კოალიცია "ქართული ოცნებაში" დაპირისპირება გრძელდება. ცოტა ხნის წინათ ერთმანეთს პარტია "მრეწველები" და "რესპუბლიკელები" ღიად დაუპირისპირდნენ. ამას ბიძგი მისცა გოგი თოფაძის ბრალდებამ, რომ თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა საგარეჯოში არჩევნები გააყალბა.
ამის შემდეგ რამდენიმე კვირა მხარეები ერთმანეთს პერმანენტულად აკრიტიკებდნენ, შიგადაშიგ კრიტიკაზე მორატორიუმს აცხადებდნენ და ისევ აკრიტიკებდნენ. კოალიციურმა მედიაციამ პრობლემა ვერ გადაჭრა.
თუმცა სამშაბათს "რუსთავი 2"-ის ეთერში თინა ხიდაშელმა თოფაძე, მართალია ირიბად, მაგრამ ერთმნიშვნელოვნად დაადანაშაულა რუსეთის კარნახით მოქმედებაში.
როგორ ფიქრობთ, უკანასკნელი მოვლენების გათვალისწინებით, მიაღწევს თუ არა არჩევნებამდე კოალიცია "ქართული ოცნება" არსებული შემადგენლობით? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოებისთვის ცნობილ ადამიანებს მიმართა.
გიგა ნასარიძე (ა/ო "საქართველო არ იყიდება"): საქმე ის გახლავთ, რომ კოალიცია "ქართული ოცნების" ზოგიერთ ბლოკს კოალიციის დატვება რაც უნდა ძლიერ უნდოდეს, არ დატოვებს, რადგან ბატონი ბიძინა ივანიშვილის ფულის ფაქტორი მოქმედებს. ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ ბიძინა ივანიშვილის კეთილგანწყობა შეინარჩუნონ და წამყვანს პოზიციებზე დარჩნენ. ამიტომ არ მგონია, რომ დაიშალოს.
ნანა კაკაბაძე (უფლებამდაცველი): "ქართული ოცნება" არჩევნებამდე რა შემადგენლობით მიაღწევს, რთული სათქმელია. წინასწარ პროგნოზს ვერ ვაკეთებ.
ლადო ვარდოსანიძე (არქიტექტორ-ურბანისტი): არ მგონია, რომ "ქართულმა ოცნებამ" სრული შემადგენლობით მიაღწიოს. ვფიქრობ, გადანაცვლებები იქნება, მაგრამ ძირითადი ბირთვი დარჩება. შესაძლებელია, რომელიმე პოლიტიკური ძალა შეიამხანაგოს. ცხადია, საზოგადოების მხრიდან ადრინდელი მხარდაჭერა არ ექნება, ამიტომ რესურსს ეძებს. დარწმუნებული ვარ, პარტიების გარდა ინდივიდებსაც ეძებს, ვინაიდან ეს შემადგენლობა ინდივიდთა დონით, რამდენიმე ინტელექტუალის გარდა, ვერ გამოირჩევა.
გია ბუღაძე (ფერმწერი): წესით და კანონით, ამ შემადგენლობით ვერ უნდა მივიდნენ. "ქართული ოცნება" უცნაური წარმონაქმნია. როგორც წესი, კოალიციები არჩევნებისთვის იქნება-ხოლმე. ამათ საერთო რა აქვთ, ვერ გავიგე, იმიტომ რომ ერთი სტალინს გაიძახის, მეორე ნატოს. ახლა რისთვის ერთიანდებიან, სიმართლე გითხრათ, არ მესმის. ვფიქრობ, არსებული შემადგენლობით მიღწევა გაუჭირდებათ. თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ რაღაცის სიძულვილის გამო ისევ გაერთიანდნენ. სიძულივლით გაერთიანების კი არ მჯერა.
ნუცა ჯანელიძე (მუსიკათმცოდნე): არ მგონია, იგივე რაოდენობით მიაღწიონ, კი ამბობენ, რომ უნდა ვიყოთ ერთად და ეს ჩვენი შიდა საქმეა, მაგრამ ბზარი ერთხელ რომ გაჩნდება, გამთელება ძნელია. მეორე მხრივ, ყველაფერი შიგნიდან ტყდება, ამ ადამიანებს ერთმანეთთან რა უნდათ, ვერ გავიგე.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე