საპარლამენტო უმრავლესობაში სამთავრობო ცვლილებების მოლოდინია. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით ლორთქიფანიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ის ფიქრობს, რომ მთავრობაში ცვლილებები იქნება.
"ვფიქრობ, მთავრობაში ცვლილებები იქნება. ვიზიარებ პრემიერ-მინისტრის პოზიციას, რომ მას სჭირდებოდა პერიოდი და ცვლილებები სწორედ პრემიერის დისკრეციაში შედის", - აცხადებს ლორთქიფანიძე.
მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მარტში სამთავრობო ცვლილებები იგეგმება. თანამდებობებს დატოვებენ "რესპუბლიკური პარტიის" წევრი მინისტრები, ასევე ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური და დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი.
თავად სოზარ სუბარი ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, "დღეს და ხვალ" ცვლილება დაგეგმილი არ არის, თუმცა "ზეგ" მთავრობის განახლება იქნება და ეს მუდმივი და კარგი პროცესია.
"ამწუთას არანაირ ცვლილებას არ ველოდები. თუმცა ის, რომ მე არ ველოდები ან არ არის დაგეგმილი, არ ნიშნავს, რომ ხვალ, ზეგ რამე არ მოხდება. ცვლილებების გარეშე ღმერთმა არ გვამყოფოს. ცვლილება და განახლება მუდმივი და კარგი პროცესია. ეს არის საჭირო არა მხოლოდ გუნდისთვის, კოალიციისთვის, არამედ თითოეული ადამიანისთვის, რომ მან თავისი ცხოვრების გაგრძელების სხვა ახალი გზა იპოვოს", - განაცხადა სუბარმა.
უნდა განხორციელდეს თუ არა ცვლილებები მთავრობაში და რომელი მინისტრები უნდა შეიცვალონ? - მოსალოდნელ ცვლილებებზე საზოგადოების ცნობილ სახეებს განსხვავებული მოსაზრებები აქვთ.
ლია მუხაშავრია (იურისტი): "ამაზე არ მიფიქრია, მაგრამ ისე, რასაც ვუყურებ, პირველ რიგში ფინანსთა მინისტრი, იუსტიციის მინისტრი, ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის მინისტრებია შესაცვლელი. რა ვიცი, რა დარჩა, პრაქტიკულად ყველა შესაცვლელია.
"მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ არჩევნებამდე 6 თვე დაგვრჩა, მთავრობის ცვლილებას აზრი არ აქვს. ახალი მინისტრები რაგინდ კარგები იყვნენ, არსებითის გაკეთებას ვერ მოასწრებენ. კარგი იქნებოდა ოპტიმიზაცია მომხდარიყო და რამდენიმე სამინისტრო გაერთიანებულიყო და ამით მომხდარიყო ხარჯების შეკვეცა, მაგრამ ამაზე წამსვლელი არ არიან, რადგან ამით ძალიან ბევრ მომხრეს სამსახურიდან გაათავისუფლებენ და არ აწყობთ. "საითაც გაიქცევი, იქით წაიქცევი" ჰქვია ახლა მთავრობის პოზიციას".
გია ბუღაძე (ფერმწერი): "ცვლილებას აზრი არ აქვს. საერთოდ უნდა წავიდეს ეს მარიონეტული და არაფრის მაქნისი ხელისუფლება. სხვა საშველი არ არის, სანამ ეს ხელისუფლებაა და ბიძინას არაფორმალური მმართველობა, ამ ქვეყანას არაფერი ეშველება. ველოდებით არჩევნებს, იქნება რაღაც უკეთესობისკენ შეიცვალოს და პარლამენტიც და მთავრობაც უფრო ჭრელი იყოს".
გოგი ხოშტარია (ხელოვნებათმცოდნე): "პირველ რიგში ზაქარეიშვილი უნდა გაუშვან, იმიტომ, რომ რუსოფილია. თუმცა, ცვლილებები რაღა დროისაა, ამათ ბევრი კი არ დარჩათ. ცვალებადობა სამინისტროს მუშაობას ერთი თვით აფერხებს და იყოს, რაც არის. ჩატარდება არჩევნები და მერე აირჩევა ახალი მთავრობა".
ვახტანგ გურული (ისტორიკოსი): "ახლა სოფელში ვარ, გამწარებული ვმუშაობ და არ მიფიქრია ამაზე. ამას ცოტა დაფიქრება უნდა. მე მგონი სოფლის მეურნეობის მინისტრი სხვა მინისტრებს შორის მოისუსტებს. გვარი არ ვიცი, მაგრამ მის საქმიანობას უფრო ვიცნობ".
გელა ნიკოლაიშვილი (იურისტი): მთავრობა რადგანაც ერთი გუნდია, კონკრეტული პიროვნებების გამოცვლას, მით უმეტეს არჩევნების წინ, საქმისათვის რაიმე მნიშვნელობა არ ექნება. შეიძლება მნიშვნელობა ჰქონდეს მხოლოდ წინასაარჩევნო კამპანიისთვის და ის მინისტრები, რომლებიც არ სარგებლობენ ხალხში ავტორიტეტით თუ პოპულარობით, მისაღები სახეებით შეიცვალოს.
"საზოგადოებიდან და მასმედიიდან უფრო მეტი პრეტენზია არის ფინანსთა მინისტრის და შერიგების მინისტრის მიმართულებით".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე