პარტია "მრეწველების" ლიდერი, გოგი თოფაძე საგარეჯოს არჩევნების გაყალბებაში თინა ხიდაშელისა და "რესპუბლიკელების" გარდა, უკვე იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანსაც ადანაშაულებს.
როგორც თოფაძე ამბობს, საგარეჯოში შუალედური არჩევნების გაყალბების გეგმა თეა წულუკიანთან გამართულ თათბირზე შედგა.
"ჩატარდა თეა წულუკიანთან თათბირი, სადაც გადაწყდა, რომ მუხროვანის მე-13 უბანი, სადაც სულ 25 კაცი იყო, იქ უბანი არ გახსნილიყო. შეთავაზება ასეთი იყო, ის 25 კაცი გავანაწილოთ ახლომახლო სოფლებში. იქაურები იყვნენ და ეს უბანი გაუქმდეს. თავდაცვის მინისტრმა 526 კაცი, გვარებიც შემიძლია ჩამოგითვალოთ, სვანეთიდან, რაჭიდან, იმერეთიდან, მთელი საქართველოდან ჩამოიყვანა და ამან გადაწყვიტა არჩევნების შედეგი," - განაცხადა თოფაძემ, რომელმაც თავდაცვის მინისტრის მოქმედებებს "სამარცხვინო" უწოდა.
უნდა მოჰყვეს თუ არა თოფაძის ბრალდებებს სამართლებრივი რეაგირება? - ამ კითხვით "მთელმა კვირამ" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.
ნინო ლაპიაშვილი (ა/ო "სუფთა პოლიტიკა"): "ის, რაც გოგი თოფაძემ გააჟღერა, პირველად არ გვესმის. ჩვენ გვახსოვს ირმა ინაშვილის გაფიცვები და კონკრეტული არგუმენტები იმასთან დაკავშირებით, რომ არჩევნები სამართლიანად არ ჩატარდა. ჩემი აზრით, მაშინვე უნდა დაინტერესებულიყვნენ სამართალდამცავი ორგანოები და გამოძიება უნდა დაწყებულიყო. მაგრამ ამ საქმეს გოგი თოფაძის განცხადებით უფრო მეტი რეზონანსი მიეცა. უფრო მეტად სარწმუნოა იმიტომ, რომ როგორც იტყვიან, ციხე შიგნიდან გატყდა და რეაგირების გარეშე დატოვება იქნება მთავრობის უპასუხისმგებლობა და იმის დასტური, რომ თავდაცვის მინისტრი რეალურად ახდენს ზეგავლენას გამოძიების დამოუკიდებლად წარმართვაზე და მთლიანად საარჩევნო პროცესებზე.
"მთავრობას ერთადერთი გამოსავალი ახლა ის აქვს, რომ თავისი პირადი პოლიტიკური ამბიციები გადადოს და დაამტკიცოს, შეუძლია თუ არა ამ საქმის გამიძიება. ეს გახდება გარანტია იმისა, რომ მომავალ წელს არჩევნები თავისუფალ გარემოში ჩატარდება. სხვა შემთხვევაში, წინასწარი სურათი ნათელი იქნება ჩვენთვისაც და საერთაშორისო საზოგადოებისთვისაც, თუ როგორ აპირებს "ოცნება" არჩევნების ჩატარებას."
თედო დონდუა (ისტორიკოსი): "მე მგონი, ჯობია, რომ გოგი თოფაძემ მხოლოდ განცხადებები კი არ აკეთოს, არამედ გაასაჩივროს. თუ ბატონი გოგი დარწმუნებულია, რომ ეს მართალია, მაშინ ოფიციალური საქმის წარმოება უნდა დაიწყოს. პროკურატურა რაღაც განცხადების საფუძველზე შეიძლება ჩაერიოს საქმეში, ან არა და თუ გოგი თოფაძე წარადგენს კონკრეტულ სარჩელს, პროკურატურა უკვე იძულებული იქნება გამოძიება დაიწყოს. ტრიბუნიდან ნათქვამი ერთია და არგუმენტებული სარჩელი - მეორე."
თემურ ნანეიშვილი (ფიზიოლოგი): "უნდა გაირკვეს, ეს სიმართლე არის თუ არა. მე ნაკლებად მგონია, რომ ეს მინისტრის კაბინეტში იგეგმებოდა, მაგრამ რადგან თქვა, დეპუტატია და სამართლებრივ სახელმწიფოში ამას ალბათ უნდა მოჰყვეს სათანადო რეაგირება."
ნანა კაკაბაძე (უფლებადამცველი): "სამხედრო ნაწილების ჩამოყვანის გარეშეც მოგებული ჰქონდა "რესპუბლიკელების" კანდიდატს. ეს არ იყო გადამწყვეტი. თუმცა, რამდენად კანონიერი იყო ამ ადამიანებისთვის უბნის გახსნა, ამაზე ცენტრალური საარჩევნო კომისიაა კომპეტენტური და უნდა თქვას, იყო თუ არა ეს კანონიერი. არ მგონია, რომ ეს უკანონო ყოფილიყო და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას გაებედა.
"შეიძლება არასასიამოვნო იყო ის ფაქტი, რომ მინისტრი იქ იყო, მისი ხალხი მონაწილეობდა და მისი ინტერესი იყო ამ კანდიდატის გაყვანა, მაგრამ ის, რომ ეს უკანონო იყო, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას არ უთქვამს და როგორ გახსნიდა უკანონოდ უბანს?! მაშინ ეს უნდა გასაჩივრდეს და დამტკიცდეს, რომ უკანონო იყო."
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე