კოალიციიდან არავინ გაირიცხება და არაკორექტული განცხადებები ორივე მხრიდან უნდა შეწყდეს - ასეთია ფრაქცია "ქართული ოცნებისა" და პრემიერ კვირიკაშვილის შეხვედრისას დეპუტატების მისამართით გაგზავნილი მესიჯი, სავარაუდოდ, ექსპრემიერ ივანიშვილის მხრიდან.
"ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს სხდომა ჯერ არ შეკრებილა, თუმცა დიდი ვნებათაღელვის შემდეგ უკვე გარკვეულია, რომ გოგი თოფაძესა და "რესპუბლიკელებს" შორის ბრალდებების საჯარო ომი პრემიერმა კვირიკაშვილმა დასრულებულად გამოაცხადა და "რესპუბლიკელების" დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად თოფაძე დეპუტატად ისევ დარჩება.სავარაუდოდ, მანამდე, სანამ პარლამენტი მის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს სურსათის უვნებლობის შესახებ არ მიიღებს, მერე კი ის "თავისი ნებით" დატოვებს მანდატს და შეასრულებს ნოემბერში დადებულ პირობას წასვლაზე.
პოლიტოლოგების აზრით, მიუხედავად იმისა, რომ თოფაძე-რესპუბლიკელებს შორის ბრალდებები უკიდურესად მწვავეა, ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის მხრიდან მოწოდება მშვიდობიანი თანაარსებობისკენ საკმარისია იმისთვის, რომ მტრები დაშოშმინდნენ. ამიტომ ვარაუდობენ, რომ პროცესში ბიძინა ივანიშვილიც ჩაერთო და დეპუტატებს გიორგი კვირიკაშვილის პირით ამცნო, საჯარო დებატები და არაკორექტული განცხადებები შეწყვეტილიყო.
სწორედ ამიტომაც იყო, რომ ფრაქციის შეკრების შემდეგ დეპუტატები კოალიციის ერთიანობაზე და შერიგებაზე თავდაჯერებით ალაპარაკდნენ. უკვე ერთ კვირაზე მეტია კოალიციის წევრები პოლიტსაბჭოს შეკრებას ელოდებიან, სადაც უნდა განიხილონ თოფაძე-"რესპუბლიკელების" დაპირისპირება და წერტილი დაესვას პოლემიკას კოალიციის დაშლასა თუ თოფაძის სავარაუდო გარიცხვაზე.
მანამდე კი, კვირას, ფრაქცია "ქართულ ოცნებას" პრემიერის რანგში პირველად შეხვდა გიორგი კვირიკაშვილი და ამ შეხვედრიდან გამოსული დეპუტატები უკვე ხმამაღლა და თამამად აცხადებენ იმას, რომ თოფაძე-"რესპუბლიკელებს" შორის უთანხმოება დასრულებულია და კოალიცია ერთიანად ემზადება არჩევნებისთვის.
უფრო მეტიც, ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე გია ვოსლკიმ ისიც კი განაცხადა, რომ პრემიერმა კვირიკაშვილმა კორექტულობისკენ მოუწოდა არა მარტო თოფაძეს, არამედ "რესპუბლიკელებსაც".
"პრემიერმა კორექტულობისკენ მოუწოდა არანაკლებ "მრეწველებისა" "რესპუბლიკელებსაც". მნიშვნელოვანია, რომ განცხადებების დროს დავიცვათ კორექტულობა. გამომდინარე პოლიტიკური მნიშვნელობიდანაც და აუცილებლად კიდევ პიროვნული ურთიერთობებიდან", - განაცხადა ვოლსკიმ.
მისი თქმით, თოფაძესა და "რესპუბლიკელებს" შორის არსებულ დაპირისპირებაზე საუბარი იქნება პოლიტსაბჭოს სხდომაზე, რომლის თარიღზეც ჯერჯერობით პრემიერი ჩამოყალიბებული არ არის.
გია ვოლსკი აცხადებს იმასაც, რომ კოალიციურობის თემასთან დაკავშირებით შეკითხვები არ იქნება, მაგრამ ამ საკითხს პოლიტსაბჭოს სხდომაზე დაუბრუნდებიან.
"კონსერვატორების" ლიდერი ზვიად ძიძიგური ამბობს, რომ "რესპუბლიკელებსა" და "მრეწველებს" შორის იყო უთანხმოება და ის ამ ეტაპზე დასრულებულია.
