იმ შემთხვევაში, თუკი "მრეწველებსა" და "რესპუბლიკელებს" შორის გაჩაღებული დავა "ოცნებიდან" "რესპუბლიკელების" გასვლით დასრულდება, ეს კოალიციას, პოლიტოლოგთა ნაწილის აზრით, ორმაგად დააზარალებს. პირველ რიგში იმიტომ, რომ მას საკმაოდ სერიოზული ძალა გამოაკლდება და მეორეც - საერთაშორისო მხარდაჭერასა და პროდასავლურის იმიჯს დაკარგავს.
იმის მიუხედავად, თუ როგორი რეიტინგით სარგებლობს "რესპუბლიკური პარტია" საზოგადებაში, სპეციალისტების ნაწილის თქმით, იგი ნამდვილად დასავლური ღირებულებების მატარებელია და "ოცნება" ევროპელების კეთილგანწყობით ძირითადად ამ პარტიის ხარჯზე სარგებლობს. მითუმეტეს მას შემდეგ, რაც კოალიცია კიდევ ერთმა პროდასავლურმა პარტიამ "თავისუფალმა დემოკრატებმა" დატოვა.
თუმცა, მეორე ნაწილი დარწმუნებულია, რომ ქვეყნის პროდასავლურ კურსს საფრთხე "რესპუბლიკელების" გასვლით ისევე არ დაემუქრება, როგორც თავის დროზე "ნაციონალური მოძრაობის", ან "თავისუფალი დემოკრატების" წასვლით არ დამუქრებია. ევროპისკენ სვლა, მათი თქმით, სახელმწიფოს ოფიციალური კურსია, რომელსაც ზურგს პრეზიდენტი და პრემიერი უმაგრებენ და ცალკეული პარტიის დამსახურებად არ უნდა წარმოვაჩინოთ.
აღსანიშნავია, რომ "თავსუფალი დემოკრატების" კოალიციიდან გასვლას სწორედ მათ ლიდერსა და თავდაცვის მინისტრზე ირაკლი ალასანიაზე შეტევა უძღოდა წინ. სიტუაცია, შეიძლება ითქვას, ანალოგიურია, ვინაიდან ამჯერადაც დაპირისპირების ეპიცენტრში სწორედ თავდაცვის მინისტრი, "რესპუბლიკელი" თინა ხიდაშელია.
არავინ იცის, იდენტური იქნება თუ არა დასასრულიც და დატოვებს თუ არა "ოცნებას" რესპუბლიკური პარტიაც, მაგრამ პოლიტოლოგების აზრით, ივანიშვილს მათი ჩანაცვლება გაუჭირდება.
პოლიტოლოგი, "ამერიკის მხარდამჭერთა ლიგის" პრეზიდენტი ირაკლი კიკიანი ფიქრობს, რომ ქართული პოლიტიკური სპექტრი პროდასავლური პოლიტიკური გაერთიანებებით არცთუ განებივრებულია.
იმ შემთხვევაში კი, თუკი "რესპუბლიკური პარტია" "ქართული ოცნების" რიგებს დატოვებს, მათი ჩანაცვლება აუცილებელი გახდება, რათა ხელისუფლებამ პროდასავლურის იმიჯი შეინარჩუნოს. თუმცა, ეს არც ისე ადვილი იქნება. მითუმეტეს, კოალიციიდან, მისი აზრით, ამ ნიშას ვერავინ დაიკავებს.
"ოცნებაში" დარჩებიან "მრეწველები", რომელთა დამოკიდებულებაც ყველასთვის კარგადაა ცნობილი და ყოველგვარ დასავლურობაზე საუბარი ზედმეტია. ასევე "ეროვნული ფორუმი", "კონსერვატორები" და თავად "ქართული ოცნება". რთულია იმის თქმა, რომ ამ ძალებს პროდასავლურის იმიჯის მორგება და "რესპუბლიკელების" ჩანაცვლება შეეძლებათ", - ამბობს კიკიანი.
მისივე თქმით, რამდენად პოპულარული ან არაპოპულარული უნდა იყოს "რესპუბლიკური პარტია", იგი პროდასავლურ ძალად მოიაზრება როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო წრეებში.
"ამიტომ, თუკი "რესპუბლიკური პარტია" "ქართული ოცნების" რიგებს დატოვებს, ბუნებრივია, საერთაშორისო მხარდაჭერა შემცირდება. თუმცა, ისიც ფაქტია, რომ ცალკე ეს პარტია საკმაოდ დაბალი რეიტინგით სარგებლობს", - დასძენს იგი.
სიტუაციას რადიკალურად განსხვავებულად აფასებს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი. მისი თქმით, არავის უნდა ჰქონდეს პრეტენზია იმაზე, რომ დასავლური ვექტორი სწორედ მას უკავშირდება.
"ჯერ "ნაციონალურმა მოძრაობამ" შეგვჭამა - ქვეყნის გეოპოლიტიკურ ორიენტაციას თავის ყოფნა-არყოფნასთან აკავშირებდა, მერე "თავისუფალმა დემოკრატებმა" და ახლა ზუსტად იგივეს "რესპუბლიკური პარტია" ცდილობს.
"მიშა ყვიროდა - მე თუ წავალ ხელისუფლებიდან, რუსეთისკენ წავა ქვეყანაო, მოხდა ასე? არ მოხდა. როგორც კი "თავისუფალი დემოკრატები" კოალიციიდან გავიდნენ, იმავე დღეს თქვეს, ქვეყანა კურსს იცვლისო, მაგრამ ასე მოხდა? არაფერიც არ მოხდა", - აცხადებს ხუხაშვილი.
მისი აზრით, ჯობია, დასავლურ კურსთან საკუთარი თავის იდენტიფიცირებას ყველამ თავი დაანებოს. ამბობს, რომ ეს სახელმწიფოს არჩევანია და არა რომელიმე პოლიტიკოსის, ან პოლიტიკური ძალის. აქედან გამომდინარე, ამ თემით სპეკულირება არავის ამშვენებს.
ის, რომ კოალიციაში შემავალი ზოგიერთი პარტია პროდასავლური შეხედულებებით არ გამოირჩევა, ხუხაშვილის აზრით, ბევრს არაფერს ნიშნავს, რადგან ეს პარტიები რეალურად არც რეიტინგით სარგებლობენ და ვერც ვერაფერს წყვეტენ. რეალურად, მთელი "ოცნება" ბიძინა ივანიშვილთან ასოცირდება. ხოლო, მას არასოდეს უთქვამს, რომ ევროპულ კურსს არ იზიარებს.
ასე რომ, ხუხაშვილის თქმით, დასავლური კურსის გარანტი "რესპუბლიკური პარტია" არ არის. მათ გარეშე ქვეყანა არ დაიღუპება და არსად არ წავა. შესაბამისად, ვერც მათი ჩანაცვლების საჭიროებას ხედავს, რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში, თუკი ისინი კოალიციიდან გასვლას გადაწყვეტენ.
"პარტიებს თავი დავანებოთ, ჩვენი პრემიერ-მინისტრი ავიღოთ, ის ხომ აბსოლუტურად პროდასავლურად გამოიყურება. ასევე პრეზიდენტი, სახელმწიფოს მეთაური გვყავს ისეთი, რომლის პროდასავლურობაშიც ეჭვის შეტანა არ შეიძლება.
"პრეზიდენტი და პრემიერი არაა საკმარისი გარანტია იმისა, რომ ქვეყანა ბერძენიშვილის გარეშე არ დაიღუპება? პრეზიდენტი და პრემიერი ამაგრებენ პროდასავლურ კურსს და რა დროს "რესპუბლიკური პარტია" და დათო ბერძენიშვილია? საკუთარ თავზე იმაზე მეტს, ვიდრე ეკუთვნით, ნუ აიღებენ", - აცხადებს ხუხაშვილი.