თაკო მათეიშვილი
24.02.2016

 პოლიტოლოგი, კონფლიქტოლოგი მამუკა არეშიძე ევროკავშირში არსებულ პრობლემებზე საუბრობს და ამბობს, რომ, მიუხედავად არაერთი სერიოზული გამოწვევისა, ჯერ-ჯერობით მას დაშლის საფრთხე არ ემუქრება, იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ივნისის რეფერენდუმის შედეგად გაირკვევა, რომ ბრიტანეთი ევროკავშირის რიგებს ტოვებს.

მისი თქმით, ევროკავშირში მიმდინარე რყევები უარყოფითად საქართველოზეც აისახება. ამბობს, რომ ბევრი დაკარგავს სურვილს შევიდეს ისეთ ორგანიზაციაში, რომელიც ჩამოშლის პირასაა.

"რეზონანსთან" ინტერვიუში არეშიძე ნატო-ს გეგმებზეც საუბრობს და აცხადებს, რომ ალიანსი გლობალური კონფრონტაციის მოლოდინში აღმოსავლეთევროპელი პარტნიორებისა და წევრების თავდაცვისუნარიანობის გაზრდას ცდილობს.

სწორედ ამას ემსახურება, მისი თქმით, აღმოსავლეთ ევროპასა და ბალტიისპირეთის ქვეყნების რეგიონში, ნატო-ს მიერ სამხედრო ძალების გასაძლიერებლად 100-მდე ინსტრუქტორის გაგზავნაც. თუმცა, აქვე დასძენს, რომ ეს რუსული აგრესიისგან თავის დასაცავად საკმარისი არაა.

მოგეხსენებათ, აღმოსავლეთ საზღვრებზე გაძლიერების გარდა, ნატო მუშაობს საგანგებო გეგმასა და ზომების პაკეტზე, რათა მზად იყოს რეგიონში მოვლენების ნებისმიერი განვითარებისათვის.

ალიანსმა შექმნა სწრაფი რეაგირების ძალები 5 000-იანი შემადგენლობით და სამეთაურო პუნქტებით ბულგარეთში, ესტონეთში, ლატვიაში, ლიტვაში, პოლონეთსა და რუმინეთში. მიმდინარე წელს ამ ექვს ქვეყანაში განლაგებული ბრიგადებისთვის აშშ დამატებით სამხედრო ტექნიკას გაგზავნის.

მამუკა არეშიძე: 100 ინსტრუქტორის გაგზავნა საკმარისი ნამდვილად არაა. იმისათვის, რომ სურათი სრულყოფილად დავინახოთ, გეოპოლიტიკური სიტუაცია უნდა მიმოვიხილოთ. გეოპოლიტიკური მდგომარეობა კი ასეთია - პრაქტიკულად, მესამე მსოფლიო ომის ზღვარზე ვდგავართ. აქედან გამომდინარე, ნატო მაქსიმალურად ცდილობს რუსეთის საზღვრის მთელ პერიმეტრზე თავისი პოზიციები და წარმომადგენლობა გააძლოეროს.

ეს ერთგვარი გამოწვევაა, რომელიც გეოპოლიტიკურმა ვითარებამ შექმნა. დღეს მდგომარეობა იმდენად მძიმე და რთულია, რომ ნატო-ს ხელმძღვანელობა და, პირველ რიგში, აშშ იძულებულია რუსეთის პერიმეტრზე თავისი წარმომადგენლობა მაქსიმალურად გააძლიეროს.

სხვათა შორის, ეს თავის ოფიციალურ გამოსვლაში ნატო-ს ხელმძღვანელმა სტოლტენბერგმაც არ დამალა. ამის თაობაზე ცოტა ხნის წინ პირდაპირ თქვა, რომ აღმოსავლელი პარტნიორების დასაცავად ყველაფერს გააკეთებდნენ. აქ არა მხოლოდ ნატოს წევრი ქვეყნები იგულისხმებოდა, არამედ არაწევრებიც. მათ შორის, რა თქმა უნდა, საქართველოც. თურქეთიც მოიაზრებოდა, მიუხედავად იმისა, რომ მისი მისამართით ნატო-ს შენიშვნები აქვს.

"რეზონანსი": ალბათ ამას ემსახურება ის თანხაც, რამდენიმე მილიარდი, რომელიც 2017 წლის აშშ-ის ბიუჯეტიდან საქართველოსთვის, უკრაინისთვის და მოლდოვისთვის გამოიყოფა.

მ.ა: რასაკვირველია. ჩვენთვის ნაკლებად ცნობილია, რამდენი იხარჯება თავად ნატო-ში შემავალი ქვეყნების (განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების) თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად, მაგრამ არაწევრებს რაც შეეხება, ამაზე ინფორმაცია უკვე გავრცელდა. ვიცით, რომ საქართველოს 63 მილიონი დოლარი შეხვდება. ეს თანხა არა მხოლოდ თავდაცვის ასამაღლებლად, არამედ იდეოლოგიური მუშაობისთვისაც იქნება განკუთვნილი.

იმის მიუხედავად, იქნება თუ არა გლობალური კონფრონტაცია, აშშ და ნატო ცდილობენ თავი დაიზღვიონ და მოკავშირეები ერთიან თავდაცვით სისტემაში რაც შეიძლება ღრმად იყვნენ ინტეგრირებული.

"რ": ამ თანხის დიდი ნაწილი ალბათ საქართველოს სამხედრო შეიარაღებას მოხმარდება.

მ.ა: ვერ ვიტყვი, რომ ეს თანხა პირდაპირ შეიარაღებაზე ორიენტირებული იქნება. თუმცა, ალბათ ამასაც მოხმარდება. მოგეხსენებათ, საქართველოს ხელისუფლებამ ნატო-ს წევრ ქვეყანა საფრანგეთთან ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა, რაც საქართველოს თავდაცვის სისტემების გაძლიერებას ემსახურება. ამ პროექტის დასრულებისას საქართველოს ცა საკმაოდ მაღალი ხარისხით იქნება დაცული. რა თქმა უნდა, თუკი ყველაფერი ისე შესრულდა, როგორც დოკუმენტშია გაწერილი.

თუმცა, ეს საკმარისი არაა. უკრაინის მოვლენებმა დაადასტურა, რომ ქვეყანას ისეთი ტიპის იარაღიც სჭირდება, რომელიც ლოკალური ბრძოლის დროს გამოიყენება. მაგალითად, ტანკსაწინააღმდეგო ირაღი. უკრაინაში ამის სერიოზული დეფიციტია და ამან უკრაინის არმიის ზოგიერთი წარუმატებლობა გარკვეულწილად განაპირობა. შეიძლება ამ ტიპის იარაღზეც იყოს საუბარი. ოღონდ, ეს ყველაფერი თავდაცვის უნარის გასაძლიერებლად იქნება და არავითარ შემთხვევაში სხვა მიზნებისათვის.

"რ": ეს საქართველოს შეიარაღებას რამდენად წაადგება, რამდენად გააძლიერებს მას?

მ.ა: ეს ისეთი თემაა, რაზეც, წესით, გაზეთის ფურცლებზე არ ლაპარაკობენ. საქართველოს თავდაცვის სისტემების მშენებლობა არაერთი წელია მიმდინარეობს, მიუხედავად ძალიან ბევრი შეცდომისა, რომელიც სხვადასხვა დროს საქართველოს ხელმძღვანელობამ დაუშვა. გამოყოფილი თანხის ნაწილი, შესაძლოა, ამ სისტემების უფრო მაღალ დონეზე აყვანისათვის დაიხარჯოს.

"რ": იდეოლოგიური სამუშაო კი გააქტიურებულ რუსულ "რბილ ძალასთან" დაპირისპირებას გულისხმობს?

მ.ა: რა თქმა უნდა. აშშ-ში თვლიან, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში და არა მხოლოდ იქ, ევროპაშიც კი, რუსეთი ე.წ. რბილი ძალის მეშვეობით ძალიან ეფექტურად მოქმედებს. იგი ეწევა სააგიტაციო მუშაობას, მასმედიის წარმომადგენლების, გავლენიანი პირების, პოლიტიკოსებისა თუ კულტურის წარმომადგენლების მეშვეობით. ამ საქმეში რუსეთს საკმაოდ კარგი შედეგი აქვს. სწორედ ამიტომ, ამერიკაში ფიქრობენ, რომ პროპაგანდისტული მუშაობის დაწყება, მათ შორის საქართველოში, მნიშვნელოვანია.

"რ": გასულ კვირას ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერებს შორის საკმაოდ დაძაბული შეხვედრები გაიმართა, სადაც კავშირიდან ბრიტანეთის გასვლა-არგასვლის საკითხი წყდებოდა. ერთ-ერთი შეხვედრის შემდეგ ბრიტანეთის პრემიერმა დევიდ კემერონმა საკმაოდ ხმაურიანი განცხადება გააკეთა და თქვა, რომ "ევროკავშირი დასრულებულია". რას ნიშნავს მისი ეს სიტყვები? რა პრობლემების წინაშე დგას დღეს ევროკავშირი?

მ.ა: ევროკავშირში ძალიან სერიოზული პრობლემებია. ეს გამოჩნდა ეკონომიკურ საკითხებთან დაკავშირებით, ლტოლვილების მიღებასთან დაკავშირებით, ზოგიერთი ქვეყნის საფინანსო და ეკონომიკური სისტემის მოშლით და ა.შ. ისიც აღმოჩნდა, რომ ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყანა გერმანიაზეა ჩამოკიდებული. რბილად რომ ვთქვათ, ისინი თავს მაინცდამაინც არ იწუხებენ და გერმანიის ხარჯზე უნდათ ცხოვრება.

