ელზა პაპოშვილი
03.03.2016

 უმრავლესობის წევრი თამაზ მეჭიაური თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელს გოგი თოფაძის მიმართ "იმპერატიულ" ტონს უწუნებს. მისი თქმით, არავის აქვს უფლება, რომ პარლამენტის წევრს მანდატის დატოვება მოსთხოვოს, გარდა თავად პარლამენტისა იურიდიულად და მორალურად "ერთი ადამიანისა", რომელმაც თოფაძის პარლამენტში ყოფნა გადაწყვიტა.

მეჭიაური აცხადებს, რომ თუკი ადამიანი რუსეთს "რესპუბლიკელების" მსგავსად დედას არ აგინებს, ამ პარტიის წევრებისთვის ის კრემლის მიერ არის მართული. დეპუტატი ფიქრობს, რომ მათი აგრესიული რიტორიკა რუსეთის მიმართ ქვეყანას აზარალებს. ამიტომაც მიაჩნია, რომ ეს ტონი უნდა შეარბილონ.

"რეზონანსი": თქვენ განაცხადეთ, რომ დეპუტატისთვის პარლამენტის დატოვების მოთხოვნის მორალური უფლება მხოლოდ ერთ ადამიანს აქვს, ვის გულისხმობდით?

თამაზ მეჭიაური: პარლამენტი არავის საკუთრება არ არის. შესაბამისად, გოგი თოფაძეს მის დატოვებას იმპერატიული და ბრძანებლური ტონით ვერავინ ვერ მოსთხოვს, გარდა მთლიანად პარლამენტისა და ერთი ადამიანისა, რომელსაც ამის სრული მორალური უფლება აქვს.

 ამაში იმ ადამიანს ვგულისხმობ, ვინც ისინი საკანონმდებლო ორგანოში გაიყვანა და მათი იქ ყოფნა საჭიროდ ჩათვალა. არ მგონია ლამაზი საქციელი, როდესაც ასეთი აგრესიული ტონით საკუთარ კოლეგას მანდატის დატოვებას სთხოვ, არა აქვს მნიშვნელობა, ვინ არის და რა თანამდებობა უკავია.

"რ": თქვენ ფიქრობთ, რომ თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა გოგი თოფაძეს პარლამენტის დატოვება მოსთხოვა?

თ.მ: არ ვიცი, მოთხოვნა იყო თუ არა, მაგრამ ფაქტია, რომ ასეთ განცხადებას ადგილი ჰქონდა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ძალიან არასწორი საქციელია. საზოგადოებამ მოისმინა, რაც განაცხადა ხიდაშელმა და მათ გადაწყვიტონ, ეს მოთხოვნა იყო თუ სხვა რამ.

 საკუთარი კოლეგა ასეთი ტონით არ უნდა მოიხსენიო. ეს ლამაზი საქციელი არ არის. ერთმანეთის მიმართ, პირველ რიგში, პატივისცემა ჩვენ უნდა გვქონდეს და მერე სხვებს მოვთხოვოთ.

"რ": მინისტრმა განაცხადა, რომ გოგი თოფაძეს პოლიტიკური წონა არ აქვს, რას იტყვით თქვენ?

თ.მ: პოლიტიკური წონის ქონა-არქონაზე, ვფიქრობ, რომ მხოლოდ ხალხმა უნდა ილაპარაკოს. ამაზე საუბრის ლეგიტიმური უფლება მათ გარდა არავის აქვს.

 ეს ადამიანი რადგანაც პარლამენტშია, ეს იმას ნიშნავს, რომ მას ამის უფლება ვინმემ კი არა, ქართველმა ამომრჩეველმა მისცა. პოლიტიკური წონადობის განმსაზღვრელი ხალხის ხმაა. თუკი თოფაძეს წონა არ აქვს, აბა, საზოგადოებამ როგორ აირჩია?

