მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ტანკი "აბრაამსი" და "ბრედლის" საბრძოლო მანქანები
ვახტანგ შამუგია
11.03.2016

 "ბრედლის" ტიპის ქვეითთა საბრძოლო მანქანები და მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოდ დაცული და ძლიერი ტანკი "აბრაამსი" - მაისში საქართველოში ქართულ-ამერიკული ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნები - "ღირსეული პარტნიორი" ჩატარდება.

მასში მონაწილეობას ქართველი და ამერიკელი სამხედროები და დიდი რაოდენობით მძიმე ტექნიკა მიიღებს.

ვუაუტსუტუცთ-ი ევროპაში შეერთებული შტატების არმიის მეთაურის, გენერალ-ლეიტენანტის, ბენ ჰოჯესის ინტერვიუს ავრცელებს, სადაც გენერალი შეკითხვაზე - "აქვს თუ არა აშშ-ს ახალი გეგმები სამხედრო წვრთნებთან დაკავშირებით", პასუხობს, რომ მაისში აშშ საქართველოში განახორციელებს სამხედრო წვრთნებს.

"მაისში ჩვენ საქართველოში განვახორციელებთ წვრთნებს, რომელსაც "ღირსეული პარტნიორი" ჰქვია. მასში ჩვენ გასულ წელსაც ვიღებდით მონაწილეობას. ეს საქართველოს თავდაცვის ეროვნული წვრთნაა. სპეციალურად ამისთვის, შავი ზღვის გავლით საქართველოში სატანკო და საჰაერო სადესანტო ასეული შემოვა და ისინი საქართველოს ბატალიონის მეთაურს დაექვემდებარებიან", - აცხადებს ბენ ჰოჯესი. მან აგრეთვე რუსეთის გაზრდილ სამხედრო აქტივობასა და აღმოსავლელი მოკავშირეების თავდაცვისუნარიანობის შესაძლებლობების გაზრდაში დასავლეთის დახმარების აუცილებლობაზე ისაუბრა.

ქართულ-ამერიკული სწავლება "ღირსეული პარტნიორი" გასულ წელსაც ჩატარდა. იგი 26 მაისს საზეიმო ვითარებაში დაიხურა. ამერიკელმა სამხედროებმა და ამერიკულმა ჯავშანტექნიკამ მონაწილეობა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებშიც მიიღეს.

წინა წელს წვრთნებში მონაწილეობა 600-მა ქართველმა და ამერიკელმა სამხედრომ მიიღო. მანევრების მიზანი ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში ქართული და ამერიკული კონტინგენტის თავსებადობის ზრდა იყო.

სამხედრო წვრთნების საქართველოს ტერიტორიაზე ჩატარებას დადებითად აფასებენ ქართველი პოლიტიკოსები, სამხედრო თუ პოლიტიკური მიმომხილველები. თუმცა, ამავდროულად, ისინი არ გამორიცხავენ იმასაც, რომ მსგავსი აქტივობა მოსკოვს გააღიზიანებს და კრემლი თავის მხრივ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე გარკვეულ სამხედრო-სასწავლო მანევრებს განახორციელებს.

"მსგავსი სწავლებების მნიშვნელობა არა მხოლოდ სამხედრო, არამედ პოლიტიკური კუთხითაც მეტად მნიშვნელოვანია. ხდება ხაზგასმა იმისა, რომ საქართველო დასავლეთის პარტნიორია, რომ ის მარტო არ არის, ეს კი დღეს, მაშინ, როდესაც რუსეთი ასე გააქტიურებულია, ბევრს ნიშნავს.

"ის ფაქტი, რომ ქართველი სამხედროები ამერიკელ კოლეგებთან ერთად იმოქმედებენ, თავისთავად კარგია, რადგანაც ამ უკანასკნელთა ცოდნა და გამოცდილება ჩვენ არმიას ეხმარება იმ უნარ-ჩვევების გამომუშავებაში, რაც ასე აუცილებელია ძლიერი და ბრძოლისუნარიანი ჯარის შესაქმნელად", - თქვა სამხედრო მიმომხილველმა გიორგი ინაურმა "რეზონანსთან" საუბრისას.

იგი ცოტა ხნის წინ ქართულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, ამერიკელი სამხედროების მიერ ქართველი კოლეგებისათვის წვრთნების დროს გამოყენებული ტექნიკის გადმოცემის შესახებ, არარეალურად მიიჩნევს.

"ამერიკული მძიმე ტექნიკის ქართული მხარისათვის გადმოცემა ნაკლებსავარაუდოა. როგორც ცნობილია, ამერიკული მხრიდან საქართველოში, აღნიშნულ წვრთნაში მონაწილეობას "ბრედლის" ტიპის ქვეითთა საბრძოლო მანქანები და მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოდ დაცული და ძლიერი ტანკი "აბრაამსი" მიიღებს. ფლობენ კი ქართველი სამხედროები იმ უნარ-ჩვევებს, რომლებიც საჭიროა ამ ტექნიკის მოვლა-ექსპლუატაციისათვის?!

"ამასთან, ტექნიკის რამდენიმე ერთეული, რაც უნდა მაღალი შესაძლებლობისა იყოს, არმიის ბრძოლისუნარიანობას დიდად არ ამაღლებს, განსაკუთრებით მაშინ, თუ სხვა კომპონენტებში, მაგალითად, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ეფექტურობაში არმია მოისუსტებს.

"უფრო უპრიანი იქნებოდა, ქართული არმიისათვის ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტების კომპლექსების გადმოცემა, ან როგორც მინიმუმ, მათი გამოყენების სწავლება.

"როგორც მოგეხსენებათ, ცხინვალის, გუდაუთისა და გიუმრის ბაზაზე რუს სამხედროებს უკვე დიდი ხანია, რაც მოდერნიზებული და თანამედროვე ტ-72 და ტ-90 ტიპის ტანკები ჰყავს შეყვანილი, რაც აგრესიის განახლების შემთხვევაში მოწინააღმდეგეს დიდ უპირატესობას აძლევს.

"თუმცა თავად ფაქტიც კი, რომ ჩვენი ჯარისკაცები ნატოს შეიარაღებაში არსებულ ტექნიკას ახლოდან გაეცნობიან, ბევრს ნიშნავს", - თქვა ინაურმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×