ტყიბულში გაფიცული მაღაროელები ქალაქის გამგეობასთან აქციას კვლავ აგრძელებენ. მათი მოთხოვნები უცვლელია და სამუშაო გარემოს გაუმჯობესებასთან ერთად, ხელფასების დაუყოვნებლივ მომატებას ითხოვენ.
ხელფასების მომატებას არ თანხმდება დამსაქმებელი კომპანია, სადაც აცხადებენ, რომ კომპანიას ხელფასების მხოლოდ 5%-ით გაზრდა შეუძლია და ისიც ეტაპობრივად.
გაფიცულ მუშებს სოლიდარობას უცხადებენ როგორც სტუდენტები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი ელისო ჩაფიძე.
ტყიბულის მეშახტეთა საგაფიცვო კომიტეტი გვერდში დგომისკენ სხვა ინდუსტრიულ ქალაქებსაც მოუწოდებს და ამასთან დაკავშირებით განცხადებასაც ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ დამსაქმებელი კომპანია შახტის გარკვეული უბნების კონსერვაციით იმუქრება და ამის პარალელურად მეშახტეებსა და მათ მხარდამჭერებზე ზეწოლაც გაძლიერდა.
"მივმართავთ ჭიათურას, ზესტაფონს, ქსანს, რუსთავს, სხვა ინდუსტრიულ ქალაქებს და მთელ საქართველოს. ახლა, როგორც არასდროს, საჭიროა მეშახტეების გვერდით დგომა. უმორჩილესად გთხოვთ, რეგულარულად გააკეთოთ გაფიცვის მონაწილეთა მოთხოვნების მხარდამჭერი განცხადებები, გამართოთ სოლიდარობის აქციები თქვენს ქალაქებში. ჩვენ, ტყიბულის მეშახტეთა საგაფიცვო კომიტეტი და მთლიანად გაფიცული მეშახტეები არ ვაპირებთ უკან დახევას. თითქმის ყოველდღე იმართება მოლაპარაკებები, რომლებიც არ სრულდება არავითარი შედეგით", - აღნიშნულია განცხადებაში.
როგორ შეიძლება მოგვარდეს მაღაროელების პრობლემები? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.
ქეთი ბექაური (იურისტი): "საუკეთესო ვარიანტი მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომაა, მაგრამ მე მიმაჩნია, რომ ტყიბულის ეს ობიექტი საკმაოდ სტრატეგიული ადგილია და ის ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის. გარკვეული დათმობა უნდა მოხდეს და მუშახელის ინტერესები უნდა იყოს გათვალისწინებული, უნდა მიეცეთ ის, რასაც ითხოვენ".
თემურ ნანეიშვილი (ფიზიოლოგი): "რაც მე მოვისმინე, ამ ქვანახშირს დიდი გამოყენება არ აქვს, ხარისხიც შედარებით დაბალიაო, როგორც ჩანს, ამონაღები ვერ ამართლებს საიმისოდ, რომ ხელფასები 40%-ით გაზარდოს.
ისეთი გამოსავალი უნდა მოძებნონ, რომ ხელფასების მატების ოპტიმალური ვარიანტი შეირჩეს. იმიტომ, რომ მეორე მხრივ მეშახტეებს ძალზე დაბალი ხელფასი აქვთ და 5%-ით მომატება დაბალია მათთვის.
ყველაზე ცუდი ის არის, რომ ტყიბულს არ შეეხო მაღალმთიანი სოფლების კანონი, რამაც იმოქმედა მათ ხელფასებზე. მე ვფიქრობ, ამ ყველაფრის გათვალისწინებით პრობლემის მოგვარების ოპტიმალური ვარიანტი უნდა შეირჩეს".
რეზო მიშველაძე (მწერალი): "კეთილი უნდა ინებოს ერთმა მხარემ და დაუთმოს მეორეს. საქმე ის გახლავთ, რომ ხელისუფლების ოპოზიციას, იგივე "ნაცმოძრაობას" სურს, რომ ეს გადაიზარდოს საერთო წინააღმდეგობაში და არის ერთი ამბავი, რომ როგორმე სხვა ქალაქებსაც გადაედოს.
მაგრამ მე გამკვირვებია დამსაქმებლის დამოკიდებულება გაფიცული მუშების მიმართ. შეხედონ სახეზე ამ მუშებს, რა გულწრფელები არიან ისინი, შეხედონ ხელებზე, რომ დღე და ღამ შავ წყალში დგანან და ცოლ-შვილისთვის 2 კაპიკის მოპოვებას ცდილობენ.
ნუთუ ხელისუფლებას არ შეუძლია, რომ ცოტა წაუჯიკოს კომპანიის მეპატრონეებს, რომ მარტო თავის ჯიბეში ნუ იხედებიან და მუშებს მოუმატონ ხელფასი. ვინც მათ ხელფასს არ უმატებს და ჯიუტად იქცევა, იცოდეთ, ის მომხრეა იმისა, რომ ქვეყანაში საყოველთაო არეულობა გაჩაღდეს. ჩვენ კიდევ არეულობა და უბედურება გვაკლია ისედაც გაღლეტილ საქართველოს?!
მე ვფიქრობ, რომ გაფიცულნი აბსოლუტურად მართლები არიან (ამას არ ვამბობ წამქეზებლებზე) და მათ სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს ეს დავა. აქვს კომპანიას და სახელმწიფოს იმის საშუალება, რომ ყველაზე ცუდ მდგომარეობაში მყოფ მუშებს ხელფასები მოუმატონ."
თედო დონდუა (ისტორიკოსი): "ეს არ არის სახელმწიფო დონის პრობლემა, ეს არის დამსაქმებელსა და მუშებს შორის არსებული პრობლემა, სადაც უნდა ჩაერიოს პროფკავშირები. ერთმანეთს უნდა მოუსმინონ და მოილაპარაკონ, ამის გარეშე არ გამოვა. სახელმწიფო დონის ჩარევა აქ არ შიძლება.
პროფკავშირები იმისთვის არსებობს, რომ ყოველთვის იცავდნენ დაქირავებულის უფლებებს. სწორედ ამ სამ მხარეს შორის უნდა მოგვარდეს ეს პრობლემა."
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე