ლიკა გურაბანიძე
29.02.2016

 სომხეთის ოპოზიციური პარტიის "ეროვნული კონგრესის" საპარლამენტო ფრაქციის მდივანმა, არამ მანუკიანმა 23 თებერვალს სომხეთის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ "ლამაზი არაა, როდესაც სომხეთის ეროვნული კრების (პარლამენტის) დეპუტატები მისალმებისას ყოველდღე ერთმანეთს კოცნიან".

დეპუტატის განცხადებით, ამ ტრადიციას ბოლო უნდა მოეღოს. მანუკიანის თქმით, ეს წესი სომხეთში საქართველოდან გავრცელდა. დეპუტატმა განაცხადა, რომ იგი უკრძალავს თავისი პარტიის წევრებს ყოველდღე ერთმანეთის გადაკოცნას.

"მაგალითისთვის, ჩვენს პარტიაში ბიჭებს ყოველდღე გადაკოცნა ავუკრძალე. იგივე ხდება უნივერსიტეტებთან. ეს ლამაზი არაა! ასე ამგვარი კულტურის გავრცელება ხდება. ეს ტრადიცია საქართველოდან მოვიდა. იქ კაცები ყოველდღე კოცნიან ერთმანეთს. იგივეს ნუ გააკეთებთ, ეს ლამაზი არაა. ბავშვები გიყურებენ", - განაცხადა არამ მანუკიანმა.

ამ ფაქტთან დაკავშირებით "მთელი კვირა" ისტორიკოსებს ესაუბრა და იმის დადგენა სცადა, თუ საიდან მოდის მამაკაცების მიერ ერთმანეთის გადაკოცნის წესი.

ისტორიკოსები ერთხმად თანხმდებიან, რომ მისალმების ეს წესი ქართული წარმოშობის არაა და ჩვენთან მისალმებისას მამაკაცები ერთმანეთს მხარზე ეამბორებოდნენ. მათივე აზრით, გადაკოცნით მისალმების ტრადიცია ძირითადად აზიიდან და ძველი საბერძნეთიდან მოდის.

ისტორიკოს თედო დონდუას ჩვენთან საუბარში ერთ-ერთი ფაბულა მოჰყავს, რომელშიც სწორედ მამაკაცების მიერ ერთმანეთის გადაკოცნის წესია აღწერილი. ისტორიკოსის თქმით, გადაკოცნის ტრადიცია სათავეს ანტიკურ საბერძნეთში უძველესი დროიდან, ჯერ კიდევ ალექსანდრე მაკედონელის (ძვ. წ. 336-323) მმართველობის პერიოდში იღებს.

"არსებობს კონკრეტული წყარო, ფაბულა, რომელშიც ნათლადაა ნაჩვენები ეს ფაქტი. ფაბულის შინაარსში კი ჩანს, რომ ერთ-ერთ ნადიმზე, როდესაც ალექსანდრემ ფიალა დაცალა და თავის მეგობარს გაუწოდა, ამან ჩამოართვა სასმისი და დალია. შემდეგ მივიდა, მეფეს თაყვანი სცა და აკოცა. ყველა დანარჩენმა იქ მყოფთაგან რიგრიგობით მიბაძა მას.

"კოცნა ბერძნულია და გეტყვით იმასაც, რომ თაყვანისცემა აზიური. ჩვენ ვასკვნით იმას, რომ კოცნა და თაყვანისცემა სხვადასხვა რამაა. გარდა ბერძნებისა, კოცნის წესი ებრაელებსაც ჰქონდათ - ე.წ. "იუდას ამბორი". შემიძლია ის დანამდვილებით ვთქვა, რომ კოცნის წესი ქართველების მოგონილი არ არის", - აღნიშნა ისტორიკოსმა.

ისტორიკოსი გია ანჩაბაძე ისტორიული წყაროების მიხედვით მსჯელობს და განმარტავს, რომ ისტორიაში მამაკაცების მიერ ერთმანეთის გადაკოცნის ტრადიცია ჯერ კიდევ ქრისტეს მოღვაწეობის პერიოდში პალესტინაში გვხვდება. ანჩაბაძეს ჩვენთან საუბარში რამდენიმე ქვეყნის უძველესი კულტურიდან მაგალითებიც მოჰყავს.

"მამაკაცებს შორის გადაკოცნის წესი უძველესი დროიდან მოდის. შესაძლოა, ვიმსჯელოთ და ვთქვათ, რომ გადაკოცნის ტრადიცია ძველ ინდურ კულტურებშიც გვხვდება. ძველ ინდურ სანსკრიტულ ტექსტებში გვხვდება ჩანაწერები, სადაც კოცნა ერთმანეთისთვის სულის გადაცემას ნიშნავდა.

"გადაკოცნის წესი ისტორიულ წყაროებში რიტუალური ნიშნის მატარებელია. ვიცი ის ფაქტი, რომ გადაკოცნის წესი რუსეთში მე-17 საუკუნიდანაა გავრცელებული. აქედან გამომდინარე, გადაკოცნის ტრადიცია არა მარტო საქართველოში, არამედ ბევრ სხვა ქვეყანაში იყო.

"მამაკაცების მიერ ერთმანეთის გადაკოცნის წესი, ტრადიცია ადრეულ ხანებში აზიაში გვხვდება. თუ კიდევ უფრო ძველ რელიგიურ მასალებს გავეცნობით, აღმოჩნდება, რომ გადაკოცნის ტრადიცია ჯერ კიდევ იესო ქრისტეს მოღვაწეობის პერიოდში პალესტინაში იყო, რადგან იუდამ სწორედ გადაკოცნით გაყიდა ქრისტე და ამ ჟესტით მასზე მიუთითა", - განმარტა ანჩაბაძემ.

ისტორიკოსი ედიშერ გვენეტაძე აღნიშნავს, რომ უძველესი დროიდან ჩვენს ქვეყანაში მხოლოდ მხარზე ამბორი იყო მიღებული. ისტორიკოსი ჩვენთან საუბარში განმარტავს, რომ მამაკაცების მიერ ერთმანეთის გადაკოცნის წესი საქართველოდან არ არის წამოსული.

"საქართველოში მიღებული იყო უძველესი დროიდან მხარზე კოცნა. ჩვენს ქვეყანაში როდის შემოვიდა ეს წესი, ამის შესახებ პირდაპირი ისტორიული წყარო არ არსებობს. ზუსტად გეტყვით იმას, რომ მამაკაცების მიერ ერთმანეთის გადაკოცნის კულტურა საქართველოდან ნამდვილად არ მოდის", - განმარტა ისტორიკოსმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×