აშშ-ის ელჩის განცხადებით, თავისუფალი მედია ხელმისაწვდომი უნდა იყოს საზოგადოებისთვის
აკაკი გვიმრაძე
25.02.2016

 "ჩემზე ყველაზე დიდ შთაბეჭდილებას ქართველი ხალხი ახდენს, საქართველოს მთავარი უპირატესობა სწორედ მისი საზოგადოებაა. საქართველოში პირველად 40 წლის წინ, სტუდენტობის პერიოდში ჩამოვედი ლენინგრადიდან და გაოცებული ვიყავი კონტრასტებით - აქ, ქუჩებში უაღრესად ღია, ლაღ და ტოლერანტ ადამიანებს შევხვდი.

"ჩვენ გვჯერა, რომ საქართველო მიაღწევს თავის მიზნებს, ააშენებს წარმატებულ სახელმწიფოს და გახდება ნატოსა და ევროკავშირის წევრი. აშშ თავის მხრივ ყველაფერს გააკეთებს, რომ ქვეყნის განვითარებასა და წინსვლას შეუწყოს ხელი", - განაცხადა "რეზონანსთან" საუბრისას აშშ-ის ელჩმა საქართველოში იან კელიმ, ვისაც მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე, თავისუფალი მედიის პრობლემებზე, ნატოში გაწევრიანებასა და სხვა მნიშვნელოვან თემებზე ვესაუბრეთ.

"რეზონანსი": მახსოვს ჩვენი პირველი შეხვედრა გასული წლის შემოდგომაზე, როდესაც ახალი ჩამობრძანებული იყავით საქართველოში. მაშინ განაცხადეთ, რომ თქვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა თავისუფალი მედიის მხარდაჭერა იქნებოდა. ამ პერიოდის განმავლობაში ქართულ მედიაში არაერთი ხმაურიანი საქმე წარიმართა, ვგულისხმობ "რუსთავი 2"-სა და "მაესტროს" გარშემო განვითარებულ მოვლენებს. როგორ ფიქრობთ, შეიცავს თუ არა ეს საქმეები ზეწოლის ნიშნებს და კონკრეტულად როგორ აპირებს აშშ-ის მთავრობა, ხელი შეუწყოს ჩვენს ქვეყანაში თავისუფალი მედიის განვითარებას?

იან კელი: უპირველესად ყოვლისა, დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ იმისთვის, რომ მაძლევთ საშუალებას, თქვენს მკითხველს მივმართო.

რაღა თქმა უნდა, ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს თავისუფალი მედიის განვითარებას და ამ საკითხს დიდ ყურადღებას ვაქცევთ. მედიის როლი განსაკუთრებულია დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობაში და საარჩევნო პერიოდში მისი მნიშვნელობა კიდევ უფრო იზრდება.

ამომრჩეველს უნდა ჰქონდეს საშუალება, რომ მიიღოს ობიექტური და მიუკერძოებელი ინფორმაცია იმ პოლიტიკური ძალებისა და ინდივიდუალური პოლიტიკოსების შესახებ, ვის მიმართაც გარკვეული პოზიცია უნდა გამოხატოს არჩევნებზე, მედიამ კი ყველაფერი უნდა გააკეთოს საიმისოდ, რომ შეინარჩუნოს დაბალანსებული და დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკა.

"რუსთავი 2"-ის შემთხვევაში იყო საფრთხე, რომ ეს პრინციპი დარღვეულიყო, რადგანაც ტელეკომპანიაში მენეჯმენტის ცვლილებას შესაძლოა ზეგავლენა მოეხდინა, მისი, როგორც ოპოზიციური არხის სარედაქციო პოლიტიკაზე. ამიტომაც მაშინ არაერთხელ გამოვხატეთ ჩვენი პოზიცია და შეშფოთება ამ საკითხთან დაკავშირებით.

რაც შეეხება მედიაზე ზეწოლას, არ ვთვლით, რომ ხელისუფლება ამითაა დაკავებული.

არსებობს ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნა, რომ სადღეისოდ, ამ რეგიონის ვითარების გათვალისწინებით, მედია საქართველოში საკმაოდ თავისუფალია. თუმცა, რაღა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი და ამ მიმართულებით წინ კიდევ ბევრი შრომა გველის.

