გვანცა ღვედაშვილი
11.03.2016

მასწავლებელთა პროფესიული გამოცდების შედეგებმა აჩვენა, რომ მათმა 85%-მა გამოცდა ვერ ჩააბარა. აღნიშნულთან დაკავშირებით განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ განაცხადა, რომ შედეგები სახარბიელო ნამდვილად არ არის, თუმცა არც სავალალო მდგომარეობაში ვართ.

"შედეგები სახარბიელო არ არის, მაგრამ არც ისე სავალალო მდგომარეობაში ვართ, მითუმეტეს, რომ სახელმწიფომ უკვე მოძებნა გამოსავალი, გაუკეთა ორგანიზება და კოორდინირება ყველა საერთაშორისო ორგანიზაციისა თუ დონორის მიერ განსახორციელებელ ღონისძიებებს და ვიცით, რომ მილენიუმის კომპაქტის ერთ-ერთი კომპონენტი - 16 მლნ მიმართულია სწორედ მასწავლებელთა განათლების ხელშეწყობაზე, ასევე დაგეგმილია ყველა ის საჭირო ღონისძიება, რომელიც ამ წუთებში მიმდინარეობს და ჩვენ ვიცით, რომ სიახლის შემდეგ შედეგები მეორე დღეს არ დგება.

"აქედან გამომდინარე, ჩვენ ვაგრძელებთ მასწავლებელების მხარდაჭერას, რომ მათ სამი წლის განმავლობაში უპასუხონ გამოწვევებს და მოთხოვნებს, რომლებიც სახელმწიფომ დაუსახა", - განმარტა თამარ სანიკიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა განათლების სფროში შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა და აღნიშნა რომ, მისი აზრით, პრობლემა არის პოლიტიკოსებში და ეს პრობლემა ძალიან ნათლად ჩანს არა მხოლოდ განათლების სფეროში, არამედ ყველა იმ სფეროში, რომლის რეფორმირებას გრძელვადიანი ხედვა და გრელვადიანი პოლიტიკის განსაზღვრა სჭირდება.

მისი თქმით, აღიარებული უნდა იყოს, რომ დამოუკიდებლობის 25 წლის განმავლობაში, ქვეყანამ განათლების საკითხში ბევრ რამეს თავი ჯერ კიდევ ვერ მოაბა. რაზეც არცთუ სასიამოვნოდ დასანახი ციფრები მეტყველებს, რომელიც სხვადასხვა ტიპის კვლევებში იკვეთება და გვიჩვენებს, როგორია საგანმანათლებლო სისტემის საერთო დონე.

"რისი ბრალია, რომ მასწავლებელთა 85%-მა პროფესიული გამოცდები ვერ ჩააბარა?" - ამ კითხვით რეზონანსმა საზოგადოების ცნობილ წარმომადგენლებს მიმართა.

 ირმა სოხაძე  (მომღერალი): "მე რატომღაც ვფიქრობ, რომ შეცდომები გაიპარა, ან არ იყო დახვეწილი და გასაგები ის ამოცანები, რაც პედაგოგებს წარუდგინეს. მიუხედავად იმისა, რომ დაბალი ანაზღაურება და დაბალი მოტივაცია აქვს მასწავლებელს, თანდათან სწორდება ეს ყველაფერი და რატომღაც მეგონა, რომ უკეთესი შედეგი იქნებოდა. აქედან გამომდინარე ცოტა შეშფოთებული ვარ ასეთი შედეგებით. ალბათ უნდა გადამოწმდეს ხელმეორედ.

პედაგოგების დიდი რაოდენობა ხანდაზმულია და, შესაძლოა, ტესტირების ფორმას ვერ მიხვდნენ. ათასი მიზეზი შეიძლება იყოს. ვერ წარმომიდგენია, რომ მათემატიკის მასწავლებელმა ვერ ჩააბაროს თავის საგანში ტესტი, ამის ნამდვილად არ მჯერა.

 ნუცა ჯანელიძე (მუსიკოსი): "თუ პირველი იყო მასწავლებლებისთვის ეს გამოცდები, მაშინ ალბათ რამე ისეთი სიახლე იყო შეტანილი რაც მათ არ იცოდნენ, თუ მეორე და მესამე იყო, ან ვეღარ აითვისეს და ცხოვრებას ვერ დაეწივნენ ეს მასწავლებლები, ან ტესტი შეცდომებით იყო გაკეთებული.

 

 

 

 გია ბუღაძე  (ფერმწერი): "პედაგოგების უმრავლესობა საკუთარ თავზე ნაკლებად მუშაობს, არ ამუშავებენ წარმოდგენილ ლიტერატურას, თვითგანვითარებაზე ნაკლებად ზრუნავენ. არის გარკვეული ემოციური ფაქტორებიც, თუმცა ჭეშმარიტი პროფესიონალი დაძლევს თავის ამ ემოციურ სტრესულ გარემოს და თავის ცოდნას მაინც გამოავლენს.

მაინც მგონია, რომ ისინი საკუთარ თავზე არ მუშაობენ, განსაკუთრებით ეს საჯარო სკოლის პედაგოგებს ეტყობათ. თუმცა ამაში გარკვეულ როლს ეკონომიკურ-სოციალური გარემოც იღებს.

 

 თაკო ჩარკვიანი (პუბლიცისტი):  ეს განათლების რეფორმა, რომელიც თავის დროზე შემოიღეს, გარკვეული თვალსაზრისით ცუდი სულაც არ იყო და მას მთელი რიგი პლუსები ჰქონდა, მაგრამ ჰქონდა მინუსიც. მე არ ვამართლებ პედაგოგის გაუნათლებლობას, იგი უნდა აჰყვეს განვითარების სტადიებს, მაგრამ ამისთვის სახელმწიფოს ხელშეწყობაა აუცილებელი.

გაძვალტყავებული პედაგოგი, მშიერი, მწყურვალი, რომელსაც არ აქვს საშუალება წავიდეს თრენინგზე, აიმაღლოს კვალიფიკაცია, მე მგონია, რომ განვითარების საშუალება ძალიან მცირე პროცესს მივეცით და ეს დანარჩენი 85% არ აღმოჩნდა პრივილეგირებულ პოზიციაში.

ბევრი რამეა ამ რეფორმაში შესაცვლელი, ის, რაც კარგია, აუცილებლად უნდა დარჩეს, თუმცა უნდა შეიცვალოს გაკვეული საკითხები.

კიდევ ერთი, ხომ იცით, მე არაფრის თქმა არ მერიდება, ვინც ამოწმებდა ამ ყველაფერს, განათლების მინისტრიდან დაწყებული, მე არ ვიცი, ჩააბარებდა კი იმ ტესტს ქალბატონი თამარ სანიკიძე, დიდად მეპარება ეჭვი. ამიტომ არ მგონია, იმ 85%-ზე მეტი განათლებისა და განვითარების დონე ჰქონდეს ქალბატონ სანიკიძეს.

ამიტომ სახელმწიფო მეტ ყურადღებას უნდა იჩენდეს მასწავლებლებისადმი, იმ ადამიანებისადმი, რომლებიც რეგიონებში არიან, სწორედ მათ უნდა ჰქონდეთ მაღალი ხელფასი და არა აქ მინისტრებს უნდა ჰქონდეთ ამხელა ხელფასი."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×