ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის თქმით, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში აქტიურად ჩაერთვება, თუმცა რა ფორმით და როდის გამოჩნდება იგი საპარლამენტო უმრავლესობაში ჯერ არ იციან. "ქართული ოცნების" ყრილობა, სავარაუდოდ, აპრილში გაიმართება, მის გამოჩენას კი სწორედ ამ დროისთვის ვარაუდობენ.
პიარ-სპეციალისტების აზრით, იმისათვის, რომ ივანიშვილმა ამომრჩევლთა ნდობა დაიბრუნოს, მნიშვნელოვანი იქნება საზოგადოების წინაშე რა ფორმით და როგორი იდეით გამოჩნდება.
როგორც უმრავლესობის წევრი თამაზ მეჭიაური "რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, ივანიშვილის გეგმებზე მან მხოლოდ ის იცის, რომ ივანიშვილი "ოცნების" საარჩევნო სიაში არ იქნება.
"რაღაც ფორმით, შესაძლოა, ახლაც არის ჩართული, მაჟორიტარების შერჩევის პროცესი დაიწყო, პარალელურად ყრილობა მომზადდება, რომელიც, სავარაუდოდ, მარტში ან აპრილში იქნება. ყრილობაზე ალბათ მოწვეული იქნება, თუმცა რა სტატუსით ვერ გეტყვით.
"არჩევნებში რა ფორმით ჩაერთვება, ვერ გეტყვით, შესაძლოა ასე საჯაროდ არ გამოვიდეს, მაგრამ რაღაც ფორმით "ქართულ ოცნებას" მხარი დაუჭიროს. ამას რა ფორმით გამოხატავს, დრო გვიჩვენებს. მე მხოლოდ ის ვიცი, რომ სიაში არ იქნება, თუმცა მე ვისურვებდი, რომ სიის პირველი ნომერი ბიძინა ივანიშვილი ყოფილიყო და საზოგადოების წინაშე ამ ფორმით წარდგენილიყო, თუმცა ამას არ აპირებს", - აღნიშნა მეჭიაურმა.როგორც საკვლევ-საკონსულტაციო ცენტრის "ფსიქო პროექტის" დამფუძნებელი ზურაბ ბიგვავა "რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, წინასაარჩევნო სიტუაცია აქტიურ ფაზაში აპრილიდან გადავა და სავარაუდოდ ბიძინა ივანიშვილი ოფიციალურ განცხადებასაც გააკეთებს.
"ბიძინა ივანიშვილის განცხადებაში ნათქვამია, რომ საარჩევნო კამპანიაშია აქტიურად ჩაერევა და "ქართულ ოცნებასაც" მხარს აქტიურად დაუჭერს.
"ოფიციალურად წინასაარჩევნო კამპანიის დაწყება ადრეა, თუმცა რეალურად ეს კამპანია დაიწყო მაშინ, როდესაც წინა არჩევნები დასრულდა. წინასაარჩევნო სიტუაცია არასოდეს არ მთავრდება. ვფიქრობ, აპრილიდან გაცილებით აქტიური ფაზაში გადავა და ალბათ ივანიშვილიც რაღაც განცხადებას გააკეთებს.
შესაძლოა, ის პრესკონფერენციიით გამოვიდეს, ან თავისი მოსაზრებები და ხედვები ინტერვიუში გამოთქვას. ის აუცილებლად გამოჩნდება იმიტომ, რომ ეს ოფიციალურად განაცხადა.
"როდესაც წინასაარჩევნო პროცესები დაიწყება, ლოგიკურია, რომ ბიძინა ივანიშვილი თავისი მოსაზრებებით გამოვიდეს. პოლიტიკური ორგანიზაციის ოფიციალური დამფუძნებელია და სრული უფლება აქვს, რომ ამ პროცესში სრულად ჩაერთოს.
"ყრილობა ჩატარდება თუ არა აპრილში, არ ვიცი, თუმცა, ეს თუ მოხდა, ძირითადი მომხსენებელი ბიძინა ივანიშვილი იქნება", - აღნიშნა ბიგვავამ
როგორც საზოგადოებასთან ურთიერთობის და მარკეტინგული კომუნიკაციების სპეციალისტი ელდარ პირმისაშვილი "რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს, მნიშვნელოვანია, თუ რა ფორმით და რა იდეით გამოჩნდება ივანიშვილი.
"რაც დრო გადის, "ქართული ოცნების" მიმართ მით უფრო ბევრი კითხვა ჩნდება. ამომრჩეველთა უმეტესობა უკვე ჩამოყალიბებულია, ხმას ვის მისცემს. შესაბამისად, გამოჩენას თუ აპირებს, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რამდენიმე თვით ადრე გამოჩნდეს და საკუთარ გუნდს მხარი დაუჭიროს.
"თუმცა, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რა ფორმით გამოჩნდება. ამ ეტაპზე მის გამოჩენას იმდენად დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ვიდრე რა იდეით გამოჩნდება.
"ადამიანების ორი ჯგუფი არსებობს - ერთია, რომელიც ბიძინა ივანიშვილს მხარს უჭერს, მეორე ჯგუფი კი ფიქრობს, რომ მან დაპირებები ვერ შეასრულა. შესაბამისად, ორივე ჯგუფისთვის მნიშვნელოვანია, როდის გამოჩნდება.
"პირველი ჯგუფისთვის მნიშვნელოვანია ბოლოსთვის გამოჩნდეს, ხოლო მეორე ჯგუფისთვის, რაც მალე გამოჩნდება, მით უკეთესი იქნება.
"ამომრჩეველთა დაახლოებით 30-40 %-ს ჯერ გადაწყვეტილი არ აქვს, ხმას ვის მისცემს. ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი ჯერ დაკვალიანებულები არ არიან. ამომრჩეველთა ეს ნაწილი თავშესაფრად სხვადასხვა ტიპის პარტიებს ეძებს. შესაბამისად, ვინც აქცენტს ამ ადამიანებზე გააკეთებს, არჩევნებსაც ის მოიგებს", - აღნიშნა პირმისაშვილმა.
მისი თქმით, საქართველოში ჩატარებულ არჩევნებში ყველაფრის კულმინაცია, როგორც წესი, ბოლოს არის ხოლმე.
"წინა არჩევნების მსგავსად, ყველაფრის კულმინაცია ბოლოს მოხდება. საარჩევნო კამპანია ჯერ არ დაწყებულა. პარტიები საარჩევნო კაპანიას ნელ-ნელა იწყებენ და თუ გამოჩენას აპირებს საზოგადოებაზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით, ვფიქრობ, ბოლოში გამოჩნდება.
"მნიშვნელოვანია, რა ფორმით და როგორი გუნდით გამოჩნდება. აქცენტი სპორტსმენებზე კეთდება ხოლმე, მნიშვნელოვანია, გუნდის წევრები ადგილს რამდენად შეინარჩუნებენ.
"მოკლედ, მნიშვნელოვანია გუნდის დალაგება როგორ მოხდება და რა არგუმენტები ექნებათ მას და მის გუნდს. საზოგადოება ფიქრობს, რომ დაპირებები არ შეასრულა. ზოგადად, საზოგადოებას რეალურად უფრო მეტი მოთხოვნა აქვს, ვიდრე რომელიმე პოლიტიკურ პარტიას ამის შესრულება შეუძლია. ამიტომ მას ძალიან დიდი არგუმენტები და დიდი იდეა დასჭირდება იმისათვის, რომ საზოგადოებისგან კიდევ ერთი შანსი მიიღოს.
"რაც შეეხება იქნება თუ არა პირველი სიის პირველი ნომერი, ამას რეიტინგისთვის, მე მგონი, გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ექნება. როგორც წესი, საზოგადოება არჩევანს ამ ლოგიკით არ აკეთებს. საზოგადოება უფრო ემოციებს ეჭიდება და გადაწყვეტილებასაც ასე იღებს.
"ვფიქრობ, კარგი იქნება, ტრადიციულ მიდგომას თუ გამოიყენებს და საზოგადოების წინაშე გუნდით და იდეით წარდგება.
მაგალითად, წინა შემთხვევის დროს მან მუსიკალური ეფექტები გამოიყენა ბერას დახმარებით, რამაც იმოქმედა. დღეს დაუკავებელი სეგმენტი ძირითადად ახალგაზრდები არიან და ეს მოქმედებს. მას ასეთი მსგავსი ტიპის კამპანია სჭირდება, თუმცა იგივეს განმეორება შედეგის მომტანი არ იქნება, რადგან საზოგადეობამ ეს უკვე იხილა", - განაცხადა პირმისაშვილმა.