"პარტია "ქართულ ოცნებაში" არის ძალიან ბნელი საბჭოთა წარსულის მქონე, ნაცრისფერი ადამიანების გარკვეული წრე, რომლებიც ცდილობენ, ბიძინა ივანიშვილმა სიმართლე არ იცოდეს. ისინი ხალხთან ვერ გავლენ და ვერ დაელაპარაკებიან, მათთვის ხმა არავის მიუცია, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვან საკითხებს ლობირებენ, მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს იღებენ და ყველა თანამდებობაზე ადამიანებს ისინი ნიშნავენ. მათ შეძლეს, ივანიშვილისაგან ძალიან ბევრი ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანი ჩამოეშორებინათ," - ამ ბრალდებებს უყენებს თანაგუნდელების ერთ ნაწილს "ქართული ოცნების" ერთ-ერთი დამფუძნებელი და ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი ელისო ჩაფიძე და მის წინააღმდეგ ერთწლიან მიზანმიმართულ დისკრედიტაციაშიც სწორედ ამ ადამიანებს ადანაშაულებს.
მმართველ კოალიციაში არსებული თოფაძე-რესპუბლიკელების ლანძღვა-შეურაცხყოფის გარდა, ახლა უკვე პარტია "ქართულ ოცნებაშიც" დაპირისპირების კიდევ ერთმა და შესაძლოა, უფრო მწვავე ტალღამაც იფეთქა.
როგორც ელისო ჩაფიძე აცხადებს, მას შავ პიარს უგორებენ, აშანტაჟებენ მის ოჯახსაც, რის გამოც აშშ-ის საელჩოსაც კი მიმართა და ოღონდ მას ავნონ და ცდილობენ, ტყიბულელებიც კი დასაჯონ. ჩაფიძის თქმით, ესენი არიან განათლების მინისტრის მრჩეველი ოთარ აბესაძე და "ბნელი წარსულის მქონე ნაცრისფერი ადამიანები პარლამენტში", რომლებმაც მისი დისკრედიტაცია ერთი წლის წინ დაიწყეს.
აღსანიშნავია, რომ გასულ წელს დეპუტატი პირდაპირ ამბობდა იმას, რომ აბესაძეს პარლამენტარი ირაკლი ტრიპოლსკი მფარველობდა, მან წარუდგინა კიდეც ტყიბულელებს აბესაძე მომავალ მაჟორიტარად და მისივე თქმით, აბესაძესთან ერთად მოქმედებდა მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი ნუგზარ ყიფიანიც, რომელსაც გარკვეული ბიზნესინტერესები ჰქონდა. მაშინ უმრავლესობის ლიდერები შეეცადნენ ეს დაპირისპირება მიეჩქმალათ და ჟურნალისტები საკითხის ზედმეტად გამუქებაშიც კი დაადანაშაულეს. თუმცა, აღმოჩნდა, რომ ეს ჩუმი დაპირისპირება მთელი წელი არსებობდა და ახლა კულუარებიდან საჯაროდ გადმოხეთქა.
ელისო ჩაფიძემ რამდენიმე დღის წინ ჯერ საპარლამენტო ტრიბუნიდან მიმართა ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილს და მთავრობას შეკითხვით, თუ "რატომ ისჯებიან ტყიბულელები", შემდეგ კი ღია წერილიც გამოაქვეყნა, სადაც საუბარი იყო იმაზე, რომ კიდევ ერთხელ გადაიხედოს მთის კანონი, რადგან ტყიბულის მუნიციპალიტეტს 2016 წლის 1 იანვრიდან მაღალმთიანი ზონის სტატუსი შეუჩერდა და შესაბამისად, ადგილობრივების მდგომარეობა გაუარესდა. ცვლილებები შევიდა საგადასახადო კოდექსის 83-ე მუხლში, რომლის თანახმად მეშახტეების შემოსავალი 10%-ის ნაცვლად 20%-ით იბეგრება.
წერილში ნათქვამი იყო, რომ ის დიდი ხანია ამ საკითხის გადაწყვეტას წერილობით სთხოვდა კანონის ავტორებს (ირაკლი ტრიპოლსკისა და გია ჟორჟოლიანს), ასევე ფრაქციას, უმრავლესობას და ექსპრემიერს, დაპირებაც მიიღო, რომ გამონაკლისი წესით ტყიბულს სტატუსი მიენიჭებოდა, მაგრამ დაპირება არ შესრულდა. უფრო მეტიც, ითქვა, რომ პრობლემა სწორედ წერილებშია, რაც მისი აზრით, საკითხის მოგვარების გასაჭიანურებლად იაფფასიან პოლიტიკური ხრიკს წარმოადგენს.
