წავა თუ არა "ოცნება" პატიოსან ბრძოლაში დამარცხების რისკზე
ია აბულაშვილი
05.03.2016

 "ერთი შეხედვით, დიდად არაფერი იცვლება საქართველოში არჩევნების მოახლოებასთან დაკავშირებით. იგივე კომპრომატების მოზღვავება, გაჭირვებულთა მეტი გაჭირვება, ხელისუფლებისა და მისი მთავარი "ჯალათის" - "რუსთავი 2"-ის ორმაგი ბუღალტერია: ერთით, რომ ყოველდღე მცირდება დანაშაული და ეს-ეს არის საქართველო შვეიცარიას თუ არა, შვედეთს ნამდვილად გაუსწრებს ციხეების სიცარიელით, რომ ხალხის გამდიდრებამ მერიას დახმარებების შემცირების საშუალება მისცა; რომ ინვესტიციები გულივერივით იზრდება და მალე ლარის კურსი ბრიტანულ გირვანქას დაეწევა. იმდენი ტურისტი აპირებს ამ ზაფხულს საქართველოს გაცნობას, რომ ბათუმსა და ქობულეთში საქათმეში ღამის გათევაში "ჰოლიდეი ინის" ფასს გადაიხდიან ამერიკელი და ავსტრალიელი მილიარდერები;

"ხოლო "რუსთავი 2"-ის ბუღალტერიით, მკვლელობებიც კატასტროფულად იზრდება, შიმშილიც, უმუშევრობაც; ინვესტიციებმაც ჭირი მოგვჭამა და ტურისტებმაც ხელი დაგვიქნიეს.

"ერთი სიტყვით, როგორც ზურიკელას რუსი იტყოდა, "ნახევარი ლიტრის გარეშე" ვერ გაერკვევი ქართულ რეალობაში", - აცხადებს სოსო ცინცაძე, რომელსაც "რეზონანსი" წინსაარჩევნო გარემოსა და მის თავისებურებებზე გაესაუბრა.

"რეზონანსი": თქვენი აზრით, რამდენად გაუჭირდება მმართველ კოალიციას ხელისუფლების სათავეში დარჩენა? ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი უკვე როგორც მომხდარ ფაქტზე, ისე მსჯელობს მის გარდაუვალ დამარცხებაზე.

სოსო ციცნაძე: არჩევნების მსოფლიო ისტორიაში არ ყოფილა შემთხვევა, როდესაც არჩევნებამდე შვიდი თვით ადრე ოპოზიციას ფარ-ხმალი დაეყაროს და ეთქვას - ამ არჩევნების მომგები მე არ ვარო. თუმცა, ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ "ქართულ ოცნებას" უკვე ჯიბეში ედოს პატიოსანი გამარჯვება.

"რ": "პატიოსან გამარჯვებაში" რას გულისხმობთ?

ს.ც.: მხოლოდ იმას, რომ სადღეისოდ მმართველი პარტიის შანსები უფრო დამაჯერებლად გამოიყურება, მაგრამ ვეჭვობ, რომ მძლავრი ადმინისტრაციული რესურსის ჩართვის გარეშე "ქართულმა ოცნებამ" შეძლოს ეჭვქვეშ დაუყენებელი გამარჯვება. 2012 წლის არჩევნები მისი ვარსკვლავური საათი იყო, რომელიც აღარასდროს გამეორდება.

ჩვენი დღევანდელი სიტუაცია არც ქართულ და არც მსოფლიო პრაქტიკისთვის არ არის ორიგინალური; შევარდნაძესაც და სააკაშვილსაც გაუმარჯვიათ მხოლოდ დაქსაქსული, პირად ამბიციებს გადაყოლილი და საბოლოო ჯამში უსუსური ოპოზიციის ხარჯზე. ამერიკაშიც არაერთი პრეზიდენტი შესულა ოვალურ კაბინეტში მხოლოდ იმ ფაქტის წყალობით, რომ მოწინააღმდეგე პარტიას საპრეზიდენტოდ აშკარად უვარგისი კანდიდატი ჰყოლია.

