"ქალთა მოძრაობამ" და სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებმა 8 მარტს პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე მოითხოვეს, რომ საქართველოს პარლამენტმა კენჭი უყაროს კვოტების კანონპროექტს საარჩევნო სიის შედგენის კანონით დარეგულირებაზე, რომელიც პარლამენტში ქალების 25% წარმომადგენლობას უზრუნველყოფს.
"დღეს საქართველოში ქალები არ ვმონაწილეობთ ქვეყნის მართვაში. ჩვენ არ ვართ პოლიტიკაში, რადგან ჩვენ არ ვართ საარჩევნო სიებში. პარტიულ სიაში მოხვედრა არც განათლებაზეა დამოკიდებული, არც გამოცდილებაზე და არც პრინციპულობაზე. პოლიტიკური პარტიები საარჩევნო სიებს დემოკრატიული პრინციპების დაცვის გარეშე ადგენენ და პოლიტიკის გარეთ ტოვებენ ქალებს. ჩვენ გვჭირდება მეტი ქალი პარლამენტში და მოვითხოვთ თანასწორობას დღეს!" - აცხადებენ კვოტირების მომხრეები.
უნდა მიიღოს თუ არა პარლამენტმა გენდერული ნიშნით საარჩევნო სიების კვოტირების კანონი? - ამ კითხვით რეზონანსმა საზოგადოების ცნობილ წარმომადგენლებს მიმართა.
იგორ კვესელავა (ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი): თუ ჩვენ ამას მივიღებთ, ეს პარლამენტში საოცარ არეულობას გამოიწვევს. რა გარანტია გვაქვს ჩვენ, რომ შევარჩევთ შესაბამისი რაოდენობის ღირსეულ პროფესიონალ ქალბატონებს, რომელტაც აქვთ შესაბამისი გამოცდილება.
რა თქმა უნდა პარლამენტში უნდა იყვნენ ქალები და საქართველოს სხვადასხვა სფეროში არაერთი პროფესიონალი ქალი ჰყავს, თუმცა ის, რომ კონკრეტული კვოტები დავაწესოთ, ეს არარეალურია. ეს მიანიშნებს იმაზე, რომ პოლიტიკური კულტურა ძალიან დაბალ დონეზეა.
იური მეჩითოვი (ფოტოგრაფი): არა მგონია, ეს სწორი იყოს. კანონის მიხედვით ეს არ უნდა გადაწყდეს. ქალებმა ისე უნდა იაქტიურონ.
მიხეილ ღანინაშვილი (მწერალი): ვეთანხმები, რადგან გენდერული საკითხი ყველა სფეროში უნდა იყოს დაცული და ჩემთვის მისაღები იქნებოდა.
თეო ხატიაშვილი (ხელოვნებათმცოდნე): რა თქმა უნდა, ვეთანხმები ამ იდეას.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე