ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას ითხოვენ. მიზეზი კი ისაა, რომ ე.წ. მილიციამ გაბედა და "აფხაზეთის გმირს", დრანდის ციხის ყოფილ უფროსს რუსლან ჯელიას ავტომობილის გაჩერება მოსთხოვა, დაუმორჩილებლობის შემდეგ კი გაფრთხილების ნიშნად ჰაერში გაისროლა.
"მინისტრის" გადადგომის მოთხოვნით დრანდის ციხის ყოფილი ხელმძღვანელის, რუსლან ჯელიას ნათესავებმა და მეომრებმა 9 მარტს აფხაზეთის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობის წინ აქციაც გამართეს, სადაც დე ფაქტო შს მინისტრის მოადგილე სცემეს, თავად "მინისტრი" ლეონიდ ძიაპშპამ კი გაქცევით უშველა თავს. ოპოზიციამ აქციაზე თვით დე ფაქტო პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას გადადგომაც კი მოითხოვა.
აფხაზეთის დე ფაქტო შს სამინისტრო აცხადებს, რომ არეულობის ყველაზე აქტიური მონაწილეები დაისჯებიან, რადგან ეს არეულობა პოლიტიკურ დესტაბილიზაციას ისახავდა მიზნად.
"იმ მომენტში ადგილზე რუსლან ჯელიას ნათესავების და მომხრეების გარდა ძალიან ბევრი ადრე ნასამართლევი და კრიმინალური განწყობის მქონე ადამიანი იყო, რომლებსაც ოპოზიცია ძალოვანი სტრუქტურებთან დასაპირისპირებლად იყენებს", - ნათქვამია იმ მიმართვაში რომელიც დე ფაქტო შსს-მ "რესპუბლიკის" ხელისუფლებას გაუგზავნა.
მიმართვის ავტორების განცხადებით, არეულობის მონაწილეები და მათი კოორდინატორები სიტუაციის გამწვავებას ცდილობდნენ.
გარდა ამისა, განცხადებას ავრცელებს დე ფაქტო "პროკურატურაც", სადაც წერია, რომ "საგამოძიებო დეპარტამენტი" სამინისტროს წინ გამართული არასანქცირებული აქციის ფაქტზე მოკვლევას ატარებს". მათივე ცნობით, მოკვლევის დროს, დე ფაქტო შს სამინისტროს წარმომადგენლების და რუსლან ჯელიას ქმედებები სამართლებრივად შეფასდება.
რუსლან ჯელია, რომელი "აფხაზეთის გმირად" არის მიჩნეული. ციხის ხელმძღვანელის თანამდებობიდან 2015 წლის ნოემბერში დაითხოვეს, მას შემდეგ, რაც სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან საქართველოს მოქალაქე ბაჩუკი ლატარია გაიქცა. ამ საქმეზე გამოძიება ახლაც მიმდინარეობს.
ე.წ. აფხაზეთის შს სამინისტროს ცნობით, მილიციის თანამშრომელმა 7 მარტს ჯელიას გადაჭარბებული სიჩქარის გამო ავტომობილის გაჩერება მოსთხოვა, მოთხოვნის დაუმორჩილებლობის შემდეგ კი მისი მისამართით გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელა. დე ფაქტო შსს-ს მტკიცებით, მილიციის თანამშრომელმა ჰაერში გაისროლა და არც არავინ დაშავებულა და არც ავტომობილი დაზიანებულა.
მიუხედავად ამისა, 9 მარტს სოხუმს ცენტრში აქცია გაიმართა, სადაც დე ფაქტო მინისტრის ლეონიდ ძიაპშპას გადადგომას ითხოვდნენ. მომიტინგეები ამ ინციდენტზე პასუხისმგებლობას დე ფაქტო შს სამინისტროს აკისრებდნენ. მათი თქმით, ჯელიას მოძრობის წესები არ დაურღვევია და პოლიციელებმა მისი მისამართით პროვოკაციული ქმედებები ჩაიდინეს.
როგორც "სპუტნიკ აბხაზია" წერდა, ლეონიდ ძიაპშპა ჯელიას ნათესავებს შეხვდა, სადაც ერთგვარად მოიბოდიშა კიდეც და თქვა, რომ "მინისტრი" მომხდარის გამო წუხდა. ჯელიას ნათესავებს კი სთხოვა სიტუაცია არ დაეძაბათ. თუმცა, ჯელიას ნათესავები ღიად ბოდიშის მოხდას და მისი გადადგომას ითხოვდნენ.
მომიტინგეებთან ღიად შეხვედრა "მინისტრმა" და მისმა "მოადგილემ" გადაწყვიტეს, თუმცა, აქციაზე დაპირისპირება მოხდა. "შს მინისტრმა" სამინისტროს შენობაში შესვლა მოასწრო, მის "მოადგილეს" კი აქციის მონაწილეები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ და სახის არეში რამდენჯერმე დაარტყეს.
"საქართველოს ევროპელი დემოკრატების" თავმჯდომარე პაატა დავითაიას განცხადებით, მთელი ამბავი იმის გამოა ამტყდარი, რომ ძველ "ბოევიკებს" მილიცია შეწუხებას არ უნდა უბედავდეს და სოხუმში ახლა ორ ჯგუფს შორის გავლენების ბანდიტური გარჩევა ხდება.