"კარგი მაგალითი მივიღეთ, რომ საჯარო სივრცეში ასეთი დებატები აღარ გაიმართოს. კოალიცია ერთიანად ემზადება არჩევნებზე გასასვლელად და მოულოდნელობებს და სიურპრიზებს აღარ ველოდებით", - განაცხადა ძიძიგურმა.
დიპლომატიური აკადემიის რექტორი სოსო ცინცაძე ამბობს, რომ "პოლიტსაბჭოს სხდომაზე თოფაძის გაგდება, ან ყურის აწევა არ მოხდება და ამდენად არც იმის თქმის საფუძველი გვექნება, რომ აი, "რესპუბლიკელებმა" თავისი გაიტანეს და კიდევ უფრო გაძლიერდნენ.
მისი თქმით, არჩევნებამდე 6-7 თვით ადრე კოალიციიდან ვინმეს გარიცხვა, ასეთი მკვეთრი რყევები საკვირველი გამორიცხული იყო, ამდენი "ოცნების" ხელმძღვანელობასაც ესმის და ელემენტარულად მოხდება ის, რომ ამ კონფლიქტის საფუძვლიანი გარჩევა სამომავლოდ გადაიდო.
"კარგად მახსოვს, ბერძენიშვილების დუეტი რომ გაიძახოდა, "მრეწველებთან" არ გვაქვს პრეტენზია, ერთ კაცთან გვაქვსო, რაც იმას ნიშნავდა, რომ ის ერთი კაცი "მრეწველებს" თავად უნდა გაეგდოთ რიგებიდან. თუმცა ეს იყო "რესპუბლიკელების" პოზიცია და არა კოალიციის ხელმძღვანელობის.
"ახლა კი მინიშნება იმაზე, რომ კორექტულობა აკლდა თოფაძესაც და "რესპუბლიკელებსაც", ეს იმას ნიშნავს, რომ ორივეს უთხრეს, ახლა დავის დრო არ არის-ო", - მიიჩნევს ცინცაძე.
პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებები დიდი იყო, საბოდიშოც ორივე მხარეს ჰქონდა, მაგრამ ბოდიში არცერთ მხარეს არ მოუხდია, მაინც თავიდანვე აშკარა იყო, რომ კოალიცია "ქართული ოცნება" ეცდებოდა, ორივე პოლიტიკური ძალა შეენარჩუნებინა და ამას ყველა იძახდა. ხოლო თუკი ვერ შეძლებდა, უკვე მერე დაიწყებოდა არჩევანი.
"ჯერჯერობით ჩანს, რომ ორივეს შენარჩუნება შეძლეს და ამ შემთხვევაში რამ გაჭრა, ეს თავად "ქართულ ოცნებას" უნდა ვკითხოთ. ივანიშვილის მოწოდება მშვიდობიანი თანაარსებობისა ორივე მხარისთვის უკვე საკმარისი იქნებოდა იმისთვის, რომ მტრები დარბილებულიყვნენ. თუმცა რამდენად იყო ჩართული ამ საკითხში ივანიშვილი, ამაზე საუბარი რთულია. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ივანიშვილი ჩაერთო", - მიიჩნევს საყვარელიძე.
სოსო ცინცაძის თქმით, თოფაძე რომ არ გარიცხეს და ორივე მხარეს გაჩუმებისკენ მოუწოდეს, ეს გადაწყვეტილება სწორედ ივანიშვილმა მიიღო. ამბობს, რომ ჩვენ გვახსოვს ივანიშვილის ნათქვამი, გოგი 75 წელს არის მიღწეული და წამოცდენები აქვს, მაგრამ კარგი კაციაო და ეს დამოკიდებულება მუშაობს.
სოსო ცინცაძე: "რასაკვირველია, ივანიშვილს ჰკითხავდნენ, როგორ მოვიქცეთო და ივანიშვილმაც ასეთი გადაწყვეტილება მიიღო. მას ესმის, რომ წინასაარჩევნოდ გამწვავება და განხეთქილება წამგებიანია. ეს ესმის კვირიკაშვილსაც, ვოლსკისაც, ამიტომ ორივე მხარეს მიანიშნეს, თქვენ მეტი საქმე არ გაქვთ? აგერ ცხვირწინ არჩევნებია, ჩვენი რეიტინგი ისედაც ერთი ადგილისკენ მიდის და რა დროს ეს გარჩევებია, არჩევნების შემდეგ ვარჩიოთო.
თანაც ვიცით, რომ თოფაძე სიაში მაინც არ იქნება, ის მიდის და ამიტომ დრო გადაწყვეტს ამ პრობლემას. ეს სწორი გადაწყვეტილებაა. ახლა ის არის მთავარი, არჩევნებამდე დარჩენილ ამ 6-7 თვეს შეინარჩუნებენ თუ არა სტრატეგიულ დუმილს თოფაძე ან "რესპუბლიკელები".
პოლიტოლოგის ვარაუდით, რადგან პოლიტკორექტულობით არცერთი მხარე არ გამოირჩევა და ეს დაპირისპირება უკვე პირადულშია გადასული, ქართული ხასიათიდან გამომდინარე, რთული იქნება თქმა, შენარჩუნდება თუ არა "სტრატეგიული დუმილი".
"გოგი თოფაძე მაინც არაფერს კარგავს. ის პარლამენტიდან მიდის, ეს მან უკვე შარშან თქვა. თან მან ისიც იცის, რომ სინამდვილეში ივანიშვილი მას თანაუგრძნობს. ამას ექსპრემიერი არ გამოავლენს, მაგრამ მის მხარეს არის და აქედან გამომდინარე, თოფაძეს გაუჭირდება, ეს ნაბრძანები სიჩუმე შეინარჩუნოს. თოფაძის მიერ სტალინზე გაკეთებული განცხადების შემდეგ ივანიშვილის პასუხი, გოგის წამოცდენები აქვს, მაგრამ კარგი კაციაო, ამაზე პირდაპირ მიუთითებს.
"დავით ბერძენიშვილმაც კი აღნიშნა, ივანიშვილისთვის თოფაძე ახლობელია, ჩემთვის - არაო. სწორედ ამის გამო თოფაძეს არავინ გარიცხავდა კოალიციიდან, თუმცა მისი წასვლა გადაწყვეტილია და ეს კარგია "ოცნებისთვის", რადგან თოფაძის და "რესპუბლიკელების" ერთ საარჩევნო სიაში ყოფნა წარმოუდგენელი იქნება," - აღნიშნავს ცინცაძე და დასძენს, რომ ამ ეტაპზე "რესპუბლიკელებმა" დემონსტრაციულად ვერ გაიმარჯვეს, ამიტომ ამ შეურაცხყოფას არ გადაყლაპავენ, თუმცა ამ ეტაპზე ივანიშვილისაგან ორივე მხარისათვის ირიბი მინიშნებაა, რომ თუკი არ გაჩერდებით, ნავიდან გადაგყრითო და ამიტომაც იძულებულნი არიან, საჯაროდ ბრალდებები შეწყვიტონ, ან შეარბილონ მაინც.
"ფორმალურად ბოდიშიც კი არ უთქვამს თოფაძეს. მან არჩევნების გამყალბებელი, მურვან ყრუ უწოდა "რესპუბლიკელებს" და მორჩა. ამიტომ ამას "რესპუბლიკელები" ვერ გადაყლაპავენ. რესპუბლიკელები ელოდნენ, რომ მათზე არაფერს იტყოდნენ, ხოლო თოფაძეს დამნაშავედ გამოაცხადებდნენ. ხოლო თუკი იმაზეა საუბარი, რომ ახლა გარჩევის დრო არ არის, ეს იმას ნიშნავს, რომ თოფაძეს ბრალდებები ხახვივით შერჩა, მაგრამ სხვა გამოსავალი არ იყო.
"როგორც ჩანს, ასე ივანიშვილმა გადაწყვიტა. ყველამ კარგად იცის, წინასაარჩევნოდ არც "მრეწველებს" და არც "რესპუბლიკელებს" არ შეუძლიათ რამდენიმეათასიანი აუდიტორიის შეკრება, "ქართული ოცნებიდან" კიდევ ვინმეს თუ დაელაპარაკება ხალხი, ისევ ბიძინა ივანიშვილია, ამიტომ "სიზიფეს ტვირთი" ისევ ივანიშვილმა უნდა ატაროს. ყველანი ერთ ნავში სხედან, ბუნტი ამ ნავში მოხდა და მათი შერიგება გამორიცხულია. ამიტომ ივანიშვილმა ორივე მხარეს ირიბად მიანიშნა, რომ თუკი არ გაჩერდებით, ნავიდან გადაგყრითო", - დასძენს ცინცაძე.