გვანცა ღვედაშვილი
04.03.2016

კოალიცია "ქართულ ოცნებაში" მიმდინარე დაპირისპირება დღითი დღე მწვავდება - "მრეწველების" ლიდერის, გოგი თოფაძის ბრალდება, რომ თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა საგარეჯოში არჩევნები გააყალბა, უპასუხოდ არ დარჩენილა და "რესპუბლიკურ" პარტიაში საკმაოდ მწვავე განცხადებები გაკეთდა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გამოძიებაც დაიწყო.

არსებულ დაპირისპირებაზე საგანგებო განცხადება პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმაც გაავრცელა. როგორც პრემიერი აღნიშნავს, კოალიციაში პოლიტიკურმა დაპირისპირებამ სრულიად მიუღებელი ფორმა მიიღო.

"პოლიტიკურმა დაპირისპირებამ კოალიციაში სრულიად მიუღებელი ფორმა მიიღო. არანაირი მნიშვნელობა აღარ აქვს, ვინ და რის გამო დაიწყო დაპირისპირება. ეს არ უნდა ვაკადროთ, პირველ რიგში, იმ ხალხს, ვინც 2012 წელს მხარი დაგვიჭირა, ქვეყნის მართვა გვანდო და რომლებიც საქართველოს უმრავლესობას შეადგენენ.

"ჩვენი საზოგადოება ნამდვილად იმსახურებს, რომ პოლიტიკოსები მეტი პასუხისმგებლობით მიუდგნენ საკუთარ ქმედებებსა და განცხადებებს, იფიქრონ და დასახონ ხალხის პრობლემების მოგვარების გზები", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

"როგორ უნდა დარეგულირდეს კოალიციაში არსებული კონფლიქტი"? - ამ კითხვით, "რეზონანსმა" საზოგადოების ცნობილ წარმომადგენლებს მიმართა.

 მიხეილ ცაგარელი (ასტროლოგი): "ერთმანეთთან ორივე მხარე უნდა მორიგდეს, რა პრიორიტეტები აქვთ, საზოგადოებაში რისი თქმა შეიძლება და რისი არა. ეს არის კოალიცია, რაც იმას ნიშნავს, რომ გარკვეული საკითხები პარტიის შიგნით უნდა გაარკვიონ და არ გამოიტანონ გარეთ, საზოგადოებაში და ამით არ გამოიწვიონ მათი აღშფოთება. ასე ხდებოდა ყოველთვის, ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში და, მგონი, აქაც უნდა გაკეთდეს.

კოალიციაში, რომ შესაძლოა გარკვეული დაპირისპირება და აზრთა სხვადასხვაობა არსებობდეს, ეს არახალია, მსგავსი რამ ისტორიას ნამდვილად ახსოვს, მაგრამ საჭირბოროტო საკითხები პარტიის შიგნით უნდა გაირკვეს."

 

 თაკო ჩარკვიანი (პუბლიცისტი): "ეს საკითხი ძალიან მარტივად გადასაწყვეტია, რადგან საქართველოში მუშაობს ოკუპაციის კანონი, ცოტა ხნის წინ მე წარმოვადგინე სქემა, თუ როგორ მიდის დასავლური ძალების გვერდზე გაწევა, როგორც ჟურნალისტიკიდან, ისე პოლიტიკიდან.

როცა პირდაპირ ეთერში გამოდიან ადამიანები, ამ შემთხვევაში თოფაძეს ვგულისხმობ და ასახელებენ იმ ქვეყანას, რომლის მიერაც ოკუპირებულია ჩვენი ტერიტორიები მაინტერესებს, ოკუპაციის კანონის მიხედვით არის თუ არა ეს დასჯადი, თუ ჩვენი ქვეყნის კურსი არის დასავლური, მაშინ კოალიციიდან უნდა გავიდეს ის ჯგუფები, რომლებიც არ მიჰყვებიან ამ კურსს.

მე არასდროს ვყოფილვარ "რესპუბლიკური" პარტიის წევრი, განცხადებას რომელსაც ვაკეთებ, ობიქტურობიდან გამომდინარეობს, ადამიანი, რომელიც ანტისახელმწიფოებრივ განცახდებებს აკეთებს, ვგულისხმობ თოფაძეს, და გუნდი ამ ყველაფერს კვერს უკრავს, თავის გუნდიანად უნდა გავიდეს კოალიციიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოდის, რომ ხელისუფლება თამაშობს და თავად მას არ სურს დასავლეთი. ახლა არ არის კეკლუცობის დრო. ნუ ეკეკლუცება ხელისუფლება გვერდით მყოფ მონსტრს, თორემ არაფერი აღარ დარჩება საქართველოსგან. ზომიერად და თანმიმდევრულად უნდა მოგვარდეს ურთიერთობა, მაგრამ არა ისე, როგორც თოფაძე აკეთებს. ეს არის ქვეყნის მიყიდვა, სხვა არაფერი. მომავალმა თაობამ ის მაინც უნდა იცოდეს, რომ ვიღაც შემოვარდა და მიგიერთა და არა ის, რომ შენ მიუერთდი."

 გივი სიხარულიძე  (მწერალი, მსახიობი): "თევზი რომ გაფუჭდება, ყოველთვის თავიდან ყროლდება და შემდეგ გადმოდის სხეულზე. თავიდანვე უნდა გადაწყდეს ეს ამბავი. ვიღაცას ძალიან აწყობს "ოცნებაში" დაპირისპირება, ისევ სწორედ "ოცნების" მესვეურებს და არა ვიღაც უბრალოებს. ამიტომ კოალიციაში სიტუაციის დასალაგებლად და იმისთვის, რომ ყველაფერი დაეწყოს, ეს ისევ იმ ადამიანმა უნდა მოინდომოს, ვისაც ეს აურზაური აწყობდა.

ყველაფერი მიდის იქითკენ, რომ არჩევნებში მათ ერთმანეთს ხელი ჩამოართვან, თუმცა არ მგონია, ეს მშვიდობიანად მოხდეს და ეს ყველაფერი აურზაურის ფონზე იქნება."

 ლაშა ჩხარტიშვილი  (ეკოლოგი): "ეს არ არის საერთო ღირებულებებზე დამყარებული გაერთიანება. მათ არაფერი აქვთ საერთო. უბრალოდ, ტაქტიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე, ალბათ კოალიციაში შეეცდებიან არჩევნებამდე მაინც მოაგვარონ მდგომარეობა, რადგან სხვაგვარად მათ გაუჭირდებათ იმ მცირე წარმატების მიღწევაც, რომელიც არ იქნება დიდი, რადგან კოალიციამ დაარღვია დაპირებათა აბსულუტური უმრავლესობა.

 

 იური მეჩითოვი (ფოტოგრაფი):  "თოფაძის განცახდება არ არის უბრალო ბრალდება და ამ საკითხზე გამოძიება უნდა დაიწყოს. კოალიციაში სხვადასხვა პარტიები არიან და არ შეიძლება ყველა ერთ აზრზე იყოს. ეს ბრალდება, რომ თინა ხიდაშელმა არჩევნები გააყალბა, საკმაოდ სერიოზულია და ამას შესაბამისი რეაქცია უნდა მოჰყვეს.

რაც შეეხება იმაზე საუბარს, ვინ არის პროდასავლური და პრორუსული მხარე, ამაზე საუბარი, ჩემი აზრით, არასერიოზულია."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×