მთავრობაში წინასაარჩევნოდ საკადრო ცვლილებებზე საუბარი უკვე დაიწყო, მაგრამ კონკრეტულად რა ცვლილებები განხორციელდება, ჯერჯერობით ამის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება, თუმცა დეპუტატები მინისტრების შესაძლო შეცვლას არ გამორიცხავენ.
ფრაქცია "ქართული ოცნების" წარმომადგენელ ეკა ბესელიას განმარტებით, სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით რამე კალენდარი არ არსებობს და ამ თემაზე არც კონსულტაციები გამართულა.
"ვიცით, რომ გიორგი კვირიკაშვილმა პრემიერის პოსტზე ნდობის გამოცხადებისას თქვა, რომ მომავალში მთავრობაში ცვლილებებს არ გამორიცხავს. უბრალოდ, მას სჭირდებოდა მეტი დრო გადაწყვეტილების მისაღებად. მომავალში გამორიცხული არაფერია, მაგრამ არც არავითარი კალენდარი არ არსებობს და ამ თემაზე კონსულტაციები არ გამართულა", - აცხადებს ეკა ბესელია.
"რომელი მინისტრები უნდა შეიცვალოს წინასაარჩევნოდ?," - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების ცნობილ წარმომადგენლებს მიმართა.
თაკო ჩარკვიანი (პუბლიცისტი): "გარკვეული ცვლილებები ალბათ საჭიროც არის. ვერ გეტყვით, რომელი მინისტრები შეიცვლება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ სერგეენკოს არ შეეხებიან, რადგან ჯანდაცვის სისტემაში მის მიერ განხორციელებულმა რეფორმებმა შედეგი ნამდვილად გამოიღო. აგრეთვე, ვფიქრობ, ხელშეუხებელია თავდაცვის მინისტრიც, რადგან ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს დასავლეთთან ურთიერთობაში.
ძალიან ცუდ და დეპრესიულ მდგომარეობაშია ხალხი და აუცილებელია, ზოგადად "ქართულ ოცნებაში" ძირეული ცვლილებები განხორციელდეს."
გია ბუღაძე (ფერმწერი): "არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ შეიცვლება და ვინ არა, სანამ ქვეყანას ერთი ადამიანი მართავს. მე არ ვიცი, როგორ გავძლებთ არჩევნებამდე ან რა იქნება არჩევნების შემდეგ. დამაიმედებელი პროგნოზი ნამდვილად არ გვაქვს."
გიორგი შენგელაია (რეჟისორი): "ვერაფერს გიპასუხებთ ამ კითხვაზე, არავითარი იდეა არ მაქვს, ვინ უნდა შეიცვალოს. ჯერ უნდა იმუშაოს ამ მთავრობამ და შემდეგ უფრო გამოჩნდება, ვინ არის შესაცვლელი."
ნინო ჩხობაძე (ეკოლოგი): "არ ვიცი, ნებისმიერ სიტუაციაში საარჩევნოდ რა ცვლილებებს განახორციელებენ, ეს მთავრობისა და მმართველი პოლიტიკური გუნდის გადასაწყვეტია."
გია ანჩაბაძე (ისტორიკოსი): "საერთოდ არ ვიცი, რა ხდება. არ ვარ საქმის კურსში და ვერაფერს გეტყვით."
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე