ანდრო ბარნოვის ხმაურიან განცხადებას "ნაცმოძრაობიდან" მისი წასვლის მიზეზებზე პარტიაში უინტერესოს უწოდებენ და აცხადებენ, რომ არც თავად ბარნოვის მიმართ აქვთ რაიმე ინტერესი. მათგან განსხვავებით, ბარნოვის კარგად ესმით "ნაცმოძრაობიდან" ცოტა ხნის წინ გამოყოფილი "გირჩის" წევრებს. ისინი ადასტურებენ, რომ პარტიაში მართლაც ისეთი მდგომარეობაა, როგორიც ეს თავის განცხადებაში ბარნოვმა აღწერა.
სკანდალური პოსტი სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის უკვე ყოფილმა ხელმძღვანელმა და "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა წევრმა ანდრო ბარნოვა "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა. იგი პარტიიდან წამოსვლის მიზეზებს განმარტავს და ამბობს, რომ "ნაცმოძრაობაში" საკმაოდ არასახარბიელო ვითარებაა.
"ჩემი ღრმა რწმენით, ენმ უნდა გახსნილიყო ახალი ენერგიული ლიდერების მიმართ. ამის ნაცვლად ჩაიკეტნენ და ბრძოლა დაუწყეს ახალ ხალხს ყველა დონეზე. ცენტრალურში, რეგიონებში თუ ლოკალურ დონეებზეც კი. ვინც ენთუზიასტი და იდეის ტიპი იყო, ჯერ გამოიყენეს და, როგორც კი საფრთხემ გადაიარა, გვერდზე გაწიეს. როგორ დავუჭირო მხარი იმას, ვინც ასე იქცევა?
"როცა პარტია თუნდაც ასიათასი მყარი მხარდამჭერით ცდილობს ფონს გასვლას და არა - ფართო მასებზე ზემოქმედებას, როცა არც არაფერი აქვთ სალაპარაკო და კონკურენტებს პარავენ უნამუსოდ მესიჯებს, როდესაც ოფისიდან გასვლა ეზარებათ და მხოლოდ ამ მყარი ელექტორატის იმედზე არიან, ესეიგი ეს პარტია მებრძოლი კი არა, უნამუსო და მატყუარა ბიუროკრატია, რომელსაც 15 კაცის პარლამენტში შეთრევის გარდა სხვა მიზანი არ ამოძრავებს. ეს ძალიან ტეხავს. მე მაგ მარაზმის ნაწილი ვერ ვიქნები.
"გადაღლილი ხალხია, იდეებისგან დაშრეტილი, არაფრის არც შექმნა შეუძლიათ და არც ბრძოლა. 65 კაცია იმ პოლიტსაბჭოში და ჩემ გარდა ყველა რაღაც დიდ ან პატარა კლანუკაშია გაერთიანებული. ცოცხალი თავით არ უნდათ ამ საპნის ბუშტი პოზიციების დათმობა. მანდ უნდა მებრძოლა?...მე ამ მარაზმატულ ძალას მხარს ვეღარ დავუჭერ," - წერს ბარნოვი.
მის ამ განცხადებაზე "ნაციონალურ მოძრაობაში" საუბარი საერთოდ არ სურთ. მათი აზრით, ზოგიერთი მედიასაშუალება ოცნებაში არსებულ სიტუაციის ანდრო ბარნოვის პოსტით გადაფარვას ცდილობს.
"ამ თემაზე ლაპარაკს არ ვაპირებ. ამ კაცის პოსტი ჩემთვის საინტერესო არანაირად არაა. არც ჩემთვის და არც პარტიის წევრების 99.9 პროცენტისათვის. ანდრო ბარნოვი პარტიაში მოწინავე პოზიციაზე არასოდეს ყოფილა. იგი პარტიაში 2012 წლის შემდეგ მოვიდა. თუმცა, რამის კეთებით თავი არ მოუკლავს. როგორც მახსოვს, ის ამ დროს რაღაც მოძრაობას აყალიბებდა. ეგ იყო და ეგ. პარტიაში ვისაც არ უნდა დაურეკოთ, დაახლოებით ასეთ პასუხს გაგცემთ," - განგვიცხადა "ნაცმოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა მიხეილ მაჭავარიანმა.
იგი ანდრო ბარნოვთან პარტიის დაპირისპირებასაც გამორიცხავს და აცხადებს, რომ არანაირი დაპირისპირება არ ყოფილა. მაჭავარიანის თქმით, ბარნოვს პარტიაში არასოდეს უაქტიურია:
"ბევრი ჟურნალისტი უფრო ხშირადაა პარტიის ცენტრალურ ოფისში ნამყოფი, ვიდრე ანდრო ბარნოვი. მისგან არც პოლიტსაბჭოზე და არც სამდივნოზე დაყენებული საკითხი არ გვახსოვს," - დასძენს იგი.
ჩვენს კითხვაზე, თუ რა გეგმები და მოლოდინები აქვთ წინასაარჩევნოდ, მაჭავარიანი ბარნოვის ნათქვამის საპირისპიროდ ამტკიცებს, რომ პარტიაში მხოლოდ გამარჯვებაზე ფიქრობენ.
"ამის მოლოდინი გვაქვს, რადგან ასე ვერ გაგრძელდება. "ქოცები" ასეთ მმართველობას ვერ გააგრძელებენ. ამ წლების განმავლობაში მათ თავიანთი თავი მოსახლეობას იმაზე მეტად დაანახვეს, ვიდრე ჩვენ წარმოგვედგინა. თავისი კვალი თითოეული ქართველის ოჯახს დაატყვეს - გააღარიბეს და გააღატაკეს. შესაბამისად, ამ ყველაფრის ფონზე ხალხის მხარდაჭერის იმედი ნამდვილად გვაქვს, უნდა მოვიგოთ", - აღნიშნავს მიხეილ მაჭავარიანი.
მაჭავარიანისგან განსხვავებით, მისი ყოფილი თანაგუნდელი, ამჟამად პარტია "გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი გოგა ხაჩიძე ბარნოვის ნათქვამს საკმაოდ ნაცნობსა და მტკივნეულს უწოდებს. იგი ასევე აცხადებს, რომ პარტიიდან მათი წასვლის მიზეზიც განახლების სურვილი იყო და დასძენს, რომ ამას უკვე პარტიის ლიდერი - მიხეილ სააკაშვილიც მიხვდა, რომელმაც ბოლო ინტერვიუში სწორედ რადიკალური განახლების საჭიროებებზე ისაუბრა.
"ტკივილი, რომელზეც ანდრო საუბრობს, ჩემთვის კარგად ნაცნობი და გავლილია. მისი განწყობის აბსოლუტურად მესმის. ბუნებრივია, ეს არაა სრული სურათი, მაგრამ ჩემთვის აბსოლუტურად გასაგებია ის ყველაფერი, რაზეც ანდრო ბარნოვის წერილშია ლაპარაკი.
"ნაცმოძრაობაშო" ხშირად ამბობენ, რომ მათი კარი ღიაა. კარი კი ღიაა, მაგრამ ოთახია სავსე. პრობლემა ესაა. ჩვენ ვფიქრობდით, რომ ყველა, ვინც წინა ხელისუფლებაში რაღაც თანამდებობებზე ვიყავით, გარკვეული პოზიციები გვეკავა, განზე უნდა გავწეულიყავით, რადგან ხალხში განწყობა არსებობს, რაც პოლიტიკაში ძალიან მნიშვნელოვანია. განზე უნდა გავმდგარიყავით იმის მიუხედავად, ვინ მეტი იმუშავა და ვინ - ნაკლები. პარტიაში უნდა დავრჩენილიყავით, მივხმარებოდით, თუმცა "ნაცმოძრაობა" თავიდან ბოლომდე უნდა განახლებულიყო. ამის ნება პარტიაში არ იყო და ამიტომაც წამოვედით," - აცხადებს ხაჩიძე.
