პირველი ქურთი, როგორც თბილისის მცხოვრები, აღრიცხულია 1876 წელს
ია აბულაშვილი
11.03.2016

 პოლიტიკური და სოციალ-ეკონომიური ფაქტორების გამო საქართველოს მოსახლეობის ეთნიკური შემადგენლობა სხვადასხვა ისტორიულ ეპოქაში ერთგვაროვანი არ იყო. ჯერ კიდევ შუა საუკუნეებიდან მოყოლებული ისტორიული კატაკლიზმების გამო საქართველოში არაქართველი მოსახლეობა სახლდებოდა. მე-19 საუკუნიდან კი ძირითადად იძულებითი ხასიათის მიგრაცია იწვევდა სხვადასხვა ეროვნებათა ჩამოსახლებას საქართველოში.

უცხოელ ტომთა საქართველოში ჩამოსახლებაზე დეტალური საუბარი შორს წაგვიყვანს, დღევანდელ სტატიაში გვინდა მხოლოდ რამდენიმე ისტორიულ ფაქტს შევეხოთ, თუ როგორ დასახლდნენ ქურთები საქართველოში და როგორ ცხოვრობდნენ ისინი საუკუნეების მანძილზე ქართველების გვერდიგვერდ.

ქურთები წინა აზიის ერთ-ერთი უძველესი ეთნოსია, ძირითადად ცხოვრობენ ირანში, თურქეთში, სირიაში, ლიბანში, ავღანეთში, სომხეთში, აზერბაიჯანში.

მეცნიერთა აზრით, საქართველოს ტერიტორიაზე ქურთები, როგორც მებრძოლები, პირველად არაბთა ლაშქრობის დროს გამოჩნდნენ. მე-10 საუკუნიდან კი შედიდთა ქურთული დინასტიის გაძლიერების პერიოდში მათი საქართველოსთან ურთიერთობა მჭიდრო გახდა.

შედდეთა სახელმწიფოს დაცემის შემდეგ ქურთთა ზოგიერთი ოჯახი ქართველი მეფეების სამსახურში ჩადგა. მათ შორის ქურთული წარმოშობისაა მხარგრძელთა გვარი. სარგისის ოჯახს, კერძოდ მის ვაჟებს - ივანე და ზაქარია მხარგრძელებს ქართველთა კარზე მაღალი თანამდებობები ეკავათ. ისინი მაღალი რანგის სამხედროები იყვნენ და მე-12-13 საუკუნეებში სომხეთის მნიშვანელოვან ნაწილს მართავდნენ.

საქართველოში ქურთების მასობრივი დასახლება კი პირველი მსოფლიო ომისა და მის შემდგომ პერიოდში ხდება. თუმცა, პირველად პირველი ქურთი, როგორც თბილისის მცხოვრები, აღრიცხულია 1876 წელს; 1886 წელს - 3, ხოლო 1899 წელს 464 ქურთია აღწერილი. ძირითადი მასა კი დასახლდა 1918-20 წლებში.

საქართველოში მცხოვრები ქურთები საუბრობენ ქურთული ენის ჩრდილო-დასავლურ დიალექტზე - კურმანჯანზე. რელიგიური კუთვნილების მიხედვით საქართველოს ქურთები იეზიდები არიან, რომლებიც იძულებულნი გახდნენ თავიანთი საცხოვრებელი ადგილები მიეტოვებინათ, რადგან მათ რელიგიურ ნიადაგზე სდევნიდა არა მხოლოდ ოსმალთა იმპერიის მუსლიმი მოსახლეობა, არამედ მუსლიმი ქურთებიც.

საქართველოში იეზიდები ძირითადად თბილისის ძველ უბნებში, ტომობრივი კუთვნილების მიხედვით სახლდებოდნენ. მათ სახლები იყო სოლოლაკში, ვორონცოვზე, ვერაზე.

მაგალითად რაშის, ჩოღრაჯის, მამრაშის, მანდაკის, მანდასორის, ბალაკარის, ხანის, ანკოსის, მოსაკის, კაშახის, ბაინდურის, გასანის, როჟეკის ოჯახები მარქსის მოედანზე (დღევანდელი საარბრუკენის მოედანი) და რიყეზე დასახლდნენ. ბარი რაშის წარმომადგნელები რუსთაველისა და მარჯანიშვილის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე. ჩოღრაჯის - ნინოშვილსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე. კორკიტის ოჯახის წარმომადგენლები გრიბოედოვისა და პაპანინის ქუჩებზე.

ქურთული მოსახლეობის რაოდენობა ყოველწლიურად იზრდებოდა, მარტო 1936 წელს საქართველოში 12 900 ქურთი ცხოვრობდა.

რელიგიური დღესასწაულები

საქართველოში მცხოვრებ ქურთთა უმარვლესობა, რელიგიური კუთვნილების მიხედვით იეზიდია, თაყვანს სცემენ ღმერთს და მის ანგელოზებს, რომელსაც ტაუსი მალაქი უდგას სათავეში. იეზიდებში ანგელოზთა სიმბოლოდ ფარშევანგი ითვლება. უძველესი დღესასწაულია "როჟიე იეზიდი". ვიდრე სადღესაწაულო რიტუალს შეუდგებოდნენ, სამი დღე მარხვას იცვდნენ.

მეორე დღესასწაული, რომელიც დეკემბრის პირველი კვირის ხუთშაბათ-პარასკევს იმართება "აიდა იეზიდს" ზეიმობდნენ. ამ დღეს მიცვალებულის წილი საჭმელი უნდა დარიგდეს, თუმცა ეს რიტუალი ქურთი იეზიდების ყველა დღესასწაულზეც სრულდება.

"როჟიე ხიდირნაბი ხიდრილისი" კი სურვილის შემსრულებელთა პატივსაცემი სამდღიანი მარხვაა. "კლოჭი" აღმოსავლური კალენდრით მარტის პირველ ოთხშაბათს ეწყობა. აცხობენ კულიჩს, რომელშიც მძივს ან მონეტას დებენ. მეორე დღეს, ადრე დილით, ოჯახის წევრები თავს იყრიან კულიჩის გარშემო, ოჯახის უფროსი ახსენებს ღმერთს და ჭრის ნამცხვარს. კულიჩს შუაში დაუსვამენ დანას, რომელსაც "ხა-ტა ჯოტი", ანუ "გუთნის კვალი" ეწოდება. კულიჩის ერთ ნახევარს კი ნაწილებად ჭრიან, რომელიც ანგელოზებისთვის და წმინდანებისთვის არის განკუთვნილი.

ესენი არიან: აფტე მერე დივანე-შვიდი ანგელოზი, ხოდნე მალე-ოჯახის მფარველი , ხათუნა ფარხა-ბავშვების და ქალების მფარველი. მეორე ნახევარს ჭრიან მამაკაცებისთვის და დიასახლისისთვის. ვისაც მძივი ან მონეტა ერგება, ის ღმერთისგან კურთხეული იქნება. ამ ზეიმს დღესაც აღნიშნავენ.

ჩაცმულობა და ტრადიციები

ქურთებს ყველასგან განსხავებული ტრადიციები ჰქონდათ როგორც ჩაცმაში, ისე ქორწინებასა და დაკრძალვის წესში. იეზიდების ნაციონალური ტანსაცმელი ძალიან მრავალფეროვანი იყო. კომპლექტში შედიოდა ქალის პერანგი (კრასი) ფართო შარვალი (ხევალკარასი) ჟილეტი (ელექ) ქვედა კაბა (ნავდრეზე ტომანი) შალის ქამარი (ბერნე პეშტე) თავსაბური (კოფი ფინო), ქოფია ათასობით მონეტით და მძივებით იყო მორთული. ქალები რამდენიმე კაბას ერთად იცმევდნენ. კაბაზე დაკერებული ჰქონდათ ღილები, ფერადი ბაფთები. იკეთებდნენ ვერცხლის ქამრებს; მორთულობის აუცილებელი ელემენტი იყო გულსაკიდი, საყურეები, სამაჯური.

განსხავებული იყო ქორწილის რიტუალი. ბიჭის ახლობელი მიდიოდა პატარძლის წამოსაყვანად. სანამ პატრაძალს წაიყვანენ, მისი ძმა ან ნათესავი ბიჭი მას წელზე სამჯერ შემოახვევდა ბაფთას. პირველი გულისხმობდა კეთილდღეობას, მეორე სიკეთეს, მესამე კი კეთილ საქმეს. სასიძო ვალდებული იყო გამოესყიდა საპატარძლოს ბალიში ძმისგან ან ნათესავი ბიჭისგან. მხოლოდ ამ წესის შესრულების შემდეგ სასიძოს უფლება ჰქონდა წაეყვანა პატარძალი სახლიდან.

ქმრის სახლში მისულ პატარძალს ეგებებოდა დედამთილი ტკბილეულით სავსე ლანგრით ხელში და თავზე აყრიდა მეფე - პატარძალს. ამის შემდეგ სასიძო უნდა ასულიყო სახლის მეორე სართულზე და იქიდან ესროლა პატარძლითვის სამი ვაშლი. ერთი ვაშლი ნიშნავდა უბიწობას, მეორე ვაშლი - ბედნიერებას. მესამე ვაშლი გამრავლებას.

ამის შემდეგ დედამთილი მეფე-პატარძალს მხრებზე ადებდა ლავაშს რაც მშვიდობას ნიშნავდა. მეფე-პატარძალი სახლის ზღურბლს გადააბიჯებდა და თეფშს გატეხდა. ქორწილის დროს არიგებდნენ "ხნას", რომელსაც თვლიდნენ, რომ ბედნიერება მოჰქონდა.

ლანგარს დაატარებდა სიძის ნათესავი, უფრო ხშირად სიძის და. ამ რიტუალის შესრულება ეკრძალებოდა ქვრივს. როდესაც ლანგარს ჩამოატარებენ, სტუმრები ფულს დებდნენ, რომელიც ლანგრის მატარებელი გოგონას საჩუქარია. ქორწილის შემდეგ რძალი ელოდებოდა ე.წ. "ბუკტი"-ს, რომელიც იმას გულისხმობდა, რომ რძალს უფლება ჰქონდა დალაპარაკებოდა მამამთილს, რომელიც საჩუქარს უძღვნიდა მას.

განათლება და კულტურა

1925 წელს თბილისში დაარსდა ქურთების კლუბი, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მათ კულტურულ ცხოვარებაში. კლუბში მოქმედებდა ლიტერატურის, დრამის, ხალხური ცეკვებისა და სიმღერის წრეები.

პიონერთა და მოსაწვლეთა სასახლეში გახსნილი იყო ქურთული ენის შემსწავლელი წრე, რომელსაც ხელმძღვანელობდა საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი აზიზე ისკო სლოევი. საქართველოს მწერალთა კავშირთან შეიქმნა ქურთ მწერალთა ჯგუფი, რომელსაც სათავეში ედგა ბახჩოე ისკო. ცნობილი ქურთი მხატვრები იყვნენ: ბასე ჯაფაროვა, მირზა დაუდი, ანტონ მირზოევი. თბილისის საბალეტო სკოლაში სწავლობდნენ და-ძმა აჯამოვები.

1978 წელს მუშაობა დაიწყო საქართველოს ტელერადიოს ქურთული რადიოგადაცემების რედაქციამ, რომელიც კვირაში ერთხელ გადიოდა და და მისი უცვლელი რედაქტორი იყო ქერიმ ანყოსი. 1979 წელს საზეიმოდ გაიხსნა ქურთული თეატრი, რომელმაც ოც წელიწადს იარსება. 1981 წელს, მარტში ჩატარდა ქურთული კულტურის დღეები.

ქურთულ ენაზე ითარგმნა შოთა რუსთაველის "ვეფხისტყაოსანი", რომელიც თარგმნა ჯადროე ასადმა, მან ამ საქმეს 25 წელი მოანდომა, თარგმანი კურმანაჯის დიალექტზეა შესრულებული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×