ელზა პაპოშვილი
27.02.2016

26 თებერვალს, დილით, დიდი დიღმის მესამე მიკრორაიონის მცხოვრებლებს 30-მდე ავტომანქანის საბურავები დაჭრილი დახვდათ. დაზარალებულთა უმრავლესობა ეჭვობს, რომ ეს მათივე ერთ-ერთმა მეზობელმა ჩაიდინა, რომელმაც კორპუსთან საკუთარი ავტომობილის დაყენება ვერ შეძლო და მეზობლებზე ასე იყარა ჯავრი. ამ ეჭვს ისიც ამყარებს, რომ ყველა დაზიანებული ავტომობილი ერთ ადგილას ერთმანეთის გვერდიგვერდ იდგა.

დაზიანებულია 28 ავტომობილის საბურავები, რომლებიც დიდი დიღმის მე-3 მიკრო რაიონის მე-14, მე-15 და მე-16 კორპუსებთან იყო გაჩერებული. მანქანებს ოთხივე საბურავი მჭრელი საგნით აქვთ დაჭრილი. მომხდარს თვითმხილველები არ ჰყავს. ადგილობრივთა თქმით, შემთხვევა სავარაუდოდ გვიან ღამით მოხდა, როდესაც ეძინათ.

შსს-მ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. ექსპერტ-კრიმინალისტები დაზიანებულ ავტომობილებს რამდენიმე საათის განმავლობაში ათვალიერებდნენ. როგორც სამინისტროში აცხადებენ, ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით არის დაწყებული, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

დიდი დიღმის მცხოვრებლები "რეზონანსთან" საუბარში ყვებიან, რომ ვანდალური ფაქტის ჩამდენი სავარაუდოდ ერთი პირი არ უნდა ყოფილიყო. მათი ვერსიით, ავტომობილის დამზიანებლები შესაძლოა ნასვამ მდგომარეობაშიც ყოფილიყვნენ.

ადგილობრივიები აცხადებენ, რომ ეს ამ უბანში მანქანების დაზიანების პირველი შემთხვევა არ არის, თუმცა ერთდროულად ამდენი ავტომობილის დაზიანება აქამდე არ მომხდარა.

მათ ამ ვანდალური ფაქტის შემდეგ ქუჩაში ავტომობილის გაჩერების ეშინიათ, რადგანაც ფიქრობენ, რომ ჯერ თუ საბურავებს აზიანებენ, შემდეგ მის მოხსნასა და მოპარვასაც აღარ მოერიდებიან. ამიტომ სამართალდამცავ ორგანოებს სთხოვენ დროულად გამოიძიონ მომხდარი.

"წლებია უკვე ჩემს ავტომობილს კორპუსის წინ ვაყენებ. აქ ყველას ჩვენი გასაჩერებელი ადგილი გვაქვს. ამაში ფულს ვიხდით, ასე ვთქვათ, კორპუსის მამასახლისთან. მოკლედ, ავტომობილის გასაჩერებელი ადგილი ყველას განაწილებული გვაქვს. შესაბამისად, არც ის არის გამორიცხული, რომ ვინმე სტუმრად მოვიდა, დაინახა, რომ მანქანის გასაჩერებელი ადგილი არ იყო და გაბრაზებულმა საბურავები დაჭრა. თუმცა, 30-თივე მანქანის დაზიანება არ მგონია ამ მიზნით ჩაედინა. ახლომახლოს არც ვულკანიზაციაა, რომ რომელიმე ხელოსანს ფულის გაკეთების მიზნით ჩაედინა.

"სიმართლე გითხრათ, ბოლო დროს უკვე აღარაფერი აღარ გვიკვირს. ამ ვანდალური ფაქტის მერე ეჭვი აღარავის გვეპარება, რომ მანქანების გაძარცვასაც აღარავინ მოერიდება.

"დილით სამსახურში მივდიოდი, როდესაც ჩემმა შვილმა დაინახა, რომ ავტომობილს საბურავები დახეთქილი ჰქონდა. მითხრა - მამა, ნახე, ჩვენი მანქანა ვიღაცას დაუზიანებიაო. გავიხედე გვერდზე ჩემი მეზობლის ავტომობილი იდგა, მასაც დაზიანებული ჰქონდა. გავყევით მერე გასწვრივ და ვნახეთ, რომ კორპუსების ირგვლივ მდგომ ყველა ავტომობილს საბურავები ჰქონდა დაჭრილი.

"ზოგი ფიქრობს, რომ ეტყობა ნასვამმა ახალგაზრდებმა დაჭრესო, მაგრამ მე მგონია, რომ რაღაც უფრო სერიოზული ხდება. არ ვიცი რა, მაგრამ არ მგონია, რომ ახალგაზრდებს ასე ბოროტად ეხუმრათ. არ გამოვრიცხავ, რომ ვინმეს ავტომობილების გაძარცვა ან მოპარვა უნდოდა. თუ გასართობად დაჭრეს, მაშინ ხუთს ან ათს გააფუჭებდნენ", - აცხადებს დაზიანებული ავტომობილის მფლობელი ზურა ხვადაგიანი.

კიდევ ერთი დაზიანებული ავტომობილის მფლობელი გიგა ინასარიძე ამბობს, რომ ეს არ არის უბრალოდ ვანდალური ფაქტი და ადგილობრივი მაცხოვრებლები დაზღვეულები აღარ არიან, რომ ერთ დილასაც გაძარცვული ავტომობილები დახვდეთ. ის ფიქრობს, რომ ვიღაცამ ავტომობილების დაზიანებით რაღაც სხვა, უფრო სერიოზულ საქმეზე სამართალდამცავების რეაქცია მოსინჯა. თუმცა არც იმას გამორიცხა, რომ შესაძლოა რომელიმე კორპუსის მცხოვრებელმაც ჩაიდინა.

"არ მგონია, რომ აქ რაღაც სახუმარო ამბავი იყოს. ვფიქრობ, რომ ეს ერთი ადამიანის გაკეთებული არ არის. რამდენიმე დღის წინ ჩემს მეზობელს მანქანიდან სარკეები მოპარეს. არ არის გამორიცხული, რომ რაღაცის გაკეთება უნდოდათ, ან აპირებენ და სამართალდამცავების რეაქცია მოსინჯეს.

"თუ ეს ნასვამი კაცის გაკეთებულია, ასე კარგად როგორ იმუშავა?! ერთი თვითმხილველი არ არსებობს, რომელიც შესაძლოა ამ ფაქტს შესწრებოდა. არც ის არის გამორიცხული, რომ აქ მცხოვრები იყოს და პროცესებს შორიდან აკვირდებოდეს.

"ბოლო დროს კრიმინალმა ძალიან მოიმატა. ადრე არავის ეშინოდა ავტომობილის ქუჩაში დატოვება, ახლა არაფრის გარანტია აღარ არსებობს. შეიძლება მივიდე და ჩემი ავტომობილიც კი აღარ დამხვდეს.

"ვნახოთ გამოძიება რას დაადგენს. თუმცა, არც ის არის გამორიცხული, რომ ვინმეს სურს ავტომობილების მფლობელების შეშინება.

"შესაძლოა ავტომობილების ფასიან გასაჩერებელს აკეთებდეს და უნდა, რომ კორპუსის მცხოვრებლებმა მანქანები იქ გააჩერონ. დაგვანახა, რომ გარეთ ავტომობილების გაჩერება აღარ ღირს", - აცხადებს ინასარიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×