კემერონის ეს გამოსვლა კი დემარში უფრო იყო, ვიდრე რეალობის ასახვა. ევროკავშირის ძლიერ ქვეყნებს ზოგიერთი თავნება ქვეყნის "თრევა" მობეზრდათ. ამიტომ, ეს უფრო გაფრთხილება იყო, ვიდრე რაიმე ნაბიჯის გადასადგმელად მზაობა. ასე რომ, ფრაზა "ევროკავშირი დასრულებულია" დემარში იყო.

რეალურად კი ბრიტანეთს, თუკი ის ევროკავშირიდან მართლაც გავა, სერიოზული პრობლემები შეექმნება. შოტლანდია ბრიტანეთის შემადგენლობიდან მაშინვე, ყოველგვარი რეფერნდუმის გარეშე გამოვა. ეს კი ბრიტანეთისათვის სერიოზული დარტყმა იქნება. ამიტომ, არ მგონია, ეს ნაბიჯი გადადგას.

"რ": საქართველოს რამდენად ეხება ის პრობლემები, რაც ევროკავშირს აქვს?

მ.ა: საქართველოს მთავარი ორიენტირი ევროკავშირია და იქაური რყევები საქართველოს პოლიტიკურ ვექტორზე სერიოზულ გავლენას ახდენს. ვინ მოინდომებს ისეთ გაერთიანებაში შესვლას, სადაც უამრავი პრობლემაა და დაშლის საშიშროება ემუქრება? ასე რომ, თუკი ყველაფერი ასე გაგრძელდა, ევროკავშირის მომხრეებს საქართველოში გაუჭირდებათ ხალხს აუხსნან თუ რა ხიბლი აქვს ამ ორგანიზაციას.

"რ": თქვენ ისაუბრეთ იმაზე, თუ რა პრობლემების წინაშე დადგება ბრიტანეთი იმ შემთხვევავში, თუკი ევროკავშირიდან გავა, მაგრამ რა პრობლემები ექნება ამ შემთხვევაში თავად ევროკავშირს? დადგება დაშლის საშიშროების წინაშე?

მ.ა: ბრიტანეთის გასვლა ძალიან ცუდი პრეცედენტი იქნება. ევროკავშირის მთავარი ეკონომიკური სიმძლავრე გერმანიაშია, მაგრამ ბრიტანეთს, საფრანგეთსა და სკანდინავიის ქვეყნებს თავიანთი მნიშვნელოვანი როლი აქვთ. აქ პრეცედენტი უფრო ცუდი იქნება, ვიდრე თავად ფაქტი.

ევროპის გაერთიანებული შტატები ამერიკის ადმინისტრაციის დიდი ხნის ოცნებაა. მიუხედავად ამისა, ამერიკაში არსებობენ ძალები, რომელთაც ევროკავშირის გაძლიერება არ აწყობთ. ამერიკა დაბალანსების პოლიტიკით მოქმედებს. მსოფლიოში მიმდინარე პროცესების მიმართ ეს მისი უმთავრესი მიდგომაა. ევროკავშირის მესვეურებს კი უნდათ, რომ რაც შეიძლება დამოუკიდებლები იყვნენ. ამ თვალსაზრისითაც განსაკუთრებით გერმანია გამოირჩევა.

ყველას თავისი არგუმენტი აქვს და მიუხედავად იმისა, რომ მათ შორის ბევრი გაუგებრობა არსებობს, მაინც ვფიქრობ, რომ ევროკავშირის დაშლა ხვალინდელი დღის თემა არაა.

"რ": კემერონმა ისიც თქვა, რომ დროა ნატო-ზე დაფუძნებულ ახალ ეკონომიკურ გაერთიანებაზე ვიფიქროთ. ეს უბრალოდ იდეის დონეზე ნათქვამი სიტყვებია, თუ რეალურად არსებობს რაიმე გეგმა?

მ.ა: ამას თავისი სერიზული საფუძველი აქვს. კიდევ ვიმეორებ - ის პოლიტიკა, რომელსაც ევროკავშირი შიგნით აწარმოებს, იმდენად ჩამოუყალიბებელია, რომ ეკონომიკურ პროგრამაში ყველა ქვეყნის თანაბარი ძალისმხევა გათვალისწინებული არაა. ბევრი ქვეყანაა ისეთი, რომელიც გერმანიის, საფრანგეთისა თუ ბრიტანეთის ხარჯზე ცხოვრობს.

აქედან გამომდინარე, დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება თვლის, რომ ისეთი ეკონომიკური პროგრამა უნდა შეიქმნას, რომელშიც ძალისხმევა რესურსებიდან და პოტენციალიდან გამომდინარე იქნება გადანაწილებული. მთავარი პრინციპი ასეთია - ევროკაშვირის სიძლიერეში, თავისი რესურსიდან გამომდინარე, ყველამ რაღაც უნდა ჩადოს. იმავეს ითხვენ ევროკავშირის შემთხვევაშიც.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×