"იქ სახელმწიფო ინსტიტუტები არ მუშაობს. ჯელიამ, რომელიც ერთ-ერთი ციხის ყოფილი დირექტორია და რომელიც ომის დროს დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა, აფხაზეთში გმირის წოდება აქვს და მებრძოლებში საკმაოდ გავლენიანია, მან პირად შეურაცხყოფად მიიღო ის, თუ როგორ გაუბედა მილიციამ მას, აფხაზეთის გმირს მანქანის გაჩერების მოთხოვნა," - ამბობს დავითაია.
მისი თქმით, სოხუმში არის გარკვეული ძალები, რომლებიც ამ სიტუაციის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას ცდილობენ.
"ჯელიას მხარდამჭერები ბევრნი არიან, 2 000 კაცზეა საუბარი. 2 ათასი კაცი შეიძლება ჩვენთვის ცოტაა, მაგრამ აფხაზეთისთვის ბევრია.
"მიტინგზე გამოსული ბევრი მეომარი არსებული ხელისუფლების ოპოზიციონერია. იგივე "ამცახარა", რომელიც ანქვაბის დაჯგუფებაა და პრეზიდენტობის ყოფილ კანდიდატს ასლან ბჟანიას უჭერენ მხარს.
"მიტინგზე ბევრი კრიმინალიც იყო გამოსული, რომლებსაც სურთ, რომ მილიციამ კონტროლი დაკარგოს. ყველაფერი ერთმანეთზეა გადაჯაჭვული. არანაირ რაღაც ლეგიტიმურ "სტრუქტურებზე" საუბარი არ შეიძლება იყოს, ეს სუფთა ბანდიტური გარჩევაა ორ ჯგუფს შორის.
"არ ვიცი საბოლოოდ ამას ვინ როგორ გამოიყენებს, მაგრამ, ჩემი აზრით, ამ ეტაპზე ხაჯიმბას გადაყენება აქტიურ მოთხოვნაში არ გადაიზრდება, იმიტომ, რომ ახლა იქ გავლენაზე კრიმინალური გარჩევები მიდის," - მიიჩნევს დავითაია.
აფხაზეთის უშიშროების ექსმინისტრი ლევან კიკნაძე აცხადებს, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში მილიციური რეჟიმი ყალიბდება, ჯელიას მისამართით გასროლა კი მოთმინების ბოლო წვეთი იყო და მომიტინგეები ამას აპროტესტებენ.
"ჩემი აზრით, კლანებს შორის ბრძოლა მიმდინარეობს. ციხის ყოფილი უფროსობა არ არის ის წოდება, რომ მის მხარდასაჭერად ამდენი ადამიანი გამოდიოდეს და მილიციის უფროსის ლეონიდ ძიაპშპას წინააღმდეგ ილაშქრებდეს. როგორც ჩანს, მილიციელების თავხედობა, მილიციური რეჟიმი, რაც ძიაპშპას ხელმძღვანელობით ყალიბდება, ბევრს არ მოსწონს და აფხაზეთის გმირის მიმართ რაც განახორციელეს, ეს მოთმინების ბოლო წვეთი იყო.
"ყოფილ მებრძოლებს ისიც აღიზიანებთ, რომ მათ უკვე დაფასება მაინცდამაინც არ აქვთ. ადრე ისინი ყველაზე მეტად დაფასებულები იყვნენ. რაც დრო გადის, მათ ყურადღებას არ აქცევენ და ამას ხელისუფლებას ვერ პატიობენ," - ამბობს კიკნაძე.
მისი ვარაუდით, თუ ასე გაგრძელდა, მიტინგები უფრო მეტ მოთხოვნებშიც შეიძლება გადაიზარდოს. შეიძლება უკვე ხაჯიმბას გადადგომის მოთხოვნაც მიაბან ამას.
"იქაური მილიცია ხაჯიმბას დასაყრდენია და ამას მოსახლეობა და ვეტერანები გრძნობენ. როდესაც ანქვაბი აიძულეს გადამდგარიყო და ხაჯიმბა მოიყვანეს ხელისუფლებაში, მაშინვე ვამბობდი, რომ ეს ხელისუფლება დიდხანს ვერ გაძლებს-მეთქი. იმიტომ, რომ აფხაზეთში ხაჯიმბა პოპულარული არ არის, მისი დანიშვნა კრემლის დაკვეთით მოხდა.
"რაც ახლა აფხაზეთში ხდება, ეს მთლად ხაჯიმბას ბრალი არ არის. ვინც უნდა მოვიდეს იქ პირველ პირად, აფხაზეთში არსებულ სიტუაციას, კრიმინალურ მდგომარეობას და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობას ვერავინ გამოასწორებს. აფხაზეთის მოსახლეობა ასეთ კრიმინალურ გარჩევებს მიჩვეულია და შესაძლოა რაღაც დათმობებზე წავიდნენ, თუმცა მომავალში ხაჯიმბას გადაყენების საკითხი აუცილებლად გააქტიურდება," - აცხადებს კიკნაძე.