ნინო ქეთელაური
08.03.2016

სამართალდამცველებმა ალექსი პეტრიაშვილზე განხორციელებულ თავდასხმაში ბრალდებული, 1975 წელს დაბადებული ლევან მ. დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა, თანამზრახველთან ერთად, მიმდინარე წლის 26 თებერვალს თბილისში, საბურთალოზე, წმ. გიორგის სახელობის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ძმათა სასაფლაოზე, ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმა განახორციელა. ლევან მ-მ, თანამზრახველთან ერთად, ალექსი პეტრიაშვილს თავის არეში ჩაქუჩით დაზიანებები, ხოლო ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჭრილობები მიაყენა, შემდეგ კი ხელკეტი რამდენჯერმე ჩაარტყა. თავდამსხმელები მიიმალნენ. პოლიციამ ლევან მ. ბორჯომში დააკავა.

როგორც ალექსი პეტრიაშვილის მეუღლე, ეკა მიშველაძე ამბობს, ეს მხოლოდ დასაწყისია და ყველა კითხვაზე პასუხს გამოძიებისგან ელოდება. მისთვის უცნობია, ვინ არის დაკავებული ლევან მ, ვისზეც შსს-ს განცხადებაშია საუბარი.

"ლევანი ჰქვია მილიონობით ადამიანს. როგორ მივხვდებით, ვინ არის, ჯერჯერობით არაფერი ვიცით. ალბათ, ეს არის მხოლოდ დასაწყისი. შესაბამისად, ველოდებით ყველა კითხვაზე პასუხს გამოძიებისგან, თუმცა არ შემიძლია არ აღვნიშნო ერთი რამ - ძალიან კარგია, რომ ასეთი წინსვლა აქვს გამოძიებას.

"ეს, რა თქმა უნდა, ძალიან დაეხმარება მას საქმის საბოლოოდ გახსნაში და დასრულებაში. ჩვენი მოლოდინია, რომ დაკავებული იყოს მეორე მონაწილე და, რა თქმა უნდა, გამოძიებული იყოს, რატომ მოხდა ეს ყველაფერი და თუ ჰყავს ამ საქმეს შემკვეთი, რა თქმა უნდა, შემკვეთიც უნდა იყოს დაკავებული", - აღნიშნა ეკა მიშველაძემ.

როგორ ფიქრობთ, ალექსი პეტრიაშვილის საქმეს ჰყავს თუ არა შემკვეთი? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

 ქეთი ბექაური (იურისტი): "დანაშაული შეიძლება პირთა ჯგუფის მიერ იყოს ჩადენილი ისე, რომ მათ მოილაპარაკონ, განახორციელონ და ამას სულ არ სჭირდება დამკვეთი, მაგრამ მეორე შემთხვევაში, შესაძლებელია, მართლაც არსებობდეს დამკვეთი, ეს უკვე გამოძიებას უნდა მივანდოთ.

როგორც ვხედავთ, უმოკლეს ვადაში დააკავეს ერთი პირი და ვნახოთ, რა იქნება შემდეგ. მხოლოდ პროკურატურას შეუძლია დეტალური ინფორმაციის დადგენა."

 

 მერაბ კოკოჩაშვილი (რეჟისორი): "მე ვფიქრობ, სრულიად შესაძლებელი და დასაშვებია, რომ ამ საქმეს ჰყავდა შემკვეთი."

 

 

 

 

 ნინო ლაპიაშვილი  (ა/ო "სუფთა პოლიტიკა"): "ის, რომ ასეთი ანგარიშწორებები მოწმენდილ ცაზე თავისით არ ხდება და რომ აქ წინასწარ დაგეგმილ კრიმინალურ შემთხვევასთან გავქვს საქმე, ერთი შეხედვითაც კარგად ჩანს.

აქ უბრალოდ გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება იმას, თუ რამდენად ოპერატიულად იმოქმედებენ სათანადოდ უფლებამოსილი უწყებები: რამდენად ეფექტური იქნება გამოძიება, რას იტყვის პროკურატურა და ზოგადად, მთავობას რა რეაგირება ექნება."

 

 ნუცა ჯანელიძე (მუსიკათმცოდნე):  "შემკვეთი არ ვიცი, მაგრამ ვინც დააკავეს, ის არა მგონია, რომ ამ საქმის მთავარ როლში იყო."

 

 

 

 

 მიშა მშვილდაძე  (პროდიუსერი): "ბუნებრივია, შესაძლებელია, რომ შემკვეთი ჰყოლოდა და მეტიც, ძალიან მაღალი ალბათობით, ეს ალბათ ასეც არის. ყველა კითხვას პასუხი გამოძიებამ უნდა გასცეს, რომელმაც ან ძალიან მკაფიოდ უნდა დაასაბუთოს, რომ ვინც დააკავა, ამ ადამიანს რამე მოტივი თავადავე ჰქონდა, ან წინააღმდეგ შემთხვევაში, აღმოჩნდება, რომ ამ საქმეს ჰყოლია შემკვეთი."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×