თიკო ოსმანოვა
24.02.2016

 "ნეპოტიზმი თბილისის საქალაქო სასამართლოში, საქმეთა არასწორი გადანაწილება და კომუნიკაციის ნაკლებობა" - ეს იმ "მენეჯმენტური პრობლემების" არასრული ჩამონათვალია, რისთვისაც თბილისის საქალაქო სასამა-რთლოს მოსამართლეები ყველაზე დიდი სასამართლოს აწ უკვე ყოფილ თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანს ღიად აკრიტიკებენ და იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მათი ხელმძღვანელის გათავისუფლებისთვის მადლობას უხდიან.

გუშინ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებს შეხვდნენ და იმ პრობლემებზე ისაუბრეს, რომლებიც, მათი აზრით, შიდა მენეჯმენტური კუთხით სასამართლოში არსებობს.

2-საათიანი შეხვედრა აზრთა გაცვლა-გამოცვლით მიმდინარეობდა. როგორც გვენეტაძემ მოსამართლეებს უთხრა, მისთვის ყველა პრობლემის შესახებ ცნობილია. სწორედ ამ საკითხზე მივიდა მათთან სასაუბროდ და იქვე ამ პრობლემების მოგვარებასაც დაჰპირდა. თავის მხრივ კი მოსამართლეები საქმეთა არასწორ გადანაწილებაზე, გადატვირთულობასა და მოსამართლეების ნაკლებობაზე ღიად საუბრობდნენ. ამ ყველაფერში კი სასამართლოს აწ უკვე ყოფილ ხელმძღვანელს, მამუკა ახვლედიანს ადანაშაულებდნენ და ზოგიერთმა მათგანმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მდივან ლევან მურისიძეს და ნინო გვენეტაძეს მადლობაც კი გადაუხადა მამუკა ახვლედიანის გათავისუფლებისთვის.

"ხშირად ხუმრობენ, რომ მამუკა ახვლედიანის აპარატი "ჩემი ცოლის დაქალებია", - ამის შესახებ მოსამართლე ლეილა მამულაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებთან შეხვედრისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ახვლედიანს აპარატში დასაქმებული ჰყავს თავისი ცოლის მეგობრები და ეს ხუმრობა სწორედ აქედან მომდინარეობს. მისივე შეფასებით, ახვლედიანი ძალიან ცუდი მენეჯერია.

"ჩემთვის შეურაცხმყოფელი იყო მამუკა ახვლედიანის განცხადება, რომ საეჭვო რეპუტაციისა და კომპეტენციის მოსამართლეები დაინიშნენ. მე მას ვუთხარი კიდევაც, რომ არც საეჭვო რეპუტაციის ვარ და არც საეჭვო კომპეტენციის. მამუკა ახვლედიანი ძალიან ცუდად იქცევა", - განაცხადა ლეილა მამულაშვილმა.

მისი თქმით, ახვლედიანის თავმჯდომარეობის დროს მასთან კომუნიკაცია უჭირდა და იგი ვერ ახორციელებდა მენეჯერულ საქმიანობას. მოსამართლემ აღნიშნა, რომ ახვლედიანს სრული კომფორტი ჰქონდა. "ყველა მივლინებაში ის დადიოდა. თუმცა დაბრუნების შემდეგ ინფორმაციას არ უზიარებდა მოსამართლეებს. მე მიმაჩნია, რომ ბატონი მამუკა ძალიან ცუდი მენეჯერი იყო", - განაცხადა ლეილა მამულაშვილმა.

მოსამართლეების საპასუხოდ გვენეტაძემ რესურსებთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლოს დახმარება აღუთქვა. მათ შორის, იგი შეეხო ავტომობილების საკითხსაც და თქვა, რომ უზენაესი სასამართლო მზად არის, საკუთარი ავტომობილების მომსახურებით საქალაქო სასამართლოს დაეხმაროს.

"კორტების საქმის" მოსამართლის, ბადრი კოჭლამაზაშვილის თქმით, განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენს გადატვირთულობა, რაც გულისხმობს იმას, რომ მოსამართლეების დამატებასთან ერთად უნდა მოხდეს საქალაქო სასამართლოს შენობის საკითხის მოგვარებაც. რაც შეეხება საქმეების გადანაწილებას, როგორც ბადრი კოჭლამაზაშვილმა თქვა, არ უნდა მოხდეს ისე, რომ ერთ მოსამართლეს რთული საქმეები დაევალოს, მეორეს კი - მარტივი.

კოჭლამაზაშვილის შეფასებით, ის, რაც ბოლო დღეებში მედიის მეშვეობით ისმის, საწყენია და კარგი იქნებოდა, თუ საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი არასამთავრობოებთან შეხვედრამდე თავის პოზიციას საკუთარ კოლეგებს გააცნობდა.

"არ ვიცი, რას გულისხმობს სისტემური პრობლემები, მთავარია, რომ მოსამართლემ, სასამართლომ და იუსტიციის საბჭომ ყველაფერი გააკეთოს სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის", - განაცხადა ბადრი კოჭლამაზაშვილმა.

"მე როგორ უნდა მიმითითოს მამუკა ახვლედიანმა, რომ ვიყო დამოუკიდებელი," - განაცხადა მოსამართლე ლია ორკოდაშვილმა, რომელიც ამბობს, რომ მოსამართლის 17-წლიანი სტაჟი აქვს.

მისი თქმით, მამუკა ახვლედიანი არის პირი, რომელსაც დამოუკიდებელი აზრი არც ერთ კონფერენციაზე არ დაუფიქსირებია. ორკოდაშვილის განცხადებით, ეამაყება, რომ მუშაობდა იმ პერიოდში, როდესაც ხმის ამოღება უჭირდა, თუმცა იღებდა ობიექტურ გადაწყვეტილებებს, მათ შორის გაუმართლებია განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის ბრალდებულებიც.

ამ მხრივ კი მან მირცხულავას საქმე გამოყო და აღნიშნა, რომ მირცხულავას ყველაზე მძიმე ბრალდება მან მოუხსნა.

"მე როგორ უნდა მიმითითოს ახვლედიანმა, რომ ვიყო დამოუკიდებელი?! გთხოვთ, ყოველთვის ნუ გააკეთებთ აქცენტს ცუდზე, ვიღაც რომ რაღაც თამაშს თამაშობს, ამის გამო ნუ ჩავდებთ მიწაში. მამუკა ახვლედიანს არასოდეს დამოუკიდებელი აზრი არ გამოუხატავს. გმირად ნუ გამოვიყვანთ ისეთ ადამიანს, რომელსაც არც ერთ კონფერენციაზე საკუთარი აზრი არ დაუფიქსირებია," - განაცხადა ლია ორკოდაშვილმა.

"იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომელმაც უნდა გადაარჩინოს საქალაქო სასამართლო", - განაცხადა მოსამართლე შოთა გეწაძემ.

სულ სიტყვით ათამდე მოსამართლე გამოვიდა და არც ერთ მათგანს საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე მამუკა ახლვედიანის 3-წლიანიანი მოღვაწეობა დადებითად არ დაუხასიათებია.

2-საათიანი შეხვედრის შემდეგ გვენეტაძე მოსამართლეებს დაჰპირდა, რომ მათ პრობლემებს ოპერატიულად მოაგვარებს.

"ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო. მინდა, ჩემს კოლეგებს ამისთვის მადლობა გადავუხადო. ძალიან გახსნილი და გულწრფელი ურთიერთობის ფონზე გამოიკვეთა პრობლემები, რომლებიც ჩვენთვის მანამდეც იყო ცნობილი, მაგრამ შევთანხმდით და ორგანიზება გავუკეთეთ შეხვედრას.

"მენეჯმეტურ და ორგანიზაციულ პრობლემებთან დაკავშირებით მოგვაწვდიან დასაბუთებულ ინფორმაციებს და ჩვენ ოპერატიულად ვიზრუნვებთ ამ პრობლემების გადაწყვეტაზე. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია მათ მიერ გაჟღერებული პრობლემები - საქმეთა გადანაწილების დიდ ნაკადთან დაკავშირებით და მოსამართლეთა სიმცირის შესახებ ამ საკითხებზე რეაგირება ხელისუფლებამ უნდა მიიღოს ფინანსების უზრუნველყოფის თვალსაზრისით", - განაცხადა ნინო გვენეტაძემ.

