დაიშლება თუ არა კოალიცია 2016 წლის არჩევნებისთვის, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა რაც დრო გადის, კოალიციის ლიდერების მხრიდან უფრო და უფრო გახშირდა საუბარი იმაზე, რომ კოალიციის დაშლა "ტრაგედია არ არის", და სულ უფრო მეტი დეპუტატი უჭერს მხარს არჩევნებზე პარტიების ცალ-ცალკე გასვლას.
ექსპრემიერ ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი გია ხუხაშვილი თვლის, რომ ძალიან კარგი იქნება, თუ კოალიცია დაიშლება და ყველა პარტია ცალ-ცალკე იყრის კენჭს. მისი აზრით, კოალიციაში შემავალ პარტიებს და ადამიანებს საკუთარი უსუსურობის განცდა აერთიანებთ, ივანიშვილის სახელის გარეშე პარლამენტში მოხვედრის შანსი არ აქვთ და ამიტომაცაა, რომ პარტია "ქართული ოცნების" გარდა, ყველა სხვა პარტიას კოალიციის ნებისმიერ ფასად შენარჩუნება სურს.
"შეიძლება, ივანიშვილი ფიქრობდეს, რომ ახლა, არჩევნების წინ კოალიციის დაშლა რისკების შემცველია, მაგრამ თუ ის ამ რისკზე წავა და დაშლის კოალიციას, რათა ყველა პარტიამ ცალ-ცალკე მოსინჯოს ძალა, ამით სახელმწიფოს დიდ საქმეს გაუკეთებს," - ამბობს ხუხაშვილი.
სოსო ცისკარიშვილის თქმით კი, კოალიციის დაშლის შემთხვევაში უმრავლესობით მოსვლის შანსი "ქართულ ოცნებას" არ აქვს და მაშინ, როცა პრორუსულ ძალებად მიჩნეული პარტიები გაერთიანებას გეგმავენ, მათ საპირწონედ კოალიცია ერთიანი უნდა იყოს.
"ისეთი ოცნებებია არასაპარლამენტო პარტიების სივრცეში, რომ აჯაფსანდლად გადაქცეული "ქართული ოცნების" ნებისმიერი დღევანდელი კრიტიკოსი მზად იქნება, შეუერთდეს ამ კოალიციას, რომ პარლამენტში უმრავლესობის გამომხატველი იყოს," - მიიჩნევს ცისკარიშვილი.
ჯერ კოალიციის პოლიტსაბჭო არ შეკრებილა და შესაბამისად, არც დაშლა-არდაშლის საკითხი განხილულა, თუმცა ლიდერების მხრიდან ამ თემაზე საუბრები მაინც გააქტიურდა.
ვიცე-პრემიერი კახი კალაძე აცხადებს, რომ კონკრეტული გადაწყვეტილება ამ ეტაპზე არ არის მიღებული და კოალიციის შიგნით კონსულტაციები მიმდინარეობს, თუმცა კოალიციის დაშლა ტრაგედია არ იქნება.
"ჯერ ადრეა ამაზე საუბარი, თუმცა ტრაგედია ამაში არაფერი არ არის. პირიქით, ვფიქრობ, რომ დემოკრატიის განვითარებისთვის ეს შეიძლება მომგებიანი და მნიშვნელოვანი იყოს..." - განაცხადა ვიცე-პრემიერმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა კი რამდენიმე დღის წინ თქვა, რომ კოალიციური ცხოვრების ერთი ეტაპი არჩევნებისთვის სრულდება და ამის შემდეგ იწყება მეორე ეტაპი და განსაკუთრებული სიხარულის ან უბედურების შეგრძნება კოალიციაში ან მის გარეთ არავის არ უნდა ჰქონდეს და ყველას სთხოვა, რომ ამ პროცესისთვის მზად იყვნენ და შეხვდნენ მშვიდად და წყნარად.
"ახლა ჩვენ ერთიანი გუნდით ვმართავთ სახელმწიფოს, ხოლო მომავალ არჩევნებზე შესაძლოა ყველაფერი სხვაგვარად იყოს," - განაცხადა უსუფაშვილმა.
თამაზ მეჭიაური კი უკვე მერამდენედ აცხადებს, რომ ყველა სუბიექტმა, ვისაც მინიმუმ ბარიერის გადალახვის იმედი აქვს, დამოუკიდებლად უნდა იყაროს კენჭი და მის ამ ინიციატივას პარტიაში უფრო და უფრო მეტი დეპუტატი იზიარებს.
ამბობს, რომ პირველ ეტაპზე "კინაღამ თეთრი ყვავივით" იყო, დღეს კი ფაქტობრივად უმრავლესობაშია.
"ვისაც რა მხარდაჭერა ექნება მოსახლეობისგან, ქვეყნის მართვაზეც იმ პროპორციით უნდა ჰქონდეს პრეტენზია. ვისაც ორჯერ მეტი მხარდაჭერა აქვს, მისი პრეტენზიაც გაცილებით მეტი იქნება. ძალიან ბევრი მათ შორის საექსპერტო წრეებიდანაც ეთანხმება ამას, რადგან ეს არ არის ჩემი გამოგონება, ეს არის აპრობირებული მეთოდი ყველა ქვეყანაში," - აცხადებს მეჭიაური.
"დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის" პრეზიდენტ, სოსო ცისკარიშვილის თქმით, "ხელისუფლებაში მოსული კოალიცია, რომლესაც "ქართული ოცნება" ერქვა, ვადის გასვლასთან მიახლოებულ პერიოდში საზოგადოებაში აღიქმება როგორც კოალიცია "აჯაფსანდალი", ეს კი ჩვენი მოსახლეობისთვის ოცნების საგანი არ ყოფილა."
"ტერმინი "კოალიცია" უკვე ღიმილს იწვევს. ცვლილებები უკვე სახეზეა. სიტუაციას ის მზარეულები აკონტროლებენ, რომლებმაც "ოცნება" აჯაფსანდალში ჩაფშვნეს," - აცხადებს ცისკარიშვილი.
ცისკარიშვილს კოალიციის დაშლის შემთხვევაში ეჭვი არ ეპარება იმაში, რომ ცალკე აღებული რომელიმე პოლიტიკური ძალა ვერ მიიღებს ხმების იმ ოდენობას, რომ უმრავლესობა შექმნას და არჩევნების შემდეგ არაპროგნოზირებადი კოალიციების შექმნის სურვილის მოწმენი გავხდებით.
"არც იმას გამოვრიცხავ, რომ ჩვენმა ჯიუტმა პოლიტიკოსებმა, რომლებსაც ერთმანეთთან გაბუტვის რეჟიმი უფრო ახასიათებთ, ვიდრე კომუნიკაციისა და თანაზიარების სურვილი, საერთოდ ვერ შექმნან კოალიცია და ქვეყანა ყოველწლიურ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნების რეჟიმშიც კი გადავიდეს. დიდი ალბათობით, ივანიშვილი იმიტომ ვერ შლის კოალიციას, რომ ეს არაპროგნოზირებადი მომავალი არ დადგეს, თუმცა მგონია, რომ ვერც ეს კოალიცია მოახერხებს უმრავლესობის მიღებას. რთული იქნება, თუმცა ახალი კოალიციის ჩამოყალიბება მაინც საჭირო გახდება. ისეთი ოცნებებია არასაპარლამენტო პარტიების სივრცეში, რომ აჯაფსანდლად გადაქცეული "ქართული ოცნების" ნებისმიერი დღევანდელი კრიტიკოსი მზად იქნება, შეუერთდეს ამ კოალიციას, რომ პარლამენტში უმრავლესობის გამომხატველი იყოს," - მიიჩნევს ცისკარიშვილი.
ცისკარიშვილის ვარაუდით, კოალიციაში შემავალ არც ერთ პარტიას არ სურს ცალკე გასვლა და ამომრჩევლის მოძიება, რადგან არც ერთ მათგანს 100 ათასი მხარდამჭერი არ ეგულება, ამიტომაც პროგნოზირებს, რომ კოალიცია არ დაიშლება.
გია ხუხაშვილის განცხადებით, კოალიციაში მრავალმხრივი წინააღმდეგობა და ეს არ არის მხოლოდ "რესპუბლიკელებსა" და გოგი თოფაძეს შორის, მაგრამ ამის მიუხედავად საკუთარი უსუსურობა არ აძლევს მათ ივანიშვილის მხრებიდან ჩამოსვლის საშუალებას. მათ დაკარგული აქვთ კომუნიკაცია ძალაუფლების წყაროსთან - ხალხთან და სურთ, რომ ხელისუფლება უკანა კარიდან შეინარჩუნონ.
ამბობს, რომ არ ესმის ივანიშვილის მოტივაცია, რატომ ინარჩუნებს ამათ და ფიქრობს, რომ დღეს ქვეყნისათვის იმაზე დიდი პოზიტივის მოტანა, ვიდრე კოალიციის დაშლაა, ადამიანს არ შეუძლია.
"ეს იქნება კლასიკური სახელმწიფო ინტერესის დაყენება ნებისმიერ პოლიტიკურ მოტივზე მაღლა, რაც ქართველ პოლიტიკოსებში ძალიან იშვიათია. ათეულობით წელია ვუყურებთ, როდესაც სახელმწიფო ინტერესებს ახურდავებენ ვიწროპარტიული ინტერესების გამო და დღეს არის მომენტი, რომ ჩვენს ქვეყანას ეძლევა საშუალება, მულტიპარტიული დემოკრატიის მოდელი მივიღოთ. ანუ, როდესაც ყველა პარტია არჩევნებზე ცალ-ცალკე მიდის, ხალხისგან ნდობის მანდატს იღებენ და ამ მანდატით შემდეგ უკვე პარლამენტში იქმნება ერთიან მსოფლმხედველობაზე დამყარებული კოალიციები. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ივანიშვილი ფიქრობდეს, რომ ახლა, არჩევნების წინ კოალიციის დაშლა რისკების შემცველია, თუ ის ამ რისკზე წავა და კოალიციას დაშლის, ამით სახელმწიფოს დიდ საქმეს გაუკეთებს."
მისი თქმით, კოალიციის დაშლა და პარტიების ცალ-ცალკე გასვლა შეიძლება ვიღაცამ ხელისუფლების შენარჩუნებისთვის მაღალ რისკად დაასახელოს, მაგრამ ფიქრობს, რომ "ქართული ოცნება" ცალკე იმდენივე ხმას დააგროვებს, რამდენსაც კოალიციის ფორმატში, რადგან ხალხი მაინც მხოლოდ ისევ ბიძინა ივანიშვილის ფაქტორს მისცემს ხმას.
"არ მგონია, მაგრამ დავუშვათ, რომ შესაძლოა ასე ცალ-ცალკე ძალების მოსინჯვა ხელისუფლების შენარჩუნებისთვის, რაც მაღალი რისკია. მიუხედავად ამისა, არსებობს უფრო მაღალი ინტერესი - სახელმწიფო ინტერესი. ის ადამიანი შედის ისტორიაში, ვინც სახელმწიფო ინტერესს უფრო მაღლა აყენებს, ვიდრე ვიწროპარტიულს. შესაბამისად, ვისურვებდი, რომ ივანიშვილს ასეთი მასშტაბური გადაწყვეტილება მიეღო."
კითხვაზე "რესპუბლიკელების" გარეშე არჩევნებზე გასული "ქართული ოცნების" ევროატლანტიკური კურსის მიმართ გაჩნდება თუ არა კითხვები დასავლეთში, ხუხაშვილი პასუხობს, რომ - არა.
"ბიძინა ივანიშვილს პარტია "ქართული ოცნებით" სავსებით შეუძლია ამ რისკის დაზღვევა. დღევანდელი გადმოსახედიდან ჩანს, რომ გიორგი კვირიკაშვილმა ძალიან კარგი კომუნიკაცია გააბა დასავლეთში და მას ძალიან პოზიტიურად უყურებენ. თუ კვირიკაშვილი პარტია "ქართულ ოცნებაში" 3-4 პროგრესულად მოაზროვნე პროდასავლელი ადამიანით გაძლიერდება, არ მგონია დასავლეთში რაიმე კითხვები გაჩნდეს. მით უმეტეს, კიდევ ერთ გარანტად გამოდის პრეზიდენტი, რომელიც შესაძლოა არ არის "ქართულ ოცნებასთან" ასოცირებული, მაგრამ სახელმწიფო პოლიტიკას აზღვევს. ის არის საგარეო პოლიტიკის კურატორი და მასაც პროდასავლურობას ვერავინ დაუწუნებს. ასე რომ, თუკი კოალიცია მთლიანად დაიშლება, რესპუბლიკური პარტიაც გავა და პრორუსულში თუ ნოსტალგიურში დადანაშაულებული კომპონენტებიც ჩამოშორდებიან, ბალანსი დაცული იქნება და არ მგონია, დასავლეთში ვიღაცამ კითხვების დასმა დაიწყოს. უბრალოდ, ამ პროცესს სწორად წარმართვა უნდა," - აცხადებს ხუხაშვილი და კოალიციის დაშლის შემთხვევაში რამდენი პარტია შევა პარლამენტში, ამაზე პროგნოზსაც აკეთებს.
"ჩემი პროგნოზით, პარლამენტში 6-7 პარტია შევა. "ქართული ოცნება" იქნება ყველაზე დიდი, იქიდან გამომდინარე, რომ ის ბიძინა ივანიშვილთან ასოცირდება და მისი ავტორიტეტი ყველაზე მაღალია. ასევე პარლამენტში შევა "ნაციონალური მოძრაობა", დავუშვათ "თავისუფალი დემოკრატები", ასევე წარმოდგენილი იქნება "პატრიოტთა ალიანსის" და ბურჯანაძის ფრთა, ალბათ პაატა ბურჭულაძეც გადაწყვეტს პოლიტიკაში წასვლას და ისიც გადალახავს ბარიერს. "ლეიბორისტულ პარტიას" აქვს ახლა შანსი. კოალიციიდან გასულმა პარტიებმა პირდაპირ მიმართონ ხალხს, ხომ აქვთ გონორი, რომ მაგრები არიან?! მიიღონ ხალხის ლეგიტიმაცია. კოალიციიდან "ქართული ოცნების" გარდა კიდევ ერთმა პარტიამაც რომ გადალახოს ზღვარი, პარლამენტში 6-7 პარტიას მივიღებთ და შემდეგ თუკი "ქართულმა ოცნებამ" ვერ მოახერხა უმრავლესობის მოპოვება და მთავრობის დაკომპლექტება, იქ შეიქმნას საპარლამენტო ერთიან პრინციპებსა და ერთიან გეგმებზე აშენებული კოალიცია. ეს არის საარჩევნო პროცესის ევროპული მოდელი. ეს იქნებოდა სწორი გამოსავალი და ამ შემთხვევაში შეიძლება მივიღოთ ქვეყნის განვითარების საფუძველი. დაგვიმტკიცონ პარტიებმა, რომ ხალხის ლეგიტიმაცია აქვთ," - დასძენს ხუხაშვილი.