ვახტანგ შამუგია
02.03.2016

 ქართულ ჯარში ღრმა სტრუქტურული მოდერნიზება მიმდინარეობს. 27 თებერვალს ჩატარებულ უშიშროების საბჭოს სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება ორი - დასავლეთის და აღმოსავლეთის - ოპერატიული სარდლობის შექმნის შესახებ.

ახალი სისტემა ცენტრალიზებულ კონტროლსა და დეცენტრალიზებულ აღსრულებას გულისხმობს და მიზნად ისახავს ნატოს სტანდარტებთან თავსებადი შეიარაღებული ძალების შექმნას. რეფორმის ჩასატარება თავდაცვის სამინისტრომ ერთი თვის ვადაში უნდა მოახერხოს.

"მთავარი ამოცანაა, რომ ქართული შეიარაღებული ძალები იყოს ადვილად ოპერირებადი, არ არსებოდებს აბსოლუტური ცენტრალიზაცია და ყველანაირი რესურსის კონცენტრირება მოხდეს იმისათვის, რომ საფრთხის შემთხვევაში საქართველოს ერთი ნაწილი არ აღმოჩნდეს დაუცველი, როგორც აგვისტოს ომმა გვაჩვენა, როცა პრაქტიკულად შუაზე გაწყდა საქართველო," - განუცხადა ჟურნალისტებს საბჭოს სხდომიდან გამოსულმა თავდაცვის მინისტრმა, თინა ხიდაშელმა.

გენერალური შტაბის უფროსის, ვახტანგ კაპანაძის თქმით, რეფორმის შედეგად ქართული არმია გახდება უფრო მოქნილი, აღიჭურვება ოპერატიული მოქმედების მეტი საშუალებით და ადგილობრივ სარდლობას თავისი რესურსებისა და პოტენციალის შესახებ მეტი ცოდნა ექნება.

სახმელეთო ჯარების დასვალეთ და აღმოსავლეთ სარდლობა საქართველოში დიდი ხანია რაც არსებობს, თუმცა ოპერატიული სარდლობის შექმნა ყველა კომპონენტს გააერთიანებს.ქართულ ჯარში 20 000-მდე ადამიანი მსახურობს. იგი ხუთი ქვეითთა (სამი დასავლეთ და ორი აღმოსავლეთ საქართველოში) და ორი საარტილერიო (ერთი ხონში, მეორე კი ვაზიანში არის დისლოცირებული) ბრიგადისგან შედგება.

დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ოპერატიული სარდლობის შექმნაზე საუბარი 2013 წლის დასაწყისშიც იყო, თუმცა რეალური ნაბიჯები საამისოდ არ გადადგმულა.

ერთი შეხედვით, ეს გადაწყვეტილება ქვეყნის რთული გეოგრაფიული მდებარეობის გათვალისწინებით სწორია. ლიხის ქედი, რომელიც სახელმწიფოს ორ ნაწილად ყოფს, რთულ ბუნებრივ წინაღობას ქმნის ძალების ერთი ან მეორე მიმართულებით გადასასროლად. ამასთან, სავარაუდო მოწინააღმდეგეს თბილისი-ლესელიძის საგზაო მონაკვეთის ბლოკირება თუნდაც ცხინვალის რეგიონში დისლოცირებული მე-4 სამხედრო ბაზის ძალებითაც შეუძლია. საჭიროების შემთხვევაში, მტრის ავიაცია რიკოთის სარკინიგზო თუ საავტომობილო გვირაბების ჩახერგვასა და სამანქანო გზის შესაბამისი საავიაციო ბომბებითა თუ რაკეტებით მძიმედ დაზიანებას მარტივად მოახერხებს...

მოწინააღმდეგეს გააჩნია როგორც ინტერნეტ, აგრეთვე სატელეფონო და სხვა სახის კავშირის ჩახშობის საშუალებაც.