"რ": ანუ, ვინაიდან დღეს საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია ოპოზიციის დაქსაქსულობა და ამბიციებიც, "ოცნებას" შეუძლია, უკვე იზეიმოს გამარჯვება?

ს.ც.: სტანდარტულ სიტუაციაში ადმინისტრაციული რესურსის ხარჯზე ასეც იქნებოდა, მაგრამ დღეს საქართველოში არაერთი განზომილებით არასტანდარტული სიტუაციაა.

დავიწყოთ იმით, რომ გასულმა არჩევნებმა დაუდო სათავე არასტანდარტულ სიტუაციას. არჩევნები გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე დარღვევებით ჩატარდა და ხელისუფლებაც დემოკრატიული სცენარით შეიცვალა.

უჩვეულო გამარჯვებით გამოწვეულ ეიფორიაში არავინ დაფიქრებულა, თუ რა სიმძიმის ტვირთი მოიკიდა მხრებზე გამარჯვებულმა კვაზი კოალიციამ. ან ვის უნდა ეფიქრა ამაზე?! გამარჯვებულთა ბელადს (გთხოვთ, ლიდერში არ აურიოთ) არც პოლიტიკაში ყოფნის პრაქტიკა და არც თეორიული ცოდნა ჰქონდა, უბრალოდ, ეს სფერო მუდამ შორს იყო მისი ინტერესებისგან. როგორც მალევე გაირკვა, მის მიერ ფორსმაჟორში შეკოწიწებულ კოალიციაში მას მხოლოდ გამარჯვებულთა ნადავლს დახარბებული სიტუაციური თანამებრძოლები (გთხოვთ, თანამოაზრეებში არ აურიოთ) "უმშვენებდნენ" გვერდს. საქმე კი ის იყო, რომ 2012 წელი უნდა ქცეულიყო ქართული დემოკრატიის მიერ ჩაბარებულ პირველ სერიოზულ გამოცდად, რასაც ხელისუფლების ცივილიზებული მონაცვლეობა ჰქვია. ამას ელოდა და დღესაც ამას ელის და კატეგორიულად მოითხოვს "ქართული ოცნებისაგან", ანუ მისი ბელადისაგან...

"რ": ვერ გავიგე, რა მნიშვნელობას ანიჭებთ ტერმინ "ბელადს"...

ს.ც.: ნორმალურს. ლიდერს ირჩევენ, ბელადს, ისევე როგორც მესიას, აღიარებენ. ამიტომ ჩვენნაირ საზოგადოებაში, სადაც ყოველ ახალ არჩევნებში მინიმუმ 60-70%-ით, ზოგჯერ მეტითაც ირჩევენ ახალ-ახალ ლიდერებს, ბელადი-მესიას ინსტიტუტი გაცილებით მყარ საძირკველზეა ნაგები და გაცილებით სერიოზულ ელექტორალურ რყევებს უძლებს.

ჰოდა, იმას მოგახსენებდით, რომ დღეს შეიძლება ჩვენზე მეტი ინტერესებით გარე სამყარო, პირველ რიგში, ჩვენი უცხოელი გულშემატკივრები ელიან კიდევ ერთი გადამწყვეტი გამოცდის შედეგს - არჩევნების ანატომიამ უნდა გამოავლინოს, თუ რა არის მმართველი ძალისთვის მთავარი, ნომერი პირველი პრიორიტეტი და ფასეულობა: არცთუ სამართლიანი საარჩევნო კანონის გამოყენებით, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით, ახალი არარეალისტური დაპირებებით და ბიძინა ივანიშვილის პიროვნული ფაქტორის არადემოკრატიული ექსპლუატაციით ხელისუფლებაში დარჩენა, თუ 2012 წლის პრეცედენტის წესად ქცევა და პატიოსან ბრძოლაში დამარცხების რისკზე წასვლა.

შემოდგომაზე უნდა გამოჩნდეს, რას წარმოადგენს სინამდვილეში ფართოდ რეკლამირებული ევროპული გზა და ევროპული ფასეულობები და ღირებულებები.