"ჩვენ ჩვენი გადაწყვეტილება მიგვაჩნია დასაბუთებულად და კანონიერად. დანარჩენი შეფასებები ეკუთვნის საზოგადოებას. ვფიქრობ, ეს შეხვედრა არის დადასატურება იმისა, რომ საბჭოს უნდა მოეხდინა რეაგირება", - განაცხადა გვენეტაძემ.

"რეზონანსის" კითხვაზე, რატომ მოახდინა საბჭომ რეაგირება მაინცდამაინც მას შემდეგ, რაც მამუკა ახვლედიანმა ხმამაღალი განცხადებები გააკეთა, გვენეტაძემ გვიპასუხა, რომ ზოგჯერ მოვლენები ემთხვევა ერთმანეთს.

ლევან მურისიძის თქმით კი ყველაზე დიდი სასამართლოს ხელმძღვანელის გათავისუფლება მოხდა, ამიტომ ვალდებულები იყვნენ მოსულიყვნენ სასამართლოში და დალაპარაკებოდნენ მოსამართლეებს. გვენეტაძის მსგავსად, მურისიძემაც აღნიშნა, რომ ეს პრობლემები მანამდეც იყო ცნობილი, ხოლო ახლა ამაზე რეაგირება იმიტომ მოხდა, რომ ყველაფერი "რაღაცის შემდეგ ხდება".

"ტესტებზე ნუღარ დავიწყებთ სპეკულაციებს. ერთხელ და სამუდამოდ საბჭომ მიიღო გადაწყვეტიელბა, რომ მოხდა გაჟონვა. სიმართლე გაირკვევა და ვისი პასუხისმგებლობაც გამოიკვეთება, არავინ აპირებს ხელის დაფარებას.

"ყველაფერი, რაღაცის შემდეგ ხდება, მაგრამ დღეს საზოგადოებამ, თქვენ თვითონაც ნახეთ, როგორი გულწრფელები იყვნენ მოსამართლეები", - განაცხადა მურუსიძემ.

ცნობისთვის, იუსტიციის უმაღლესი საბჭო დაკომპლექტებულია 14 წევრისგან, მათგან 8 მოსამართლეა, რომლებიც მოსამართლეთა საერთო კონფერენციაზე შეირჩნენ, ასევე არის 4 არამოსამართლე წევრი, რომლებიც პარლმანეტმა შეარჩია და პრეზიდენტის კვოტით გასული 2 წევრი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ თანამდებობიდან 22 თებერვალს გაათავისუფლა. თანამდებობიდან გადაყენების გადაწყვეტილებას მხარი პრეზიდენტის კვოტით არჩეული ვახტანგ მჭედლიშვილის გარდა, ყველამ დაუჭირა.

ამ ყველაფერს კი წინ უსწრებდა მამუკა ახვლედიანის კრიტიკული განცხადებები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მუშაობასთან დაკავშირებით. თქვა, რომ მისთვის გაუგებარია ის წესი, რომლითაც საბჭო მოსამართლეებს ნიშნავს. მამუკა ახვლედიანის განცხადებით, უჭირს კომუნიკაცია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან და ვერანაირ განვითარებას ვერ ხედავს არსებული თავმჯდომარისა და საბჭოს პირობებში. მისივე თქმით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან მოსამართლეების ჩასაბარებელი ტესტები წინასწარ გადიოდა.

მამუკა ახლვედიანი აღნიშნულ გადაწყვეტიელბას სასამართლოში გაასაჩივრებს, მანამდე კი შეუძლია დარჩეს ჩვეულებრივ მოსამართლედ და, როგორც გვენეტაძემ და მურისიძემ აღნიშნეს, მას ამ თანამდებობაზე საფრთხე არ ემუქრება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×