ნინო ბურჯანაძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა
სალომე სარიშვილი
22.02.2016

 "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ შეხვედრა მხარეებს შორის 19 თებერვალს შედგა.

ინფორმაციას ადასტურებს ბურჯანაძის პარტიის პრესცენტრიც, თუმცა შეხვედრის დეტალებზე არ საუბრობენ როგორც საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში, ისე პარტიაში.

არის თუ არა ეს შეხვედრა კავშირში წელს, შემოდგომაზე საქართველოში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებთან?

პოლიტოლოგების აზრით, შესაძლოა, ბურჯანაძე-კარასინის შეხვედრაზე წინასაარჩევნო პერიოდზეც იყო საუბარი, თუმცა, ამ ეტაპზე რუსეთის მხრიდან ამ პროცესში შესაძლო ჩართულობას ნაკლებად სარწმუნო ვარაუდად მიიჩნევენ.

ცობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, კარასინი-ბურჯანაძის შეხვედრა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის სხვადასხვა ასპექტებსა და რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობის ნორმალიზების საკითხს ეხებოდა.

შეხვედრის დეტალების ირგვლივ ინფორმაციის მოპოვებას "მთელი კვირა" პარტიის სხვა წევრებთან შეეცადა, თუმცა, აღმოჩდა, რომ მათ ამ შეხვედრის შესახებ პრაქტიკულად არაფერი იცოდნენ.

"შეხვედრის დროს მხარეებმა განიხილეს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ნორმალიზების საკითხი, ის ასპექტები, რომლითაც ამის მიღწევა შესაძლებელია," - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის შეფასებით, რუსეთი არჩევნებში აქტიურად ვერ ჩაერევა, რადგან ასეთ შემთხვევაში დასახულის საპირისპირო შედეგს მიიღებს და ეს მოსკოვშიც კარგად იციან.

"რუსეთის მიერ წინასაარჩევნო პროცესში ჩართვა უწინაც ხდებოდა და ახლაც ასეა. ამგვარი გავლენისგან არცერთი ქვეყანა დაცული არაა და მითუმეტეს, საქართველო. რუსეთის მხრიდან ეს გავლენა ჯერ კიდევ 2012 წელს იყო, როდესაც გამოითქვა ვარაუდი იმის შესახებ, თითქოს ივანიშვილის ხელისუფლება პუტინის პროექტია. თუმცა, გავიდა დრო და ამ იდეამ ის შედეგი ვერ მოიმკო, რაც მის გავრცელებას უნდა მოჰყოლოდა.

"ივანიშვილი არ აღმოჩნდა პუტინის პროექტი, რადგან დასავლეთისკენ სწრაფვის კუთხით მნიშვნელოვანი ნაბიჯები სწორედ მისი მოსვლის შემდეგ გადაიდგა. ამდენად, ვერსია იმის შესახებ, რომ შესაძლოა რუსეთი საარჩევნო პროცესებში უკვე ერევა, ნაადრევი მეჩვენება.

"არ მგონია, რომ ასე იყოს, რადგან მან უკვე რაღაცები ისწავალა. გავიხსენოთ აფხაზეთში ამგვარ პროცესებში მათი ჩართულობა, სადაც რუსეთმა სრულიად საპირისპირო შედეგი მიიღო. ვფიქრობ, ძველებური, ღია ჩარევის ხერხს რუსეთი ამ ეტაპზე არ გამოიყენებს. თუმცა, რა თქმა უნდა, გამორიცხული არაა წინასაარჩევნო პროცესში სხვა მეთოდებით ჩაერიოს," - ამბობს "მთელ კვირასთან" საუბრისას საყვარელიძე.

მისივე თქმით, ახლა, როცა წინასაარჩევნო პერიოდი მოახლოვდა, "გაერთიანებული დემოკრატების" ლიდერი ამ პროცესში თავისი როლის უკეთ წარმოჩენას ცდილობს. საყვარელიძე ფიქრობს, რომ მისი მხრიდან ეს ბუნებრივიცაა, ამიტომ ბურჯანაძესა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე კარასინს შორის შეხვედრას არჩევნების თემას ნაკლებად უკავშირებს. საყვარელიძის თქმით, ასეთ შემთხვევაში ინფორმაცია საჯარო ვერ იქნებოდა.

"ოპოზიციური პარტიის ლიდერები მხოლოდ რუსეთში ვიზიტით არ გამოირჩევიან. ამ ლოგიკით, შალვა ნათელაშვილი აშშ-ში ხშირად გვინახავს, სადაც იგი ამერიკელ პარტნიორებთან საქართველოს პოლიტიკურ საკითხებს განიხილავს, რასაც დიდი ვნებათაღელვა არ გამოუწვევია. ასე რომ, ეს სტილი დასავლეთის პოლიტიკოსებშიც თანაბრადაა და ბუნებრივია, რუსეთის პოლიტიკოსებშიც. ნებისმიერი სპექტრის წარმომადგენელი შესაძლოა ამგვარ საუბარში ჩაებას, ამაში მოულოდნელი არაფერია. ამიტომ არც ამ შემთხვევაში მგონია, რომ რაიმე განსაკუთრებული ხდება.

"რა თქმა უნდა, ნინო ბურჯანაძეს აწყობს, რომ პოლიტიკურ პროცესში მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს, ამიტომ ამ როლის წინ წამოწევას სწორედ წინასაარჩევნოდ ცდილობს. მაგრამ ვფიქრობ, ეს ბუნებრივი პროცესია. ის, რომ შესაძლოა რუსეთმა ამ ეტაპზე წინასაარჩევნო პროცესში რაიმე როლი შეასრულოს, გამართლებულ ვარაუდად არ მიმაჩნია. არ მგონია, რომ რაიმე მზაკვრული გეგმის შემთხვევაში ეს ფაქტი გახმაურებულიყო, რადგან რუსულ ელიტასთან შეხვედრა რთული ნამდვილად არაა. სწორედ ის, რომ ეს გაცხადებული ფაქტია, ზედმეტი ეჭვების საფუძველს არ იძლევა, ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე მაინც," - დასძენს საყვარელიძე.

პოლიტოლოგ სოსო ცისკარიშვილის აზრით კი, ბურჯანაძისა და კარასინის შეხვედრის რაიმე ოფიციალურ ნაწილზე საუბარი ამ ეტაპზე ნაადრევია. მისივე თქმით, ნინო ბურჯანაძის პოლიტიკური წარსულიდან გამომდინარე, რუს დიპლომატთან მისი შეხვედრა მოსალოდნელიც კი იყო.

"ბურჯანაძე ახალბედა პოლიტიკოსი რომ ყოფილიყო, ამ შეხვდრის ირგვლივ ეჭვები გაჩნდებოდა. თუმცა, გამომდინარე მისი პოლიტიკური ბიოგრაფიიდან, რომელიც არც კარასინისთვის და არც მსოფლიოს სხვა დიპლომატებისთვის უცხო არაა, ეს მოულოდნელი არ ყოფილა. ვფიქრობ, ეს შეხვედრა უფრო შიდა პოლიტიკური კონკურენციის საკითხს უკავშირდებოდა. გასაკვირი იქნება, თუ რომელიმე სხვა ოპოზიციური პარტიის ლიდერები ამგვარი შეხვედრის ორგანიზებას ვერ მოახერხებენ.

"ცხადია, შიდა პოლიტიკურ კონკურენციაში იმ პარტიებს ვგულისხმობ, რომლებიც საპარლამენტო არჩევნებში სავარძლებისთვის იბრძოლებენ. რაც შეეხება რუსეთის წინასაარჩევნო პერიოდში შესაძლო ჩართულობას, ეს ქვეყანა ფულს უმიზნოდ არასდროს ისვრის. ახლახან ძალიან სანდო კვლევის შედეგები გამოქვეყნდა, რომელიც ლიბერალურმა აკადემიამ მოამზადა. კვლევაში მკაფიოდაა აღწერილი, თუ რა ტიპის ხისტი და რბილი ზეწოლაა გამოყენებული რუსეთის მხრიდან. ორივე ამ ხასიათის ძალა საქართველოში დღესაც მოქმედებს, ეს ახალი არაა. თუმცა, დუმილი და ამგვარი ინფორმაციის დაიგნორება არც ხელისუფლებას აკლია და არც ოპოზიციურ ძალას," - ამბობს ცისკარიშვილი.

მისივე თქმით, რუსეთისთვის სასურველია საქართველოში არსებობდეს ძალა, რომლის იდეოლოგიაც მათგან დიდად განსხვავებული არ იქნება და შესაბამისად, ამ ძალის შესაქმნელად სხვადასხვა მეთოდებს მიმართავს, რაზეც საზოგადოება ნაკლებად ინფორმირებულია.

"ნუ დაგვავიწყდება, რომ არჩევნების შედეგები საბოლოოდ მხოლოდ ამომრჩეველზეა დამოკიდებული. ამიტომ გადამწყვეტი არა რომელიმე ძალა, არამედ თავად ამომრჩეველია. თუ რუსეთის მხრიდან ბურჯანაძის პარტიისთვის რაიმე დახმარების პერსპექტივა მოდის, ამგვარი შეხვედრების შესახებ საზოგადოება ინფორმირებული არ იქნებოდა. შესაძლოა, ბურჯანაძესა და კარასინს შეხვედრაზე წინასაარჩევნო პერიოდზეც ესაუბრათ, გამორიცხული არაფერია, თუმცა, ამ ეტაპზე რაიმე გრანდიოზულ წინადადებაზე საუბარი, არ მგონია, ყოფილიყო," - აცხადებს პოლიტოლოგი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×