"რ": და ეს ყველაფერი ერთი ადამიანის გადასაწყვეტია? შეგიძლიათ იწინასწარმეტყველოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს თუნდაც ბიძინა ივანიშვილი?

ს.ც.: ზუსტ წინასწარმეტყველურ ვერდიქტს ლელა კაკულია დებს. მე სხვა პროფესია მაქვს, შემიძლია ვეცადო გავაანალიზო და ვივარაუდო. ბატონი ბიძინას პიროვნული თვისებების გათვალისწინებით, მან შეიძლება მართლაც შეასრულოს გარე სამყაროსთვის მიცემული სამი წლის წინანდელი დაპირებები და გააოცოს ქართული დემოკრატიის სიურპრიზებით, კერძოდ კი კოლექტიურ ინფარქტამდე მიიყვანოს მთელი კოალიცია და კრისტალურად სამართლიანი (და არა მხოლოდ კანონიერი, ვინაიდან უსამართლოა კანონი) არჩევნები ჩაატაროს. საამისოდ კი რამდენიმე რთული ნაბიჯის გადაგმა მოუწევს: დროზე ჩამოიშოროს აშკარად დისკრედიტირებული და სახელგატეხილი ჩინოვნიკები დედაქალაქის მერის თამადობით, ნაჩუქარი მანდატების ილუზია გაუქროს გაუგებრობის მსხვერპლ პარლამენტარებს, პირველ რიგში ცხადია მათ, ვისაც მისი ქებისა და ერთგულების ფიცის გარდა თავი არაფრით გამოუჩენიათ და ნეპოტიზმთან ბრძოლის რამდენიმე დემონსტრაციული შედეგი დაანახვოს ამომრჩევლებს.

რასაკვირველია, ეს მხოლოდ პირველი რიგის ღონისძიებებია, რომელთა რეალიზაციას არც დიდი სახსრები და არც საკანონმდებლო აქტები არ ესაჭიროება. აქ მხოლოდ მტკიცე ნებისყოფა და პოლიტიკური ნებაა საჭირო.

"რ": თუ არც ერთი და არც მეორე არ აღმოაჩნდა ბიძინა ივანიშვილს ან, რაიმე სხვა მიზეზებით, არასამართლიანი არჩევნები თუ მივიღეთ, მაშინ რას უნდა ველოდოთ?

ს.ც.: კიდევ ერთ იმედგაცრუებას, საყოველთაო გაღიზიანებას, პოლიტიკური დაუსჯელობის სინდრომის გაძლიერებას, რაც კრიმინალური დაუსჯელობის სინდრომზე ბევრად საშიშია ქვეყნისათვის; საქართველოს რეპუტაციის კიდევ უფრო შემცირებას ცივილიზებულ სამყაროში.

არის კიდევ ერთი წმინდა ადამიანური, ნორმალური ამბიციური სტიმული. გინდაც არც დიდი სურვილი ამოძრავებდეს და არც ფიქრობდეს დღეს ამაზე ბატონი ბიძინა, მას უკვე დაჯავშნილი აქვს ადგილი საქართველოს ისტორიაში. ამ მომავალს ის ვერსად გაექცევა და მხოლოდ მასზეა დამოკიდებული, თუ რა სახელით შევა იგი ისტორიაში. ისტორია კი ისეთი "ხასიათების დედაკაცია", რომ ჩვენი თავდაცვის მინისტრი დედა ტერეზაა მასთან შედარებით.

ყველაფერზე, რაც დღეს ხდება და ხვალ მოხდება, მადლობაცა და საყვედურიც ივანიშვილის ხვედრი იქნება.

მართლაც დელიკატური სიტუაცია იქმნება - მომავალ არჩევნებში კოალიციის დამარცხება, რაც გამორიცხული არ არის სამართლიანი არჩევნების პირობებში, პირად ტრაგედიად იქცევა "ქართული ოცნების" გამოუკლებლივ ყველა წევრისთვის, ვინაიდან მათთვის ოთხი წლის წინანდელი ყოფითი რეალობები დაბრუნდება წანამღერით - "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ", ხოლო ბატონ ბიძინასათვის ისტორიულ რეპუტაციულ ტრიუმფად იქცევა რკინისებური არგუმენტით - შეეძლო, მაგრამ არ იკადრა.