"რ": რას იტყვით ხიდაშელის განცხადებაზე, რომ თოფაძე, შესაძლოა, გარე ძალის მიერ იყოს მართული?

თ.მ: ეს არის სრული აბსურდი და უსუსური ბრალდება. რადგანაც ადამიანს თავისი შეხედულება აქვს, ესე იგი ვიღაცისგან მართულია? მაინც და მაინც მაგათსავით რუსეთს დედას რომ არ აგინებს ე.ი. რუსეთის კაცია?

უბრალოდ, სხვადასხვა შეხედულების ადამიანები არსებობენ. ერთისთვის ღირებულია, რომ ჩვენს ქვეყანას ევროპული ღირებულებები ჰქონდეს, თუმცა ეს უნდა მოხდეს ისე, რომ თავიდან ავიცილოთ ის საფრთხეები, რომელიც შესაძლოა ამ ინტეგრაციამ გამოიწვიოს.

"რესპუბლიკელები" კი რუსეთის მიმართ ძალიან აგრესიული რიტორიკით გამოირჩევიან, რაც მგონია, რომ ქვეყნის ინტერესს აზიანებს. არ არის სწორი, როდესაც ეს ხალხი პროდასავლურ ძალად მხოლოდ თავის თავს მოიზრებს. მაგათი აზრით, თუ დღედაღამ რუსეთს არ ლანძღავ, აუცილებლად კრემლიდან ხარ მართული. ეს დამოკიდებულება ჩემთვის მიუღებელი და არასწორია.

ქვეყნის მიმართ ყველას ჩვენი პასუხისმგებლობა გვაქვს. აქედან გამომდინარე, ჩემი მიზანია არა მხოლოდ ევროპისკენ ინტეგრაცია, რომელიც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების დაკარგვის ხარჯზე შეიძლება მოხდეს, არამედ შევიდეთ ღირსეულად, დანაკარგების გარეშე. შესაბამისად, აუცილებელია დიალოგი შენს მეზობელთან, რომელიც ჩვენი ტერიტორიების დაბრუნების მთავარი გარანტორია.

"რ": თქვენ ფიქრობთ, რომ "რესპუბლიკელები" თავისი რადიკალური პროდასავლურობით ქვეყნის ინტერესებს აზიანებენ?

თ.მ: მე კონკრეტულად "რესპუბლიკელებს" არ ვგულისმობ, ეს ეხება ყველა იმ ადამიანს, რომელსაც ქვეყნის ბედის გადაწყვეტა შეუძლია. ხოლო რუსეთის მიმართ ზედმეტი აგრესია, მიმაჩნია, რომ ქვეყნის ინტერესებს აზიანებს. თითოეული გაუთვალისწინებელი ნაბიჯი ქვეყნისთვის, შესაძლოა, დამღუპველიც აღმოჩნდეს.

"რ": როგორ ფიქრობთ, "მრეწველებისა" და "რესპუბლიკელების" დაპირისპირების ფონზე მათი ერთ კოალიციაში ყოფნა შესაძლებელია, ერთად მუშაობას შესძლებენ?

თ.მ: არ ვიცი, ვნახოთ. ამას დრო აჩვენებს. ჯერ რადგანაც ისევ ერთად მუშაობენ, ესე იგი შესაძლებელია. მაგრამ ვფიქრობ, რომ ასეთი ღვარძლი თანამებრძოლებსა და თანამოაზრეებს ერთმანეთის მიმართ არ უნდა ჰქონდეთ. ასეთი ფორმით ურთიერთობა არ შეიძლება. კოალიციაში ყველამ იმდენი უნდა მიიღოს, რასაც იმსახურებს. ზედმეტი ამბიციურობით თავი არავის არ უნდა მოაბეზრო. მეტის მიღება როდესაც გინდა, ეს კოალიციაში შემავალი სხვა ძალის ხარჯზე არ უნდა მოხდეს, რაც თავისთავად კონფლიქტს იწვევს. ეს არის ჩემი პირადი შეხედულება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×