ზაფხულში ევროპის 30 ქვეყნის საზღვარი საქართველოს მოქალაქეებისთვის ისხნება. ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით საკანონმდებლო წინადადება უკვე წარდგენილია.
საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებსაც ბიომეტრიული პასპორტი გააჩნიათ, ევროპაში თავისუფლად ჩავლენ, ოღონდ გარკვეული შეზღუდვით.
პირველი შეზღუდვა ისაა, რომ 180 დღის მანძილზე საქართველოს მოქალაქეს შეუძლია ევროპის ქვეყნის ტერიტორიაზე დაჰყოს ჯამში 90 დღე; ანუ შეუძლია იქ მრავალჯერ ჩასვლა;
მეორე შეზღუდვა კი ის არის, უვიზო მიმოსვლა მუშაობის უფლებას არ იძლევა.
ამასთანავე, ეს რეჟიმი არ იმოქმედებს დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში, თუმცა უვიზოდ მოგზაურობა შეგვეძლება, გარდა ევროკავშირის დანარჩენი ქვეყნებისა, ასევე არაწევრ ქვეყნებში - შვეიცარიაში, ნორვეგიაში, ისლანდიასა და ლიხტენშტეინში.
ევროკომისარმა მიგრაციის, შიდა საქმეებისა და მოქალაქეობის საკითხებში დიმიტრის ავრამოპულოსმა ევროკავშირის საბჭოსა და ევროპარლამენტს საქართველოსთან ვიზალიბერალიზაციის დაწესების საკითხზე საკანონმდებლო წინადადება გადაუზავნა.
შესაბამისი განცხადება ავრამოპულოსმა ბრიუსელში გუშინ საღამოს გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე გააკეთა. მისი შეფასებით, ეს არის პოზიტიური ამბავი, თუმცა მოულოდნელი არ უნდა ყოფილიყო, რადგან დეკემბერში ევროკომისიამ ამ საკითხზე დადებითი რეკომენდაციები გამოაქვეყნა.
კიდევ ერთი პოზიტივი ის არის, რომ ავრამოპულოსმა თავის გამოსვლაში უვიზო მიმოსვლის ამოქმედების ვადად 3-4 თვე დაასახელა.
"ვიმედოვნებ, რომ ყველაფერი მზად იქნება ზაფხულისთვის. დაახლოებით 3-4 თვეა საჭირო."
თავის განცხადებაში ევროკომისარმა ვიზალიბერალიზაციის საკითხზე პროგრესის მიღწევის საქმეში საქართველოს მთავრობის ძალისხმევას გაუსვა ხაზი.
ამ პრესკონფერენციამდე რამდენიმე საათით ადრე ევროკომისიამ თავის დასკვნა გამოაქვეყნა, სადაც წერია, რომ საქართველოს 2013 წელს მიღებული ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ყველა ძირითადი მოთხოვნა დააკმაყოფილა და "გამოდინარე აქედან, აკმაყოფილებს ყველა კრიტერიუმს, რათა მისი მოქალაქეები უნდა განთავისუფლდნენ სავიზო მოთხოვნებისგან, როცა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე მოგზაურობენ."
ამ დოკუმენტით, ევროკომისია, გაერთიანების აღმასრულებელი ორგანო, მიმართავს ორ საკანონმდებლო ორგანოს - ევროპარლამენტსა და ევროპულ საბჭოს (იმავე ევროკავშირის საბჭოს), რომ სავიზო რეგულაციებში განხორციელდეს შესაბამისი ცვლილებები. ანუ, იმ ქვეყნების სიიდან, რომლებსაც შენგენის ქვეყნებში შესასვლელად ვიზის აღება ესაჭიროებათ, საქართველო უნდა გადავიდეს მეორე სიაში იმ ქვეყნებისა, რომელთა მოქალაქეებიც ხანმოკლე ვიზიტებისას ვიზისგან გათავისუფლებული არიან. კანონმდებლობაში ეს ცვლილება დაახლოებით 3-4 თვეში შევა. შემდეგ საკანონმდებლო ჟურნალში გამოქვეყნდება და გამოქვეყნებიდან 20 დღეში საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის ქვეყნებში ვიზის გარეშე შეძლებენ შესვლას.
ქვეყნები, სადაც საქართველოს მოქალაქეებს უვიზოდ მგზავრობა შეეძლებათ:
ევროკავშირისა და შენგენის წევრი სახელმწიფოები:
ავსტრია, ბელგია, გერმანია, დანია, ესპანეთი, ესტონეთი, იტალია, ლატვია, ლიტვა, ლუქსემბურგი, მალტა, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, საბერძნეთი, საფრანგეთი, სლოვენია, სლოვაკეთი, უნგრეთი, ფინეთი, შვედეთი, ჩეხეთი;
ევროკავშირის წევრი და შენგენის არაწევრი სახელმწიფოები:
ბულგარეთი, კვიპროსი, რუმინეთი და ხორვატია.
ევროკავშირის არაწევრი სახელმწიფოები:
ისლანდია, ლიხტენშტეინი, ნორვეგია, შვეიცარია.