საქართველოს მოქალაქეებს ევროპაში უვიზოდ მიმოსვლა ნავარუდევზე უფრო ადრე შეეძლებათ. როგორც ოთხშაბათს გახდა ცნობილი, პროცესი დაჩქარდა და ის, რასაც რამდენიმე თვეში ველოდით, რამდენიმე დღეში მოხდება - საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხს, უკრაინისგან განსხვავებით, მსვლელობა მომდევნო კვირიდან მიეცემა.
შესაბამისად, საბოლოო შედეგიც სავარაუდოდ რამდენიმე თვით ადრე დადგება. უმრავლესობაში ფიქრობენ, რომ სავიზო ბარიერი არა შემოდგომისთვის, არამედ ივნისამდე მოგვეხსნება.
მოგეხსენებათ, საქართველოსა და ევროკავშირს შორის სავიზო რეჟიმის გამარტივებაზე დიალოგი 2012 წელს დაიწყო. სამოქმედო გეგმა, რომელიც 4 ფაზას მოიცავს, ქვეყანამ 2013 წლის თებერვალში მიიღო. 2015 წლის 21-22 მაისს რიგაში გამართულ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე, სადაც საქართველოს მიერ შესრულებული სამუშაო მესამედ შეაფასეს, ქვეყანას სავიზო რეჟიმის გამარტივებაზე დროებით უარი ეთქვა და მეოთხე შეფასება სექტემბრისათვის დაიგეგმა.
ამ მიზნით ქვეყანას ევროკავშირის შემფასებელთა მისია სექტემბრის ბოლოს 4-დღიანი ვიზიტით ეწვია. მათ შეისწავლეს ღონისძიებები, რომელიც საქართველოს მთავრობამ განახორციელა და გაწეული სამუშაო დეკემბერში დადებითად შეაფასეს. შესაბამისად, დეკემბერშივე ნათელი გახდა, რომ საქართველო უვიზო რეჟიმს იმსახურებდა და, დიდი ალბათობით, მიიღებდა კიდეც.
თუმცა პოლიტიკური გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო პროცედურების ასე ადრე დაწყებას საქართველოში ჯერ არ ელოდნენ.
პროცედურები ასეთია: ევროკომისიამ ევროპარლამენტისთვის კანონმდებლობაში ცვლილება უნდა შესთავაზოს, რომლის მიხედვითაც საქართველოს შეზღუდვები უნდა მოეხსნას და ხანმოკლე ვიზიტისას უვიზო რეჟიმი ამოქმედდეს.
ამის შემდეგ საკითხს ჯერ ევროპარლამენტის კომიტეტი განიხილავს და მერე პლენარულ სხდომაზეც გავა. შემდეგ ევროპარლმანეტის თავმჯდომარემ და ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის ხელმძღვანელმა ერთობლივად უნდა მოაწერონ ხელი რეგულაციას, რათა საქართველო იმ ქვეყნების სიიდან ამოიღონ, რომელთათვისაც ვიზა სავალდებულოა. ბოლოს კი ეს დოკუმენტი გამოქვეყნდება.
"გამოქვეყნებიდან რამდენიმე დღეში საქართველოს მოქალაქე ვიზის გარეშე, პასპორტით ხელში ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში შევა, რომელიც შენგენის წევრია," - ამბობს საპარლსამენტო უმრავლესობის წევრი, ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან ბერძენიშვილი.
მიმართვა მომავალ კვირაში რომ გაკეთდება, ეს ინფორმაცია, ბერძენიშვილის თქმით, ჯერ არაოფიციალურია, რაც მათ ამ წრეებთან დაახლოებული ხალხისგან გაიგეს.
"ოფიციალურად არ მიგვიღია ცნობა თუ რომელ დღეს რა იქნება, მაგრამ ეს საქმეში ღრმად ჩახედული ხლხისგან ვიცით. მათ ნამდვილად იციან, რომ ეს მოხდება. როგორც ჩანს, ეს ამბები აქამდეც იხილებოდა, მაგრამ იანვარში ევროპარლამენტი ნაკლებად აქტიურია.
"მოგეხსენებათ, ამ პროექტში საქართველო, უკრაინა და კოსოვო ერთად იყვნენ წარმოდგენილი. ახლა კი, როგორც ჩანს, გადაწყვიტეს საქართველოს შემთხვევა ევროპის პარლამენტს ცალკე შესთავაზონ.
უკრაინის შემთხვევას კი მოგვიანებით განიხილავენ. შეიძლება მისი საკითხიც მალე გადაწყდეს, ან ცოტა მეტი დრო დასჭირდეს. ეს არ ვიცით," - ამბობს ბერძენიშვილი.
მისი ვარაუდით, თუკი ყველაფერი ტრადიციული ტემპით წავიდა, წლის პირველ ნახევარში, ივნისამდე უვიზო რეჟიმი გვექნება. უკიდურეს შემთხვევაში, პროცესები რომ გაიწელოს, დეპუტატი ფიქრობს, რომ ვიზალიბერალიზაციას სექტემბერში მაინც მივიღებთ.
"ასე რომ, ეს ამბავი არჩევნებამდე აუცილებლად მოესწრება. საქართველო თავის ამ წარმატებას მოქალაქეებს მალევე მიულოცავს," - დაძენს იგი.
ყველაფრის 3-4 თვეში დასრულებას ვარაუდობს ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძეც.
"პროცესებს ცოტათი ანელებდა ის, რომ საქართველო უკრაინასთან ერთად განიხილებოდა, კიევს კი ყველა ვალდებულება შესრულებული არ ჰქონდა. ახლა კი, უკრაინის ლოდინი აღარ მოგვიწევს. ჩვენ ვეზალიბერალიზაციას უფრო ადრე მივიღებთ, ის კი გზას მარტო გააგრძელებს. დაელოდებიან, ვიდრე ყველა მოთხოვნას არ შეასრულებს," - დასძენს იგი.
უვიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ქვეყნებში (პლუს, შენგენის 4 კანდიდატი ქვეყანა: რუმინეთი, ბულგარეთი, ხორვატია, კვიპროსი) ამოქმედდება, რაც იმას ნიშნავს, რომ 180 - დღიანი შუალედით საქართველოს მოქალაქეებს ჯამში 90 დღით ევროპულ ქვეყნებში წასვლა და დარჩენა თავისუფლად შეეძლებათ. ვიზალიბერალიზაცია არ იძლევა იქ დასაქმების, მუდმივად ცხოვრების ან სწავლის შესაძლებლობას.