კოალიციური ერთიანობა შენარჩუნდა, არჩევენებამდე მაინც და ამას საბლოო წერტილი ექსპრემიერი ივანიშვილის უსუფაშვილთან ზარმა დაუსვა.
ის, პარლამენტის თავმჯდომარეს რომ ექსპრემიერმა დაურეკა, ამას თავად უსუფაშვილიც ადასტურებს, ხოლო ის, რომ კოალიციაში დაპირისპირება ამოიწურა და პოლიტსაბჭოს შეკრებაზე ეს თემა აღარ განიხილება, ამაზე ხმამაღლა და გადაჭრით საუბარი გუშინ კოალიციის ლიდერებაც დაიწყეს, თუმცა ისინი "გაუგებრობის" დასრულების მიზეზად არა ივანიშვილს, არამედ პრემიერი კვირიკაშვილის მკაცრ, გამაფრთხილებელ განცხადებას მიიჩნევდნენ.
ექსპრემიერ ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი გია ხუხაშვილი კი აღნიშნავს, რომ ივანიშვილს "რესპუბლიკელების" ზოგიერთი წევრის მიმართ სიმპათიები აქვს და ამ შემთხვევაში, დიდი ალბათობით, ამ პერსონიფიცრებულმა სიმპათიებმა გადაწყვიტა "რესპულიკური პარტიის" კოალიციაში დატოვება. "რესპუბლიკელები" კი დარჩენაზე საუბრის პარალელურად ისევ თავდაჯერებით აგრძელებენ საუბარს ორპარტიულ შეთანხმებაზე - მათ მიერ გაცხადებულ სურვილზე, რომ პარტია "ქართულ ოცნებასთან" ორპარტიულ სტრატეგიული შეთანხმებას მიაღწიონ. რაც უფრო მეტ განცხადებას აკეთებენ "რესპუბლიკელები", ეს თემა უფრო მეტ გაუგებრობას აჩენს და კოალიციის დანარჩენი წევრებიც უფრო მეტ კრიტიკას გამოთქვამენ.
პარტია "ქართული ოცნების" გენერალური მდივანი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი თუ სხვა დეპუტატები ყველა აცხადებს, რომ არანაირ ორპარტიულ შეთანხმებაზე საუბარი არ ყოფილა და 5-პარტიულ კოალიციაში მსგავსი არც შეიძლება იყოს.
მიუხედავად ამისა, გუშინ პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან სპეციალური პრესკონფერენცია გამართა და ყველასთვის დამაბნეველ ორპარტიულ სტრატეგიულ შეთანხმებაზე ისაუბრა.
უსუფაშვილის განცხადებით, სპეკულაციები იმის თაობაზე ვინ სად იქნება, ეს მხოლოდ სპეკულაციებია და მეტი არაფერი. ხოლო თუკი კოალიციურობა შენარჩუნდება, კოალიციური შეთანხმება ძალიან ბევრ ისეთ საკითხზე უნდა მოხდეს, რომლის აუცილებლობაც 4 წლის წინ არ იყო, დღეს დგას და ეს არის მრავალპარტიული დემოკრატიის აუცილებელი წინაპირობა. ზუსტად გაიწეროს ძალიან კონკრეტული პუნქტები, განათლებაში, ქართული კულტურის განვითარებაში, საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებში 4 წლის განმავლობაში ზუსტად რას გეგმავენ ერთად და აქ არაფერ განსაკუთრებული არ არის.
მისი განცხადებით, ახლა კოალიცია ერთიანი გუნდია, ერთად მართავენ სახელმწიფოს, ხოლო მომავალ არჩევნებზე, შესაძლოა, ყველაფერი სხვაგვარად იყოს და არავის არ აქვს რამე განსაკუთრებული სიხარულის ან უბედურების საფუძველი.
მან ყველას მიმართა, რომ მზად იყვნენ ამ პროცესისთვის და მშვიდად და წყნარად შეხვდნენ ამას. ის, რომ "რესპუბლიკელებიც" და გოგი თოფაძეც კოალიციაში რჩებიან, არჩევნებამდე მაინც, ეს უკვე დადასტურებულია. კოალიციის ლიდერები ასევე აცხადებენ იმას, რომ ეს კოალიცია არჩევნებზე გასვლას კოალიციური ფორმატით აპირებს.
რა გარიგებით და პირობებით მოხდა დაპირისპირების დასრულება და კოალიციის არსებული ფორმით შენარჩუნება, არჩევნებამდე მაინც, ამაზე კონკრეტულად არაფერი თქმულა. თუმცა საჯარო გახდა ის, რომ ამ დაპირისპირების განხილვაში უკვე ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილიც არის ჩართული და ეს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებითაც დასტურდება.
პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, კოალიციაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ტელეფონით კოალიციის დამფუძნებელს და ყოფილ პრემიერ ბიძინა ივანიშვილს ესაუბრა. იყო თუ არა რამე გარიგებაზე საუბარი და რა რეალური პირობებით დარჩნენ "რესპუბლიკელები" კოალიციაში, საუბრის დეტალები უსუფაშვილს არ დაუზუსტებია.
პოლიტოლოგები ვარაუდობენ, რომ ივანიშვილმა "რესპუბლიკელები" ჯერ პრემიერი კვირიკაშვილის პირით გააფრთხილა და ახლა დატოვა არჩევნებამდე მაინც.
საქართველოს განვითარების ფონდის წარმომადგენელი პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე აცხადებს, რომ ის ორპარტიული სტრატეგიული შეთანმხება, რაზეც "რესპუბლიკელები" საუბრობენ, ამ პარლამენტის ვადის ამოწურვამდე არსებული სტატუს-კვოს შენარჩუნებას გულისხმობს და ვარაუდობს, რომ ეს იყო შეთანხმების საგანი. ხოლო ამის იქით რა იქნება, ეს სხვა განხილვის საგანია.
"ორივე მხარე შეეცდება თავისთვის მომგებიან პირობებზე ივაჭროს. "რესპუბლიკელები" ეცდებიან მაქსიმალურად ჩართონ დასავლეთი და "ქართულ ოცნებასთან" ურთიერთობაში შუამავლის როლი აკისრებინონ, რომ რაც შეიძლება მომგებიან პირობებზე შეუთანხმდნენ კოალიციას და ივანიშვილს.
"ქართული ოცნება" ეცდება მისთვის ჩვეული, არც თუ ეთიკური მეთოდებით, დაქირავებული მედიასაშუალებების მეშვეობით "რესპუბლიკელების" ისედაც დაბალი რეიტინგი კიდევ უფრო დაბლა დაწიოს და შემდეგ ამ მცირე რეიტინგით ევაჭროს "რესპუბლიკელებს", - მიიჩნევს ლაგაზიძე.
ექსპრემიერ ივანიშვილის ყოფილი მრჩევლის გია ხუხაშვილის თქმით, ივანიშვილის ზარი უსუფაშვილთან შერიგებისაკენ და პოლიტიკურ-კორექტულ ურთიერთობაზე გადასვლისკენ მოწოდება იქნებოდა.
ხუხაშვილის განცხადებით, თუ "რესპუბლიკური პარტია" მადას შეკვეცს და დაკმაყოფილდება იმით, რა მანდატიც ხალხისგან აქვს მიღებული და არ ექნება პრეტენზია, იმაზე მეტი ძალაუფლება მიიღოს, რაც ეკუთვნის, პრობლემის გადალახვა შესაძლებელია, რადგანაც ივანიშვილს "რესპუბლიკელების" ზოგიერთი წევრის მიმართ სიმპათიები აქვს და ეს პერსონიფიცრებული სიმპათიები წყვეტს "რესპულიკური პარტიის" კოალიციაში დატოვებას.
"მგონია, რომ ივანიშვილის სიმპათიები უფრო პერსონიფიცირებულია, მაგალითად, დავით უსუფაშვილის მიმართ, რასაც მეც გავიზიარებდი. უსუფაშვილში არის გარკვეული სახელმწიფოებრივი პოტენციალი და ეს ადამიანი საჭიროა როგორც სახელმწიფოებრივი მოღვაწე, რომელსაც ბევრი კარგის გაკეთება შეუძლია. თუმცა ამას მთლიანად პარტიაზე ვერ ვიტყვი. იქ აშკარა ბალასტიც არის და არიან ადამიანები, რომლებიც მთელი თავისი პოლიტიკური მოღვაწეობის განმავლობაში პრობლემურები არიან.