ელისო ჩაფიძის წერილის საპასუხოდ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე გია ვოლსკი "მთელ კვირასთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ "მარტო წერილების წერა საკმარისი არ არის", ამიტომაც მან ელისო ჩაფიძეს თანამშრომლობა შესთავაზა და ამ შეთავაზებას მოჰყვა მის მიმართ აგრესიული და არაკორექტული გამოხმაურება.
"ელისოს აბუჩად აგდება საერთოდ არ მიფიქრია. ჩემთვის საპატივცემულოა და ყოველ შემთხვევაში მეგობარი მგონია. თუკი მას თვეებია საკითხთან დაკავშირებით მთავრობის სტრუქტურებთან აქვს მიმოწერა, ჩემთვის დეკემბერში არ მოუმართავს, მე ამის თაობაზე ცოტა მოგვიანებით გავიგე და ვთხოვე, მოდი, ერთად ჩამოვაყალიბოთ საქმიანი, ფინანსურად გამართული წინადადება, პრემიერ-მინისტრთან დეტალურად განვიხილოთ და მაგ საქმეს ერთად მივყვეთ-მეთქი. ეს შევთავაზე და შემდეგ უცებ ასეთი აგრესიული და არაკორექტული განცხადებები მოჰყვა, რომელსაც ნამდვილად არ მოველოდი და ცოტა გულდაწყვეტილიც ვარ.
"სხვამ თავისი თქვას, ჩემგან კი არცერთი თემა უყურადღებოდ არ დარჩენილა. თავადაც აქვს საკმაო რესურსი. ავტორიტეტული დეპუტატია და ვფიქრობ, უფრო საქმიან ვითარებაში უნდა გადავიყვანოთ საქმე, ვიდრე ღია წერილებით ერთმანეთის კბენაში. ასეთი ტექსტი ცოტა უხერხულია.
"ან პოლიტიკურ ხრიკად რას თვლის?! ფიქრობს, რომ თუნდაც მის მიმართ ხდება რამე? როგორ გეკადრებათ! ელისოსთან პრობლემა არასდროს ყოფილა და მეორეც, არავის არ უღირს არცერთი დეპუტატი, არც ელისო იმად, რომ მუშათა ინტერესებზე გადაიაროს ამ ვითარებამ.
"აჩქარდა და ცოტა ემოციური განცხადებაა. მზად ვარ ეს ემოციური განცხადება გარკვეულწილად მის სისუსტედ მივიღო და არა ბრალდებად," - აცხადებს ვოლსკი.
მისივე თქმით, თუკი ელისო ჩაფიძე კოაბიტაციის გამო რაღაც ბიზნესლობირებაზე საუბრობს, ეს უკვე სერიოზული ბრალდებაა, არც ერთ ნორმაში არ ჯდება და ამაზე კომენტარი არ სურს.
"საქმიანი ურთიერთობაა საჭირო და საკითხის საქმიანად გადაწყვეტა. ვინმეს ჯინაზე კანონპროექტის შემოტანა საქმეს არ წაადგება. ძალიან გული მწყდება, თუკი მის განცხადებებში კოაბიტაციაზე და ლობირებაზე ნიუანსებია. თუ მას ეს საკითხი მის მიმართ განხორციელებულ პოლიტიკურ დემარშად მიაჩნია, ეჭვი მეპარება, რომ საქმიანი განხილვის რესურსი დარჩა ქალბატონ ჩემ მეგობარ ელისოს. იმიტომ, რომ ელისო დაზარალდეს, ამის გამო მშრომელი ადამიანის დაზარალებაზე მიდიოდეს ვინმე, ეს უკვე ბრალდებაა...
"ისე, წერილში ვოლსკი-ტრიპოლსკის ასე აგდებულად მოხსენიებაზე ცოტა გამეცინა. მისგან არ მოველოდი," - აღნიშნავს ვოლსკი.
ელისო ჩაფიძის თქმით, ტყიბულისთვის მაღალმთიანი სტატუსის მინიჭება ე.წ. საბიუჯეტო ხარჯების რაციონალური ხარჯვის მოტივით იწელება, მაგრამ ძირითადად მაინც ტყიბულელების "დასჯა" მის დისკრედიტაციას უკავშირდება, რომელიც ერთი წლის წინ დაიწყო "ქართული ოცნების" ერთი ჯგუფის მიერ, მაშინ, როდესაც ვადამდელ არჩევნებზე იყი საუბარი.
ელისო ჩაფიძე: ვერ გეტყვით, ეს არის კორუფციული თუ დანაშაულებრივი, მაგრამ კანონში ბევრი შეუსაბამობაა. მაგალითად, მაღალმთიან ზონაში მოხვედრილია სოფლები, რომელიც ზღვის დონიდან 220 მეტრზე მდებარეობს და არიან საკურორტო ზონაში. ამავდროულად ამ ზონაში ვერ მოხვდა ზოგიერთი ისეთი სოფელი, რომელიც 680-700 მეტრზეა. ამიტომაც ტყიბულის საკითხის განხილვას კატეგორიულად ვითხოვ.
საუბარია ისტორიულ-ეთნოგრაფიულად რა როგორ იყო. დიახ, ისტორიულად ტყიბული ისევე შედიოდა მაღალმთიან ზონაში და ეს კანონმა 1999 წელს აღიარა, როგორც სხვა დანარჩენი - ქვემო სვანეთი, ლეჩხუმი და რაჭა. დასაყვედრებელი მართლა არაფერი არ გვაქვს და ახლა უფრო კატეგორიულად მოვითხოვ ამ საკითხის განხილვას. ამ საკითხის განხილვის დამაბრკოლებელი ფაქტორია ის, რომ ამას საბიუჯეტო სახსრები სჭირდება, ეს ჩემთვის არგუმენტი არ არის.
მეორე მომენტია ის, რომ ჩემი დისკრედიტაციის კამპანია იანვარში დაიწყო, როდესაც თითქოს ვადამდელი არჩევნებისათვის ემზადებოდნენ. საკმაოდ გახმაურებული ისტორიაა, როდესაც ერთი მელიასაგან დაბრწკენილი მრჩეველი ბიჭუნა, რომელიც მინისტრის მოადგილედ ასაღებდა თავს, "ქართულ ოცნებაში" არსებულმა გარკვეულმა ჯგუფმა ტყიბულის საზოგადოებას წარუდგინა. აღმოჩნდა, რომ ტყიბულელებმა ეს ბიჭუნა არ მიიღეს.
შემდეგ დაიწყო იმაზე ფიქრი, თუ როგორ გაეფუჭებინათ ელისო ჩაფიძისთვის ავტორიტეტი. ვერ წარმოიდგენთ ცილისწამების რა ნიაღვარი გადავიტანე, თითქოს მე ვარ ერთსქესიანთა ქორწინების მომხრე, თითქოს ტყიბულელ მეშახტეებთან დაკავშირებით შეურაცხმყოფელი რაღაცები ვთქვი... ეთიკის ქარტიასაც კი მივმართე.
ერთმა გავლენიანმა პირმა მითხრა - კი, ბატონო, თუ გინდა ისევ იყარე კენჭი ტყიბულში, მაგრამ ისეთ რაღაცებს გავაკეთებ, შეიძლება სურვილიც აღარ გაგიჩნდესო. ძალიან ბევრი პროვოკაცია მომიწყვეს, ჩემი ოჯახის წევრებზე წნეხის გამო კი იძულებულიც გავხდი, აშშ-ის საელჩოსთვის მიმემართა.
როდესაც ტყიბულის თემის ლობირება დავიწყე და ყველგან ყრუ კედელს ვაწყდებოდი, გამიჩნდა გარკვეული ეჭვი, რომ ეს ყველაფერი ჩემი დისკრედიტაციისთვის კეთდებოდა და ამ ხალხს ანგარიშს იმიტომ ხომ არ უსწორებენ, რომ ჩემ წინააღმდეგ განაწყონ?! ასეთ ადამიანებთან პოლიტიკაში როგორ უნდა ვიყო? მაშინ ვთქვი - მიანიჭონ ტყიბულს მაღალმთიანი რეგიონის სტატუსი და მე პოლიტიკიდან საერთოდ ჩემი ნებით წავალ-მეთქი. თუ პირველ აპრილამდე მისცემენ სტატუსს, პოლიტიკიდან წავალ.
"მთელი კვირა": ვინ არიან თქვენ წინააღმდეგ განწყობილი ადამიანები? არის მათ შორის ტრიპოლსკი, რომელთანაც გასულ წელს გქონდათ დაპირისპირება?
ე.ჩ.: კონკრეტულად არავის დავასახელებ, თუმცა, ჩვენს პარტიაში ბევრი ლაპარაკობს იმაზე, რომ არის ნაცრისფერი ადამიანების გარკვეული წრე, რომლებიც ცდილობენ ბიძინა ივანიშვილმა სიმართლე არ იცოდეს. ისინი ძალიან ბნელი წარსულის მქონე ხალხია და მათთვის ქართულ საზოგადოებას ხმა არ მიუცია. თუ საჭირო გახდება, მომავალში დავასახელებ.
