გვანცა ღვედაშვილი
14.03.2016

თითქმის ერთი კვირაა, რაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტები აქციებს მართავენ. ისინი მოითხოვენ სასწავლებელში "ოდეერის" ინსტიტუტის არსებობის შესახებ გამოძიების დაწყებას, კანცლერის არჩევის სისტემის რეფორმირებას, გიორგი გაფრინდაშვილის კანდიდატურის მოხსნას, თვითმმართველობის ფუნქციისა და ადმინისტრაციული უფლებების მინიმალიზაციას.

როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ლადო პაპავა აცხადებს, უნივერსიტეტში "ოდეერის" ინსტიტუტთან დაკავშირებით მოკვლევა ორშაბათიდან დაიწყება. აღნიშნულის გამოკვლევა უნივერსიტეტის აუდიტის სამსახურს დაევალება.

"ბუნებრივია, უნივერსიტეტი დაიწყებს მოკვლევას, რადგანაც საკითხი ასეთი მწვავეა და ასეთ ფორმამდე მივიდა. ბუნებრივია, ეს საკითხები იქნება შესწავლილი. თუმცა კონკრეტულად რა დაიდება და როგორ დაიდება, ამას მე ვერ გეტყვით", - განაცხადა ლადო პაპავამ.

უნდა გაუქმდეს თუ არა "ოდეერის" ინსტიტუტი საერთოდ, თუ ზოგიერთ სამსახურში უნდა დარჩეს? - ამ კითხვით "მთელმა კვირამ" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

 იგორ კვესელავა  (ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი):"საქართველო არის დამოუკიდებელი სახელმწიფო და მას აქვს თავისი საიდუმლოებები. იგი აუცილებლად უნდა იყოს უსაფრთხო. მიმაჩნია, რომ ზოგიერთ სტრუქტურასა და დაწესებულებაში ე.წ. "ოდეერის" ინსტიტუტი უნდა არსებობდეს, მაგრამ სასწავლო, სამედიცინო დაწესებულებებში, აგრეთვე კულტურისა და განათლების სამინისტროებში "ოდეერის" ინსტიტუტი არ უნდა არსებობდეს. მით უმეტეს იმ ფორმით, რა ფორმითაც ეს ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს და შედეგ "ნაციონალური მოძრაობის პერიოდში არსებობდა, როცა ამ სისტემის გაფურჩქვნა მოხდა.

"ოდეერის" სისტემა უნდა არსებობდეს, თუმცა, ის არ უნდა ერეოდეს უნივერსტიტეტის შიდა პოლიტიკურ საქმიანობაში. იგი არის ავტონომიური დაწესებულება და, რა თქმა უნდა, არ უნდა იყოს სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების თვალთვალი, რაც სამწუხაროდ, "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდში გვქონდა."

 თემურ ნანეიშვილი (ფიზიოლოგი):  "სირცხვილია რომ დღეს უნივერსიტეტში "ოდეერზეა" საუბარი. რაღა დროს "ოდეერია". ეს არის რუსული ჟარგონი და საქართველოში "ოდეერის" დრო ნამდვილად აღარ არის.

 

 

 

 მიხეილ ღანიშაშვილი (მწერალი):  "იცით, რა არის? ეს ე.წ. "ოდეერის" ინსტიტუტები უმაღლეს სასწავლებლებში და სხვა დაწესებულებებში, თუკი ისინი ცალსახად ემსახურებიან უშიშროების უზრუნველყოფის საკითხს, შეიძლება, რომ მისაღები იყოს. მაგრამ თუ ამ ინსტიტუტს სახელმწიფო იყენებს როგორც ბერკეტს სხვადასხვა სუბიექტებთან მიმართებით, ამ შემთხვევაში ცალსახად მიუღებელია."

 

 ლელა ოჩიაური (კინომცოდნე): "საერთოდ, თვალთვალისა და კონტროლის ინსტიტუტი თუ ქვეყნის საგარეო და შიდა ინტერესების დამცველია, შესაძლებელია არსებობდეს, მაგრამ ისეთ დაწესებულებებსა და ორგანიზაციებში, რომელიც არანაირ პოლიტიკურ ორგანიზაციას არ წარმოადგენს, ყოველგვარი თვალთვალი მიუღებელია.

"ბუნებრივია, უნივერსიტეტში მსგავსი ინსტიტუტის არსებობა დაუშვებელია. ალბათ ამიტომაც გამოიწვია საზოგადოების და სტუდენტების ასეთი მწვავე რეაქცია ამ ყველაფერმა. "ოდეერის" არსებობა უნივერსიტეტში გარკვეულწილად საფრთხეს უქმნის, სტუდენტებისა და იქ მომუშავე ადამიანების პიროვნული თავისუფლებას."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×