რაც შეეხება ბარნოვის ნათქვამს იმის თაობაზე, რომ "ნაცმოძრაობას" 15 ადამიანის პარლამენტში შეყვანის გარდა სხვა მიზანი არ გააჩნია და რომ ახლა იქ ამ სიაში მოხვედრაზე მიდის ბრძოლა, ხაჩიძე ამბობს, რომ "ნაცმოძრაობა" საკმაოდ დიდი პარტიაა და პარლამენტში მოხვედრის ამბიცია ბევრს აქვს.
ბარნოვის განცხადებას რეალობასთან ახლოს მდგომს უწოდებს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძეც და დასძენს, რომ ეს ყველაფერი წარმოუდგენელი ნამდვილად არაა, რადგან პოლიტიკაში ანალოგიური სიტუაცია ხშირია.
მისი თქმით, პოლიტიკოსები პარლამენტში მოსახვედრად გაცილებით თავგამოდებით იბრძოდნენ, ვიდრე მაღალი იდეალებისათვის. ამბობს, რომ პოლიტიკაში არა მხოლოდ ხალხს უცრუვდება მოლოდინები, არამედ თავად პოლიტიკოსებსაც. მას შემდეგ, რაც სამზარეულოში შეიხედავს, ბევრი რამ მისთვისაც მიუღებელი ხდება.
"ნაცმოძრაობა" საკმაოდ რეალისტი პოლიტიკური ძალაა. მან თავისი რეალური მდგომარეობა ყოველთვის კარგად იცის. როცა ამ პოზიციიდან ამბობენ, რომ არჩევნებში გაიმარჯვებენ და ხელისუფლებაში დაბრუნდებიან, ეს უბრალოდ საბრძოლო განწყობის კიჟინაა. დაახლოებით ისეთი, შეჯიბრების წინ სპორტსმენები ერთმანეთს რომ ამხნევებენ ხოლმე.
"რეალურად კი, "ნაცმოძრაობამ" იცის, რომ მაშინაც კი, როცა 2012 წლის არჩევნებში 40% აიღო, მისი რეალური მხარდამჭერი მხოლოდ 10% იყო. დანარჩენი პროცენტები როგორ მიიღეს, თავადაც კარგად უწყიან. ამიტომ, როგორც რეალისტი პოლიტიკოსები, ისინი უდავოდ ეცდებიან, რომ გაინაღდონ ის მინიმუმი, რისი აღებაც შეუძლიათ და არარეალურ მიზნებს არ გამოეკიდონ.
"ამიტომ, მეჩვენება, რომ ბარნოვის ეს ბრალდება რეალობას ასახავს. თუმცა, ამის გამო კრიტიკა სწორი არაა. რომ ამბობს ხალხში არ გადიანო, რომელ ხალხში უნდა გავიდნენ, რომელიც მათ ქვებს უშენთ?" - აღნიშნავს საყვარელიძე.
რაც შეეხება იმას, თუ რამდენად დაეხმარებოდა გადახალისება პარტიას ხალხის მხარდაჭერის მოპოვებაში, საყვარელიძე ამბობს, რომ ეს პარტიას დაეხმარებოდა, თუმცა მის ძველ ლიდერებს დააზარალებდა.
ახალ სახეებს, პოლიტოლოგის თქმით, თავიანითი პოზიცია, შეხედულებები და სურვილები ექნებოდათ. ისინი ნახავდნენ, რომ ძველი ფიგურები პარტიისათვის წამგებიანები არიან და მათგან გათავისუფლებას აუცილებლად ეცდებოდნენ.
"ამიტომაც არ იკარებენ ახალ სახეებს ძველები და ურჩევნიათ პატარა ჯგუფად მაინც იყვნენ პოლიტიკაში, ვიდრე სულ ჩამოშორდნენ," - დასძენს იგი.