არჩევნებამდე შვიდი თვეა, ეს საკმარისი დროა მოსახლეობაში გონივრულად სამუშაოდ, თუ იმ შედეგით არა, რომ არჩევნებში გაიმარჯვო, ჰიპოთეტური დამარცხების შემთხვევაში აგრესიის გამორიცხვა შესაძლებელი იქნება.

დაბოლოს, მე მხოლოდ პატარა ალბათობის რისკზე ვსაუბრობ და სულაც არა ვარ დარწმუნებული, რომ თუ ბატონი ბიძინა ხსენებულ რისკზე წავა, აუცილებლად დამარცხდება. უბრალოდ, ნუ აქცევს არჩევნებს საბჭოურ უარჩევნო პროცესად, მით უმეტეს, რომ ოთხი წლის წინ მანვე დაამტკიცა ალტერნატივის არსებობა.

"რ": მძიმე სოციალურ ფონს, უმუშევრობას, გაუფასურებელ ეროვნულ ვალიუტას, შეუსრულებელ დაპირებებს და ა.შ. - ყველაფერ ამას ვერ გამოიყენებს ოპოზიცია?

ს.ც.: ყველაზე ეფექტურად ამას "თავისუფალი დემოკრატები" გამოიყენებენ. სხვა ოპოზიციური პარტიებისაგან განსხვავებით, ისინი უქმად არ კარგავენ დროს ნორმალური საარჩევნო კანონისათვის უაზრო და უშედეგო ბრძოლაში და აბსოლუტურად სწორი სტრატეგიით მუშაობენ. სანამ სხვა ორ-ორ კაციანი მინი-პარტიების თავმჯდომარეები თბილისის პრესტიჟული სასტუმროების საკონფერენციო დარბაზებში ერთმანეთს არწმუნებენ არსებული საარჩევნო კანონმდებლობის უვარგისობაში, რათა შემდეგ რომელიმე ტელევიზიის ახალ ამბებში ერთწუთიანი სიუჟეტით მოხვდნენ, ესენი "კარიდან კარამდე" პრინციპით დადიან რეგიონებში, ხვდებიან ამომრჩევლებს, დღითი-დღე იმრავლებენ მომხრეებს და მიზანსაც გარანტირებულად მიაღწევენ, მომავალ პარლამენტში ანგარიშგასაწევ ძალად ჩამოყალიბდებიან.

არასაპარლამენტო ოპოზიცია ვერა და ვერ ახერხებს საკუთარი რუბიკონის გადალახვას წყნარ ოკეანედ რომ აქციეს თავისი ამბიციებითა და სიჯიუტით.

"რ": გაერთიანება თეორიულად ყველას უნდა, მაგრამ, ამავე დროს, ლიდერობაც პრაქტიკულად ყველას უნდა. ხედავთ გამოსავალს?

ს.ც.: არც თეორიულად და არც პრაქტიკულად არ მსმენია, რომ ცალ-ცალკე აღებული ათი-თხუთმეტი პოლიტიკოსი ნორმალური და გონიერი ადამიანები იყვნენ, მაგრამ როგორც კი მათ შორის ერთ ლიდერზე დგება საკითხი, ყველას ერთად კოლეგის "გაუფროსებას" მარგინალად დარჩენა ერჩიოს. ეს უკვე ქართული პოლიტიკური "ნოუ ჰაუა". ბრმაც კი ხედავს, რომ თუ რაიმეს მიღწევა სურს ამ ხალხს, ნინო ბურჯანაძის იქით გზა არ აქვთ. მე უფრო შორს წავალ და იმასაც ვიტყვი, რომ ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი შეცდომა ნინო ბურჯანაძის ალიანსის მიღმა დატოვება იყო. არ ვარ განწყობილი მიზეზებზე დეტალურად სასაუბროდ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×