მარტში სამთავრობო კარუსელის მოლოდინია - საგარეო საქმეთა მინისტრად- დავით ზალკალიანი, ეკონომიკის მინისტრად - მიხეილ ჯანელიძე და ფინანსთა მინისტრად - დიმიტრი ქუმსიშვილი. ასევე შესაძლოა, შს მინისტრად ანზორ ჩუბინიძე დაინიშნოს, რომელიც ახლა სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსია. გუშინ სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენის" მიერ გავრცელებული ეს ინფორმაცია "რეზონანსს" საკუთარმა წყარომაც დაუდასტურა. მმართველი კოალიციიდან ამ საკითხზე კომენტარი მხოლოდ "ფორუმის" წევრმა, ანი მიროტაძემ გააკეთა, რომელიც ამბობს, რომ ამის შესახებ არაფერი იცის. ამბობს, რომ მალე უცხოეთიდან პრემიერი დაბრუნდება და თუ ასეთი რამ ხდება, შეიძლება, ეს თემა კოალიციის ფორმატში იყოს განხილული. კითხვაზე, წინა ცვლილებები თუ ყოფილა კოალიციის წევრებთან შეთანხმებული, მიროტაძე ამბობს, რომ "მინისტრთა ცვლილებებისას კონსულტაციები ზოგჯერ გამართულა, ზოგჯერ - არა. მაგალითად, ძალიან მოულოდნელი იყო ყველასთვის ყოფილი პრემიერის ირაკლ ღარიბაშვილის გადადგომა".
პოლიტოლოგების თვალსაზრისით, თუკი ამგვარი ცვლა მოხდება, ეს მხოლოდ "შიდა წრეში ტრიალი" იქნება და წინასაარჩევნოდ "ოცნებას" არანაირ დივიდენდს არ მოუტანს."დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის" პრეზიდენტ სოსო ცისკარიშვილისთვის მიუღებელია, საგარეო საქმეთა მინისტრის წარამარა ცვლაც და ასევე "ქართუს ბიჭის" სამთავრობო კარუსელით ერთი სავარძლიდან მეორეში მონაცვლეობაც. "ქართუს ბიჭად" კი ექსპერტი ეკონომიკის მინისტრსა და ვიცე-პრემიერ დიმიტრი ქუმსიშვილს მოიხსენიებს, რომელიც ადრე "ბანკი ქართუს" გენერალური დირექტორის მოადგილე იყო.
ამბობს, რომ საგარეო საქმეთა მინისტრი ქვეყნის სავიზიტო ბარათია და 3 თვეში ერთხელ შეცვლა სახელმწიფოს არასტაბილურობაზე მიუთითებს, ამიტომაც პრემიერს დაფიქრებას ურჩევს.
"ერთადერთი, რაც შემიძლია პრემიერ-მინისტრს ვურჩიო, გაიხსენოს ქართული ანდაზა - შვიდჯერ გაზომე და ერთხელ გაჭერიო. ჭრა-კერვის კურსები არ გახლავთ მთავრობის დაკომპლექტების მთავარი ინსტრუმენტი. ასეთი მორიგი კარუსელის აუცილებლობას ვერ ვხედავ. მით უმეტეს, როცა რამდენიმე თვის ინტერვალით სამი სხვადასხვა საგარეო საქმეთა მინისტრი დადიოდა მსოფლიოს გარშემო და უხერხულია, პირველი დიპლომატის ასე ხშირი ცვლა, ეს ქვეყნის არასტაბილურობაზე მიუთითებს," - ამბობს ცისკარიშვილი.
ცისკარიშვილის თვალსაზრისით, მიუხედავად იმისა, რომ ნოდარ ხადური საზოგადოებაში პოპულარული არ არის და ყველაზე მეტი კრიტიკა მასზე მოდის, ის კარგი მინისტრია და მისი "ქართუ ბიჭით" ჩანაცვლება არაადეკვატურია.