აშშ-ის მთავრობა ახორციელებს შესაბამის პროექტებს, რათა დაეხმაროს ქართველ ჟურნალისტებს პროფესიონალიზმის ამაღლებასა და საერთაშორისო სტანდარტების მიღწევაში. საამისოდ არსებობს სპეციალური პროგრამები, რომლებიც ითვალისწინებს მედიის წარმომადგენლების სხვასაწვრთნელ კურსებში მონაწილეობას და პრაქტიკის გავლას აშშ-ის წამყვან მედიასაშუალებებში.

"რ": უკვე რამდენიმე თვეა, საქართველოში იმყოფებით. ამ ხნის განმავლობაში რა შთაბეჭდილება დაგრჩათ, რა მთავარი გამოწვევების წინაშე დგას ქართული საზოგადოება და ჩვენი სახელმწიფო?

ი.კ: უპირველეს ყოვლისა მინდა აღვნიშნო, რომ ქართული საზოგადოება მეტად გახსნილი და ტოლერანტულია, მოტივირებულია, რომ დასავლური სამყაროს სრულუფლებიანი და ღირსეული წევრი გახდეს. ვთვლი, რომ თქვენი ქვეყნის მთავარი უპირატესობა სწორედ თქვენი ხალხია, რომელიც მიისწრაფვის თავისი მიზნებისკენ.

ამჟამად საქართველოს მთავარი პრობლემა ისაა, რომ მისი ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია და ამას თავისი ზეგავლენა აქვს ყველა სფეროზე. ასევე მნიშვნელოვანი გამოწვევაა ეკონომიკური ვითარება და ლარის კურსის ვარდნა, რაც თითოეული მოქალაქის ცხოვრების დონეზე ახდენს ზეგავლენას.

ოკუპაციის პრობლემა ეკონომიკასთანაც კავშირშია, რადგანაც ეს არ უწყობს ხელს ქვეყანაში ინვესტორების მოზიდვას.

"რ": მიმდინარე წელი მეტად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. წინ საპარლამენტო არჩევნებია, რაც მუდამ მწვავე მოვლენებითაა აღსავსე ჩვენს ქვეყანაში. რა უნდა გააკეთოს საქართველომ საიმისოდ, რომ დასავლური სტანდარტების არჩევნები ჩაატაროს?

ი.კ: 2012 წლის არჩევნები და ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლილება მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იყო დემოკრატიის განვითარების თვალსაზრისით. ახლა შემდგომი ამოცანაა, რომ ქვეყანამ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგას წინ და საერთაშორისო სტანდარტების მორიგი არჩევნები ჩაატაროს.

ამ პროცესში დიდი მნიშვნელობა ენიჭება ამომრჩევლის ინფორმირებულობას, რათა შესაძლებელი იყოს ობიქტური და მაქსიმალური ინფორმაციის მიღება არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ ძალებსა და ცალკეულ პოლიტიკოსებზე, რაც მოგვცემს საშუალებას, რომ გაკეთდეს ინფორმირებული არჩევანი.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ამ პროცესში განსაკუთრებული მისია აკისრია თავისუფალ მედიას, რომელიც ხელმისაწვდომი უნდა იყოს საზოგადოებისთვის. შესაბამისად, ხალხს ექნება ობიექტური ინფორმაცია და შესაძლებლობა, რომ გააკეთოს ისეთი არჩევანი, რაც მაქსიმალურად გამოხატავს მის ინტერესებს.

ჩვენი მისია ამ პროცესში არის ის, რომ ვიყოთ დამოუკიდებელი დამკვირვებლები, ისევე, როგორც სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები.

"რ": საქართველოს ერთ-ერთი მთავარი ამოცანა სადღეისოდ საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფაა, მით უმეტეს რეგიონში განვითარებული მოვლენების ფონზე. შესაბამისად, ქვეყანა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ნატოში გაწევრიანების საკითხს. უკვე კარგა ხანია გვესმის ალიანსის და მისი წევრების მხრიდან მხარდამჭერი განცხადებები, რომ საქართველო გახდება ამ ორგანიზაციის წევრი, მაგრამ პროცესი ისეთი სისწრაფით არ მიდის, რისი იმედიც არის. ჩვენს საზოგადოებას აინტერესებს, კონკრეტულად რა აფერხებს საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესს?

ი.კ: საქართველო მაშინ გახდება ნატოს წევრი, როდესაც თავად ნატო იქნება მზად ამისთვის.

საქართველო ნატოს მნიშვნელოვანი პარტნიორია, ჩვენ გვჯერა, რომ თქვენი ქვეყანა გახდება ალიანსის წევრი და მესამე მხარეს ვეტოს უფლება არ აქვს ამ გადაწყვეტილებაზე. საქართველო აქტიურადაა ჩართული ნატოს სხვადასხვა პროგრამასა და მისიაში და ყველა ინსტრუმენტი აქვს, რომ რეფორმები გააგრძელოს და ორგანიზაციის სტანდარტები დააკმაყოფილოს.

დამიჯერეთ, მე კარგად ვიცი ნატოს სუსტი და ძლიერი მხარეებიც, რადგანაც ამ ორგანიზაციაში 3 წელი ვიმუშავე. სისუსტე ალბათ ისაა, რომ რამე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მისაღებად ყველა, 28 წევრის თანხმობაა საჭირო, რაც არ არის მარტივი პროცესი. მაგრამ არსებობს ძლიერი მხარეც - თუ ერთხელ პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ალიანსი ამას მტკიცედ დაიცავს.

"რ": იქნებ უფრო ღიად გვითხრათ, საქართველოს შემდგომ ინტეგრაციას, კონკრეტულად კი მაპის მიღებას უშლის ხელს თუ არა ის ფაქტორი, რომ ამას შესაძლოა, მოჰყვეს აგრესია რუსეთის მხრიდან?

ი.კ: საქართველოს მეგობრებს კარგად ახსოვთ 2008 წელი, როდესაც ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებიდან რამდენიმე თვეში რუსეთის აგრესია განხორციელდა. ამიტომაც არ სურთ ქვეყნის კიდევ ერთხელ რისკის ქვეშ დაყენება.

ყოველთვის უნდა გავითვალისწინოთ ის რეალობა, რაც გვაქვს - რეალობა კი ისაა, რომ საქართველოს საერთო საზღვარი აქვს თავის ჩრდილოელ მეზობელთან.

მე არ მინდა ვისაუბრო მთელი ნატოს სახელით, მაგრამ აშშ-ის პოზიციაა, რომ საქართველო უნდა გახდეს ნატოს და ევროკავშირის წევრი და ამ მიზნის პრაქტიკულ რეალიზებისათვის ბევრს ვაკეთებთ, როგორც აქ ადგილზე, ისე ჩვენს პარტნიორებთან ურთიერთობისასაც.

"რ": საქართველოსა და აშშ-ს შორის 2009 წელს გაფორმდა ქარტია სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ. რა კონკრეტული შედეგები მოაქვს მას ჩვენი ქვეყნისთვის?

ი.კ: ქარტია უპირველეს ყოვლისა გულისხმობს საქართველოს პოლიტიკურ და ფინანსურ დახმარებას, რათა სახელმწიფო ინსტიტუციები გავაძლიეროთ და შესაბამისად ცხოვრების უკეთესი პირობები შევქმნათ თქვენი ქვეყნის მოქალაქეებისათვის.

ეს დახმარება მიმართულია 4 ძირითად კომპონენტზე: ეკონომიკა და ვაჭრობა, უსაფრთხოება, დემოკრატიის მხარდაჭერა, განათლება და ხალხებს შორის ურთიერთობა.

საერთაშორისო დახმარების წარმატება განპირობებულია მიმღებ ქვეყანასთან მჭიდრო თანამშრომლობით. ჩვენ ვხვდებით ერთმანეთს 4 კომისიის სამუშაო ფარგლებში, რაც დაგვეხმარა დახმარების პროგრამების მიზანმიმართულად წარმართვაში. აშშ-ს დიდი ინვესტიცია აქვს განხორციელებული საქართველოში.

კონკრეტულად კი ვეხმარებით საქართველოს, მაგალითად, შსს-ს გაძლიერებაში, პოლიციელთა უკეთესად აღჭურვასა და ტექნიკური საშუალებების განვითარებისათვის, საზღვრის უკეთესად კონტროლისათვის, ქართული ჯარის მოსამზადებლად, რომელიც საერთაშორისო მისიებში მონაწილეობს და საერთაშორისო სტანდარტების წვრთნას გადის ამერიკელი ჯარისკაცების გვერდით.

ჩვენი წვლილი შეგვაქვს სკოლებისა და კულტურული ძეგლების რეაბილიტაციაში, გვაქვს ბევრი გაცვლითი საგანმანათლებლო აკადემიური პროგრამა - თქვენს ბევრ მაღალი რანგის ოფიციალურ პირს აქვს მონაწილეობა მიღებული პრემიერმინისტრის ჩათვლით - ის მასკის პროგრამის კურსდამთვრებულია (ილინოისის უნივერსიტეტში სწავლობდა, ჩემი შტატია).

ვეხმარებით მედიცინას - ახლა ჩვენი მხარდაჭერით მიმდინარეობს პროექტი "ც" ჰეპატიტის დასამარცხებლად და იმედი მაქვს, რომ საქართველო პირველი ქვეყანა გახდება მსოფლიოში, რომელიც სძლევს ამ დაავადებას.

"მილენიუმ ჩელენჯის" კორპორაციამ საქართველოს 140 მილიონი დოლარი გამოუყო დახმარების სახით, ასევე ვეხმარებით თქვენს ქვეყანას, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების მაქსიმალურად ეფექტურად იმპლიმენტაცია შეძლოს და მაქსიმალური სარეგებელი მიიღოს ამისგან.

შესაძლოა, კიდევ გამომრჩა რამე...

"რ": საქართველო მიმდინარე წელს ასრულებს ვიზალიბერალიზაციის პროცესს ევროკავშირთან და ელის შენგენის ზონის საზღვრის გახსნას ჩვენი მოქალაქეებისათვის. იმ მეგობრული და სტრატეგიული პარტნიორული ურთიერთობის გათვალისწინებით, რაც აშშ-სა და საქართველოს შორის არსებობს, ხომ არ არის მოსალოდნელი, რომ მსგავსი პროცესი ჩვენთან მიმართებაში თქვენმა ქვეყანამაც განახორციელოს?

ი.კ: ჩვენ მივესალმებით ვიზალიბერალიზაციის პროცესს ევროკავშირსა და საქართველოს შორის და აშშ ბევრს აკეთებს საიმისოდ, რომ ის წარმატებული იყოს, საამისოდ ვმუშაობთ როგორც ბრიუსელში, ისე ევროპის სხვა დედაქალაქებში.

რაც შეეხება ორმხრივ ურთიერთობებს და ამერიკის პოზიციას - დღეს საქართველოს მოქალაქეებს აქვთ საშუალება, რომ აშშ-ის 10-წლიანი ვიზა მიიღონ, სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხი კი ამ ეტაპზე არ დგას.

"რ": უკრაინაში ომი გრძელდება, სირიაში კი ვითარება უკიდურესად დაძაბულია. არსებობს მოსაზრებები, რომ ეს ყოველივე შესაძლოა დასავლეთსა და რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირებაში გადაიზარდოს. თქვენ ხედავთ ამის საფრთხეს?

ი.კ: ყველაფერს ვაკეთებთ საიმისოდ, რომ სირიაში კონფლიქტის ესკალაცია ავიცილოთ თავიდან. ჩვენი სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი მთელ თავის დროს ამ თემას უთმობს, რომ როგორმე ტემპერატურა დავწიოთ ძირს და ცეცხლის შეწყვეტას და სამშვიდობო მოლაპარაკებებს მივაღწიოთ მხარეებს შორის.

რაც შეეხება უკრაინის თემას, აქ ალბათ მეტი მოთმინება და მხარდაჭერის გაგრძელება გვმართებს. არ უნდა დაგვავიწყდეს ის ფაქტი, რომ ამ ქვეყანას ახლა საომარ ვითარებაში უწევს ცხოვრება და რეფორმების გატარება, თანაც მისი აღმოსავლეთი ნაწილის ოკუპაციის ფონზე.

"რ": ბოლო კითხვა... საქართველოში მოღვაწეობის 5 თვის განმავლობაში, თქვენზე, როგორც ადამიანზე, რამ მოახდინა ყველაზე დიდი შთაბეჭდილება?

ი.კ: საქართველოში პირველად 40 წლის წინ, სტუდენტობის პერიოდში ჩამოვედი ლენინგრადიდან და გაოცებული ვიყავი კონტრასტებით - აქ, ქუჩებში უაღრესად ღია, ლაღ და ტოლერანტ ადამიანებს შევხვდი, ვისთანაც ურთიერთობა სასიამოვნო იყო.

ჩემზე ყველაზე დიდ შთაბეჭდილებას სწორედ ქართველი ხალხი ახდენს, რომელიც მჯერა, რომ მიაღწევს თავის მიზნებს. აშშ ყველანაირად დაეხმარება ქართველებს განვითარებასა და წინსვლაში, წარმატებული სახელმწიფოს მშენებლობაში.

ჩვენ გვჯერა, რომ საქართველო გახდება ნატოსა და ევროკავშირის წევრი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×