ყოველივე ამის გათვალისწინებით, ერთი შეხედვით, მსგავსი გადაწყვეტილება საქართველოს თავდაცვისუნარიანობასა და არმიის ბრძოლისუნარიანობას მნიშვნელოვანწილად აამაღლებს. თუმცა ამ მოსაზრებას არ იზიარებს სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია. მისი თქმით, მთავარი და აუცილებელია თავდაცვითი დოქტრინის განახლება, რადგანაც არ არსებობს ერთიანი, სისტემატიზებული ხედვა იმისა, თუ როგორი უნდა იყოს საქართველოს უსაფრთხოების კონცეფცია.

"თავდაცვისუნარიანობის ასამაღლებლად მხოლოდ ორი ოპერატიული სარდლობის შექმნა არ არის საკმარისი. აუცილებელია ე.წ. "წრიული თავდაცვის" ანუ ოთხი ოპერატიული შტაბის შექმნა - სამხრეთის, ჩრდილოეთის, დასავლეთის და აღმოსავლეთის მიმართულებით. სავარაუდო მოწინააღმდეგეს აქვს იმის რესურსი, რომ საქართველოს საფრთხე ოთხივე მხრიდან შეუქმნას. შესაბამისად, მხოლოდ ორმა შტაბმა ეფექტურად გაართვას თავი ამ ამოცანას, ცოტა არ იყოს, მეეჭვება. მართალია, გენერალურ შტაბში არიან საკუთარი საქმის კარგად მცოდნე და ნიჭიერი ადამიანები, მაგალითად, როგორიც არის ბატონი ვახტანგ კაპანაძე და სხვა ოფიცრები, მაგრამ პროფესიონალური კადრების დეფიციტი მაინც იგრძნობა. რაც მთავარია, საჭიროა ერთიანი, ახალი სისტემატიზებული დოქტრინის შემუშავება. მართალია, არსებობს ცალკეული ხედვები, მაგრამ საჭიროა მათი თავმოყრა და გაერთიანება," - უთხრა "რეზონანსს" ვახტანგ მაისაიამ.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი პრინციპით იმართებოდა თავის დროზე საბჭოთა კავშირის "წითელი არმია", აგრეთვე რუსეთისა და ისრაელის, ჩინეთის და სხვა ქვეყნების ჯარები დღეს... თუ რუსეთის შემთხვევაში ამის მიზეზი მისი ვრცელი ტერიტორიაა, ებრაული სახელმწიფო ამ სტრატეგიას არამეგობრული სამეზობლოსაგან თავის ეფექტურად დასაცავად იყენებს.

2008 წლის აგვისტოს ომმა ნათლად დაგვანახა, რომ მოწინააღმდეგის მიერ ქვეყნის მთავარი მაგისტრალის ბლოკირებისა და საჰაერო სივრცის გაკონტროლების შემდეგ, ქართული არმიის მართითქმის მოიშალა. თავის მხრივ, სენაკის მე-2 ქვეითი და ხონის საარტილერიო ბრიგადის ცხინვალის რეგიონში გადმოსროლამ რუსულ არმიას დასავლეთ საქართველოს მნიშვნელოვანი ნაწილის ოკუპაცია გაუადვილა.

სამხედრო მიმომხილველის, გიორგი ინაურის ვარაუდით, დასავლეთისა და აღმოსავლეთის ოპერატიული სარდლობის შექმნა მოვლენათა მსგავსი სცენარით განვითარების ალბათობას მინიმუმდე დაიყვანს.

"საქართველოს მთავარი საფრთხე სამი მხრიდან ელოდება, ერთი, ეს არის აფხაზეთის, ანუ დასავლეთის მიმართულება, მეორე, შიდა ქართლის მიმართულება და მესამე, სამხრეთის მიმართულება. საუბარია სომხეთში, გიუმრიში დისლოცირებულ 102-ე რუსული სამხედრო ბაზაზე, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს სრულ საბრძოლო მზადყოფნაში იყო.

"გამომდინარე აქედან, საჭიროა სამხედრო ძალის შესაბამისად გადანაწილება და მისი მართვის ავტონომიურობის პროცესის უზრუნველყოფა, რათა საჭიროების შემთხვევაში, ადგილობრივი მნიშვნელობის სამხედრო ამოცანების შესრულება ამა თუ იმ ქვედანაყოფმა დამოუკიდებლად შეძლოს.

"აუცილებელია, შეიარაღება, საარტილერიო დანადგარები, მძიმე ტექნიკა და ა.შ. ამ სარდლობებს დაქვემდებარებულ ერთეულებში თანაბრად გადანაწილდეს. მართალია, ეს დამატებით ხარჯებთან იქნება დაკავშირებული, მაგრამ ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფის გარეშე აზრი არაფერს აქვს. ქვეყნის პოლიტიკური თუ სამხედრო მმართველობა არ უნდა იყოს კონცენტრირებული ერთ კონკრეტულ ადგილას და დეცენტრალიზებული უნდა იყოს. საჭიროა ავტონომიურ რეჟიმში მოქმედების უნარების გამომუშავება. აგვისტოს ომმა ეს ნათლად დაგვანახა," - თქვა ინაურმა.

ცნობისთვის, ოკუპირებულ აფხაზეთში, ქალაქ გუდაუთასთან დისლოცირებული მე-7 რუსული სამხედრო ბაზა 4 000 სამხედრო მოსამსახურეს ითვლის, რომელთა შეიარაღებაშიც თანამედროვე მძიმე ტექნიკა და საარტილერიო დანადგარებია, ამას ემატება ბომბორის უკვე აღდგენილი სამხედრო აეროდრომი, რომელზეც განთავსებულია რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალების კუთვნილი ავიაცია.

დასავლეთის მიმართულებაზე საფრთხეს წარმოადგენს რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტი. იგი 50-მდე სხვადასხვა ფუნქციის მქონე მცურავი საშუალებისაგან შედგება. მათ შორის აღსანიშნავია კრეისერი "მოსკვა" და ათამდე დიდი სატრანსპორტო-სადესანტო ხომალდი, რომლებსაც ჯარების გადასხმა ევალება.

სხვათა შორის, შავი ზღვის ფლოტმა 2008 წლის აგვისტოს ომის მსვლელობისას აფხაზეთის ტერიტორიაზე ჯარების ოპერატიულად გადასროლაში დიდი როლი ითამაშა.

აღმოსავლეთ საქართველოში, ცხინვალთან ახლოს მდებარეობს მე-4 ბაზა. აქ სამხედრო სამსახურს 4 000-ზე მეტი სამხედრო გადის. მათი შეიარაღებაც საკმაოდ შთამბეჭდავია და მძიმე ტექნიკის სხვადასხვა დანიშნულების 250 ერთეულზე მეტს ითვლის. აქ, ისევე როგორც გიუმრის 102-ე სამხედრო ბაზაზე, კრემლს შორსმსროლელი რეაქტიული ცეცხლის საარტილერიო დანადგარ "სმერჩის" ბატარეა და ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსი "ისკანდერი" ჰყავს გადმოსროლილი. მათი მოქმედების რადიუსში დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს თითქმის მთელი ტერიტორია ხვდება.

დიდი საფრთხის შემცველია სომხეთში, საქართველოს საზღვრიდან სულ რაღაც 30 კმ-ის დაშორებულ ქალაქ გიუმრისთან დისლოცირებული სამხედრო ბაზა, რომლის ტერიტორიაზე დისლოცირებული მძლავრი რადარები და საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების მოქმედების არეალი ქვეყნის მნიშვნელოვან ტერიტორიას ფარავს.

როგორც 2008 წლის აგვისტოს ომის მწარე გამოცდილებამ გვიჩვენა, უმჯობესია, რომ ჯარებს ფორს-მაჟორულ სიტუაციაში ავტონომიურ რეჟიმშიც შეეძლოთ მოქმედება.

ამავე დროს მხოლოდ სტრუქტურული რეფორმა არ არის საკმარისი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ასამაღლებლად. საჭიროა მძლავრი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემებისა და, შესაძლებლობის შემთხვევაში, სახმელეთო ბაზირების მობილური ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსები, რათა მოწინააღმდეგემ ვერ მოახერხოს თანამედროვე ომებში წარმატების მთავარი გარანტის, საჰაერო ბატონობის მოპოვება და ვერც სადესანტო ოპერაციის დაუსჯელი განხორციელება მოახერხოს ისე, როგორც ეს 2008 წელს მოხდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×