"ხადურს რას უშვრებიან, არ გვეუბნებიან? ნათქვამია, მჯობნის მჯობნი არ დაილევაო, მაგრამ ხადურის მჯობნი ბევრი არ მეგულება. მით უმეტეს, როდესაც "ქართუს" ერთ კადრს ატრიალებენ ერთი მინისტრის სავარძლიდან მეორეზე. თუ ვაჟკაცები არიან, დასვან ხადური ახალ კანდიდატთან ერთად პირდაპირ ეთერში და მთელ საზოგადოებას გააგებინონ, ვინ ვინ არის. დარწმუნებული ვარ ამაზე ახალი კანდიდატი უარს იტყვის. ქუმსიშვილი მხოლოდ "ქართუს" ბიჭია და სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორთან ის ვერ მოვა ვერც ინტელექტით და ვერც ცოდნით. არ მინდა სხვის ომში ბრძენი ვიყო, მაგრამ თუ ასეთი ცვლილებები მოხდება, მაშინ გვექნება საფუძველი იმ ადამიანების პასუხისმგებლობა გავზარდოთ, რომლებმაც ასეთი ცვლილებები ჩაიფიქრეს და განახორციელეს, ისევე როგორც განვსაზღვროთ ახალი კადრების ადეკვატურობა ახალ თანამდებობაზე," - აღნიშნავს ცისკარიშვილი.
ექსპრემიერ ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ ეს ცვლილებები არ არის, ეს კოსმეტიკაა და მეტი არაფერი.
"ამ ცვლილებებზე ინფორმაცია არ მაქვს და ვერც ვერაფერს ვიტყვი. თუკი დადასტურდება, შემდეგ ვილაპარაკებ, თუმცა რაც თქვენ თქვით, ეს ცვლილებები არ არის, ეს კოსმეტიკაა და მეტი არაფერი. ეს გადაჯგუფებაა, შიგნით წრეზე ტრიალია. ხელისუფლებას სისტემური ცვლილებები სჭირდება და ამ სახით ცვლა იგივეა, რომ არაფერი განახორციელო. შესაბამისად კომენტარის გაკეთებაც არ მინდა," - ამბობს ხუხაშვილი.
იმაზე, რომ სამთავრობო ცვლილებები უკვე შეთანხმებულია და გადაწყვეტილია, რომ პირველი დიპლომატი ზალკალიანი ხდება, სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენი" წერს.
სააგენტოს ცნობით, სამთავრობო ცვლილებების შესახებ გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილმა მიიღო. ეს ცვლილებები მარტში განხორციელდება. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს ამჟამად მინისტრის პირველი მოადგილე, დავით ზალკალიანი დაიკავებს. საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე კი ეკონომიკის სამინისტროს ჩაიბარებს. ცნობილია, ასევე ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის შემცვლელი. კულუარული ინფორმაციით, ფინანსთა მინისტრი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი იქნება. ჯერჯერობით საბოლოოდ არ არის გადაწყვეტილი ცვლილებები შს სამინისტროში. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე ამ დრომდე თავს იკავებს მინისტრის პოსტის დაკავებისგან. თუმცა, აღნიშნული საკითხი ორიოდე თვის წინ, უკვე გადაწყვეტილად მიიჩნია თავად ბიძინა ივანიშვილმა.
ეს ინფორმაცია დადასტურებული არ არის, მაგრამ არჩევნების წინა პერიოდში რომ მინისტრთა კაბინეტში რაღაც ცვლილება აუცილებლად იქნება, ამაში ეჭვი თითქმის არავის ეპარება, თუნდაც იმიტომ, რომ ხელისუფლებამ წინასაარჩევნოდ მოქმედი მთავრობის პოლიტიკით ნდობადაკარგულ ამომრჩევლებში შეცვლილი კაბინეტის იმედის იმიტაცია მაინც გააჩინოს. თანაც, "გუნდის განახლება" გასული წლის დეკემბრის ბოლოს თავად ექსპრემიერმა ბიძინა ივანიშვილმაც კი დააანონსა ტელეკომპანია "ჯი-დი-ეს"-თან ინტერვიუში.
საკადრო ცვლილებების მოლოდინი დეკემბერშიც იყო, როდესაც ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერობიდან მოულოდნელად გადადგა და მთავრობა გიორგი კვირიკაშვილმა ჩაიბარა.
კვირიკაშვილს პრემიერ-მინისტრად დანიშვნისას, მთავრობის შემადგენლობაში ცვლილებები არ განუხორციელებია, მაგრამ გააკეთა განცხადება, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ არ გამორიცხავდა მთავრობაში ცალკეულ ცვლილებებს.
როგორც კვირიკაშვილის ამ ნაბიჯის შემდეგ ექსპრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა "ჯი-დი-ეს"-ზე განაცხადა, ახალი პრემიერი საკადრო ცვლილებას ვერ ასცდებოდა და მას გუნდის განახლება მოუწევდა.
"კვირიკაშვილმა კარგი განმარტება გააკეთა თვითონ, საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით, რომ ის იყო ამ გუნდის წევრი, მას გაუჩნდა სურვილი, რომ ახალი თანამდებობიდან შეაფასოს გუნდი და მხოლოდ ამის შემდეგ გააკეთოს გადახალისება. თვითონ ის, რომ ცვლილებები არ მომხდარა პროცესში, არ მომხდარა სასწრაფოდ და მყისიერად, კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმას, რომ ირაკლი ღარიბაშვილი იყო წარმატებული პრემიერ-მინისტრი და გუნდი ძირითადად სწორად იყო დაკომპლექტებული. თუმცა, გუნდი საჭიროებს კორექტირებას, ყოველთვის უნდა გავყვეთ განვითარებას. დიალექტიკა ამას მოითხოვს. ცვლილებები ეს პროცესია, ამ პროცესს ვერ ასცდება კვირიკაშვილი და მასაც მოუწევს გუნდის განახლება. რა რაოდენობით და როდის, ეს მისი გადასაწყვეტია," - აღნიშნა ივანიშვილმა.
ფრაქცია "ქართული ოცნება - ეროვნული ფორუმის" წევრი ანი მიროტაძე მოსალოდნელ ცვლილებებზე ინფორმაციას არ ფლობს.
"არ ვიცი, რას ფიქრობს პრემიერი. ის ჩამოვა საქართველოში, კოალიციას დაგეგმილი აქვს მასთან შეხვედრა და არ გამოვრიცხავ, თუკი საკადრო ცვლილება დაგეგმილია, ამაზე პარტნიორი პოლიტიკური ორგანიზაციების წარმომადგენლებთან კონსულტაციები გაიაროს. ამ დრომდე გუნდში არანაირი კონსულტაცია არ ყოფილა. მინისტრთა ცვლილებებისას კონსულტაციები ზოგჯერ გამართულა, ზოგჯერ - არა, მაგალითად ძალიან მოულოდნელი იყო ყველასთვის ყოფილი პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა," - აღნიშნავს მიროტაძე.
მისი განცხადებით, თავის დროზე, როდესაც ახლად დანიშნულმა პრემიერმა იგივე შემადგენლობა წარმოადგინა, თქვა, რომ ჯერ კარგად არ ვარ მზად რაიმე ცვლილებისთვის, ვინაიდან მინდა ეს ადამიანები მუშაობის პროცესში ვნახოო.
"რამდენადაც ვიცი, პრემიერთან თითოეულ სამინისტროს პრეზენტაცია ჰქონდა, ვის რა პრიორიტეტები და სამომავლო ხედვები ჰქონდა. შესაძლოა, დაკვირვების ეტაპი უკვე დასრულებულია და პრემიერმა რაღაც გადაწყვეტილება მიიღო. ეს ჩემი ვარაუდია, რაიმე ფაქტით ეს ინფორმაცია გამყარებული არ არის. საერთოდ, უნდა გითხრათ, რომ ცვლილება ცუდი არ არის. როდესაც ამხელა პასუხისმგებლობა გაქვს აღებული და მას ბოლომდე თავს ვერ ართმევ, უნდა შეიცვალო. ამაში საოცარი არაფერი იქნება. ეს ხომ ქვეყანაა და ქვეყანას არ უნდა ეთამაშო, მით უფრო რომ ამდენი გამოწვევა გვაქვს. ყველაფერი და მათ შორის თანამდებობებიც, დროებითია. პრობლემა ის არის, რომ ადამიანებს ხშირად ეშლებათ და როდესაც თანამდებობებზე ინიშნებიან, ჰგონიათ, რომ სულ თანამდებობაზე უნდა იყვნენ. თავის დროზე როდესაც გიორგი კვირიკაშვილმა საკადრო ცვლილებები არ განახორციელა, ჩავთვალე რომ ეს მისი მხრიდან სწორი გადაწყვეტილება იყო, რადგან მას პრემიერის რანგში უნდა ენახა თანაგუნდელების მუშაობა," - აღნიშნავს მიროტაძე და დასძენს, თუკი ვინმეს ეს ცვლილება კოალიციის შიგნით არსებული რაღაც გაუგებრობების გადაფარვა ეგონება, "პოლიტიკური გადაფარვაც არის ერთგვარი მეთოდი."
"ყველას აქვს უფლება ასე იფიქროს და თავისი დასკვნები გააკეთოს, თუმცა დღეს თოფაძე-რესპუბლიკელებს შორის რაც ხდება, ამის მინისტრების ცვლილებით გადაფარვა არ მოხდება, ეს გაუგებრობა საბოლოოდ უნდა გაირკვეს," - მიიჩნევს მიროტაძე.