რუსული მედია კიდევ ერთხელ ალაპარაკდა რუსეთისა და საქართველოს პირველი პირების შესაძლო შეხვედრაზე. არაოფიციალური ინფორმაციით, ეს საკითხი შესაძლოა, მომავალ კვირას პრაღაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინისა და რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის შეხვედრისას განიხილონ.
თავად აბაშიძის თქმით, ამ ეტაპზე შეხვედრისთვის სამზადისი არ მიმდინარეობს, თუმცა მზად არის, მეორე მხარეს მოუსმინოს.
"ახლა ამაზე მზადება არ მიმდინარეობს, მაგრამ თუ იქნება რაღაც იდეა, მოვისმენთ. ბუნებრივია, ჩამოვიტან ამ ამბავს და გეტყვით.
"ზოგადად, ჩვენი მხრიდან ლიდერების შეხვედრის შესახებ საუბარი ნამდვილად არ იგეგმება. რამდენჯერმე გაკეთდა განცხადებები როგორც ერთი მხრიდან, ასევე მეორე მხრიდან. მზაობის თაობაზე ითქვა, რომ თუკი ასეთი შეხვედრა მოხდება, ეს უნდა იყოს ძალიან კარგად მომზადებული იმისათვის, რათა გამოიღოს რაღაც შედეგი. ვგულისხმობ ყველაზე რთულ თემებს. მხედველობაში გვაქვს კონფლიქტური რეგიონები, რომ თუნდაც მცირე ნაბიჯი გადაიდგას ამასთან დაკავშირებით. შეხვედრა შეხვედრისთვის არავის არ სჭირდება", - უთხრა "მთელ კვირას" ზურაბ აბაშიძემ და დასძინა, რომ თუკი იქნება ინიციატივა, შეხვედრას საგარეო საქმეთა სამინისტრო მოამზადებს.
"კარასინისა და ჩემ შეხვედრაზე უფრო სპეციფიკური საკითხები განიხილება - ვაჭრობა და ჰუმანიტარული თემები. ზოგადად, თუკი ასეთი შეხვედრა შედგება, როგორც წესი, ასეთ საკითხებს საგარეო საქმეთა სამინტროები ამზადებენ", - გვითხრა დიპლომატმა.თუმცა, მიმდინარეობს თუ არა ორი ქვეყნის ლიდერის შეხვედრასთან დაკავშირებით სამზადისი, უცნობია. ჯანელიძის უწყებაში ამასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.
შეგახსენებთ, რომ გრიგორი კარასინი საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტების შესაძლო შეხვედრაზე ჯერ კიდევ შარშან ნოემბერში საუბრობდა.
ასეთი შეხვედრის ალბათობაზე კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაშიც.
"არასერიოზულ საკითხებზე კომენტარს არ ვაკეთებ", - გვითხრა პრეზიდენტის მრჩეველმა საგარეო ურთიერთობათა საკითხებში თენგიზ ფხალაძემ.
თავად რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ქართველ კოლეგასთან შეხვედრის სურვილი ჯერ 2014 წელს რამდენჯერმე გამოთქვა. მაშინ ანალოგიურად უპასუხა გიორგი მარგველაშვილმაც.
"საქართველოს არაერთხელ დაუფიქსირებია, რომ რუსეთთან არსებული კონფლიქტი უნდა გადაწყდეს მოლაპარაკების გზით. შესაბამისად, პრეზიდენტსაც შეხვედრისთვის მზაობა არაერთხელ დაუფიქსირებია - თუკი მოლაპარაკება ემსახურება ქვეყნისათვის საჭირო მნიშვნელოვანი მწვავე საკითხების გადაწყვეტას (აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს ვგულისმხობ), რაც რეალურად არსებობს რუსეთთან ურთიერთობაში და რაც ყველაზე მეტად აწუხებს ჩვენს მოსახლეობას", - ასე უპასუხეს მაშინ პუტინს თბილისში.
ამ განცხადების შემდეგ პუტინმა შეხვდრაზე მზადყოფნა მომდევნო წელსაც გამოთქვა, თუმცა რაიმე ქმედითი ნაბიჯები არც ერთი მხრიდან არ გადადგმულა.
საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი მაია ფანჯიკიძე ამბობს, რომ მისი მინისტრობის დროს შეხვედრასთან დაკავშირებით წინასწარი სამუშაოები არ ჩაუტარებია, რადგან, მისი თქმით, შეხვედრას მაშინ აქვს აზრი, თუკი წინასწარი შედეგი ცნობილი იქნება.
"ამაზე საუბარი დიდი ხანია მედიაში მიმდინარეობს. თუმცა, არასოდეს არ ყოფილა სახელმწიფოების დონეზე საუბარი. საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩემ დროს ასეთი შეხვედრისთვის არასოდეს არ ჰქონია რაიმე სახის წინასწარი სამუშაო ჩატარებული, რადგან ჩემი აზრი იყო და დღესაც არის, რომ ასეთი შეხვედრის დაგეგმვას და ჩატარებას მხოლოდ მაშინ აქვს აზრი, თუ წინასწარ გვეცოდინება დახლოებითი შედეგი, რასაც შეგვიძლია მივაღწიოთ ასეთი შეხვედრის შემთხვევაში.
"თუკი შეხვედრა იქნება მომზადებული და შეეხება ისეთ თემებს, რომლებიც საქართველოსთვის არის ყველაზე მნიშვნელოვანი - ესაა საქართველოს დეოკუპაცია - რუსეთის ლიდერთან შეხვედრისას მხოლოდ და მხოლოდ ამ საკითხზე უნდა იმსჯელონ", - უთხრა "მთელ კვირას" მაია ფანჯიკიძემ.
მისივე თქმით, ჰუმანიტარულ და ვაჭრობის საკითხებზე ქვეყნის ლიდერების შეხვედრა არ არის საჭირო.
"მოსმენას წინ არაფერი არ უდგას, ეს ყოველთვის კარგია. საინტერესოა რა წინადადება აქვს მეორე მხარეს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ - იმისათვის, რომ ვილაპარაკოთ "უბრალოდ თემებზე" - ვაჭრობა და ჰუმანიტარული საკითხები და ასე შემდეგ - არ არის საჭირო უმაღლეს დონეზე შეხვედრის მომზადება, ამისთვის არსებობს კარასინი-აბაშიძის ფორმატი.
"ხოლო თუ რუსეთი მზად არის ილაპარაკოს ჩვენთვის უმნიშვნელოვანეს საკითხზე და შემოგვთავაზებს ქმედით ნაბიჯებს ამ მიმართულებით, მაშინ რასაკვირველია შეხვედრას აზრი ექნება.
"ჩვენ ამასთან დაკავშირებით განცხადება არაერთხელ გავაკეთეთ და ვფიქრობ, რუსეთის ხელისუფლბას ეს არ გამორჩებოდა", - ამბობს ფანჯიკიძე.
თსუ-ის პროფესორ კორნელი კაკაჩიას თქმით, შეხვედრა ორინტირებული უნდა იყოს შედეგზე და შეხვერდა მხოლოდ შეხვედრისთვის არ ღირს.
"ჯერჯერობით იმ დინამიკის პირობებში, რომელიც რუსეთსა და საქართველოს შორისაა, ურთიერთობა არ არის მომწიფებული, არ არსებობს არავითარი წინაპირობა, რომ ორი ქვეყნის ლიდერების შეხვედრა შედგეს. შეხვედრა შეხვედრისთვის არაფრის მომცემი არ არის და ჩვენ ამის 25-წლიანი გამოცდილება გვაქვს.
"აქედან გამომდინარე, სანამ რუსეთი არ იქნება მზად განახორციელოს რადიკალური ცვლილება საქართველოსთან მიმართებაში საგარეო კურსის შეცვლის თვალსაზრისით, მანამდე ჩვენი მხრიდან შეხვედრას აზრი არ აქვს.
"ახლა ყველა საკითხზე შეიძლება საუბარი, გარდა კონფლიქტური რეგიონებისა. და თუ ასეთ საკითხებზე რაღაც ცვლილება მოხდა, ამასთან დაკავშირებით გარკვეული სიგნალები უნდა იყოს ან განცხადება უნდა უძღოდეს წინ.
"ანუ, შეხვედრა უნდა იყო მომზადებული ორივე მხრიდან და ორენტირებული იყოს შედეგზე. შეხვედრა შეხვედრისთვის არ ღირს", - განუცხადა "მთელ კვირას" კაკაჩიამ.