ნინო ქეთელაური
23.02.2016

"მრეწველებისა" და "რესპუბლიკელების" დაპირისპირების საკითხს პოლიტსაბჭოს სხდომაზე განიხილავენ - ამის შესახებ კოალიცია "ქართული ოცნების" წევრები საუბრობენ. პარლამენტის ვიცე-სპიკერის, მანანა კობახიძის განცხადებით, დაპირისპირება რაც შეიძლება სწრაფად უნდა ამოიწუროს და კოალიცია დარჩეს ერთიანი.

"ჩვენ გვინდა, რომ ხმაური, რომელიც საჯარო სივრცეში მიმდინარეობს, რაც შეიძლება დროულად დასრულდეს. ამისთვის აუცილებელია პოლიტსაბჭოს ფორმატში მსჯელობა. იმედი მაქვს, ეს მალე იქნება.

"რაც მთავარია, ეს გარკვეული დაპირისპირება თუ პრობლემა, რაც არსებობს, ამოიწურება სწორედ იმ ინტერესების გათვალისწინებით, რაც არის არა მხოლოდ რომელიმე პოლიტიკური პარტიის, არამედ ზოგადად კოალიციის, ხელისუფლების სიმყარის და ერთობის, ჩვენი ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით", - განაცხადა მანანა კობახიძემ.

პოლიტსაბჭოს სხდომა რომ ხმაურიანი იქნება, ამაზე საუბრობს საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკი.

"იქნება ალბათ ხმაური და ცხელი განხილვა, მაგრამ განხილვა საჭიროა, რადგან "მრეწველები" ამბობენ, რომ მათ არა აქვთ განსხვავებული ხედვა ქვეყნის საგარეო კურსთან დაკავშირებით, ადგილი აქვს შიდა პრობლემას კოალიციის მეორე გუნდთან და ეს პრობლემა უნდა გაირჩეს.

"რაც შეეხება პირადად გოგი თოფაძის დამოკიდებულებას, ეს არის დამოკიდებულება, რომელიც არ შეესაბამება მთლიანად კოალიციის და მთავრობის პოლიტიკას. მე კოალიციის დაშლას არცერთ შემთხვევაში მხარს არ დავუჭერ, თუ ამას მხარეები თავად არ მოინდომებენ", - აცხადებს გია ვოლსკი.

მოსალოდნელია რომ კოალიცია "ქართული ოცნება" "მრეწველებმა" ან "რესპუბლიკელებმა" დატოვონ? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

 ვახტანგ ძაბირაძე  (კონსტიტუციონალისტი): "საკმაოდ რთული საკითხია. ვფიქრობ, ყველაზე კარგი გადაწყვეტა იქნება, თუ არცერთი არ დატოვებს კოალიციას. რა თქმა უნდა, პოლიტსაბჭოს სხდომა იქნება ხმაურიანი, მწვავე, მაგრამ წესით, არცერთმა პოლიტიკურმა სუბიექტმა არ უნდა დატოვოს, თუ პასუხისმგებლობის გრძნობა აქვთ შენარჩუნებული.

ახლა კოალიციის დატოვებით საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში ჩავარდება არამარტო ის პარტია, რომელიც კოალიციას დატოვებს, არამედ გარკვეულწილად ეს შექმნის საფრთხეს შემოდგომაზე არჩევნების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით, რადგან ეს იქნება პირდაპირი ან ირიბი დადასტურება იმისა, რომ საგარეჯოს არჩევნები ისე არ ჩატარდა, როგორც უნდა ჩატარებულიყო.

ამის დაშვება კი არაფრით შეიძლება. კოალიციისთვის უმჯობესი იქნება, თუ ორივე სუბიექტს შეინარჩუნებს და კომპრომისულ შეთანხმებას მიაღწევენ."

 სერგო ვარდოსანიძე (ისტორიკოსი): "რთული საკითხია იმიტომ, რომ ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ძალიან სწრაფად იცვლება ამინდი. თუმცა, ერთი რამ აშკარაა, თუ ერთი პოლიტიკური სივრცეა, მაშინ პოლიტიკური ორიენტაციის, თუ ქვეყნის აღმშენებლობის საკითხი ერთიანი უნდა იყოს. სხვა შემთხვევაში მათ ერთად ყოფნას აზრი არ აქვს.

მე ვფიქრობ, რაც მალე გაარკვევენ, სად იქნებიან ამა თუ იმ პოლიტიკურ გაერთიანებაში შემავალი სუბიექტები, მით უკეთესი იქნება ამომრჩევლისთვისაც და ქვეყნისთვისაც. ამის შემდეგ ამომრჩეველი თავად გადაწყვეტს, თუ ვის მიანიჭოს უპირატესობა."

 რეზო მიშველაძე მწერალი): "არ მგონია, რომ ეს საკითხი პოლიტსაბჭოს სხდომაზე გადასაწყვეტი იყოს. ორი სუბიექტი ერთმანეთს შეეკამათა, უფრო სწორად, საგარეჯოს არჩევნების შესახებ, რასაც საქართველოს მოსახლეობის 80% ფიქრობდა, გოგი თოფაძემ ის გაახმაურა.

მე მიმაჩნია, რომ გოგი თოფაძე ამ შემთხვევაში მართალია და ეს იყო "რესპუბლიკელების" შეცდომა, რომლებიც კიდევ სხვა ბევრ შეცდომასაც სჩადიან. ახლა, რა უნდა განიხილოს პოლიტსაბჭომ?! თუ პოლიტსაბჭო გაამტყუნებს გოგი თოფაძეს, რომელმაც სწორედ რომ ვაჟკაცობა გამოიჩინა და თქვა სიმართლე, მაშინ პოლიტსაბჭო იქნება ტენდენციური.

ეს პოლიტსაბჭოზე გასატანი საკითხი არ არის და უკვე მოგვარებულია ისევე, როგორც სხვა უამრავ დაპირისპირებულთა საკითხი. მაინცდამაინც რომელიმე მხარემ უნდა დაიჩოქოს?! რა მოხდა, პოლიტიკურ დისკუსიაში ასეთი რაღაცები ხდება."

 გოგი თორაძე (რეჟისორი): "ძალიან რთულია განსაზღვრო, შიდა დაპირისპირებაში რა მოხდა, ან რა მოხდება. ამ ორი სუბიექტიდან რომელიმე დატოვებს თუ არა კოალიციას, ვფიქრობ, ამის წინასწარ პროგნოზირება შეუძლებელია".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×