც თოფაძე ამბობს, პარტიული პოზიცია არაა. თუმცა, თუ პარტიაც დაეთანხმება და ისინიც ჩათვლიან, რომ საქართველო ნატო-ში არ უნდა შევიდეს და რომ ხიდაშელმა არჩევნები გააყალბა, მაშინ რა თქმა უნდა, ასეთი პარტია ვერ იქნება იმ კოალიციაში, რომლის გაცხადებული პოზიციაც ევროპულია," - აღნიშნა სამნიძემ.

მან აქვე ისიც დასძინა, რომ არ იცის, რამდენად დაუჭერენ მხარს კოალიციაში შემავალი სხვა პარტიები. მისი თქმით, არც "რესპუბლიკელების" და არც "მრეწველების" გადასაწყვეტი არაა, თუ როგორი იქნება კოალიცია. ეს, სამნიძის აზრით, კოალიციურ პარტნიორთა მოლაპარაკების თემაა.

"ჩვენ, "რესპუბლიკელები" ვუპირისპირდებით და დავუპირისპირდებით ყველას, ვინც კი იტყვის, რომ ევროპაში ინტეგრაციის წინააღმდეგია. თუმცა კოალიციის დაშლაზე საუბარი არასწორი მგონია," - გვითხრა მან.

პოლიტსაბჭოს სხდომაზე საკითხის განხილვის მომხრეა "ეროვნული ფორუმის" წარმომადგენელი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ანი მიროტაძეც. მისი აზრით, პარტიებს უნდა ჰქონდეთ იმდენი რესურსი, რომ თუკი რაიმე გაუგებრობა აქვთ, ერთმანეთში გაარკვიონ. ამბობს, რომ სხდომაზე პარტიები თავიანთ არგუმენტებს წარმოადგენენ და გადაწყვეტილებაც ამის შემდეგ იქნება მიღებული.

იგი იმედოვნებს, რომ "რესპუბლიკელები" და "მრეწველები" ერთმანეთთან საერთო ენას გამონახავენ, რადგან ეს ყველაფერი, მიროტაძის თქმით, პირველ რიგში, მათ იმიჯს აზარალებს და შემდეგ უკვე კოალიციისაც.

"კოალიციაში ყველამ ვიცოდით, რომ ერთნაირები არ ვიყავით და ერთნაირი ხედვა არ გვქონდა. მე რომ განსხვავებული მოსაზრებები მაქვს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვინმეზე უპირატესი ვარ. კოალიციური თანაცხოვრება ერთმანეთის ანგარიშის გაწევას თვალისწინებს, რასაც მთელი ამ წლების განმავლობაში "ფორუმი" აკეთებს. ასე რომ, შეუძლიათ მაგალითი ჩვენგან აიღონ.

"თუკი მხარეებს პრეტენზიები აქვთ და ერთმანეთთან თანაცხოვრება გაუჭირდებათ, მაშინ ეს საკითხი უნდა დასვან და თავიანთი წინადადებები წამოაყენონ. არ ვიცი, შესაძლოა, ჯერ კიდევ არსებობს შანსი, რომ ერთმანეთთან დაილაპარაკონ და პრობლემა ამოიწუროს", - აღნიშნავს მიროტაძე.

რაც შეეხება ამ ყველაფერზე "ფორუმის" პოზიციას და იმას, დაუჭერენ თუ არა მხარს თოფაძისა და "მრეწველების" კოალიციიდან გარიცხვას, თუკი ეს საკითხი დღის წესრიგში დადგება, მიროტაძე ამბობს, რომ ისინი ვინმეს საქმეში ჩარევასა და მტყუან-მართლის გარკვევას არ აპირებენ.

საქმეში მომლაპარაკებელი ინსტიტუტების ჩართვას ითხოვს უმრავლესობის კიდევ ერთი წევრი ზაქარია ქუცნაშვილიც. მისი აზრით, ფრაქციების თავმჯდომარეების, უმრავლესობის ფორმატში ან კოალიციის პოლიტსაბჭოს ფორმატში შეხვედრა აუცილებელია. ამბობს, რომ ამის გარეშე კონფლიქტი კიდევ უფრო გაღრმავდება.

"ვიღაცებს ჰგონიათ, რომ საჯარო განცხადებებით ეს თემა დამთავრდება, მაგრამ საჯარო განცხადებებით იგი არასოდეს ამოიწურება. მხარეების განცხადებებზე კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებ. მხოლოდ იმ გამოსავალზე ვსაუბრობ, რასაც ვხედავ," - აღნიშნა მან.

"რეზონანსი" შეეცადა თემაზე კომენტარი უმრავლესობის სხვა წარმომადგენლებისგანაც მოეპოვებინა, მაგრამ დეპუტატთა უმეტესობამ ამ თემაზე საუბარი არ ისურვა. მათ შორის გუგული მაღრაძემ, ერეკლე ტრიპოლსკიმ, ზვიად ძიძიგურმა, ელისო ჩაფიძემ. ასევე ვერ მოვახერხეთ აზრის მოსმენა გია ჟორჟოლიანისაგან, მანანა კობახიძისგან, გია ვოლსკისგან, ზვიად კვაჭანტირაძისგან, სოსო ჯაჭვლიანისგან, გედევან ფოფხაძისგან, დავით ლორთქიფანიძისაგან და ა.შ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×