ომარ ნიშნიანიძე: საარჩევნო სია დაახლოებით 1/3-ით განახლდება
გვანცა ღვედაშვილი
05.03.2016

 როგორც უმრავლესობის წევრი ომარ ნიშნიანიძე "რეზონანსთან" ინტერვიუში ამბობს, მმართველი კოალიციის რამდენიმე დეპუტატს უკვე გადაწყვეტილი აქვს, რომ საპარლამენტო არჩევნებში არ მიიღოს მონაწილეობა. ნიშნიანიძე მათ ვინაობას არ ასახელებს, თუმცა ამბობს, რომ "ოცნების" საარჩევნო სიის დაახლოებით 1/3 ახალი სახეები იქნებიან.

რაც შეხება "რუსპუბლიკელებისა" და "მრეწველების" დაპირისპირებას, ნიშნიანიძის თქმით, ამის მოგვარება მარტივი ნამდვილად არ იქნება, თუმცა რომელიმე პარტიის მიერ არჩევნებამდე კოალიციის დატოვება გამორიცხულია.

"რეზონანსი": თქვენი ინფორმაციით, როდის იგეგმება კოალიციის პოლიტსაბჭოს სხდომა?

ომარ ნიშნიანიძე: მეგონა, აქამდე ჩატარდებოდა სხდომა, მაგრამ კანცელარიაში პრემიერის "რესპუბლიკელებთან" შეხვედრამ ვფიქრობ სხდომა ერთი-ორი დღით გადაწია. მაგრამ იმედი მაქვს, რომ პოლიტსაბჭოს სხდომა მომავალი კვირის დასაწყისში მაინც გაიმართება.

"რ": რა საკითხებზე გამახვილდება ყურადღება?

ო.ნ.: ერთ-ერთი საკითხი იქნება ის დაპირისპირება, რომელიც კოალიციაშია, უფრო სწორად იყო, რადგან პრემიერის განცახდებამ და შემდგომ გამართულმა შეხვედრამ ვითარება მეტნაკლებად გაანეიტრალა. თუმცა, პოლიტსაბჭოს სხდომაზე ალბათ წერტილი დაისმევა და საბოლოოდ მოგვარდება ეს კონფლიქტი.

მარტივი ნამდვილად არ იქნება, რადგან თუნდაც კოალიციის ერთ-ერთ სუბიექტთან პრემიერის შეხვედრამ გარკვეული კითხვები დატოვა. ის საკითხები, რაც ორმხრივ შეხვედრაზე განიხილეს, კოალიციის შეხვედრაზეც უნდა იყოს განხილული. უნდა გავარკვიოთ თუ რას ვეუბნებით ერთმანეთს და როგორ მივდივართ წინ.

"რ": კოალიციის დაშლის საფრთხეს თუ ხედავთ?

ო.ნ.: თეორიულად ყველაფერი შესაძლებელია, დაშლაც და არდაშლაც. მე მაქვს იმედი და განცდაც, რომ არ დაიშლება. კოალიციას არჩევნებამდე მაინც არაფერი ემუქრება. არსად წამსვლელი არ არის რომელიმე ძალა. ძალიანაც რომ აწყობდეს ვინმეს და სურვილიც რომ იყოს, არ მგონია რომელიმე სუბიექტი კოალიციას გამოაკლდეს.

იცით რა არის - ვიღაცას აქვს გარკვეული სურვილები, ვიღაცას განცდა, რომ მას მეტი უნდა. ბუნებრივია, რომ ასეთი სურვილები ყოფილიყო, მაგრამ ეს მოლაპარაკებების თემაა და ალბათ ამ დღეებში ყველაფერი ნელ-ნელა დალაგდება.

"რ": საარჩევნო სიასთან დაკავშირებით თუ არის საუბარი და როდის გახდება ის ცნობილი?

ო.ნ.: შეხვედრების დროს გვქონდა ამაზე საუბარი და ვფიქრობ, ამ საკითხზე მსჯელობა უკვე დაიწყება. თუმცა, ეს თემა უფრო აქტური მაისში გახდება, რადგან ყრილობას ვგეგმავთ და ალბათ კიდევ უფრო აქტიურად დავიწყებთ ამ თემაზე მუშაობას და უფრო მეტიც გვეცოდინება.

"რ": რამდენი პროცენტით ვარაუდობთ საარჩევნო სიის განახლებას?

ო.ნ.: არ მგონია ამაზე ჩემს მსჯელობას ახლა რაიმე აზრი ჰქონდეს, მაგრამ ცვლილებები ნამდვილად იქნება. ვფიქრობ, სია შეიძლება ერთი მესამედით განახლდეს, ცოტა მეტით ან ნაკლებით. გააჩნია როგორ წავა მოლაპარაკებები და როგორ შეფასდება თითოეული ჩვენგანის მუშაობა.

ეს ყველაფერი სამუშაო პროცესში უნდა გამოჩნდეს. მაგალითად, ვისაც უნდა რომ ჩაანაცვლოს რომელიმე ძველი დეპუტატი, მან უნდა დაამტკიცოს, რომ მასზე მეტი შეუძლია, მეტი რეიტინგი, ცოდნა და გამოცდილება აქვს.

პირადად ვიცი რამდენიმე დეპუტატი, რომლებსაც აღარ სურთ პარლამენტში ყოფნა. ისინი ალბათ წავლენ და თავიანთ პროფესიის მიხედვით იმუშავებენ.

"რ": კონკრეტულად ვის გულისხმობთ?

ო.ნ.: კონკრეტულ გვარებს ვერ დაგისახელებთ, მაგრამ არიან პარლამენტარები, რომლებიც თავიანთ თავს უკვე სხვა სფეროში ხედავენ, ზოგი ბიზნესში, ზოგი სხვაგან. ასეთები ნამდვილად არიან, თუმცა კონკრეტულად ვინ, მათი დასახელება ნამდვილად არ შემიძლია.

"რ": შესაძლებელია, წინასაარჩევნოდ კოალიციას ახალი პარტია შეუერთდეს?

ო.ნ.: თეორიულიად გამორიცხული არაფერი არ არის. ამის შესახებ ადრეც ითქვა. ამ წუთისათვის რაიმე კონკრეტული ინფორმაცია, რომ რომელიმე პარტიას სურს ჩვენთან გაერთიანება, არ გვაქვს. ყოველ შემთხვევაში ამის შესახებ მე ნამდვილად არ ვარ ინფორმირებული. თუმცა, გამორიცხული არაფერია. როცა იდეოლოგიურ ერთობაზე ვლაპარაკობთ, ვის ვიღებთ კოალიციაში - ამას განხილვა სჭირდება.

"რ": როგორ აფასებთ კოალიციის შესაძლებლობებს არჩევნებში, მოახერხებს თუ არა ის გამარჯვებას?

ო.ნ.: მე ყოველთვის ვამბობდი, რომ ჩვენს გაკეთებულ საქმეებს პიარი და ხალხამდე მიტანა სჭირდება. ბევრი გვეკითხება - რა გაგვიკეთეთო. ჩვენი კოალიციის აქილევსის ქუსლი არის პიარი. თანამედროვე პოლიტიკა ამის გარეშე ვერ წარმომიდგენია. მე ვიცი, რომ ამით ძალიან ვიზარალეთ. ბოლოს და ბოლოს, მე ყველა პრემიერთან მქონდა საუბარი და ამასთან დაკავშირებით ყურადღება ბოლო შეხვედრაზეც გავამახვილე. იმედია, ჩვენ ხალხს დავანახვებთ, რა გავაკეთეთ, რა გვაქვს გასაკეთებელი და რა პერსპექტივა გვაქვს. თუ ეს დავანახვეთ, მაშინ ჩვენი შანსები ერთიორად გაიზრდება.

დანარჩენი რა გითხრათ, არ ვიცი, ალბათ, ჩვენს შესაძლებლობებს საშუალოდ შევაფასებდი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×