მსოფლიოში ნავთობი სწრაფად ძვირდება, ეს კი ნიშნავს, რომ იმპორტირებულ პროდუქტზეც ფასი უცებ მოიმატებს
მაკა ხარაზიშვილი
08.03.2016

 ნავთობის გაძვირების პარალელურად, საერთაშორისო ბირჟებზე სურსათიც ძვირდება. ეს ნიშნავს, რომ მსოფლიოში იაფი პროდუქტის ხანა დასრულდა. ეს პროცესი ძალიან ცუდად იმოქმედებს იმ ქვეყნებზე, სადაც ადგილობრივი ვალუტის მკვეთრი დევალვაცია მოხდა. მათ რიცხვშია საქართველოც. თუ ლარის გამყარების ტემპი არ დაჩქარდა, ქვეყანა დიდი ინფლაციის წინაშე დადგება. საარჩევნო წელს მმართველი პარტიის მიმართ მოსახლეობის განწყობაზე ეს მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს.

ლონდონის ბირჟაზე 1 ბარელი ნავთობის ფასი 40 დოლარს გადასცდა. ბოლო ორი კვირაა საერთაშორისო ბირჟებზე თითქმის ყველა საკვები პროდუქტი ძვირდება - შაქარი, ზეთი, ხორბალი, ბრინჯი.

ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი სოსო არჩვაძე აღნიშნავს, რომ ნავთობპროდუქტების ფასი საწარმოო და სამომხმარებლო დანიშნულების ბევრი საქონლს ფასთან მაღალ კორელაციაშია. ნავთობპროდუქტების გაძვირებით უპირველესად გაიზრდება ტრანსპორტის ხარჯი, რომელიც სამომხმარებლო კალათში საკმაოდ დიდი წილით არის წარმოდგენილი. ამ პროცესს დომინოს პრინციპით სხვა პროდუქტის გაძვირება მოჰყვება.

"თუ არ მოხდა ლარის გამყარება, ინვესტიციებისა და ფულადი გზავნილების გაზრდა, ინფლაციის ზრდა გარდაუვალი იქნება. შესაბამისად მოსახლეობის ყველა ფენის ხარჯი გაიზრდება, რაც სერიოზულ გავლენას მოახდენს არჩევნების შედეგზე, ელექტორატის განწყობასა და საბოლო გადაწყვეტილებაზე", - აღნიშნავს სოსო არჩვაძე.

ლარის კურსის გასამყარებლად კი აუცილებელი წინაპირობა ინვესტიციებისა და ექსპორტის გაზრდაა. გაძვირებული ნავთობის გამო ქვეყნიდან ამ პროდუქტის შესასყიდად უფრო მეტი დოლარი გავა. შარშან სწორედ ამ პროდუქტის გაიაფებით გაკეთდა 400 მილიონ დოლარის ეკონომია მაშინ, როდესაც გზავნილების შემცირებით ქვეყანას 360 მილიონი დოლარი მოაკლდა. ამჯერად გზავნილების შემოდინება კი მატულობს, თუმცა უფრო სწრაფად ძვირდება ნავთობი, შესაბამისად, ამ ორ პროცესს შორის ბალანსი უარყოფითი მიმართულებით შეიცვლება.

"საქმე ისაა, რომ ფულადი გზავნილების მატება დროში საგრძნობლად ჩამორჩება ნავთობის გაძვირებას და მისი სწრაფი კომპენსირება ვერ მოხდება. ამიტომ, ვფიქრობ, თუკი ნავთობის გაძვირება გაგრძელდება, ინფლაციური პროცესი დრამატული იქნება", - ამბობს არჩვაძე.

მისი თქმით, მოსახლეობის მსყიდველუნარიანობის ზღვარი უკვე იმდენად შემცირდა, რომ იმპორტირებული პროდუქტის გაძვირება უფრო მეტად ბიზნესს შეუქმნის პრობლემას.

დღესდღეობით ოფიციალური ინფლაცია 5,6%-ის დონეზეა. სამომხმარებლო ფასების დონის ამ ნიშნულზე შენარჩუნება მსოფლიოში პროდუქტის გაიფების ხარჯზე მოხდა, რაც თავის მხრივ დოლარის გამყარებამ განაპირობა.

სტატისტიკოსი ნოდარ კაპანაძე ამბობს, რომ მოსახლეობის მსყიდველუნარიანობას თავისი ზღვარი აქვს, რომელიც უკვე ძალიან დაბალ ნიშნულზეა. შესაბამისად, თუ გაძვირების ახალი ტალღა დაიწყო, ეს ნიშანავს, რომ პრობლემა უფრო მეტად ბიზნესს შეექმნება, ვინაიდან პროდუქტის რეალიზაცია გაჭირდება.

"საერთაშორისო ბაზარზე თუ რამე გაძვირდა, ფასი ჩვენთანაც აუცილებლად მოიმატებს, თუმცა ხალხის მსყიდველუნარიანობას აქვს თავისი ზღვარი და იგი დღეს, საკმაოდ დაბლააა ჩამოწეული. მოხმარება ისედაც შემცირებულია და ფასთა მორიგი ზრდა ბიზნესს ცუდ დღეში ჩააგდებს", - ამბობს ნოდარ კაპანაძე და დასძენს, რომ ადგილობრივ ბაზარზე ახლო მომავალში საწვავი არ უნდა გაძვირდეს, ვინაიდან საცალო ქსელში ბენზინისა და დიზელის ღირებულება საერთაშორიოს ბაზარზე ნავთობის ფასის ვარდნის პროპორციული არ იყო.

"ამ ეტაპზე ჩვენთან საწვავი არ უნდა გაძვირდეს, თუმცა თუკი ნავთობის ფასი ზრდას გააგრძელებს, ეს გარდაუვალი პროცესი იქნება. შესაბამისად, გაძვირდება სხვა პროდუქტიც. საინტერესოა ამ პროცესის შესაჩერებად რას გააკეთებს მთავრობა? ყოველთვის ვამბობდი, რომ ეკონომიკის რეალურ სექტორის განვითარება არის მთავრობის ნომერ პირველი ამოცანა, რომელიც კარგა ხნის წინ უნდა დაწყებულიყო", - ამბობს ნოდარ კაპანაძე.

საქართველოში მიზნობრივი ინფლაცია 5%-ია. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, თებერვალში წლიური ინფლაცია 5,6%-ის დონეზეა. 12-თვიან პერიოდში გაძვირებულია სურსათი და უალკოჰოლო სასმელები - 4,6 პროცენტით, ხილი - 33,0 პროცენტი, ცხიმი - 10,6 პროცენტი, ჯანმრთელობის დაცვა - 10,5 პროცენტი.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ლარის გამყარების გარეშე აღნიშნული პროდუქტების გაძვირების ტენდენცია გაგრძელდება. ქვეყნის მთავარი ფინანსისტი ნოდარ ხადური კი კვლავ იმედიანად არის და იგი მოკლევადიან პერიოდში ლარის კურსის დასტაბილურებას, საშუალოვადიან პერიოდში კი გამყარებას ელოდება.

"თქვენ ხედავთ, რომ რეგიონის ქვეყნებში არის ადგილობრივი ვალუტების გამყარება, ნავთობის ფასების მერყეობაც აღარ არის ძალიან დიდი. როგორც დაგპირდით, ვასრულებთ ჩვენს სიტყვას, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი კურსზე დაწოლას არ ახორციელებს. ველოდებით, რომ კურსი დასტაბილურდება, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში გამყარდება", - განაცხადა ხადურმა.

მინისტრი წელს ლარის გასამყარებლად და ეკონომიკის გასააქტიურებლად ინვესტიციების მომრავლებასაც ელოდება - ენერგეტიკს, ტრანსპორტი, კავშირგაბმულობა და მშენებლობა. ხადური ასევე აღნიშნავს, რომ "საქართველოში რევოლუციური, ათასწლეულის პროექტის" განხორციელება იწყება. რეალურად, არის თუ არა მთავრობა ინფლაციასთან საბრძოლველად მზად, ამას გაზაფხულის მიწურულს დავინახავთ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×