"ქართული ოცნების" ერთ-ერთი დამფუძნებელი და პოლიტსაბჭოს პირველი მდივანი მე ვარ. ისინი კი ხალხთან ვერ გავლენ და ვერ დაელაპარაკებიან, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვან საკითხებს ლობირებენ და მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს იღებენ.
ისინი ინკოგნიტო გავლენიან პიროვნებებად რჩებიან და ნუ მაიძულებენ მაინცდამაინც მე გამოვიყვანო საზოგადოების წინაშე. მათ შეძლეს ივანიშვილისაგან ძალიან ბევრი ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანი ჩამოეშორებინათ. მე ისევ ბიძინა ივანიშვილის იმედი მაქვს, ის უნდა ჩაერიოს პროცესში.
კი, ბატონო, მე განზე გავდგები, ტყიბულელებს ჩემს პოლიტიკურ ინტერესებს არ შევწირავ. არ მჭირდება ისეთ ადგილზე ყოფნა, სადაც თანამოაზრეები კი არა, მტრები მყავს და საერთოდ "კა-გე-ბეს" ინსტრუქტორები და საბჭოეთის ცუდ წარსულთან დაკავშირებული ადამიანები მიწყვეტენ მე რა უნდა გავაკეთო. ეს არ არის ჩემი "ქართული ოცნება".
ძალიან მაინტერესებს ან პარტიაში რა ხდება, ან ფრაქციაში რა ხდება, რა გადაწყვეტილებებს იღებენ. დეპუტატებს ლამის სესიასთან დაკავშირებით დღის წესრიგის შესახებ და ბიუროს სხდომებზე რა საკითხი გადის, ამის შესახებ არ აქვთ ინფორმაცია. საოცარი მართვის მეთოდებია დამკვიდრებული. ასეთი დამოკიდებულებაა, რომ რამდენიმე ადამიანის გარდა სხვა დეპუტატები რაც შეიძლება ნაკლებ ინფორმაციას ფლობდნენ, რომ ისინი მუდმივ გაუგებრობაში და სკანდალებში იყვნენ. ამით კი ეს ხალხი ხარობს და სავარაუდო კონკურენტებს სიიდან იცილებენ.
ბოლოს განწირული ნაბიჯი გადავდგი. ვუთხარი - ხალხო, ოღონდაც ამას ნუ აკეთებთ და მე განზე გავდგები-მეთქი. ეს წინადადებაც არ მიიღეს. ახლა კი ვიბრძოლებ, რომ ეს ადამიანები ჩამოშორდნენ პარტიას და არა - მე.
მმართველობის დემოკრატიულ სტილს ვითხოვ, რომ ფრაქციის თავმჯდომარის არჩევის უფლებაც გვქონდეს, პარტიის თავმჯდომარისაც და პარლამენტის წევრსაც შეეძლოს თავისი უფლებების ღირსეულად დაცვა. 21-ე საუკუნეა და მგონია მონობა მისაღები არ არის და დეპუტატს ამა თუ იმ თემაზე საკუთარი აზრს გამოთქმის საშუალება უნდა ჰქონდეს.
"მ.კ.": გაქვთ იმედი, რომ რამე შეიცვლება?
ე.ჩ.: დიდი იმედით ველოდები მაისს, როდესაც პარტიის ყრილობა უნდა ჩატარდეს. ზაქარია ქუცნაშვილის ფრაქციის თავმჯდომარეობის დროს ყოველ წელს გვაბარებდნენ ხოლმე ანგარიშს ფინანსებზე თუ სხვა საკითხებზე. ყრილობაზე შევხედავ საით მიდის პარტია და შესაბამისად მივიღებ გადაწყვეტილებას.
მე ჩვენი პრინციპებისა და ღირებულებებისთვის არ მიღალატია. იმ ნაცრისფერი, საბჭოთა ჯურღმულებში გამოზრდილი ადამიანებისათვის ორი თხოვნა მექნება:
პირველი - შეწყვიტონ ცილისწამებები ჩემზე და დაანებონ თავი ბინძური, ანონიმური სტატიების გამოქვეყნებას. მე რეაგირებისგან არ დავიღლები. ერთ-ერთმა, საკმაოდ ცნობილმა და 9 აპრილთან საკმაოდ ბინძურად დაკავშირებულმა საბჭოთა რუხმა კარდინალმა დამირეკა და მარწმუნებდა, რატომ არ უნდა მეჩივლა ერთ-ერთ საკითხთან დაკავშირებით. მისი გარემოცვა ჩემთვის უკვე გაშიფრულია; მეორე კი - ხელები შორს ჩემი ოჯახისგან. წინააღმდეგ შემთხვევაში საერთაშორისო ორგანიზაციებს მივმართავ. არჩეულ დეპუტატზე ზეწოლა არ შეიძლება და არავის მივცემ უფლებას წამართვან ნება, თავისუფლად მივიღო გადაწყვეტილება.
"მ.კ.": რა წნეხია ოჯახის წევრებზე?
ე.ჩ.: არსებობს ჩანაწერები და არიან იმის მოწმეები, თანამდებობების და გვერდში დგომის სანაცვლოდ როგორ აიძულებდნენ ადამიანებს, რომ ჩემთვის და ჩემი ოჯახის წევრებისთვის ცილი დაეწამებინათ.
"მ.კ.": ოთარ აბესაძე რომ არ მიიღეს ტყიბულელებმა, ამიტომ გაგრძელდა თქვენ წინააღმდეგ ბრძოლა?
ე.ჩ.: ვინც აბესაძე ჩაიყვანა ტყიბულში, რა გეგმაც არსებობდა თავის დროზე, ეს გეგმა ახლაც გრძელდება. აბესაძის უკან ძალიან რეალური ინტერესები და გარიგებები დგას. არ გამოვრიცხავ, რომ ერთ დღეს იმავე ტყიბულში ერთი დიდი ოლიგარქი მოგვევლინოს როგორც მხსნელი და მესია და ეს პატივცემული აბესაძე მის დაკრულზე თამაშობს.
"მ.კ.": რაიმე ბიზნესინტერესების ლობირება ხდება?
ე.ჩ.: ეს თქვენ უნდა დაადგინოთ, რატომ ხდება ისე, რომ კოაბიტირებულები და ე.წ. ბიზნესმენები, რომლებიც "ქართული ოცნების" მხარეს დადგნენ, ხვალ კი შეიძლება ისევ იცვალონ გუნდი, რატომ არიან ათასჯერ უფრო პრივილეგირებულ მდგომარეობაში. მთავრობის სხდომაზე განიხილება საკითხი, მათ ხომ დაუწესდებათ საგადასახადო შეღავათები და ამ დროს არ განიხილება საკითხი ტყიბულელ მეშახტეებს დაუბრუნებენ თუ არა შეღავათებს. მე ვერაფერს ვერც უარვყოფ და ვერც დავადასტურებ. რატომ შეუყვარდა ჩვენს ხელისუფლებას ეს ბიზნესმენები, არ ვიცი.
"მ.კ.": თანაგუნდელებიდან ვინმე დაგიდგათ გვერდით?
ე.ჩ.: თუ გადაწყვეტილების მიმღებ პირებზე საუბრობთ, მათ დამოკიდებულება არ გამოუხატავთ. ფორმებზე საუბრობენ და ფორმებთან დაკავშირებით როგორმე მე თავად გადავწყვეტ როდის რა ფორმით ვიმოქმედო. ბევრს არ აქვს ისეთი დამსახურება, რომ ვინმეს ჭკუის დარიგებას მოვუსმინო. სიტყვა მაინც უნდა ჰქონდეს ადამიანს შენთვის შეწეული, მორალურ ავტორიტეტად რომ აღიარო. შევიკრიბებით და გამოჩნდება ვინ რა პოზიციას დააფიქსირებს.
"მ.კ.": გია ვოლსკიმ თქვა - მე ტყიბულის საკითხზე არაფერი ვიცოდი და როგორც კი გავიგე, ერთობლივი მუშაობაც შევთავაზე და ამის შემდეგ მიკვირს ეს აგრესიული განცხადებებიო.
ე.ჩ.: სასაცილოა, იმიტომ, რომ სანამ ტყიბულში გაფიცვა დაიწყებოდა, ორი თვით ადრე ვაფრთხილებდი "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს, შემდეგ 14 იანვარს ბიძინა ივანიშვილსაც კი გადავეცი წერილი და ეს არ იცოდა ბატონმა გიამ?! ყველაფერი გავაკეთე იმისათვის, რომ ეს გუნდის შიგნით მოგვარებულიყო. უკვე ყველანაირი ვადები იწურება, ამიტომ შევიტან კანონპროექტს და კენჭისყრის შედეგებს დავაკვირდები და შედეგს ქართულ საზოგადოებას მივაწვდი. ხალხი თავის გმირებს დაინახავს.