რუსეთის სამხედრო აქტივობა უჩვეულოდ გაიზარდა კავკასიის რეგიონში. სამხრეთის სამხედრო ოლქში, ოკუპირებულ ყირიმის ნახევარკუნძულზე, ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში დისლოცირებულ რუსული სამხედრო ბაზებზე ბოლო ორი თვის განმავლობაში ათზე მეტი სხვადასხვა მასშტაბის სამხედრო სწავლება გაიმართა.
სამხრეთ კავკასიაში, გუდაუთის მე-7, ცხინვალის მე-4 და გიუმრის 102-ე სამხედრო ბაზების შეიარაღების ინტენსიური ულტრათანამედროვე, შორსმოქმედი საზენიტო სარაკეტო კომპლექსებით, რადარებით, ტაქტიკურ-ოპერატიული სარაკეტო დანადგარებითა თუ მსხვილკალიბრიანი, შორსმსროლელი არტილერიით განახლება-გადაიარაღების პროცესი მიმდინარეობს.
ქართველი სამხედრო მიმომხილველისა და ანალიტიკოსის, გიორგი ინაურის თქმით, რუსეთის სამხედრო აქტივობის ზრდის ტენდენციები აშკარაა. თუმცა კი იგი ვარაუდობს, რომ რუსეთი, რომელიც დასავლეთის მიერ დაწესებული ეკონომიკური სანქციებისა და ენერგორესურსებზე მკვეთრად დავარდნილი ფასების გამო, ეკონომიკური თვალსაზრისით, ნაკლებად შესძლებს იმ სამხედრო-პოლიტიკური ჰეგემონიის დაბრუნებას, რაც მას საბჭოთა კავშირის არსებობისას ჰქონდა.
"არავისთვის საიდუმლო არ არის, რომ ვლადიმერ პუტინი მოსკოვისათვის საბჭოთა კავშირის დროინდელი სიდიადის დაბრუნებას გეგმავს, თუმცა მას ავიწყდება, რომ რუსეთი ეს არის ქვეყანა, რომლის პოლიტიკური ამბიციებს, მისი ეკონომიკური პოტენციალი ვერ აკმაყოფილებს, განსაკუთრებით ახლა.
"რა თქმა უნდა, რუსეთ-ნატოს სამხედრო დაპირისპირება გამორიცხულია და ეს არცერთი მხარის ინტერესში არ შედის, თუმცა დასავლეთის მოკავშირე ქვეყნები, იგივე საქართველო და უკრაინა, დიდი საფრთხის ქვეშ არიან, რადგანაც არ არის გამორიცხული, რომ კრემლმა მათზე იყაროს ჯავრი.
"განსაკუთრებით მძიმეა უკრაინის მდგომარეობა, სადაც მართალია ამ ეტაპზე აქტიური საბრძოლო მოქმედებები არ მიმდინარეობს, თუმცა რუსების დახმარებით, სეპარატისტებმა ძლიერი არმია შექმნეს და შესაბამისად, "მადაც" გაეზარდათ.
"სირიის კონფლიქტმა კი რუსეთს აღადგენინა თავისი, საკმაოდ ძლიერი, სამხედრო წარმომადგენლობა ახლო აღმოსავლეთის რეგიონში. იქ იგი აუცილებლად დარჩება", - თქვა ინაურმა "რეზონანსთან" საუბრისას. მისივე თქმით, რუსეთი სამხრეთ კავკასიაში, მათ შორის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დისლოცირებულ თავის სამხედრო ბაზებს კიდევ უფრო მეტად გაზრდის და გააძლიერებს.
"ამ შემთხვევაში თბილისსა და უკრაინას მხოლოდ დასავლეთთან მჭიდრო ურთიერთობითა და შიდაპოლიტიკური სტაბილურობით აქვთ გადარჩენის შანსი, თუმცა როგორც ვხედავთ, კრემლმა არალეგალური მიგრანტების სახით, ევროპის პოლიტიკურ-ეკონომიკური სისტემის დანგრევა განიზრახა.
"დასავლეთსა და მოსკოვს შორის ცივი ომი მძვინვარებს. მსგავსი ქმედებები კი მისი წარმოების ერთ-ერთი საშუალებაა. ეს სერიოზული გამოწვევა და გამოცდაა, რომელიც ევროკავშირმა უნდა ჩააბაროს", - დასძინა ინაურმა.
ამერიკელი სამხედრო მაღალჩინოსნებისა და ანალიტიკოსების ვარაუდით, 2016 წელი რუსული სამხედრო აქტივობის წელი იქნება. "რუსეთი სამხედრო აქტიურობას ისტორიულ დონეზე ახორციელებს. ეს ეხება სირიაში ოპერაციას, უკრაინის მოვლენებში მუდმივ მონაწილეობას და არკტიკაში სამხედრო ყოფნის გაძლიერებას", - განაცხადა აშშ თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა ვინსენთ სთიუართმა კონგრესში გამართულ მოსმენაზე.
