ნინო ქეთელაური
26.02.2016

გუშინ უცნობმა პირებმა "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთ ლიდერს, ალექსი პერტიაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ცეცხლსასროლი იარაღით ორივე ქვედა კიდური დაუზიანეს.

შემთხვევა საბურთალოს პანთეონის ძმათა სასაფლაოს ტერიტორიაზე მოხდა. როგორც ექიმები აცხადებენ, ალექსი პეტრიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია. მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

მომხდართან დაკავშირებით, პოლიტიკოსები აქტიურად აკეთებენ განცხადებებს. პეტრიაშვილის დაჭრის ფაქტს ოპოზიცია გახშირებულ კრიმინალს უკავშირებს, საპარლამენტო უმრავლესობა კი საქმის დროულად გამოძიებაზე აკეთებს აქცენტს.

"ასეთი ფაქტები ძალიან სერიოზული დაუცველობის განცდას აჩენს საზოგადოებაში და ხელისუფლების, ასევე სამართალდაცველების ვალია ეს დაუცველობის განცდა გაუქარწყლონ ჩვენს მოქალაქეებს", - ამის შესახებ პრეზიდენტის მრჩეველმა ფიქრია ჩიხრაძემ განაცხადა.

"ძალიან მძიმეა, როდესაც დღისით, მზისით ადამიანზე ხორციელდება თავდასხმა, მითუმეტეს პოლიტიკოსზე, ოპოზიციონერზე", - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

ბოლო პერიოდის გახმარებული კრიმინალური შემთხვევების ფონზე გრძნობთ თუ არა თავს დაცულად? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

 დიმა ჯაიანი (მსახიობი):  "კრიმინალი ყველა ქვეყანაში ხდება. ვიღაცებმა რაღაც მინიშნება გააკეთეს, თითქოს მმართველი გუნდია ამაში დამნაშავე და მე ამას გამოვრიცხავ.

"ალექსი პეტრიაშვილს ძალიან კარგად ვიცნობ, ძალიან გაწონასწორებული პიროვნებაა და რატომ მოხდა ასეთი რამ, ვერ ვხვდები. არ უნდა მომხარიყო, მაგრამ ქვეყანაში ყველაფერი ხდება."

 

 დოდო ხურცილავა (ხელოვნებათმცონდე):  "მთავრობას არ აქვს ის გაჭირვება, რომ ალექსი პეტრიაშვილი დაჭრას და ეჭვები გააჩინოს საზოგადოებაში და არც ალექსი პეტრიაშვილია მაღალი რანგის ოპონენტი.

"მე აბსოლუტურად დაცულად ვგრძნობ თავს. ყევლაფრის თქმა შემიძლია და ჯერჯერობით არანაირი პრობლემა არ შემქმნია, განსხვავებით წინა მთავრობის პერიოდისა."

 

 

 თაკო ჩარკვიანი (პუბლიცისტი): "მე ვფიქრობ, რომ არავინ აღარ გრძნობს თავს დაცულად. ქვეყანაში არ არის კარგი მდგომარეობა და ვინც ამას არ აღიარებს და აბნევს ადამიანებს, ძალიან ცდება. ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც ძალიან დიდი როლი აქვს ხელისუფლების შეცვლაში და ძალიან დიდი წვლილი აქვს შეტანილი საქველმოქმედო საქმეში, ძალიან შეცდა, რომ არ საუბრობდა ამაზე. ეს ყველაფერი საბოლოოდ იმით დამთავრდება, რომ ვინც მის გარშემო დათვურ სამსახურს ეწეოდა, სკამებს ეპოტინებოდა და ფულს აკეთებდა, ისინი თავს იგრძნობენ კარგად და რიგითი მოქალაქეები ამ კაცზე განაწყენდებიან.

"ყველაზე მეტად იმაზე მწყდება გული, რომ თავი მოვიკალი, ეს გუნდი რომ მოსულიყო. წინა გუნდმა მეტი გზა არ დაგვიტოვა და ერთი სული გვქონდა წასულიყვენენ. ხალხი მთელი იმედით ელოდა ახალ გუნდს და რას დაემსგავსნენ?!

"დღეს ადამიანურად გამიხარდა, კვირიკაშვილმა განცხადება რომ გააკეთა, უკვე ჯანსაღი განცხადებებიც მიკვირს. ძალიან მძიმე ვითარებაა. წინ წყალი უკან მეწყერი - ასეთ მდგომარეობაში ჩავიგდეთ თავი."

 ნუცა ჯანელიძე  (მუსიკათმცოდნე): "დაძაბულად ვგრძნობ-მეთქი თავს, ვერ ვიტყვი. რა ინფორმაციაც მესმის, ის ნამდვილად მაშფოთებს, მაგრამ ძალიან ბევრს ვგებულობ ახლობლებისგანაც, რომლებიც პოლიციელების ადეკვატურ რეაგირებაზე საუბრობენ. ძალიან დაბნეული ვარ. საფრთხეც არის, მაგრამ პოლიციელებიც კარგად რეაგირებენ."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×