"ახლა იმაშიც კი ეჭვი მეპარება, რომ პარლამენტი მის კანდიდატურას დაამტკიცებს"
მაკა ხარაზიშვილი
23.02.2016

 კობა გვენეტაძის ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად დამტკიცების საკითხი სასწორზე დაიდო. "ბიზნეს-რეზონანსის" ინფორმაციით, "ქართული ოცნება" მის საკითხს კვირას განიხილავს. უმრავლესობის დეპუტატებში დაბნეულობა გამოიწვია გვენეტაძის პოზიციამ საფინანსო ზედამხედველობის სამსახურის ეროვნული ბანკის შემადგენლობაში დარჩენასთან დაკავშირებით. თუკი რამდენიმე დღის წინ პოლიტიკურ-ეკონომიკური ელიტა გვენეტაძის უშუალოდ სებ-ის პრეზიდენტად დანიშვნას წინასწარმეტყველებდა, ახლა მისი საბჭოს წევრად დამტკიცებაც კი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა.

ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობაზე კობა გვენეტაძის კანდიდატურას პარლამენტი კენჭს მომავალ კვირას უყრის. აღსანიშნავია, რომ იგი საქართველოს პრეზიდენტმა 6 პრეტენდენტიდან აარჩია. ამ არჩევანით კმაყოფილი იყო ხელისუფლების ბევრი წარმომადგენელი, ნაწილი კი შეფასებისგან თავს იკავებდა, თუმცა გვენეტაძის საბჭოს წევრად დამტკიცებაში ეჭვი თითქმის არავის ეპარებოდა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის ორმა მთავარმა კომიტეტმა (საფინანსო-საბიუჯეტო და დარგობრივი ეკონომიკის) მის კანდიდატურას მხარი დაუჭირა. თუმცა, ბოლო საკომიტეტო მოსმენის დასრულებისას გვენეტაძემ საფინანსო ზედამხედველობის სამსახურთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უმრავლესობისთვის მოულოდნელი პასუხი გასცა.

სებ-ის საბჭოს წევრობის კანდიდატის აზრით, ეროვნულმა ბანკმა თანამიმდევრული მონეტარული პოლიტიკა რომ განახორციელოს, მას სჭირდება მექანიზმები, რომელთა გადაცემა საფინანსო ინსტიტუტების საშუალებით ხდება. მისი განცხადებით, არსებობს ქვეყნები, სადაც ფინანსური ზედამხედველობის სამსახური და ეროვნული ბანკი ცალ-ცალკე უწყებაა ან ერთად არიან. გვენეტაძემ აღნიშნა, რომ ბევრი კვლევით ერთ ორგანიზაციაში მონეტარულ პოლიტიკოსა და მაკროპროდენციულ პოლიტიკას შორის შეიძლება არსებობდეს გარკვეული ჭიდილი და დაპირისპირება. ამიტომ შეიძლება ინფლაციას და ფინანსურ სტაბილურობას ამით პრობლემა შეექმნას. მიუხედავად ამისა, საბჭოს წევრობის კანდიდატის განცხადებით, 2008 წლის შემდეგ განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, რომ გარკვეულწილად მიდგომა შეიცვალა და სამეცნიერო ლიტერატურაშიც არის მოსაზრება, რომ ამ ორი ფუნქციის ერთად არსებობა შესაძლებელია.

"უფრო მეტიც, თუ ეს ფუნქციები კარგად არის განსაზღვრული და გააზრებული, წესით, მას პრობლემა არ უნდა შეექმნას. ერთ ჭერქვეშ შეიძლება უფრო ადვილიც იყოს საკითხების მოგვარება, ვიდრე ცალ-ცალკე ორგანიზაციებში, როცა მათ სხვადასხვა მანდატი ექნებათ", - განაცხადა კობა გვენეტაძემ და დასძინა, რომ ეროვნულ ბანკს მონეტარული პოლიტიკის განსახორციელებლად სჭირდება მექანიზმები, რაც საფინანსო ინსტიტუტების საშუალებით ხდება.

"ეს არის იგივე ლიკვიდირებული მართვა, რეფინანსირების განაკვეთი და ა.შ. თუკი გაყოფილი იქნება, ეს ფუნქცია შეიძლება ეროვნულ ბანკს შეეზღუდოს და შეიძლება პირველადი ფუნქცია, რაც არის სტაბილური და დაბალი ინფლაციის შენარჩუნება, ვერ შეძლოს", - განმარტა კობა გვენეტაძემ.

ამ განცხადებამ უმრავლესობაში დაბნეულობა გამოიწვია. დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე ამჯერად ამბობს, რომ მის კომიტეტმა კობა გვენეტაძის კანდიდატურის პლენარულ სხდომაზე განხილვასმა დაუჭირა მხარი და თავად, საკუთარ განწყობას კენჭისყრისას პულტზე ხელის დაჭერისას გამოხატავს.

"ჩემთვის მოულოდნელი იყო კობა გვენეტაძის განცხადება საფინანსო ზედამხედველობის სამსახურთან დაკავშირებით. რაც შეეხება მის მიმართ ჩემს შეფასებას, ამას კენჭისყრაზე დავაფიქსირებ", - განაცხადა ზურაბ ტყემალაძემ.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაურიც აღნიშნავს, რომ გვენეტაძის აღნიშნული პოზიცია მისთვისაც მოულოდნელი იყო. რაც შეეხება, მხარდაჭერის საკითხს იგი ამბობს, რომ "ოცნების" ფრაქცია ამ საკითხს, სავარაუდოდ, კვირას განიხილავს.

"ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა მანანა კობახიძემ კი ხაზი გაუსვა იმას, რომ ეროვნული ბანკიდან საფინანსო ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფა სწორედ მმართველი გუნდის გადაწყვეტილება იყო. აქედან გამომდინარე, კობახიძე პლენარულ სხდომაზე აზრთა სხვადასხვაობას არ გამორიცხავს.

"მმართველი გუნდის გადაწყვეტილება არის სწორედ ის კანონი, რომელიც მივიღეთ და სამწუხაროდ შემდეგ გასაჩივრდა საკონსტიტუციო სასამართლოში. ჩვენ ველოდებით შედეგს. შეიძლება იყოს გარკვეული აზრთა სხვადასხვაობა, მაგრამ არ მგონია, რომ ამ შემთხვევაში მხოლოდ ეს ერთი კომპონენტი იყოს გადამწყვეტი", - განაცხადა კობახიძემ.

ეკონომისტი ემზარ ჯგერენაია ფიქრობს, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის დანიშვნის პროცესი გაიწელება და მის მოვალეობას ვიცე-პრეზიდენტი არილ მესტვირიშვილი შეასრულებს.

"ვფიქრობ, ეროვნულ ბანკს ეყოლება მოვალეობის შემსრულებელი იქიდან გამომდინარე, რომ მთავრობასა და პრეზიდენტს შორის არ ყოფილა კონსულტაციები ამ კანდიდატურასთან დაკავშირებით. საერთოდ, მე ახლა იმაშიც კი ეჭვი მეპარება, რომ პარლამენტი მის კანდიდატურას დაამტკიცებს", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" ემზარ ჯგერენაიამ.

საბჭოს წევრის დასამტკიცებლად 76 დეპუტატის ხმაა საჭირო. კანონმდებლობის მიხედვით ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებს საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით ირჩევს საქართველოს პარლამენტი 7 წლის ვადით. ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წარდგინებით, ხოლო ვიცე-პრეზიდენტებს - ეროვნული ბანკის პრეზიდენტის წარდგინებით, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრთაგან თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.

პრეზიდენტის ადმინისატრაციამ კობა გვენეტაძე 6 კანდიდატიდან შეარჩია. იგი 2015 წლის ნოემბრიდან დღემდე კომპანია "გალტ ენდ თაგარტის" ("საქართველოს ბანკის" შვილობილი კომპანია) ეკონომიკურ საკითხებში მრჩევლად მუშაობს, ხოლო 2002-15 წლებში მას ეკავა უფროსი ეკონომისტის თანამდებობა საერთაშორისო სავალუტო ფონდის შუა აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტში, ვაშინგტონში. მას 2001-02 წლებში ეკავა საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილის თანამდებობა, ხოლო 2000-2001 წლებში იყო ფინანსთა მინისტრის მოადგილე. 1996-98 წლებში გვენეტაძე ასევე იყო საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენლობის ეკონომისტი, ხოლო 1994-96 წლებში საქართველოს ეროვნულ ბანკში ეკავა მთავარი ეკონომისტის თანამდებობა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×