ხაჯიმბას ოპოზიცია "ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების" დასანიშნად რეფერენდუმს ითხოვს
თიკო ოსმანოვა
05.03.2016

 აფხაზეთში შესაძლოა მორიგი რევოლუცია მომწიფდეს - საინიციატივო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაშიც დე ფაქტო ოპოზიციური ძალების ნაწილია გაერთიანებული, სოხუმში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებაზე რეფერენდუმს ითხოვს. დე ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა კი ოპოზიციას თანამშრომლობას სთავაზობს და "რესპუბლიკაში" სოციალური ფონის გაუარესებას რუსეთში არსებული ეკონომიკური კრიზისით ხსნის.

ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე მოვლენების შესაძლო ,განვითარების ორ სცენარს განიხილავს.

აღსანიშნავია, რომ ბოლო დროს აფხაზეთში ხაჯიმბასადმი უკმაყოფილება საგრძნობლად გაიზარდა. სოციალურ პრობლემებთან ერთად საზოგადოება უკმაყოფილოა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის უძრავი ქონების მიყიდვის შესაძლო დაკანონებით, ადგილობრივების აღშფოთებას ის ფაქტიც იწვევს, რომ "რესპუბლიკის" მოსახლეობას ელექტროენერგია გრაფიკით მიეწოდება. ამის მიზეზი კი ენგურზე წყლის დონის შემცირება გახდა და რომ არა საქართველოს ხელისუფლება, "რესპუბლიკას" ჩაბნელება ემუქრებოდა.

დე ფაქტო საინიციატივო ჯგუფმა "ცენტრალურ საარჩევნო კომისიას" რეფერენდუმის ჩატარების განცხადებით უკვე მიმართა.

ასევე ერთ-ერთ ინტერნეტ საიტზე ამასთან დაკავშირებით გამოკითხვა ჩატარდა, სადაც გამოკითხული მოსახლეობის 67%-მა (150 ხმა) რეფერენდუმის ჩატარებას მხარი დაუჭირა. წინააღმდეგია 27% (55 ხმა).

აფხაზური "კანონმდებლობით", რეფერენდუმი იმ შემთხვევაში ჩატარდება, თუკი საინიციატივო ჯგუფი ორი თვის განმავლობაში მინიმუმ 10 ათას ხელმოწერას შეაგროვებს.

ოპოზიციის განცხადებით, ვადამდელი "საპრეზიდენტო არჩევნების" ჩატარების მოთხოვნა აფხაზეთში პოლიტიკური და ეკონომიკური კრისიზით არის გამოწვეული.

მათ მოთხოვნას ხაჯიმბა განცხადებით ეხმაურება და თანამშრომლობას სთავაზობს.

"ობიექტური სირთულეების მიუხედავად, ჩვენ უფრო მჭიდრო და ნაყოფიერ ურთიერთობებს ვამყარებთ რუსეთთან, კერძოდ, უკვე მნიშვნელოვად გაიზარდა ხელფასები და პენსიები. აფხაზეთისა და რუსეთის პრეზიდენტების ბოლო შეხვედრის პროცესში აფხაზეთის მოქალაქეთა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით კონკრეტულ შედეგებს მივაღწიეთ.

"ამასთან, პრეზიდენტისთვის მთავარ ამოცანად რჩება ქვეყნის შიდა რესურსების ამოქმედება. 2015-მა წელმა გვაჩვენა, რომ ასეთი შესაძლებლობები გვაქვს. ყველა ძალისხმევა უნდა მივმართოთ იმისკენ, რომ ეკონომიკა განვავითაროთ, რეფორმები ბოლომდე მივიყვანოთ და მოსახლეობის ცხოვრების ხარისხი ავამაღლოთ რუბლის ზონაში ფინანსურ-ეკონომიკური კრიზისის პირობებში. ამისთვის საჭიროა გავაერთიანოთ ჩვენი ხალხის ძალისხმევა", - ნათქვამია "პრეზიდენტის" განცხადებაში.

ხაჯიმბა ამბობს, რომ პირადი შეხვედრების დროს საჯაროდ არაერთხელ შესთავაზა ოპოზიციის წარმომადგენლებს კონფრონტაციიდან ღია, კონსტრუქციულ დიალოგზე გადასვლა.

"პირველად ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში პრეზიდენტის მიერ შექმნილია პოლიტიკური საკონსულტაციო საბჭო, რომლის შემადგენლობაშიც მოწვეული არიან ოპოზუციური ორგანიზაციების წარმომადგენლებიც. ამ ორგანოს ფარგლებში მნიშვნელოვანი პოლიტიკურ ძალებს ჰქონდათ შესაძლებლობა, ხელისუფლებასთან ერთად გამოემუშავებინათ პოლიტიკა და პირდაპირი გავლენა ჰქონოდათ აფხაზეთის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებებზე. თუმცა, ამის ნაცვლად ჩვენ გვთავაზობენ კონსტიტუციის თვალსაზრისით საეჭვო პოლიტიზებულ აქციებს, რა ქვეყანაში სიტუაციის დესტაბილიზაციისკენ არის მიმართული. ოპოზიციის წარმომადგენლები მიზანმიმართულად უარს ამბობენ დიალოგზე", - განაცხადა ხაჯიმბამ.

იგი დარწმუნებულია, რომ ოპოზიციის "უპასუხისმგებლო პოლიტიკა სათანადო შეფასებას მიიღებს მოქალაქეების მხრიდან".

იმას, რომ ხაჯიმბას პრეზიდენტობით საზოგადოების დიდი ნაწილია უკმაყოფილო, "რეზონანსთან" საუბრისას კონფლიქტოლოგებიც ადასტურებენ, თუმცა "კავკასიური სახლის" აღმასრულებელი დირექტორი გიორგი კანაშვილი ამ ეტაპზე ოკუპირებულ რეგიონში ვითარების დესტაბილიზაციას გამორიცხავს. მისი თქმით, "ოპოზიციის" მოთხოვნა მოთხოვნად დარჩება.

"ხაჯიმბამ წინასაარჩევნოდ დადებული არც ერთი დაპირება არ შეასრულა. მაგალითად, ეს არის კორუფციასთან ბრძოლა და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება. აქედან გამომდინარე ხალხი უკმაყოფილოა, მაგრამ ამას ჯერჯერობით არ მიუღწევია რაღაც ფორმებისთვის, რომ გადატრიალება ან სხვა რაღაც ძალისმერი მეთოდები ვიხილოთ. ჯერჯერობით ამის ალბათობა ნაკლებია.

"ვფიქრობ, ეს ინიციატივა ინიციატივად დარჩება და არ ჰპოვებს რაღაც დრამატულ განვითარებას, რადგან აქციების მოწყობის წინააღმდეგია თავად საზოგადოებაც. ასე რომ, არ მგონია ისევ იმ სცენარით განვითარდეს მოვლენები, როგორიც ანქვაბის შემთხვევაში მოხდა", - უთხრა "რეზონანსს" კანაშვილმა.

კავკასიის საკითხებში ექსპერტი მამუკა არეშიძე კი აფხაზეთში მოვლენების განვითარების შესაძლო ორ სცენარს განიხილავს.

"აქ მოვლენები შეიძლება ორი სცენარით განვითარდეს. ერთი - ხაჯიმბამ შესაძლოა დრო მაქსიმალურად გაწელოს და ოპოზიციის მოთხოვნას წაუყრუოს. მეორე მხრივ კი შეიძლება ეს სათავისოდ გამოიყენოს, ოპოზიციის მოთხოვნას დათანხმდეს და რეფენდეუმის მეშვეობით იქნება თუ სხვა მეთოდით, აჩვენოს მოსკოვს, რომ ადგილობრივი საზოგადოება უკმაყოფილოა იმ კანონების მიღებით, რასაც რუსეთი ითხოვს. მათ შორის საუბარია უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის უძრავი ქონების მიყიდვის პროცესის დაკანონებაზე.

"თუმცა, უნდა აღვნიშნო, რომ ხაჯიმბამ უფრო მეტი იცის, ვიდრე მოსკოვში წარმოუდგენიათ. ის სტატიები, რომლებიც ვრცელდება სხვადასხვა ინტერნეტსაშუალებაში, მაძლევს საფუძველს ვიფიქრო, რომ სერიოზული გამაფრთხილებელი გზავნილებია რუსეთიდან და თუ აფხაზები არ დათანხმდებიან, მაშინ სოხუმში მოხდება მეორე ეთნიკური ჯგუფის აჯანყება", - გვითხრა არეშიძემ.

შეგახსენებთ, რომ რაულ ხაჯიმბა აფხაზეთში დე ფაქტო პრეზიდენტად 5 წლის ვადით 2014 წელს აირჩიეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×