მისივე თქმით, გასულ წელს რუსეთი აქტიურად ატარებდა სამხედრო სწავლებებს და აგრესიულ ნაბიჯებს დგამდა თავისი შეიარაღების განსავითარებლად. პენტაგონელი მაღალჩინოსნების განსაკუთრებულ შეშფოთებას რუსეთ-თურქეთის გართულებული ურთიერთობები, რუსი სამხედროების აქტივობის ზრდა სირიასა და ნატოს საზღვრებთან იწვევს.
ევროპაში ნატოს გაერთიანებული შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ფილიპ ბრიდლავის თქმით, რუსეთი იყენებს დიპლომატიურ, ეკონომიკურ და საინფორმაციო საშუალებებს და ახორციელებს სამხედრო ზეწოლას სხვა ქვეყნებზე გავლენის მოსახდენად. ბრიდლავის თქმით, აშშ და მისი ევროპელი პარტნიორები ერთად მუშაობენ, რათა რუსეთთან კონფლიქტის შემთხვევაში მზად იყვნენ. ფილიპ ბრიდლავმა კრემლის მიერ დასავლეთის წინააღმდეგ ამუშავებულ კიდევ ერთ სტრატეგიაზე ისაუბრა. ის ევროკავშირის ტერიტორიაზე ახლო აღმოსავლეთის რეგიონიდან მიგრანტთა რაოდენობის ხელოვნურ ზრდაში მდგომარეობს. ამ ნაკადის პროვოცირებას, ბრიდლავის ვარაუდით, მოსკოვი სირიის ქალაქების უმოწყალო ავიაიერიშების მეშვეობით ახორციელებს.
"რუსეთი და ასადის რეჟიმი ევროპული სტრუქტურების განადგურების მიზნით, მიზანმიმართულად "მიგრაციის შეიარაღებას" ცდილობენ, - განაცხადა ფილიპ ბრიდლავმა აშშ-ის სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტში გამოსვლისას. მისი თქმით, 2016 წელს ლტოლვილთა ნაკადი ევროპაში კიდევ უფრო მეტად გაიზრდება. ვარაუდობენ, რომ ევროკავშირის ქვეყნებს მილიონზე მეტი არალეგალური მიგრანიტი შეეცდება თავშესაფრის მოპოვებას.
ამერიკელი სამხედროების ვარაუდს რუსული მედიის აქტიურობაც ამყარებს. მასობრივი ინფორმაციის საშუალებების საინფორმაციო თუ ანალიტიკური გადაცემები თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში, ევროპაში ისლამური მიგრაციის ზრდის მათ მიერ ჩადენილ დანაშაულებს, ადგილობრივ მაცხოვრებლებში სულ უფრო მზარდ ულტრა-ნაციონალისტურ და ქსენოფობიურ განწყობებს ვრცელ დებატებს, სტატიებსა და ტელესიუჟეტებს უძღვნის.
ამასთან, რუსი პოლიტიკოსები არ მალავენ, რომ ადგილობრივ ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსებს, როგორც მორალურად, აგრეთვე, სავარაუდოდ, ფინანსურადაც ღიად უჭერენ მხარს. ამ უკანასკნელთა ხედვები და ქმედებები კი თავის მხრივ, დასავლურ ღირებულებებსა და ევროკავშირის მთავარ პრინციპებს ძირეულად ეწინააღმდეგება.
რას უქადის ევროპასა და ნატოს რუსეთის გაზრდილი სამხედრო აქტივობა და საერთოდაც, რას უნდა ველოდოთ ეკონომიკური სანქციებით დასუსტებული მოსკოვისაგან? ეს ის კითხვაა, რომელიც დასავლელ პოლიტოლოგებსა და ანალიტიკოსებს შორის სულ უფრო ხშირად ისმის.
დიდი ბრიტანეთის ექსპრემიერ-მინისტრის, უინსტონ ჩერჩილის მიერ "მოულოდნელობით აღსავსე უკიდეგანო სივრცედ" წოდებული რუსეთისაგან პოლიტოლოგები სირიაში სამხედრო ექსპანსიის გაძლიერებას ვარაუდობენ. არ არის გამორიცხული, მოსკოვის მიერ თურქეთის ტერიტორიაზე აქტიურ მოქმედებებზე გადასული ქურთი პარტიზანების იარაღითა და საბრძოლო მასალებით მომარაგებაც, რაც ნატოს ამ წევრ ქვეყანაში არსებულ ისედაც რთულ ვითარებას კიდევ უფრო მეტად დაამძიმებს.