"ვფიქრობ, რომ ივანიშვილის სიმპათიები უფრო პერსონიფიცირებულია, ვიდრე პარტიის მიმართ განწყობას გამოხატავს და ის მზად არის, ამ პერსონალური სიმპათიების გამო მათთან ურთიერთობა შეინარჩუნოს. თუცა არა იმის ხარჯზე, რომ ამ ადამიანებმა ყველაფერი მოითხოვონ. არსებობს წითელი ხაზი, რომლის იქითაც შეიძლება რაღაც სხვა პროცესები განვითარდეს. ასე, რომ ასე მარტივად არ ხდება, ივანიშვილსაც უწევს ლავირება და ეს სწორიც არის.
"რესპუბლიკელებმა" ამ ბოლო დროს ძალიან მკვეთრი ნაბიჯები გადადგეს საკმაოდ მყიფე ბალანსის დარღვევის მიმართულებით. ბუნებრივია, ამას არანაირი ერთიანობა არავის არ პატიობს, მით უმეტეს "რესპუბლიკელებს", რომელთა სახალხო ლეგიტიმაციის ხარისხი ძალიან დაბალია," - მიიჩნევს ხუხაშვილი.
მისი თქმით, "რესპუბლიკელებმა" შენიშვნა პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილისგან მიიღეს, თუმცა ამის მიუხედავად, ვერაფერს მიხვდნენ და ჯიუტად საუბრობენ 5-პარტიულ კოალიციაში რაღაც სეპარატიულ ორმხრივ შეთანხმებაზე.
"რამდენიმე დღეა ვაკვირდები ამ პროცესებს და ვხედავ, "რესპუბლიკელები" ვერ მიხვდნენ იმას, რომ ასეთი თამაში არ შეიძლება. ისევ ჯიუტად აგრძელებენ ორპარტიულ შეთანხმებაზე სიტყვების რახა-რუხს და ბუნდოვანება უფრო რთულდება. იმის ნაცვლად, რომ ან გაენებებინათ ამ თემაზე საუბრისთვის თავი, ან რეალურად გულწრფელად აეხსნათ, რაზე საუბრობენ, ჯიუტად აგრძელებენ ერთი და იმავეს ლაპარაკს.
"რესპუბლიკელებისგან" ამ გაუგებარ ორმხრივ სტრატეგიულ შეთანხმებაზე საუბარი მხოლოდ და მხოლოდ სახის შენარჩუნების მცდელობა იყო და მეტი არაფერი. ყველას კარად ესმის, რომ მრავალპარტიულ კოალიციაში ორპარტიულ შეთანხმებაზე საუბარი შეუძლებელია და ამაზე ბევრი საუბრობს.
"პარტიის გენერალური მდივანი ამბობს, რომ ამაზე საუბარი არც ყოფილა და არც შეიძლება ყოფილიყო, "რესპუბლიკელები" კი ჯიუტად ისევ რაღაცას ამტკიცებენ. პრობლემა იმაშია, რომ "რესპუბლიკელებმა" იმაზე მეტი წილის მიღება გადაწყვიტეს სახელისუფლებო ტოპიდან, ვიდრე გადაყლაპვა შეუძლიათ და ამან ცუდი სახე მიიღო. ეს მათ სახელმწიფოებრივი პოლიტიკის თემად აქციეს და თავის პოზიციასთან ქვეყნის ევროპული არჩევანი დააკავშირეს.
"შეიძლება შანტაჟი მკაცრი სიტყვაა, მაგრამ მომავალ საპარლამენტო სიაში სურდათ, მეტი ადგილი მიეღოთ, ვიდრე დანარჩენი კოალიცია იყო თანახმა. თუმცა ალბათ ვერ მიიღებენ, რადგან ერთ ადგილზე მოსვეს და მადის მოთოკვა მოუწიათ. ჩემი აზრით, ამ პროცესში ვიმყოფებით", - ამბობს ხუხაშვილი.