თბილისის საკრებულოს დეპუტატი თედო კობახიძე გამოდის ინიციატივით, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცილისწამების მუხლი აღდგეს, რომელიც კოდექსიდან 2004 წელს ამოიღეს.
საკრებულოს წევრს საკანონმდებლო ინციატივა უკვე მზად აქვს. თუმცა აღნიშნულ ინიციატივას მხარს არც უმრავლესობა უჭერს და არც არასამთავრობო სექტორი.
როგორც უმრავლესობის წევრი ირაკლი სესიაშვილი ამბობს, ცილისწამება სისხლისსამართლებრივად დასჯადი არ უნდა გახდეს. "ცილისწამება რომ სისხლისსამართლებრივად დასჯადი გახდეს, ეს მედიას შეზღუდავს და მე ამის მომხრე არ ვარ", - აღნიშნა სესიაშვილმა. ამ მოსაზრებას იზიარებს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელიც.
უნდა აღდგეს თუ არა ცილისწამების მუხლი? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების ცნობილ წარმომადგენლებს მიმართა.
ნანა კაკაბაძე (უფლებადამცველი): ეს მუხლი არის დაცვის მექანიზმი იმ ბინძური კამპანიისგან, რომელსაც დღეს სხვა ვერანაირი მექანიზმი ვერ სჯის და ადამიანები არიან დაუცველები. ცილისწამებისგან თავდასაცავად, გარდა სამოქალაქო წესისა, არანაირი საშუალება არ არსებობს. შენ ვერ იცავ თავს, რადგან შეიძლება ძალიან დიდმა ნაწილმა ჩათვალოს, რომ ეს არის გამოხატვის თავისუფლების საშუალება და ფაქტობრივად შენ აბსოლუტურად დაუცველი ხარ. ერთადერთი, შესაძლებელია, რომ ადამიანმა პროკურატურას მიმართოს, რაც არ ხდება-ხოლმე. ეს მექანიზმი მკვდარია და არ მოქმედებს.
ლაშა ჩხარტიშვილი (დემოკრატიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი): ეს მუხლი არის ძალიან სახიფათო ავტორიტარული ტიპის ნორმა, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს ცივილიზებული და დემოკრატიული სახელმწიფოს კანონმდებლობაში, რადგან, როგორც წესი, ის გამოიყენება თავისუფალი აზრის შეზღუდვისთვის.
აგრეთვე მინდა გითხრათ, რომ სრულიად საკმარისია დღევანდელ კანონმდებლობაში არსებული ნორმა, რომლის მიხედვითაც ადამიანს შეუძლია ცრუ ინფორმაციისგან სამოქალაქო დავის წესით დაიცვას თავი. პატივისა და ღირსების შელახვის გამო ნებისმიერ ჩვენგანს შეუძლია მიმართოს სასამართლოს და საჯაროდ განიხილოს საკითხი და გაარკვიოს ტყუილ-მართალი ნებისმიერი სხვა ადამიანის გამონათქვამებში. სისხლისსამართებრივი დევნა და ამ ინსტრუმენტის პროკურატურის ხელში ჩაგდება დაუშვებელია. ეს ნიშნავს ძალიან ცუდ წარსულში დაბრუნებას.
გიგა ნასარიძე (ა/ო "საქართველო არ იყიდება"): ამ მუხლის აღდგენა, ჩემი აზრით, თავისუფლების გამოხატვას შეზღუდავს. აქედან გამომდინარე, არ მგონია, რომ ეს ქართული დემოკრატიისათვის წინ გადადგმული ნაბიჯი იყოს.
იგორ კვესელავა (პოლიტოლოგი): ცილისწამების შესახებ მუხლი წინა ეპოქებში ყოველთვის იყო. მთელ რიგ სახელმწიფოებში დღემდე არის ეს კანონი და წარმატებითაც ხორციელდება.
მუხლი ცილისწამების შესახებ აუცილებლად უნდა აღდგეს. საქმე ისაა, რომ საქართველოში ძალიან გათავხედნენ ძალები, რომლებსაც შეუძლიათ ყოველგვარი დასაბუთებისა და მტკიცებულებების გარეშე ცილი დასწამონ პოლიტიკურ მოღვაწეებს, პრეზიდენტს, მთავრობის წევრს თუ რიგით მოქალაქეს. ეს კანონი იქნება დამაბრკოლებელი და გამაფრთხილებელი მათთვის, ვინც დაავადებულია იმით, რომ შანტაჟში აცხოვროს მოქალაქე. ეს იქნება შანტაჟის წინააღმდეგ განხორციელებული ქმედება, ამიტომ აუცილებელია აღდგეს და მართლმსაჯულებაში თავისი კუთვნილი ადგილი დაიკავოს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე