სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლეობის მსურველთა ხუთეულში საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი ვერ მოხვდა. ეს უკანასკნელი სამთავრობო კომისიის გადაწყვეტილებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს. ამის საპასუხოდ იუსტიციის სამინისტრომ სამთავრობო კომისიის თითოეული წევრის მიერ პაპუაშვილისათვის მიკუთვნებული ქულები გამოაქვეყნა.
"იუსტიციის სამინისტრო აქვეყნებს სამთავრობო კომისიის თითოეული წევრის მიერ გიორგი პაპუაშვილისათვის მიკუთვნებულ ქულებს. აქვე განვმარტავთ, რომ მაქსიმალური ქულა იყო - 5. თეა წულუკიანი - 0,5; ხათუნა თოთლაძე - 1; შალვა თადუმაძე - 0; მამუკა ვასაძე - 1; ეკა ბესელია - 2; ვახტანგ ხმალაძე - 4.5; მზია თოდუა - 2; უჩა ნანუაშვილი - 2.5; ზაზა ხატიაშვილი - 2; ირაკლი ბურდული - 3; ანა ნაცვლიშვილი - 2; საშუალო ქულა - 1.86.
"საქართველოს იუსტიციის სამინისტრო მოუწოდებს ბატონ გიორგი პაპუაშვილს, კიდევ ერთხელ გაეცნოს მისთვის გუშინ მიწოდებულ ამ ინდივიდუალურ შეფასებებს და საშუალო ჯამურ ქულას, რომელიც სამთავრობო კომისიის სრულმა შემადგენლობამ 2016 წლის 28 თებერვალს ერთსულოვნად დაამტკიცა," - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
როგორც პაპუაშვილმა "რუსთავი 2"-თან საუბრისას განაცხადა, ევროსასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესი მთლიანად პოლიტიზებული იყო.
"თვითონ კომისიის უმრავლესობა ხელისუფლების წარმომადგენლები იყვნენ, რომლებსაც ისედაც უკიდურესად ნეგატიური დამოკიდებულება აქვთ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ. ცნობილი არის კომისიის თავმჯდომარის, იუსტიციის მინისტრის ასევე ალერგიული დამოკიდებულება ჩემსა და საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ, განსაკუთრებით ბოლო პერიოდის გადაწყვეტილებების შემდგომ," - განაცხადა გიორგი პაპუაშვილმა.
სპეციალური სამთავრობო კომისია ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლის კანდიდატურების შერჩევისთვის მთავრობის განკარგულების საფუძველზე შეიქმნა.
კომისიის 11-მა წევრმა 11 კანდიდატი შეაფასა, რომლებმაც შერჩევის წინა ორი ეტაპი წარმატებით გაიარეს. 11 კანდიდატიდან კომისიამ 5 შეარჩია - ნანა მჭედლიძე, ალექსანდრე ბარამიძე, გიორგი ბადაშვილი, ანა დოლიძე და ევა გოცირიძე. მთავრობის მიერ დამტკიცებული 3 კანდიდატიდან ერთ-ერთს ევროპის საბჭო 2016 წლის შემოდგომაზე აირჩევს.
სტრასბურგში მოსამართლეობის სურვილი 47-მა კანდიდატმა გამოთქვა, მათგან შეირჩა 13 კანდიდატი. ამის შემდეგ მათ საბჭოს ერთ-ერთი ოფიციალური ენის (ინგლისური ან ფრანგული) ცოდნის დონის შესამოწმებლად ტესტირება გაიარეს. გამოცდაზე 12 კანდიდატი გამოცხადდა, რომელთაგანაც ენის ტესტი ყველამ გადალახა. გასაუბრებამდე ერთმა კანდიდატმა საკუთარი თავი თავად მოხსნა.
როგორც საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე და სამთავრობო კომისიის წევრი ზაზა ხატიაშვილი "რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, კანდიდატები ცოდნის დონით, პროფესიონალზმით, დამოუკიდებლობის ხარისხითა და წარსული საქმიანობიდან გამომდინარე შეფასდნენ.
"ევროპის სასამართლოსთვის მთავარია, რომ კანდიდატს კარგი მორალური და ზნეობრივი რეპუტაცია ჰქონდეს. ამიტომაც პირადად მე კანდიდატებს ამ კრიტერიუმებით ვარჩევდი. პაპუაშვილი არაობიექტურად არავის შეუფასებია. ვფიქრობ, მისთვის 2 ქულაც ზედმეტი იყო, წულუკიანის მსგავსად 0.5 ქულა უნდა დამეწერა. პაპუაშვილი სააკაშვილის ხელისუფლების პერიოდში ჩამორთმეულ ბლადაძის სახლში ცხოვრობს. მე ვკითხე, ამაზე დისკომფორტი თუ ექმნებოდა, რაზეც მიპასუხა, რომ მისი ბრალი არ იყო. როდესაც სხვის სახლში ცხოვრობს და ამაზე დისკომფორტი არ აქვს, დამოუკიდებელი რანაირად უნდა იყო?! აქედან გამომდინარე, 2 ქულა დავუწერე.
"ასეთი მორალური რეპუტაციის მქონე ადამიანი, რომელზეც ევროსაბჭოს რეზოლუცია არსებობს, რომ ის, სავარაუდოდ, სხვის სახლში ცხოვრობს, როგორ შეიძლება საქართველოს სახე იყოს?" - კითხულობს ზაზა ხატიაშვილი.
"პაპუაშვილთან უფრო კარგი ურთიერთობა მაქვს, ვიდრე ბარამიძესთან, მას ხმას საერთოდ არ ვცემ, მაგრამ ისე ფანტასტიკურად გამოვიდა, რომ არ შეიძლებოდა მისთვის 5 ქულა არ დაგეწერა.
"უმაღლესი გამოსვლა ჰქონდა ასევე ნანა მჭედლიძესაც, რომელიც საოცრად კარგად მომზადებული მოვიდა. ამოიღეთ და ნახეთ ჩანაწერები, ვის როგორი გამოსვლა ჰქონდა," - აღნიშნა ხატიაშვილმა.
როგორც იურისტი ლია მუხაშავრია "რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, კონკრეტულად პაპუაშვილის საქმეს ვერ შეაფასებს.
"რაც შეეხება პროცედურებს, ეს ძალიან მარტივია. სამი კანდიდატი უნდა შეირჩეს, რომელთაგანაც ევროპის საბჭო ერთს შეარჩევს. გენდერული საკითხი აუცილებლად გათვალისწინებული უნდა იყოს. შერჩევის ორად ორი კრიტერიუმი არსებობს - იურისპრუდენციის დარგის ცოდნა და მაღალი მორალური თვისებები. მე არ ვიცი, რა კრიტერიუმების მიხედვით გადაწყვიტეს მათ, რომ პაპუაშვილისთვის შედარებით დაბალი შეფასება მიეცათ. ამიტომ ამ მხრივ შეფასებას ვერ გავაკეთებ," - განაცხადა მუხაშავრიამ.