თიკო ოსმანოვა
29.02.2016

 ცნობილი რუსი ექსპერტის ანდრეი ეპიფანცევის აზრით, მალე შესაძლოა, აფხაზეთმა "საკუთარი დამოუკიდებლობით ვაჭრობა" დაიწყოს მოსკოვთან ან თბილისთან. თბილისში ასეთ პერსპექტივას არარეალურად მიიჩნევენ და ვარაუდობენ, რომ უახლოესი წლების განმავლობაში აფხაზები თუნდაც ფსევდო დამოუკიდებლობას ავტონომიაზე არ გაცვლიან.

რუსი ექსპერტის თქმით, ახლა აფხაზეთი ტოტალურ ჩიხშია და თუ რუსეთი, რომელიც თავადაც არასახარბიელო ეკონომიკურ მდგომარეობაშია, აუცილებელ დიდძალ თანხებს არ გამოუყოფს, სოხუმის ხელისუფლებას მოუწევს, მოსკოვს ან თბილისს მათ შემადგენლობაში ფორმალურად შესვლა შესთავაზოს.

"აფხაზეთში ყველაფერი ნელ-ნელა იქით მიდის, რის შესახებაც უკვე არაერთი წელია, ვსაუბრობდი: სახელმწიფო, რომლის მიზანს აფხაზების ეთნიკური პროექტის რეალიზება წარმოადგენს თვითორგანიზების არქაული - ყქ|||-ყ|ყ საუკუნეების ფორმების საფუძველზე, ძალზე სუსტი სახელმწიფოებრივი და ძალზე ძლიერი კლანური ხელისუფლებით, თანამედროვე პირობებში ვერ ჩამოყალიბდება.

იგი შეუმდგარია მთელი რიგი მიზეზების გამო და უპირველესად, ეკონომიკურად", - ამბობს ეპიფანცევი.

მისივე განმარტებით, პრაქტიკული თვალსაზრისით, ეს უკვე გადაიზარდა ტოტალურ ინფრასტრუქტურულ კოლაფსში, რომლის ნაწილს წარმოადგენს ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა."დამოუკიდებლობის 23 წლის განმავლობაში მის რემონტში არაფერი ჩადებულა, რადგან საკუთარ სახსრებს აფხაზეთი არ გამოიმუშავებს, მოსახლეობა კი თითქმის ტოტალურად არ იხდის მოხმარებული დენის იმ მიზერულ გადასახადსაც კი, რომელიც იქ არის დაწესებული - 40 კაპეიკა კილოვატში.

"შესაბამისად, ინფრასტრუქტურაში მრავალმილიარდიანი ინვესტირების გარეშე ვითარების გამოსწორება შეუძლებელია, ასეთი ფულის შოვნა კი - პრინციპშიც შეუძლებელია, განსაკუთრებით გარე ბაზრებზე კრიზისის მომძლავრების პირობებში. თუმცა, რომც ეშოვათ, ამას მაინც არ ექნებოდა არანაირი აზრი, რადგან შემდეგ თითქმის შეუძლებელი იქნებოდა თანხების მოპოვება ახლა უკვე ამ ინფრასტრუქტურის შენახვისთვის - ისეთი ეკონომიკა ხომ არ არსებობს, რომელიც ამხელა თანხებს მოიტანდა. შესაბამისად, ეს არის ტოტალური ჩიხი", - განმარტავს რუსი ექსპერტი.

მისივე თქმით, შექმნილ ვითარებაში აფხაზეთში ისმის კითხვა - რა გავაკეთოთ? აფხაზურ საზოგადოებას კი მასზე ერთი პასუხი აქვს - ფული რუსეთმა უნდა მოგვცეს.

ეპიფანცევის აზრით, რუსეთისთვის ეს სულ ცოტა ხანში მორიგ დილემაში გადაიზრდება.

"აუცილებელი გახდება, არა უბრალოდ შეინახო რუსეთის ბიუჯეტის ხარჯზე მცხოვრები პარაზიტი აფხაზური სახელმწიფო, არამედ თავიდან აშენო მისი დანგრეული ინფრასტრუქტურა. ნავთობის მაღალი ფასის პირობებში პასუხი გასაგები იქნებოდა - "რა თქმა უნდა, ავაშენებთ!", მაგრამ ახლა სიტუაცია სხვაგვარია: ფული არ არის და კიდევ დიდხანს არ იქნება" - განმარტავს ექსპერტი და მოვლენათა განვითარების ორ ძირითად ვარიანტს ხედავს:

"1. იმის გათვალისწინებით, რომ აფხაზეთი მცირეა და ათეული მილიარდი რუბლი ინფრასტრუქტურის ნულიდან შენებისთვის რუსული ბიუჯეტისთვის კრიტიკულად არ გამოიყურება, მოსკოვი სამომავლოდ დაეთანხმება ამ ფულის გამოყოფას, შემოიღებს ახალ "პლატონს", გაუზრდის გადასახადებს საკუთარ მოქალაქეებს, გაზრდის ფასებს, კიდევ რამდენიმე წლით გაყინავს პენსიების დაგროვებით ნაწილს თავად რუსეთში - მთავარია, აფხაზებს შეუნარჩუნდეთ შესაძლებლობა, არაფერი აკეთონ და არ იხადონ ელექტროენერგიის გადასახადი;

"2. ფულს არ გამოყოფენ და მაშინ აფხაზეთს კიდევ უფრო მეტი დეგრადაცია ელის, პოლიტიკური კრიზისები და სხვა სახალისო მოვლენები, რომლებიც ადრე თუ გვიან მიიყვანს რესპუბლიკას აუცილებლობამდე, დაიწყოს ვაჭრობა საკუთარი დამოუკიდებლობით, ანუ შესთავაზოს მოსკოვსა და თბილისს, ფორმალურად შევიდეს ან ერთის ან მეორის შემადგენლობაში ყველა ამჟამინდელი პრივილეგიის შენარჩუნებითა და აფხაზების საქმეებში ჩაურევლობისა და კმაყოფის არაჩვეულებრივი პირობებით. დაველოდოთ", - დასძენს ეპიფანცევი.

თბილისში ამ პროგნოზს არა რეალურად უყურებენ და ჯერჯერობით მოვლენათა განვითარების მხოლოდ ერთ სცენარს განიხილავენ.

აფხაზეთის უშიშროების ექს-მინისტრის ლევან კიკნაძის თქმით, აფხაზები დარწმუნებული არიან, რომ იმსახურებენ "დამოუკიდებლობას" და შესაბამისად, მისი თქმით, ისინი ამას ავტონომიაში არ გაცვლიან.

"ჩემი აზრით, რასაც ამ ბოლო დროს ვაკვირდები, შეიძლება მყარად ითქვას, რომ აფხაზეთი ავტონომიაზე არ დათანხმდება. მომავალში კი თუ ავტონომიაზე მიდგა საკითხი, არ მგონია, თავად აფხაზებმა მოინდომონ. დარწმუნებულნი არიან, რომ იმსახურებენ "დამოუკიდებლობას". ასე რომ, ახლო მომავალში თუნდაც ფსევდო დამოუკიდებლობას ავტონომიაზე არ გაცვლიან.

"თუ რუსეთს ისე გაუჭირდა, რომ აფხაზებს ვეღარ დაეხმარება, და თუ რომელიმეს შემადგენლობაში შესვლის საკითხი მართლაც დადგა, მაშინ ჩვენ უნდა ვიყოთ მომზადებული, რომ ჩვენსკენ გადმოიხარონ. ამ მომზადებაში კი ბევრ რამეს ვგულისხმობ, საქართველო მიმზიდველი უნდა გახდეს ყველანაირად.

"აფხაზები იქიდან ყველაფერს აკვირდებიან. საქართველომ ეს უნდა შეძლოს, მაგრამ თუ ასე წავიდა ვითარება, რაც ახლა ჩვენთან ხდება ეკონომიკური და პოლიტიკური თვალსაზრისით, ვერასდროს ვერ გავხდებით მიმზიდველი", - ამბობს "მთელ კვირასთან" საუბრისას კიკნაძე.

მის აზრს იზიარებს "საქართველოს ევროპელი დემოკრატების" თავმჯდომარე პაატა დავითაია და ამბობს, რომ უახლოესი 5-10 წელი აფხაზები ამ მხრივ აქტიურობას არ დაიწყებენ.

"სამწუხაროდ, ასე არ არის. აფხაზეთში იმდენი რუსი ჯარია და ისე კონტროლდება ყველაფერი, რომ ვინც კი ამ მიმართულებით ოდნავ მოძრაობას იწყებს, ფიზიკურად ანადგურებენ, კლავენ.

"ახალგაზრდობა ჩვენსკენ არ იყურება. ვისაც ურთიერთობა ჰქონდა ქართველებთან, უკვე ძალიან ცოტანი არიან. მომავალში კი, თუ განვვითარდით სერიოზულად, ვგულისხმობ ევროპასთან უვიზო მიმოსვლას და სხვა პერსპექტივებს, შესაძლოა, შემდეგ ვიღაცები გონს მოვიდენ, მაგალითად, მომავალი თაობა, ოღონდ 5-10 წლის შემდეგ. ამ ეტაპზე კი ასეთ პერსპექტივას ვერ ვხედავ", - გვითხრა დავითაიამ.

მისივე თქმით, რუსეთი აფხაზეთის შენახვას ყოველთვის შეძლებს.

"ასეა თუ ისე აფხაზეთი საკუთარი თავის შენახვას ახერხებს. რუსეთი ფულს რომ აძლევს, ის კორუფციულია და იყოფენ. ასე რომ, რუსი კოლეგის აზრი შორეულ პერსპექტივას ჰგავს, რადგან "ეფ-ეს-ბეს" თანამშრომელი რაულ ხაჯიმბა ახლა ვაჭრობას ნამდვილად არ დაიწყებს, გამორიცხულია.

"მაგალითად, აფხაზეთის ერთ-ერთი მედიის წარმომადგენელი ენგურზე გადმოვიდა, შემდეგ ზუგდიდშიც იყო და ამ მხარით აღფრთოვანებული დარჩა - შოკში იყო, მაგრამ იქ რომ ჩავიდა, მალობა გადაუხადა მის ნათესავებს, წინაპრებს ქართველების მოკვლისთვის და აფხაზეთის თავისუფლებისთვის.

"ადამიანი ამას რომ ნახავს და შეადარებს აფხაზეთში გადამწვარ ინფრასტრუქტურას, ბალახს რომ მიაქვს ყველაფერი და შემდეგ ამას დაწერს, რაზეა საუბარი?! ეს არის ადამიანი, რომელიც ომის შემდეგ დაიბადა.

"თანაც საქართველოს მთავრობას არანაირი პოლიტიკა არ აქვს აფხაზებთან დაკავშირებით და რას შესთავაზებს, არ ვიცი. თუმცა, ბევრი სქემა არსებობს და თუ ამუშავდება ამ მიმართულებით, შეიძლება მიმზიდველი გავხდეთ კიდეც", - უთხრა "მთელ კვირას" დავითაიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×